მიაგნებენ მოგზაურები ინკების დაკარგულ ქალაქს?
პერუს მთებში ჩაკარგული ჩოკეკირაოს ნანგრევები მოწყვეტილია მოგზაურებს, რომლებიც დიდ ნაკადებად სტუმრობენ მაჩუ-პიქჩუს. ეს შეიძლება მალე შეიცვალოს.
პერუს მთებში თითქმის ყველგან შეგხვდებათ მობალახე ლამები, მაგრამ ჩოკეკირაოს ჯოგს ვერცერთი შეედრება. თეთრი ქვებით ნაგები და ნაცრისფერი ფიქლის კედლებში ჩასმული ორი ათეული ლამის ფიგურა მყარად დგას საუკუნეთა განმავლობაში. „ანდებში მსგავსს ვერსად შეხვდებით“, – ამბობს გორი-ტუმი ეჩევარია, რომელიც სპეციალიზებულია პრეისტორიულ კლდის მხატვრობაზე და ამ ვრცელ, კოლუმბამდელ არქეოლოგიურ კომპლექსზე მუშაობს 2005 წლიდან – ლამების ფიგურები ერთი წლით ადრე აღმოაჩინეს. „ეს იყო არტისტული ინოვაცია, რომელიც XVI საუკუნის დამდეგამდე მოხდა და აღარც გამეორებულა“.
სამხრეთ პერუს ანდებში მდებარე ჩოკეკირაო ენათესავება უფრო პოპულარულ მაჩუ-პიქჩუს, რომელთანაც მას მხოლოდ 44 კილომეტრი აშორებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ამ ნაგებობათა კომპლექსი ინკების არქიტექტორებმა შექმნეს; ის მოიცავს სარიტუალო დარბაზებს, საკნებს, სადაც ერთ დროს მუმიფიცირებული ნაშთები ინახებოდა, კომპლექსურ სამეურნეო ტერასებსა და ასობით შენობას, სადაც ინკების თემები მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. მაგრამ ჩოკეკირაოს მთავარი ვარსკვლავი როგორც ტურისტებისთვის, ისე არქეოლოგებისთვის, ლამებია – მარადიული პროცესია ნანგრევთა ცენტრალური მოედნისკენ, სადაც, ალბათ, მათ ცოცხალ ნათესავებს მსხვერპლად სწირავდნენ.

3000 მეტრის სიმაღლეზე გამავალი ჩოკეკირაოს მარშრუტი მხოლოდ თამამი მოგზაურებისთვისაა. როგორც წესი, სტუმრები ჯერ დედაქალაქ ლიმიდან ქვეყნის სიღრმეში, კუსკოსკენ მიფრინავენ, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკებით თუ მოხვდებიან არქეოლოგიურ ძეგლთან. მოლაშქრეთა უმეტესობას ორი-სამი დღე სჭირდება ორმხრივ გზაზე – 63-კილომეტრიან მარშრუტზე, რომელიც ხშირად მიუყვება ფრიალო კლდეებს, ქვემოთ კი მდინარე აპურიმაკი მოშხუის. ეს მარშრუტი ქვებითა და ეკლიანი ბუჩქნარითაა მოფენილი, მაგრამ თითოეული ჩხვლეტა და ნაკაწრი ღირს თოვლში გახვეული ანდებისა და გზად შემხვედრი საიდუმლოებით მოცული ნაგებობების სანახავად.
საბაგირო გზის ძლიერ საკამათო პროექტით ეს ყველაფერი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს და ამ ტრანსპორტმა ვიზიტორები პირდაპირ ნანგრევებთან მიიყვანოს. აღნიშნული იდეის მხარდამჭერთა განცხადებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ძლიერ გამოაცოცხლებს რეგიონს, ხოლო მათი ოპონენტების მტკიცებით, საბაგირო გზამ შეიძლება სრულიად ჩამოშალოს მთელი კომპლექსი. ჯერჯერობით, აღნიშნული ძეგლის შორეული მდებარეობა და რთულად გასავლელი მარშრუტი კიდევ ინარჩუნებს მის მაგიურ და მითიურ ხასიათს.
მაგრამ ჩოკეკირაო, რომელიც კეჩუას ენაზე ითარგმნება, როგორც „ოქროს აკვანი“, ყოველთვის ასე ხალხისგან მოწყვეტილი არ იყო. კოლუმბამდელ პერიოდში ჩოკეკირაო მდებარეობდა იმ მარშრუტზე, რომელიც აკავშირებდა ანდების მწვერვალებსა და დაბლობ ჯუნგლებს. ჩოკეკირაოს გული, თავისი ღია მოედნით, მაჩუ-პიქჩუს ცენტრალურ სივრცესთან შედარებით მომცროა, თუმცა თავად კომპლექსი ბევრად დიდია.
