როგორ გავირთულოთ მთაზე ასვლა
ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე შიშისმომგვრელ მთაზე ასვლამდე მსოფლიოს ორმა საუკეთესო მეკლდეურმა გადაწყვიტა, გზად დამატებითი, 4200-კილომეტრიანი ოდისეა მოეწყოთ ველოსიპედით და ნავით.
როგორ გავირთულოთ მთაზე ასვლა
ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე შიშისმომგვრელ მთაზე ასვლამდე მსოფლიოს ორმა საუკეთესო მეკლდეურმა გადაწყვიტა, გზად დამატებითი, 4200-კილომეტრიანი ოდისეა მოეწყოთ ველოსიპედით და ნავით.
არც ისე დიდი ხნის წინ სახელოვანი მეკლდეურები შედარებით უხმაუროდ ლაშქრავდნენ შთამბეჭდავ ქარაფებს, თუმცა ამ სპორტის ორმა საუკეთესო წარმომადგენელმა ყველაფერი შეცვალა. გასულ ათწლეულში ტომი კოლდუელმა და ალექს ჰონოლდმა გაუგონარი გმირობებით გამოიჩინეს თავი, დოკუმენტურ ფილმებში გაიბრწყინეს და კლდეზე ცოცვა პოპულარულ სახეობად აქციეს. კოლდუელის კარიერული გარღვევა უკავშირდება 2015 წელს, როდესაც მან, პარტნიორთან ერთად, იმ დროისთვის ურთულესად მიჩნეული მარშრუტი გაიარა – 19-დღიანი ასვლა იოსემიტის დონ-უოლზე. ორი წლის შემდეგ ჰონოლდმა დაამკვიდრა ტერმინი „თავისუფალი სოლო“, როდესაც თოკის გარეშე აცოცდა იოსემიტის ეროვნული პარკის სიმბოლოდ ქცეულ ელ-კაპიტანის მონოლითზე.
დღეს ისინი კვლავ ენთუზიაზმით მიჰყვებიან მეკლდეურობას, თუმცა ორივე მათგანი სულ უფრო ხმამაღლა ეხმაურება გარემოსდაცვით საკითხებს. ამგვარად, გასულ ზაფხულს მათ ძალები გააერთიანეს და რაღაც ახალი სცადეს. კოლდუელი დაინტერესებულია „ეკოპოინტინგით“ – ტერმინი, რომლითაც ევროპელი მეკლდეურები აღწერენ სათავგადასავლო მოგზაურობას წიაღისეული საწვავის ნულოვანი ემისიით.

რენან ოზთურქი
ამ წყვილმა მიზანში ამოიღო დევილს-თამბი (ინგლ. ეშმაკის ცერი) – ალასკის იზოლირებული, 2700-მეტრიანი მთა, რომელზე ასვლაც, უამრავი ადამიანის აზრით, თითქმის, შეუძლებელია. ამოცანის კიდევ მეტად გასართულებლად, მათ მოგზაურობა დაიწყეს ველოსიპედებით, გამოემართნენ კოლორადოში მდებარე კოლდუელის სახლიდან და 4200-კილომეტრიან მარშრუტს გაუყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის თვალწარმტაც ლანდშაფტებზე. შემდეგ მათი ოდისეა გაგრძელდა აფრიანი ნავით, ბაიდარით, კომპაქტური გასაბერი ნავითა და ნოტიო ტყეში გზის გაკვალვით – რომ აღარაფერი ვთქვათ უმაღლესი კლასის კლდეზე ცოცვაზე.
მათ მოგზაურობას აღწერს National Geographic-ის ახალი დოკუმენტური ფილმი The Devil’s Climb, რომელსაც Disney+-ზე ნახავთ. მწერალი მარკ სინოტი 46 წლის კოლდუელსა და 39 წლის ჰონოლდს ესაუბრა განვლილი მარშრუტის სირთულეებზე, „ეკოპოინტინგის“ ფარულ გამოწვევებზე, როგორ აბალანსებენ რისკსა და პასუხისმგებლობას, როგორც მცირეწლოვანი ბავშვების მამები; გამოჰკითხა მწვერვალზე ყოფნის დროს ფოტოს გადაღების ძალიან სახიფათო ეტიკეტის შესახებ. ეს საუბარი შემოკლებულია და რედაქტირებულია სიცხადისთვის.

მარკ სინოტი: საიდან გაჩნდა ამ მოგზაურობის იდეა?
