გადაარჩენს მილიონობით მტაცებლის განადგურება ახალი ზელანდიის ფრინველებს?
ყველაზე ძვირფასი ფრინველების დასაცავად ახალ ზელანდიაში მთავარი ინვაზიური მტაცებლების სრული განადგურება გადაწყვიტეს. მსოფლიოს არნახულად ამბიციური კონსერვაციული ექსპერიმენტი ახალ, სასტიკ და ქმედით ფაზაში გადადის, რომელსაც შეუძლია პრიორიტეტები შეგვაცვლევინოს.
გადაარჩენს მილიონობით მტაცებლის განადგურება ახალი ზელანდიის ფრინველებს?
ყველაზე ძვირფასი ფრინველების დასაცავად ახალ ზელანდიაში მთავარი ინვაზიური მტაცებლების სრული განადგურება გადაწყვიტეს. მსოფლიოს არნახულად ამბიციური კონსერვაციული ექსპერიმენტი ახალ, სასტიკ და ქმედით ფაზაში გადადის, რომელსაც შეუძლია პრიორიტეტები შეგვაცვლევინოს.
ბილიკი ციცაბო, მცენარეულობით დაფარული და წვიმისგან მოლიპული იყო. ფერდობზე რომ არ ჩავსრიალებულიყავი, ხის ტოტებს ვეჭიდებოდი. გაზაფხული იდგა და ჩრდილოეთ ახალ ზელანდიაში მდებარე ნაკრძალში ბარტყები იჩეკებოდნენ. ჩემი მეგობარი და მე მოხალისეთა იმ ჯგუფის წევრები ვიყავით, რომელიც ცდილობდა ისინი დაუნდობელი მტაცებლებისგან დაეცვა, ამიტომ აღჭურვილობაც სათანადო გვქონდა. ზურგჩანთებში ფორთოხლის სურნელის მქონე ვირთაგვას საწამლავით სავსე პაკეტები გვეწყო.
თუმცა ჩვენი სამიზნე ვირთაგვა არ იყო. ჩვენ ახალ ზელანდიაში 1870-იან წლებში შემოყვანილ მცირე ზომის ხორცისმჭამელ ძუძუმწოვარზე – ყარყუმზე ვნადირობდით, რომელიც განსაკუთრებით ანადგურებს მკვიდრ ფრინველებს. ამ გამხდარ და მოქნილ, კნუტისსახიან ცხოველს საყვარელ არსებად ჩავთვლიდით, ასეთი სასტიკი მკვლელი რომ არ იყოს. ყარყუმს ზრდასრული მტრედის დასაჭერად 18-მეტრიან ხეზე აძრომა შეუძლია. ფრინველს ბუდიდან ითრევს და მიწაზე აგდებს, ბასრ ეშვებს კეფაში ასობს და ტვინს შეექცევა, შემდეგ – შინაგან ორგანოებს, ბოლოს კი დარჩენილ ხორცს მიირთმევს. ყარყუმები ბოცვრის პოპულაციის კონტროლისთვის შემოიყვანეს, თუმცა მათ ხმელეთზე მობინადრე ისეთი ფრინველების მოკვლა გაიხადეს ხელობად, როგორიცაა კივი – ჩვენი საკულტო ფრინველი.

2022 წელს უორდის სათემო ჯგუფმა იზეიმა 11 კივის გაშვება ქვეყნის დედაქალაქ უელინგტონის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც ეს ფრინველი 150 წელი აღარ გამოჩენილა. ეს იყო მტაცებლების განადგურების უზარმაზარი ძალისხმევის კულმინაცია: ყარყუმების რიცხვის უსაფრთხო დონემდე შესამცირებლად ჯგუფმა 24 000 ჰექტარზე 4600 ხაფანგი განათავსა.