ნანგრევებთან მიახლოებისას მოლაშქრეები პირველ რიგში ხედავენ ტერასებს, საფეხურისებრ პლატფორმებს, რომლებიც ციცაბო ფერდობებს სახნავ-სათეს მიწებად აქცევს. მიწათმოქმედები პერუს მაღალმთიანეთში მათ ჯერ კიდევ იყენებენ. ჩოკეკირაოს კილომეტრებზე გადაჭიმული ტერასები, რომელთა უმრავლესობა მცენარეულობით არის დაფარული, ქვემოთ ეშვება მდინარე აპურიმაკისკენ. მაბელ კოვარუბიასის თქმით, რომლის ოჯახიც მახლობელ თემ მარამპატაში ერთ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობდა, 1980-იან წლებამდე მისი წინაპრები აღნიშნულ ტერასებს იყენებდნენ სათესად და საქონლის საბალახოდ. შემდეგ არქეოლოგებმა ტერასები მცენარეულობისგან გაწმინდეს და აღმოაჩინეს ქვის ლამები. თეთრი ფიგურები კონტრასტულად ჩანდა ნაცრისფერი კედლების ფონზე, რაც მათ სიღრმესა და მოცულობას სძენდა.

დიდი მასშტაბისა და სიშორის გამო ჩოკეკირაოს უმეტესი ნაწილი ჯერაც გაუთხრელია. ნელსონ სიერა, რომელიც უძღვება მაღალმთიანი ლაშქრობის კომპანიას, მიუთითებს ხვიარა მცენარეებით დაფარულ შემაღლებებზე, რომლებიც ჩოკეკირაოს გაწმენდილი ცენტრალური ნაწილის თავზეა აღმართული. ეს არ გახლავთ პატარა ბორცვები; ეს ჩამონგრეული ნაგებობებია, რომლებიც ხშირმა მცენარეულობამ ჩაყლაპა. „აქ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი; მთელი კომპლექსის აღდგენა უდიდეს შრომას მოითხოვს“, – ამბობს იგი.
თეორიულად, ტრამვაის ხაზის გაყვანით შეიძლება დაჩქარდეს აღდგენითი სამუშაოები და გაძლიერდეს რეგიონის ეკონომიკა, მაგრამ ტურიზმის გაფართოების იდეა საფრთხილო საკითხია. მყიფე ძეგლებზე ვიზიტორთა მოზღვავებით შეშფოთებული UNESCO-ს გაფრთხილებები, რომ მაჩუ-პიქჩუ მოხვდებოდა „საფრთხეში“ მყოფ ძეგლთა ნუსხაში, ადრეც ისმოდა. საბაგირო გზის სისტემა მხოლოდ უფრო მეტ ვიზიტორს არ ჩამოიყვანს ჩოკეკირაოში; მას მოჰყვება გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურაც, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს მყიფე ძეგლი.
ზოგი წუხს, რომ მასობრივი ხელმისაწვდომობა ჩოკეკირაოს დაუკარგავს იმ ხიბლს, რაც იდუმალ და შეუცნობელ ადგილებს ახლავს – ასევე, ზიანს მოუტანს ადგილობრივ სალაშქრო კომპანიებს, რომელთაც დღეს იქ ვიზიტორები მიჰყავთ. მელჩორა პუგა სტუმრებს ღამის გასათევს სთავაზობს და თავისი რესტორნით მასპინძლობს ჩიკისკას დასახლებაში, ჩოკეკირაოს სალაშქრო ბილიკის აპურიმაკის მხარეს. იგი ღელავს, რომ საბაგირო გზამ მას და სხვებსაც თავიანთი ცხოვრების წესის მიტოვება შეიძლება აიძულოს.
„ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ტურიზმზე“, – ამბობს პუგა. „ტრამვაის ხაზის გაყვანა იგივეა, რომ ხეს ფესვები მოვუკლათ და ვიფიქროთ, მაინც გაიხარებსო. ჩვენ ვერ გადავრჩებით“.
სამუელ კისპე ვიზიტორებს ჯორით უწევდა მეგზურობას და მისი თქმით, საბაგირო გზა გააქრობს არაერთი მომსახურების მიმწოდებლის სამუშაოს.
ბევრი მოლაშქრის აზრით, კიდევ რაღაც სხვაც შეიძლება დაიკარგოს. „ჩოკეკირაოს დალაშქვრა მოითხოვს დიდ დროს და, შესაბამისად, პიროვნულ თავდადებას, რაც მას მეტ მიმზიდველობას სძენს“, – ამბობს 26 წლის მედისონ მაკდონალდი ჰიუსტონიდან.
სიერას თქმით, მთავრობა უნდა ფოკუსირდეს არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და არა – საბაგირო გზის ავკარგიანობის განხილვაზე. „არსებული ბილიკის მოვლა-შენარჩუნება და უკეთეს მომსახურებათა მიწოდება მეტ ტურისტსაც მოიზიდავს და ადგილობრივთა საარსებო წყაროსაც დაიცავს. ის ვერ დაემსგავსება მაჩუ-პიქჩუს, მაგრამ ჩოკეკირაოს სტუმრებს არ აინტერესებთ მეორე მაჩუ-პიქჩუს ნახვა. ჩოკეკირაო თავისთავად ჩინებული ძეგლია“.
