სივრცეებს შორის
უკვე მეათე წელია ფოტოგრაფი ჯონ სტენმაიერი მეგობრის, ჟურნალისტ პოლ სალოპეკის ნაკვალევს მიჰყვება „ედემიდან სვლის“ გზაზე.
მოგზაურობისას ათიათასობით გადაღებული ფოტოდან ჟურნალში მხოლოდ რამდენიმე ხვდება, ყველა ფოტოს კი თავისი ისტორია და თავგადასავალი ახლავს.
„ეს ფოტო მოთმინების აქტი იყო XIV საუკუნის საფორტიფიკაციო კედლის თავზე“, – ამბობს ჯონი. იმ დღეს იქ მინის დინასტიის დროინდელ სამოსში გამოწყობილი უამრავი ქალი და რამდენიმე მამაკაცი იყო. ნაქირავები ტანსაცმლით ცდილობდნენ დროში მოგზაურობის ვიდეოები გადაეღოთ და აეტვირთათ ჩინეთის პოპულარულ სოციალურ ქსელში „BiliBili“ (ჩინეთში YouTube დაბლოკილია). მათთვის გალავნით შემოსაზღვრულ ქალაქ სიანში შემორჩენილი შუა სამეფოს ნანგრევები ყველაზე მიმზიდველი ფონი იყო, თუმცა ფოტოგრაფისთვის თვალშისაცემი კონტრასტი იქმნებოდა არა გალავნის შიგნით, არამედ მის გარეთ, სადაც ქაოსურად გაშლილი თანამედროვე მეტროპოლისი დროის საზღვრებს შლიდა.
„ცნობიერების ამ მდგომარეობის მისაღწევად ლოდინია საჭირო“, – ამბობს ჯონი. საათები გავიდა, თუმცა არავის შეუმჩნევია მათ უკან არსებული სამყარო – ჩინეთის უძველესი ქალაქი გარშემორტყმული მაღალი, თანამედროვე შენობებით. ჯონის მეგზურ ხუეიფუს ვერ წარმოედგინა, რომ ძველებურ სამოსში გამოწყობილებს, გალავნის მიღმა არსებული სამყარო დააინტერესებდათ და სკეპტიკურად უყურებდა ჯონის დაუსრულებელ ცნობისმოყვარეობას – „წარმოიდგინე, რომ… ვინმემ წარსულიდან, 600 წლის წინანდელი ეპოქიდან, თანამედროვე ეპოქაში ჩამოიაროს…“. ჯონი იხსენებს: „ლოდინით დაღლილ ხუეიფუს ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქრის – „არ ვიცის“ ძალის შესახებ შევახსენე და ვეუბნებოდი: „არაფერს ელოდო და მადლიერი იყავი ყველაფრისთვის“. ხუეიფუ მომიბრუნდა და მითხრა: „ჯონ, გიჟი ხარ!“.
კიდევ რამდენიმე საათის შემდეგ, უკვე იმედგადაწურულები წასვლას რომ აპირებდნენ, უეცრად ტყუპი დები, მა და ხუა გამოჩნდნენ ორ მეგობართან ერთად. ვიდეოების გადასაღებად შენსის პროვინციიდან ჩამოსულიყვნენ. ხუეიფუ გაოცებული უყურებდა, როგორ შეჩერდნენ და წამით გადახედეს გალავნის მიღმა გაშლილ თანამედროვე ჩინეთს, სანამ ისევ ძველ ქალაქს დაუბრუნდებოდნენ.
„სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ხუეიფუმ მკითხა: საიდან იცოდი, ეს რომ მოხდებოდა? – არ ვიცოდი, – ვუპასუხე ღიმილით“, – ამბობს ჯონი და ამატებს: „არ ვიცის ძალა არის ის, რაც ფოტოგრაფიასა და ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის“.

ათი წლის განმავლობაში „ედემიდან სვლაზე“ მუშაობისას პოლ სალოპეკი აქტიურად იყენებს WhatsApp-ის ჯგუფს ყველასთვის, ვისაც მასთან ერთად უმოგზაურია. თითქმის ერთი თვის შემდეგ, როდესაც იუნნანის და სჩუანის საზღვრიდან პეკინისკენ მიმავალმა ჯონმა ჩინეთის დედაქალაქს მიაღწია, ერთ-ერთმა თანამგზავრმა თურქეთიდან ფუტკრის გულისამაჩუყებელი ფოტო გამოაგზავნა.
მალევე, დილით, პოლმა ჯგუფში კომენტარი დატოვა: „გმადლობთ გაზიარებისთვის… ფუტკრები უკვე ჩვენი მოგზაურობის მეტრონომად იქცნენ“.
National Geographic-ის ამბებზე მუშაობისას, ჯონს არაერთხელ გადაუხვევია დაგეგმილი გზიდან. ასე მოულოდნელად აღმოჩნდა ის სოფელ წოუმაიში მეფუტკრე ხუ იაოჩენგთან. დამთხვევით გაოცებულმა ჯონმა მანქანა გააჩერა და გაიცნო მეფუტკრე, რომელმაც თითქმის 40 წელი მიუძღვნა მილიონობით ფუტკრის მოვლას და გზის პირას თაფლით ვაჭრობას. მიპატიჟების შემდეგ მომდევნო რამდენიმე საათი მასთან დიდი ინტერესით გაატარა, თუმცა ერთი რამ არ ასვენებდა – როგორ უნდა გადმოეცა ფოტოებში მეფუტკრეობის ხელოვნებაც, გარემოს ცვლილებებიც, რომლებიც ფუტკრების პოპულაციას მთელ მსოფლიოში ემუქრება და მეფუტკრის მისტიკური გამოჩენაც პოლის შეტყობინების წაკითხვის შემდეგ.
„როდესაც მოსაღამოვდა, ბატონ ხუს ვკითხე, თუ შეიძლებოდა მეორე დილით დავბრუნებულიყავი – ვგრძნობდი, რაღაც არსებითი მაკლდა ან ვერ ვგრძნობდი, რატომ ვიყავი იქ. იმ ღამეს ეკჰარტ ტოლეს სიტყვებზე ვფიქრობდი: სივრცე სივრცეებს შორის“, – ამბობს ჯონი. მეორე დღეს ფოტოგრაფი კვლავ ეწვია მეფუტკრეს ფიქრებით, თუ როგორ გადმოეცა ეს მომენტი ისე, რომ გასცდენოდა ხუს ხელობას და მისი ცხოვრების მიზანს. წინა დღის მსგავსად, ყველგან ფუტკრები იყვნენ, მაგრამ თვალისთვის უხილავები – ისე სწრაფად მოძრაობდნენ. „მიწაზე ჩამომჯდარი ვუყურებდი, როგორ მშვიდად აგროვებდა ხუ თაფლს და ნელ-ნელა გავაცნობიერე – გზავნილი მეფუტკრეს ან მის საქმეს არ ეხებოდა. ამ მრავალწლიან მოგზაურობაში, რომელიც სამ კონტინენტს მოიცავდა, ნამდვილი „მეტრონომი“ ხილული არ იყო. ეს იყო სივრცე… სივრცეებს შორის“, – ამბობს ჯონი.