ტომი კოლდუელი: ყოველთვის მინდოდა ველოსიპედით შორს მემოგზაურა და მასშტაბური მოგზაურობაც მჭირდებოდა, რადგან COVID-ის დროს არსად წავსულვარ. მაგრამ უმთავრესი მიზანი გახლდათ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ტონგასის ეროვნულ ტყესთან დაკავშირებით. ტონგასი, რომელიც ალასკის თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ფარავს, უდიდესია ზომიერი სარტყლის ნოტიო ტყეებს შორის და ვცდილობდი, მისი დაცვის გზები მეპოვა. თავიდან მარტო ვაპირებდი ალასკაში ველოსიპედით წასვლას, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ბევრად სახალისო იქნებოდა მეგობართან ერთად გამგზავრება. ამგვარად, ალექსს დავურეკე. პირველი საუბრისას მან უარი მითხრა.
ალექს ჰონოლდი: უარის მიზეზი რომ განვმარტო, ტომის თავდაპირველი იდეა მოიცავდა ზღვაში ბაიდარით ცურვას ალასკის მთელი სანაპიროს გასწვრივ. ამგვარად, ჩვენ ორთვენახევარი უნდა გვემოგზაურა და ამდენი ხნით ოჯახს ვერ დავტოვებდი. თავდაპირველად ვიფიქრე, კლდეზე ცოცვის გარკვეულ მონაკვეთებში შევუერთდები-მეთქი, თუმცა სისულელე იქნებოდა, ექსპედიციის მთავარი აზრი გამომეტოვებინა. ველოსიპედით ერთი-ორჯერ კარგი სათავგადასავლო მარშრუტი გამივლია და ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს მშვენიერი გზაა ბუნებასთან შერწყმისთვის. ამიტომ იმედი მქონდა, ეს მოგზაურობაც ერთგვარი პიროვნული ტრანსფორმაციის გზა იქნებოდა.
სინოტი: ასეც გამოვიდა?
ჰონოლდი: ვერ ვიტყვი. გასაოცარი თავგადასავალი იყო. კლდეებზეც კარგად ვიცოცეთ, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, აშშ-ის დასავლეთში ველოსიპედით მგზავრობა დამქანცველი აღმოჩნდა და იქ ნანახმა დამანაღვლიანა. ჩვენ ისეთი ფორმით ვიხილეთ ადამიანის ზემოქმედება გარემოზე, როგორიც აქამდე არასოდეს მენახა. 3800 კილომეტრი გავიარეთ და მხოლოდ ეროვნულ პარკებში თუ ვპოულობდით გაუთელავ ადგილებს. ყველაფერი დანარჩენი გაჩეხილი, წიაღისეულისთვის გადათხრილი ან რაღაც ფორმით გამოფიტული იყო. და უამრავი თემი, რომელსაც ჩავუარეთ, ბედნიერი არ ჩანდა. ქალაქი იზრდება, როდესაც იქ ხეებს ჩეხენ, ხოლო უკანასკნელ ხეს რომ წააქცევენ, შემდეგ ის ადგილიც კვდება.
კოლდუელი: მთელი ამ ანთროპოგენური ზემოქმედების ხილვამ უფრო მკაფიოდ გამააზრებინა, თუ [მსოფლიოს] რამდენად დიდი ნაწილი გავანადგურეთ უკვე. ამ მოგზაურობამ გვიჩვენა ასევე ეროვნული პარკების უდიდესი როლი – მხოლოდ ის ადგილებია სრულიად ხელუხლებელი.
ჰონოლდი: როდესაც სამოგზაუროდ გავემართე, რეალურად არ ვიცნობდი ბრიტანეთის კოლუმბიის შიდა მხარეებს. მეგონა, რაც უფრო შორეული ჩრდილოეთით გადავინაცვლებდით, მით უფრო ველური და ხელუხლებელი ტყე დაგვხვდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გასულ ასწლეულში ყველაფერი გაუჩეხიათ. მანქანით რომ ჩაიქროლებ, გზის გაყოლებაზე ხეების შირმა გხვდება, ველოსიპედით კი შირმის მიღმაც შეგიძლია შეიხედო და იქ ხეები აღარ არის.
კოლდუელი: ბრიტანეთის კოლუმბიის შუაგულში შევხვდით ადამიანებს, რომლებიც კრეკს ეწეოდნენ, შევესწარით ოჯახური ძალადობის საშინელ შემთხვევებს და ცეცხლის გახსნას. გავიარეთ გზა, რომელსაც „ცრემლების გზატკეცილს“ უწოდებენ, სადაც მკვიდრი ხალხის უამრავი წევრი გაუტაცებიათ. ჩვენ ვიძალადეთ ამ ლანდშაფტზე და ახლა ადგილობრივი თემებიც იმავეს იმეორებენ. ამ ყველაფერმა შეგვახსენა, რომ როგორმე უნდა შევაკავოთ მიმდინარე პროცესი, რადგან, თუ ძველებურად განვაგრძობთ, ყველაზე შორეულ ადგილებსაც გამოვფიტავთ.
