ფართო საზოგადოებისთვის ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ რამდენიმე წლის წინ მეტად ბუნდოვანი ფუტურისტული ცნება იყო, რომელზეც სიფრთხილით და აღფრთოვანებით ვმსჯელობდით. სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსი მომავალი უფრო სწრაფად დადგა, ვიდრე წარმოგვედგინა და ეს რევოლუციური ტექნოლოგიაც მოსალოდნელზე მეტად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში (თუმცა მის გარშემო ბუნდოვანება ბოლომდე არც გაფანტულა). ადამიანის გონების ნაყოფი AI თავისი ზეადამიანური შესაძლებლობებით ხალხს ერთდროულად უმარტივებს კიდეც ცხოვრებას და თავსატეხებსაც უჩენს. მუდმივი მითქმა-მოთქმაა, ჩაანაცვლებს თუ არა AI ადამიანის შრომას? ვენდოთ თუ არა ინტერნეტში ნანახ ფოტოს და ა. შ. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტია, ვიდრე ჰიპერრეალისტური ყალბი სურათი ან ChatGPT-ის დაწერილი ლექსი. ნოემბრის გამოცემის მთავარ სტატიაში მოგითხრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, როგორც ბრწყინვალე ინსტრუმენტზე პროფესიონალი ადამიანების ხელში. ხუთნაწილიან სტატიაში გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ და ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობიან ნეიროქირურგიაში, სეისმოლოგიაში, კოსმოსის კვლევაში, პაპირუსის გრაგნილებისა თუ ცხოველთა კომუნიკაციის გაშიფრვაში. მიმოხილვისას, ყურადღებას ვამახვილებთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქის დილემებზეც – ამ ფანტასტიკური ტექნოლოგიის ისეთ ნაკლოვანებებზე, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედება და სხვ.
ამავე ნომერში შეგხვდებათ „ედემიდან სვლის“ მორიგი ეპიზოდი, რომელშიც პოლ სალოპეკი და ჯონ სტენმაიერი ჩინეთის წითელი არმიის აჩრდილთა ნაკვალევს მიუყვებიან. მოგითხრობთ ევროპაში ველური ბუნების აღდგენის თამამ გეგმასა და ამერიკელ მეკლდეურებზე, რომლებმაც ისედაც რთულად დასალაშქრ მთამდე მისაღწევი გზა ეკომეგობრული თავგადასავლებით დატვირთეს.
გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ აღმოჩენების ამ ახალ ეპოქაში.