ყარყუმები უფრთხიან ხაფანგებს და ტოქსინებს, ამიტომ სხვა გამოსავალი ვიპოვეთ: ათობით მცირე ზომის სატყუარა – ხის ძირას მიმაგრებული პლასტმასის კოლოფები შხამიანი მარცვლებით, რომლებზეც ვირთაგვები უარს ვერ ამბობენ. ვირთაგვა კიდევ ერთი ინვაზიური მტაცებელია, თუმცა ამ სტრატეგიულ გათვლაში მთავარი ისაა, რომ მათზე ყარყუმები ინადირებენ. თუ ვირთაგვა საკმარისად მოიწამლება, მაშინ დიდი ალბათობით ყარყუმი, რომელიც მას შეჭამს, მოკვდება. ამგვარად, ერთი დარტყმით ტყეს ორი მტაცებლისგან გავათავისუფლებთ.
ასეთი ლოგიკა შეიძლება უგულოდ მიიჩნიოთ, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი დევს სასწორზე: ყარყუმები, ვირთაგვები და სხვა არაადგილობრივი ძუძუმწოვარი მავნებლები ახალი ზელანდიის უნიკალურ ეკოლოგიას ანადგურებენ. ამ ცხოველების შემოყვანის დღიდან, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი მკვიდრი სახეობა განადგურდა, რადგან მათ არ იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი მიწაზე მონადირე ძუძუმწოვრებისგან. ახლა გარდამტეხ მომენტში აღმოვჩნდით, გვაქვს შანსი, უფრო სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ეკოლოგიური ზიანის აღმოსაფხვრელად. პირდაპირი ჩარევის რთული ეთიკური დილემები კვლავ აქტუალურია, თუმცა მტაცებლების განადგურების სტრატეგიები და ტექნოლოგიები თანდათან უმჯობესდება.
სიცოცხლე იმ მიწაზე, რომელსაც აოტეაროას უწოდებენ (ახალი ზელანდიის არქიპელაგის სახელწოდება მაორის ენაზე), 80 მილიონი წლის განმავლობაში ხმელეთის ძუძუმწოვრების სრული არარსებობის პირობებში ვითარდებოდა, თუ არ ჩავთვლით ღამურას რამდენიმე სახეობას. შემდეგ, ევოლუციური გადასახედიდან თვალის დახამხამებაში, სიტუაცია შეიცვალა, როდესაც აქ ადამიანებმა დაიწყეს ჩამოსვლა დაახლოებით 750 წლის წინ და თან ახალი საფრთხეების ტალღა მოიტანეს.

დღემდე ინვაზიურმა მტაცებლებმა გადააშენეს ფრინველის 55-ზე მეტი სახეობა, მათ შორის ერთადერთი არამფრენი მგალობელი ფრინველები, არამფრენი ბატის ორი სახეობა და გამორჩეული ფრინველი ჰუია, რომელიც მხოლოდ ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ქვეყანაში დარჩენილი ენდემური ფრინველების ოთხ მეხუთედს, მათ შორის კივის, იგივე საფრთხე ელოდება. ადგილობრივი ქვეწარმავლების 94% ანალოგიური საფრთხის წინაშეა, ისევე როგორც მკვიდრი ბაყაყის სამიდან ორი სახეობა.
ახალი ზელანდიის ოფიციალურმა პირებმა ადამიანებს მტაცებლებზე ნადირობისკენ მოუწოდეს, მათ ბოლომდე გადასაწყვეტად. თითქმის ათი წლის წინ, 2016 წელს, ახალი ზელანდიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯონ კიმ გამოაცხადა მთავრობის ერთი შეხედვით თამამი გეგმა – 2050 წლისთვის სრულად გაენადგურებინათ მთავარი მტაცებელი სახეობები. კონკრეტული სამიზნე შვიდი მტაცებელი იყო: სამი ტიპის ვირთაგვა, ასევე ყარყუმი, ქრცვინი, სინდიოფალა და კუსკუსი.