სინოტი: გთხოვთ, მითხარით, რომ რაღაც დადებითიც იყო.
ჰონოლდი: თავისთავად. მახსოვს, შტორმში ველოსიპედით მივდიოდი აისფილდსის ავტოსტრადაზე, ალბერტაში და უცებ გავიაზრე, რომ ჩვენ მართლაც ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ვცხოვრობდით. სათავგადასავლო მოგზაურობის არსიც ხომ სწორედ ეს არის?
კოლდუელი: ჩემთვის სამხრეთ უაიომინგში პეიზაჟი გაცოცხლდა. იქ გვხვდებოდა ცისარტყელები, წვიმიანი ქარიშხალი, გარეული ცხენები. როდესაც ველოსიპედის გზა დასრულდა, დევილს-თამბამდე მისასვლელი უკანასკნელი მონაკვეთი ნავით გავცურეთ და ავუყევით შიდა წყლის გზას. შტორმიან დღეებში აფრიან ნავს პატარა უბეებში შევაჩერებდით ხოლმე და ბაიდარით მივცურავდით. იქ ვხედავდით წავებს, რომლებიც პატარა ქვებით ხსნიდნენ ნიჟარებს. ერთ დღეს ნიჩბის მოსმით მივადექი კუნძულს, სადაც 50-მდე სელაპი ნებივრობდა და ჩემი მიახლოებისას ყველა წყალში ჩასრიალდა. მთაზე ლაშქრობისას შევესწარით ორაგულის მიგრაციას – ისე ჩანდა, თითქოს, მდინარეში წყალზე უფრო მეტი თევზი იყო. მთელ მიდამოში ათასობით ლეშს ვხედავდით და დათვებიც ასპარეზზე ჩნდებოდნენ.
სინოტი: ბიჭებო, თქვენ აცოცდით დევილს- თამბზე, რომელიც ცნობილია თავისი სირთულით. ახლა, როდესაც ორივეს შვილები გყავთ, სხვაგვარად აფასებთ რისკებს?
ჰონოლდი: ჰაჰა! ვიცი, ფსონს არ დადებდი, რომ 40 წლის ასაკს მივაღწევ, მაგრამ, როგორც ტომი ამბობს ხოლმე, არ მინდოდა მანამდე მოვმკვდარიყავი, სანამ შვილები მეყოლებოდა და როდესაც უკვე მყავს, არც ახლა მინდა. უფრო დიდად შეიცვალა ის, თუ რაში ვხარჯავ დროს. ჩემი შვილები უკვე ისეთ ასაკს უახლოვდებიან, რომ მინდა მათთან ერთად გავატარო დრო და ერთად ვაკეთოთ მაგარი რამეები. ამგვარად, რაც უფრო მეტ დროს გავატარებ სახლში, სავარაუდოდ, ნაკლებადაც გავრისკავ. თუმცა, ასევე მარტივად შემიძლია წარმოვიდგინო სხვაგვარი სცენარი, რომელშიც, პერიოდულად, განსაკუთრებით ვრისკავ, რადგან, უბრალოდ, ვგიჟდები კლდეზე თავისუფლად ცოცვაზე. და, სხვათა შორის, მაგისტრალის გასწვრივ ველოსიპედით 3800 კილომეტრის გავლა შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ის კლდეები, სადაც მე დავცოცავ.
სინოტი: უფრო სახიფათო, ვიდრე თავისუფალი ცოცვა ელ-კაპიტანზე?
ჰონოლდი: ჰმმ, ალბათ, ეგეთიც არა (იცინის).
კოლდუელი: როდესაც ახალგაზრდა მეკლდეური ვიყავი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, თავი შორს დამეჭირა ყინულზე ცოცვისა და თავისუფალი ცოცვისგან… უამრავ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც უმაღლესი მთების დასალაშქრად გაემართნენ და შემდეგ განქორწინება მოუწიათ ან სულაც დაიღუპნენ. და მაინც, ვფიქრობ, შედარებით მაღალი რისკი უფრო მიზიდავს, თუმცა რისკს ალექსივით არ ვესწრაფვი. მინდა, დროდადრო მივიღო ასეთი განცდები, მაგრამ ვცდილობ დავრწმუნდე, რომ ჩემთვის დასაშვებ ზღვარს არ ვცდები. მიუხედავად ამისა, თუ რამე შეიცვალა, ვფიქრობ, საპირისპირო მიმართულებით და რაც წლები გადის, მეტად რისკიან მარშრუტებს მივყვები, რადგან ჩემს უნარებში სულ უფრო თავდაჯერებული ვხდები.
სინოტი: რა გიზიდავთ ცოცვაში?
კოლდუელი: ჩამოყალიბებული ურთიერთობები, თემი, ბუნებაში ჩაძირვა, თავგადასავლის წყურვილი. იმდენად ბევრი რამ არის, რთულია, მხოლოდ ერთი გამოყო.
