მარადიული მხარდაჭერა
ფარული მავთულები და ცეცხლგამძლე მასალა მხოლოდ ბოლოდროინდელი ინოვაციაა ბიუსტჰალტერის ისტორიაში, რომელიც ათასწლეულებს ითვლის.
თანამედროვე ბიუსტჰალტერები არაერთ ფუნქციას ასრულებს და განუყოფელი ნაწილია ქალის თეთრეულის ბაზრისა, რომლის წლიური გაყიდვები 90 მილიარდ დოლარს აღწევს. თანამედროვე ბიუსტჰალტერები შეიძლება მაღალტექნოლოგიური ქსოვილისგან და ზუსტი საინჟინრო გათვლებით მზადდება, მაგრამ ყველა ნაირსახეობა უძველესი წინაპრების მხრებზე დგას.
ბიუსტჰალტერამდე პერიოდი
უცნობია, როდის შეიქმნა პირველი ლიფი, მაგრამ ისტორიკოსები ასახელებენ ძველ ბერძნულ ლიტერატურაში ნახსენებ ზონრებსა და სარტყლებს, რომლებიც სამოსის გარედან მაგრდებოდა. მაგალითად, ჰომეროსის „ილიადაში“ ქალღმერთი აფროდიტე „უცნაურად მოქარგულ სარტყელს შემოიხსნის მკერდიდან“; ასევე, არისტოფანეს „ლისისტრატეში“ ქალი მეუღლეს უარს ეუბნება ფიზიკურ სიახლოვეზე და ამავდროულად აღიზიანებს მას, როდესაც ეუბნება, რომ ის თავის „სტროფიონს“ იხსნის. ეს იყო დახვეული ზონარი ან სარტყელი, რომელსაც მკერდის დასაფიქსირებლად მის ქვეშ ან შუაში, ტანსაცმლის ზემოდან, შემოიტარებდნენ.
კლასიკურ პერიოდზე მომუშავე არქეოლოგი მირეი ლი აღნიშნავს, რომ ტანსაცმლის შიგნიდან მკერდის დამფარავს ან დამჭერს, სავარაუდოდ, მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში იცვამდნენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ბავშვის ძუძუთი კვებაში შეუშლიდა ხელს.
იტალიური მოკაზმულობა
სიცილიაში, ვილა-დელ-კაზალეს გათხრებზე IV საუკუნის მოზაიკა აღმოჩნდა, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ სპორტულ შეჯიბრში მონაწილე რომაელი ქალები მკერდზე შემოჭერილი ნაჭრით, რომელსაც მეცნიერთა აზრით „ამიქტორიუმი“ ერქვა. ტილოს ეს სამოსი უბრეტელო ბიუსტჰალტერს წააგავს და ამის გამო ფრესკის პერსონაჟებს „ბიკინიანი გოგონები“ შეარქვეს. მკერდის კიდევ ერთი დამფარავი, „მამილარე“, რომელსაც რომში იყენებდნენ, ტყავისგან იყო შეკერილი.
კლასიკოს იან რადიკეს მიხედვით, რომაელ ქალებს, სავარაუდოდ, ამგვარი სამოსის დიდი არჩევანი ჰქონდათ, თუმცა არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის დასადგენად, თუ როგორი იყო ტანსაცმელი და რა ფუნქცია ჰქონდა მას – დეკორატიული, სექსუალური თუ, უბრალოდ, დამჭერი.
ძველი დროის სამკერდე ტომრები
2008 წელს ავსტრიაში, ლენგბერგის ციხესიმაგრეში, არქეოლოგებმა ერთ-ერთ საცავში, რომელშიც XV საუკუნის მრავალი არტეფაქტი ინახებოდა, ორი ტილოს „ბიუსტჰალტერი“ აღმოაჩინეს. ისინი ძალიან ჰგავდა დღევანდელი კორსეტის სტილის ლიფს. ეს შეიძლება ყოფილიყო ის „სამკერდე ტომრები“, რომლებსაც შუა საუკუნეების ავტორები ახსენებენ.
როგორც ქსოვილების ისტორიკოსები – რეიჩელ კეისი, მარიონ მაკნილი და არქეოლოგი ბეატრიქს ნუტცი განგვიმარტავენ, იმ ეპოქაში დიდი მკერდი მოდურად არ მიიჩნეოდა და ქალები იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის საცვალს, რათა შეემცირებინათ მკერდის ზომა და მასთან დაკავშირებული ჭორები.
ლენგბერგის ციხესიმაგრეში აღმოჩენილმა 600 წლის ლიფმა, რომელსაც ისეთივე ფიალები ჰქონდა, როგორც დღევანდელ ლიფებს, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია სამოსის ისტორიკოსებში. აღმოჩნდა, რომ ფიალებიანი საცვლები, რომლებიც, როგორც ეგონათ, XIX საუკუნეში გამოიგონეს, ბევრად უფრო ადრე შექმნილა.

ფოტო: არქეოლოგიის ინსტიტუტი, ინსბრუკის უნივერსიტეტი
თანამედროვე ბიუსტჰალტერის შექმნა
დღევანდელი სახით ბიუსტჰალტერი შეიქმნა მაშინ, როდესაც მოდის დიზაინერებმა და სამოსის რეფორმატორებმა ახალ-ახალი მეთოდების მოფიქრება დაიწყეს მკერდის უკეთ წარმოსაჩენად. თუმცა, ვინ გამოიგონა თანამედროვე ლიფი, ამის შესახებ აზრი იყოფა. იქნებ ეს ფრანგი რევოლუციონერი და ვაჭარი ერმინი კადოლი იყო, რომელმაც 1800-იანი წლების მიწურულს კორსეტი ორად გაჭრა და ზედა ნაწილს დაარქვა „corselet-gorge“? თუ ეს იყო ოლივია ფლინტი, მკერავი, რომელმაც შექმნა კორსეტის ნაცვლად ჩასაცმელი „Flynt waist“? ამ საცვალმა 1876 წელს აშშ-ის პატენტიც მიიღო.
1930-იან წლებში კორსეტს ანაცვლებდა ბიუსტჰალტერი. იმავე ათწლეულში დაადგინეს ამ მზარდი აქტუალობის საცვლის ფიალების სტანდარტული ზომები და შემატეს რეგულირებადი ბრეტელები.
1968 წლისთვის ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ფორმის გამომკვეთი ბიუსტჰალტერები, რომელიც ქალის სექსუალობასთან და სილამაზის სტანდარტებთან ასოცირდებოდა, რის გამოც ატლანტიკ-სიტიში, მის ამერიკის სილამაზის კონკურსზე ფემინისტებმა პროტესტის ნიშნად ისინი პირდაპირ ნაგვის ურნებში ჩაყარეს. პროტესტის მონაწილეებს „ლიფების დამწველები“ შეარქვეს მიუხედავად იმისა, რომ მათი დაწვა ვერ მოხერხდა. გეგმის მიხედვით, ისინი ნაგვის ყუთში უნდა ჩაეყარათ და ატლანტიკ-სიტის სანაპიროზე დაეწვათ – განაცხადა ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა კეროლ ჰანიშმა ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოში 2008 წელს, – „მაგრამ პოლიციამ ცეცხლის დანთების უფლება არ მოგვცა“.
შემდეგ იყო სპორტული ბიუსტჰალტერები. როგორც სპორტული სამოსის ისტორიკოსი ჯეიმი შულცი გვიამბობს, მათ გამოგონებამდე სპორტსმენ ქალებს ჩვეულებრივი ბიუსტჰალტერების გამოყენება უწევდათ ან მკერდს ნაჭრით იკრავდნენ რომაელი „ბიკინიანი გოგონებივით“.
1970-იან წლებში სამმა ქალმა კაცის სუსპენზორიუმის მაგალითზე შექმნა `Jogbra“, „სარბენი ლიფი“, რომელიც პირველ სპორტულ ბიუსტჰალტერად ითვლება, თუმცა ის მხოლოდ 1999 წელს გახდა აღიარებული დამოუკიდებელ სამოსად. ამ სტატუსის მიღებაში მას დაეხმარა ამერიკელი ქალი ფეხბურთელი ბრენდი ჩესტეინი, რომელმაც კალიფორნიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისას ფეხბურთის მოედანზე მაისური გაიხადა და სპორტულ ბიუსტჰალტერში იზეიმა გამარჯვება. როგორც შულცი ამბობს, „ეს სპორტული ლიფის სადებიუტო გამოსვლა იყო“.
COVID-19-ის პანდემიამ ხელი შეუწყო ბიუსტჰალტერების გამოყენების კიდევ ერთ სახეცვლილებას. ქალები ლიფს ნაკლებად იცვამდნენ ან მჭიდრო თუ აზიდული მოდელების ნაცვლად, უფრო მსუბუქ, თავისუფალ ლიფებსა და სპორტულ ბიუსტჰალტერებს იყენებდნენ.
მკერდზე შემოსაკრავი ქსოვილიდან და სამკერდე ტომრებიდან დაწყებული დღემდე, ინოვაციები ლიფების წარმოებაში არ წყდება. ერთი მაგალითი: 2022 წელს აშშ-ის არმიამ ცეცხლგამძლე ტაქტიკური ლიფის პროტოტიპები წარმოადგინა, რომლებიც სამხედრო უნიფორმის ნაწილი გახდება. როგორც ჩანს, ბიუსტჰალტერის დახვეწა კიდევ მრავალმხრივ შეიძლება.