კიმ მას „კონსერვაციის ყველაზე ამბიციური პროექტი“ უწოდა. აწ განსვენებული ახალზელანდიელი ფიზიკოსი სერ პოლ კალაგანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მტაცებლებისგან გათავისუფლების კონცეფციაზე ფიქრობდა. ამ მიზნის მიღწევის სირთულე მან „აპოლოს“ კოსმოსური პროგრამის შექმნას – მთვარეზე გაფრენას შეადარა. ეს ძალისხმევა, სავარაუდოდ, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.

ახალი ზელანდიის ფართობი 260 000 კვადრატული კილომეტრია. ინვაზიური მტაცებლები არა მხოლოდ მთებსა და ტყეებში არიან გავრცელებული, არამედ მყინვარებზე, დიუნებში, წყალ-ჭაობებსა და ასობით ურბანულ ზონაში. სასურველი შედეგის მისაღწევად თითოეული გადაწყვეტილება ეფექტური უნდა იყოს და, თანაც, ყველა ფრონტზე.
თუმცა, მტაცებლებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებიდან ცხრა წლის შემდეგ, ბუნების დამცველები თანხმდებიან, რომ კონტროლის არსებული სტრატეგიები – თუნდაც საწამლავის გამოყენება ორი მტაცებლის ერთდროულად მოსაკლავად და უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შემუშავებული სხვა მეთოდები – ვერ მიგვიყვანს მტაცებლების სრულ განადგურებამდე 2050 წლისთვის. მეტიც, შესაძლოა მათ საერთოდ არ გამოიღონ შედეგი. გეოგრაფიული მასშტაბები ძალიან დიდია, ხელმისაწვდომი რესურსები – მწირი, თანმხლები ზიანი კი ძალიან რთულად სამართავი.
ნებისმიერი გრანდიოზული მისია ყოველთვის ყველაფრის აწონ-დაწონას მოითხოვდა. სწორედ ამას აკეთებენ ახლა ეკოლოგები, ბიოლოგები, ხაფანგის შემქმნელები, ეთიკოსები და ინჟინრები – ისინი აერთიანებენ ძალებს, რათა დაეყრდნონ წარსულ ცოდნას და, ამასთანავე, დააჩქარონ ინოვაციები. მიუხედავად დაბრკოლებებისა, უკვე მიღწეული წარმატებები მათ წარმოდგენაში იმედიან მომავალს სახავს: ფრინველები უსაფრთხოდ იქნებიან, მტაცებლები კი გაქრებიან.


ახალი ზელანდიის იმ ცხოველების რთულ მდგომარეობას, რომლებიც იზოლირებულად ვითარდებოდნენ, ვერც ერთი ქმნილება ვერ ასახავს ისე კარგად, როგორც კივი. საყვარელი, უცნაური და დაუცველი კივი დაახლოებით ქათმის ზომისაა და ნიშან-თვისებებით წააგავს იმ ძუძუმწოვრებს, რომლებიც ახალი ზელანდიის ევოლუციურ ისტორიაში თითქმის არ გვხვდება. კივის ხუთი სახეობა არსებობს. ყველა მეღამურია და არ დაფრინავს. კატისებრულვაშიან და ფაფუკ, აბურძგნულბუმბულიან კივის ფეხის ძვლებში ძვლის ტვინიც კი აქვს, რაც საერთოდ არ არის ფრინველისთვის დამახასიათებელი.
ველურ ბუნებაში კივისთან შეხვედრა ნიშნავს აღმოჩნდე არკადიულ ეპოქაში, როდესაც ფრინველებს არ სჭირდებოდათ ხმელეთზე მობინადრე საფრთხეებისგან გაქცევა. მაგრამ, დაცული გარემო მკვეთრად შეიცვალა, როდესაც ადამიანები აღმოსავლეთ პოლინეზიიდან პირველ ინვაზიურ მტაცებელთან, პოლინეზიურ ვირთაგვებთან ერთად ჩამოვიდნენ, რომლებიც თავიანთ კანოეებზე შეიძლება ჰყოლოდათ საკვებად. საფრთხე ევროპელების ჩამოსვლასთან ერთად გაიზარდა. მათ შავი და რუხი ვირთაგვები შემოიყვანეს, რომლებიც XVIII და XIX საუკუნეებში, სავარაუდოდ, მათთან ერთად „უბილეთოდ“ მოგზაურობდნენ გემებით.