ჰონოლდი: მე უბრალოდ გიჟივით მიყვარს უშუალოდ ცოცვა, მოძრაობა და ის, რომ ცოცვა საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად და ახალი გამოწვევების მისაღებად უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს.
სინოტი: რას გამოყოფდით ამ კონკრეტულ ასვლაში?
ჰონოლდი: ჩვენ შევასრულეთ „დიაბლოს ტრავერსი“, რაც დევილს-თამბის მასივის ხუთი მწვერვალის გადაკვეთას გულისხმობს. ეს თავისუფალი ცოცვით შევასრულეთ, ერთ დღეში. განსაკუთრებული მიღწევა ნამდვილად არ არის, მაგრამ მაგარი იყო.
კოლდუელი: „კატის ყურების წვეტი“ შესაძლოა ყველაზე გიჟური მწვერვალი იყოს, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ლანდშაფტიც ისეთი ავისმომასწავებელია. ეს მთები ძალიან დაკბილულია. იქ დიდი ყინულვარდნა და ზვავებია, რომლებიც გამუდმებით ეშვება ჩრდილო-დასავლეთის კედელზე და მათი გრუხუნი მუდამ ჩაგესმის.
ჰონოლდი: ერთი მწვერვალის უმაღლესი წერტილი ზომით პიცის ყუთსაც არ აღემატებოდა – ასეთ მწვერვალზე ერთმანეთის ფოტოების გადაღებაც ურთულესია, რადგან დგახართ ამ პაწაწინა მონაკვეთზე და ამბობთ: „უკან დაიხიე; კადრში ვერ გაქცევ“, – და შემდეგ ორივე გადაიჩეხებით (იცინის).
სინოტი: რატომ გინდოდათ ამ მოგზაურობის მხოლოდ ადამიანური ძალით შესრულება?
კოლდუელი: ევროპელ მეკლდეურებს ძალიან იზიდავს „ეკოპოინტინგის“ იდეა, რომელიც გულისხმობს კლდეებამდე მანქანის გამოუყენებლად მისვლას. ერთ ბელგიელ მეგობარს, სებასტიან ბერტს, უნდოდა დონ-უოლის მარშრუტის გამეორება, მაგრამ თვითმფრინავით არ სარგებლობდა. ამიტომ, გადაწყვიტა ატლანტის ოკეანის გადაცურვა. ჩვეულებრივ, ერთთვიანი მოგზაურობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ეპიკურ, ექვსთვიან თავგადასავლად გადაიქცა. ბერტსა და მის გუნდს იოსემიტის ეროვნულ პარკში შევხვდი და აშკარა იყო, რომ ამ გამოცდილებამ ისინი ძლიერ შეაკავშირა. როდესაც შენს მოგზაურობას მსგავს შეზღუდვებს უწესებ გარემოს დაცვის მიზნით, თქვენი ექსპედიცია ბევრად უფრო დიდი და მაგარი ხდება.
სინოტი: თქვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობა ასეთივე ეკომეგობრული არ იყო. როგორ დათანხმდით ამას?
კოლდუელი: ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. ეს ერთ-ერთი ისეთი შემთხვევაა, როდესაც უნდა გადაწყვიტო, გააკეთო რაღაც სრულიად „მწვანე“ მიდგომით ან საზოგადოებას მოუთხრო შთამბეჭდავი ამბავი. ვიფიქრე, რომ ინფორმაციის გავრცელება [რა ხდება ტონგასის ეროვნულ ტყეში] ღირდა კომპრომისად.
ჰონოლდი: რთულია მწვანე ექსპედიციის შესრულება წიაღისეული საწვავით გაჟღენთილ მსოფლიოში. ვეცადეთ, მოგზაურობის გარკვეული მონაკვეთი აფრიანი ნავით გაგვეცურა, მაგრამ ქარი და ტალღები ხელს არ გვიწყობდა; ამგვარად, დიზელის გამოყენება და ძრავის ჩართვა მოგვიხდა. პატარა თვითმფრინავით რომ გვემგზავრა, დიდი ალბათობით, ნაკლებ საწვავს გამოვიყენებდით. ექსპედიციისას კიდევ არაერთხელ დაგვეუფლა მსგავსი შეგრძნება – ეს გასაოცარი მოგზაურობაა, მაგრამ მართლაც სწორი გზაა?
კოლდუელი: მესმის, რასაც ალექსი ამბობს. „ეკოპოინტინგი“ მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ გარემოს დაცვის გზებზე ფიქრმა ჩვენი მოგზაურობა მომნუსხველ ორთვიან ექსპედიციად გადააქცია, რომელიც მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში.