რატომ იყო საჭირო კაშხლების დანგრევა
მდინარე, რომელიც ჩემი ტომის სახლია, ავად იყო. ორაგულიც გვიკვდებოდა. ჩვენ მათი შველა გადავწყვიტეთ.
გამიმართლა, რომ კარუკის ხალხის ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც ბადით თევზჭერა, განახლების ცერემონიები და კულტურული ხანძრის გაჩაღება ბუნების ყოველწლიურ ციკლთან თანხვედრაში ტარდებოდა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, იში-პიშის ჩანჩქერზე თევზაობის შემდეგ, მამაჩემი ორაგულით, იგივე „აამათი“ გავსებული ჟანგისფერი „შევროლეთი“ ბრუნდებოდა ხოლმე სახლში. თევზს გვიან ღამემდე ვამუშავებდით, შესაბოლად ვკიდებდით და დათვებს ვიგერიებდით.
ჩვენ ვართ „კარუკ ვა’არაარას“ – ორაგულის ხალხი. მდინარის ხალხი ვართ. ჩვენ სამყაროს მკურნალები ვართ. ნასწავლი გვაქვს, რომ ჩვენი თევზთან ურთიერთობა ორმხრივია და სანამ ერთი კარუკი მეთევზე მაინც არსებობს, ჩვენს მდინარეში ორაგულიც იარსებებს.
2000 წელს 18 წლის ვიყავი და ჩემს პირველ სამსახურში ვმუშაობდი კარუკის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში. იმ წელს, როდესაც მდინარე კლამათში თვალსაჩინოდ მომრავლებულიყო ტოქსიკური ნეონისებრი მწვანე წყალმცენარე, ჩრდილო-დასავლურმა ელექტროენერგიის კომპანია PacifiCorp-მა გამოაცხადა, რომ მდინარის ზემო წელზე ჰიდროელექტროკაშხლის ოპერირების ლიცენზიის კიდევ 50 წლით გახანგრძლივება სურდა. ოთხი კაშხალი XX საუკუნეში ჰიდროელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, სავარაუდოდ, გრძელვადიანი შედეგების გაუთვალისწინებლად აშენდა. თანამედროვე მეცნიერებაზე დაყრდნობის გარეშეც ნათელი იყო, რომ ჩვენი პრობლემა კაშხლებიდან მომდინარეობდა. მათ წყალსაცავებსაც იგივე შხამიანი ფერი ჰქონდა.
შემდეგ წელს მდინარე კლამათის აუზი მძიმე გვალვამ მოიცვა და ტომებმა მის გადასარჩენად ფედერალური ჩარევა მოითხოვეს. ჰიდრომელიორაციის ბიურო, რომელიც აშშ-ის დასავლეთ ნაწილში ზედამხედველობს წყლის მენეჯმენტს და ჰიდროენერგიის სისტემებს, ირიგაციისთვის წყალს რეგულარულად უცვლიდა კურსს და კაშხლების ზემოთ გადაჰქონდა. იმ წელს ბიურომ გადაწყვიტა წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად შეემცირებინა მდინარის საფრთხეში მყოფი თევზების დასაცავად. თუმცა გვალვის გახანგრძლივების გამო ფერმერებმა და რანჩოების მფლობელებმა ბუშის ადმინისტრაცია აიძულეს, ბიუროს გადაწყვეტილება გაეუქმებინა. ჩვენი ხალხი ავტობუსებით დაიძრა სარწყავი რაბის გაღების გასაპროტესტებლად. მაშინ არ ვიცოდით, რომ ამ საკითხზე ათწლეულები მოგვიწევდა მუშაობა.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში არსებული კოპკო N. 2 ოთხიდან პირველი კაშხალია, რომელიც მკვიდრი ხალხის ოცწლიანი ჩართულობის შემდეგ დაანგრიეს მდინარე კლამათზე.
ფოტო: SWIFTWATER FILMS
2002 წლის ზაფხული მწველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მდინარის ნაპირები ლპებოდა და წყალს ტოქსინების სუნი ასდიოდა, დაბადების ადგილისკენ სწრაფვით გამსჭვალული თევზი მდინარეში კვლავ დაბრუნდა. იმ წლის სექტემბერში ჩვენ განვიცადეთ თევზთან დაკავშირებული ყველაზე დიდი უბედურება ჩვენი ხალხის მთელ კოლექტიურ მეხსიერებაში. დამთბარი წყლების და წყლის დონის კლებით განპირობებულმა დაავადებებმა დაახლოებით 34 000 მკვდარი ორაგული კლამათის ნაპირებზე გამორიყა. როდესაც ადამიანებს ეკითხები, როგორ ახსენდებათ 2002 წლის თევზის დაღუპვა, ყველა გიპასუხებთ: სუნით.
განადგურებულები ვიყავით, მაგრამ გადავწყვიტეთ, გვემოქმედა.
ენერგიის მარეგულირებელი ფედერალური კომისია (FERC) წყვეტს, კიდევ უნდა გახანგრძლივდეს თუ არა კაშხლის მუშაობა თავდაპირველი ვადის ამოწურვის შემდეგ. კლამათის კაშხლების საკითხის განხილვის მერე სააგენტოს შეეძლო მდინარის გათავისუფლება. როდესაც FERC-მა დაიწყო საჯარო განხილვები მდინარისპირა თემებში, ჩვენების მისაცემად გამოვცხადდით. ჩემი ჩვილი ბავშვით ხელში, სათქმელი მთელი გულით ვთქვი ექვსი უემოციო ბიუროკრატის წინაშე. მათ გადაწყვიტეს, კაშხლები ადგილზე დაეტოვებინათ, რითაც ჩვენს კულტურას კაპიტალიზმი არჩიეს, ისე რომ თვალებშიც ვერ ჩამხედეს.