ცხოველების მიზანმიმართულ რეინტროდუქციასაც დაუგეგმავი და ნეგატიური შედეგები მოჰყვა. კოლონისტებმა გაუშვეს ქრცვინების, სინდიოფალების და, რა თქმა უნდა, ყარყუმების მომაკვდინებელი ტრიუმვირატი ბოცვრის პოპულაციის გასაკონტროლებლად, რომელიც თვითონვე შემოიყვანეს საკვებად და სპორტული ნადირობისთვის. კონტროლის ამ მეთოდმა ნაკლებად იმოქმედა ბოცვრების რიცხოვნობაზე და უფრო მეტად დააზარალა ფრინველები თუ ფაუნის სხვა წარმომადგენლები. შემდეგ, ბეწვეულის ინდუსტრიის დაარსების მცდელობისას, ახალზელანდიელმა კოლონისტებმა ავსტრალიური კუსკუსი (ამერიკული ოპოსუმის ფუმფულაკუდიანი ბიძაშვილი) შემოიყვანეს. ეს ნაირმჭამელები სწრაფად გავრცელდნენ ახალი ზელანდიის ტყეებში. 1980-იანი წლებისთვის ველურ ბუნებაში, სავარაუდოდ, 50 მილიონზე მეტი კუსკუსი ბინადრობდა, რომლებიც ყოველ ღამე მოიხმარდნენ 21 000 ტონა მცენარეულობას ფრინველებთან, მათ კვერცხებთან, ლოკოკინებთან და სხვა უხერხემლოებთან ერთად.
წარმოუდგენლად დიდია ამ ცხოველებისგან გამოწვეული ჯამური ზიანი. ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ასეთი მტაცებლები ადგილობრივი ფრინველების მინიმუმ 25 მილიონ ბარტყს და კვერცხს მიირთმევენ. შეფასების თანახმად, ყარყუმების საბინადრო ადგილებში გამოჩეკილი კივის 95% ვერ აღწევს ზრდასრულ ასაკს. „ახალი ზელანდიის ყველა ჰაბიტატი საფრთხის წინაშეა“, – ამბობს კოლინ მერკი, ლანდშაფტის ეკოლოგი კენტერბერის უნივერსიტეტიდან.

მტაცებლების განადგურების პირველი მცდელობა 65 წლის წინ დაიწყო ახალი ზელანდიის სანაპიროს მიმდებარე მცირე ზომის კუნძულებზე. გამოყენებული მეთოდები და მოწყობილობები პრიმიტიული იყო: საყოფაცხოვრებო სათაგურები, უფრო დიდი და მძლავრი ვერსიები ყარყუმებისთვის, დაბალ სიმაღლეზე მფრენი საფრენი აპარატებიდან მთელ კუნძულზე ჩამოყრილი სატყუარა ხაფანგები როდენტიციდებით.
თუმცა, ძალისხმევამ იმუშავა. ახალი ზელანდიის 300-ზე მეტი კუნძული ახლა მტაცებლებისგან თავისუფალია და ისეთი მოწყვლადი არსებების თავშესაფარია, როგორებიცაა ჰატერია, ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავალი და ბუსსახიანი კაკაპო, მსოფლიოში ერთადერთი არამფრენი თუთიყუში. ელეგანტური ახალზელანდიური შოშიასებრი Philesturnus rufusater ოდესღაც მხოლოდ ერთ, მტაცებლებისგან თავისუფალ კუნძულზე იყო შემორჩენილი. შემდეგ ის ხელახლა შეიყვანეს სხვა კუნძულებზე, რადგან ეს ტერიტორიები უსაფრთხო გახდა.