FERC-ის ერთ-ერთი მოსმენის შემდეგ ორიოდე ათეული კარუკი კლამათის ნაპირთან, კოცონის გარშემო შევიკრიბეთ და შევთანხმდით, რომ, კაშხლების მოშორების გარდა, სხვა გზა არ გვქონდა. მაშინ დაიბადა „კლამათის კაშხლისგან გათავისუფლების და ორაგულის სახლში დაბრუნების“ კამპანია. შემდეგ დავაფუძნეთ „კლამათის სამართლიანობის კოალიცია“, რომელსაც მკვიდრი თემის რამდენიმე წევრი მართავდა, მათ შორის მეც. ჩვენმა პატარა გუნდმა ბევრი იმუშავა, რომ მძლავრად გამოჩენილიყო. წლების განმავლობაში მდინარის ხალხის ათასობით წევრი ჩავრთეთ მოძრაობაში. ჰკითხეთ მდინარე კლამათის აუზის ნებისმიერ მკვიდრს მათი მონაწილეობის შესახებ და ყველა შემთხვევაში მიიღებთ ამბებს, რომლებიც პროტესტებსა ან რომელიმე უკვე მივიწყებულ სხდომაზე მოგითხრობთ.

დავუშვით შეცდომები და ბევრიც ვისწავლეთ იმ წლების განმავლობაში. გავეცანით „მკვიდრი ხალხების ძალის პროექტს“, რომელმაც გაგვწვრთნა პირდაპირი და არაძალადობრივი მოქმედების ხელოვნებაში. მივდიოდით კაშხლების მფლობელი კომპანიების შეხვედრებზე, სადაც გამოვფინეთ ბანერი სიტყვებით, „კლამათის კაშხლები = კულტურულ გენოციდს“. გვლანძღავდნენ, გვაფურთხებდნენ და გვაგდებდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამოგვივიდოდა, მაგრამ სადაც მოვხვდებოდით, ყველგან ჩვენს ცნობილ რეფრენს ვიმეორებდით: „გაათავისუფლეთ კლამათი, დააბრუნეთ ორაგული სახლში!“
ჩვენი კოალიცია შედგებოდა კლამათის აუზის სხვადასხვა ტომისგან. ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებს: ჩვენ ორაგულის ხალხი ვართ. ბევრი ვიმუშავეთ, რათა ასიმილაციის დროს დამკვიდრებული „გათიშე და იბატონეს“ კულტურის ტრავმები დაგვეძლია და ერთმანეთის ნდობა თავიდან გვესწავლა. ჩვენ ოჯახები ერთმანეთთან ქორწინებებით დავაკავშირეთ, გვეყოლა შვილები და ისინი ერთად აღვზარდეთ. გაერთიანებულებმა შეუძლებელი შევძელით.
2022 წლის 17 ნოემბერს, ბევრი შეფერხების შემდეგ, ახლა უკვე ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად, ისევ შევიკრიბეთ კლამათის ნაპირას კოცონის გარშემო. თუმცა ამჯერად საზეიმოდ. მოვიტანეთ ჩვენი ძველი ბანერები და საერთო ფოტოები გადავიღეთ ნისლიან მდინარესთან. ვიღიმებოდით, ვიცინოდით და ვტიროდით, როდესაც იქ პირდაპირ ეთერში ვუყურეთ FERC-ის ერთსულოვან გადაწყვეტილებას კლამათის მდინარის კაშხლებისგან გათავისუფლების შესახებ. ოცწლიანი მუშაობა, ჩვენი ზრდასრული და ჩვენი შვილების მთელი ცხოვრება ორწუთიანი გადაწყვეტილებით დაგვირგვინდა.
ყოველთვის ვამბობ, რომ „იშკიშმა“, მდინარე კლამათმა, ჩემი არსებობა განსაზღვრა. მან მისცა მიმართულება ჩემს ბავშვობას და კარიერას; იქ შევხვდი ჩემს მეუღლეს და იქ შევქმენი ოჯახი. ახლა, როდესაც ჩვენს გაჯანსაღებულ მდინარეს ვუყურებ, ვფიქრობ, იქნებ 2002 წლის თევზების დაღუპვა ნიშანი იყო ჩვენი შემოქმედისგან, რომ გვემოქმედა. ღრმად მადლიერი ვარ, რომ გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხეთ. ინდიელთა ქვეყანა აღზევების გზაზეა სამყაროს ტრადიციული ცოდნით გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია ისეთი აქტიური აღარაა, ჩვენ აღვზარდეთ დამცველთა თაობა, რომელიც ცვლილებების სურვილითაა გამსჭვალული.
2024 წელს, კლამათის ქვედა ოთხი კაშხლის არსებობის ბოლო წელს, მდინარის ზემო წელიდან ვუყურეთ მათ აფეთქებას და დაშლას. ვნახეთ, როგორ აღიდგინა ძალა ჩვენმა ლამაზმა მდინარემ და უკვე ისეთ მიდამოებში მიედინება, სადაც ასწლეულზე მეტია არ ჩაუვლია. ამ ახალ წელს ყველა ერთად ვზეიმობთ თავისუფალ კლამათს და ორაგულის დაბრუნებას ტრადიციულ სახლში.
კარუკის ტომის წევრი მოლი მაიერსი „კლამათის სამართლიანობის კოალიციის“ თანადამფუძნებელია.