ახალი ზელანდიის ორ მთავარ კუნძულზე წარმატება უფრო ნელა და რთულად მოვიდა. მირამარში, 10 კვადრატული კილომეტრის ფართობის ნახევარკუნძულზე, ქვეყნის დედაქალაქ უელინგტონში, პროგრამას „უელინგტონი მტაცებლების გარეშე“ ოთხი წელი დასჭირდა შავი და რუხი ვირთაგვებისგან, ყარყუმებისა და სინდიოფალებისგან ტერიტორიის სრულად გასაწმენდად. ამისთვის საჭირო გახდა 11 000-ზე მეტი სატყუარას და ხაფანგის დადგმა ეზოებში, სკოლებში, სავაჭრო ცენტრებსა და „ბეჭდების მბრძანებლის“ გადასაღებ პავილიონებშიც. მათ ყოველკვირეულად ამოწმებდნენ, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში, სანამ პროექტის პერსონალი დაიწყებდა იმ ცხოველთა მოძიების გაფართოებულ პროცესს, რომლებმაც თავი დააღწიეს ხაფანგებსა და ტოქსინებს. დასახმარებლად მირამარის არანაკლებ ათასმა ოჯახმა საკუთარი მოხალისეების ქსელი შექმნა.
ძირითადი მტაცებლები ასევე მოაცილეს 900 კვ. კმ-იანი ველური ბუნების ზონიდან ქვეყნის მთიან სამხრეთ-დასავლეთში – ეს არის მტკიცებულება, რომ მტაცებლების განადგურება შესაძლებელია როგორც ურბანულ, ასევე მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიებზე, თუმცა დღემდე გასუფთავებული ტერიტორია ჯერ კიდევ მთელი ქვეყნის ფართობის ნახევარ პროცენტზე ნაკლებია.
ათიათასობით ახალზელანდიელმა გამოთქვა ამ ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი. მრავალ სკოლაში, კონსერვაციის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს მტაცებლების ჰუმანურად დაჭერას და მოკვლას ასწავლიან. ამჟამად სპეციალისტებს პროცესის დაჩქარება მოხალისეების დახმარებით სურთ. დენ ტომპკინსი, კომპანია, „Predator Free 2050 Limited“-ის სამეცნიერო დირექტორი, ამბობს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დასახოცი მოწყობილობების განთავსებაზე დახარჯული დროის შემცირება წარმოადგენს.
ავტომატურად მომართვადი ხაფანგებით ეს უკვე შესაძლებელია. მოწყობილობები დამოუკიდებლად მუშაობს თვეების განმავლობაში. ამავდროულად, ისინი უწყვეტ ინფორმაციას გვაწვდიან მტაცებლების რიცხოვნობისა და აქტივობის შესახებ.
ერთ-ერთ პოპულარულ ნაირსახეობას მავთულის ბადეში მოთავსებული დამატყვევებელი მექანიზმი აქვს. ის ხეზე მხრის სიმაღლეზე მაგრდება, რათა მიუწვდომელი იყოს მიწაზე მობინადრე ფრინველებისთვის, როგორიც კივია. ხის პანდუსს მტაცებლები მოწყობილობამდე მიჰყავს, რომელშიც ისინი ქვემოდან შედიან საკვების იმედად. როდესაც ცხოველი სინათლის სხივს კვეთს, ხაფანგი ირთვება. სასიკვდილო ძელაკი თავის ქალას უჩეჩქვავს ვირთაგვებს და თაგვებს, ხოლო უფრო დიდი ზომის კუსკუსებს ახრჩობს. ამოქმედების შემდეგ ძრავა ხაფანგს საწყის მდგომარეობაში აბრუნებს. მოკლული ცხოველი კი ხაფანგის კორპუსიდან მიწაზე ვარდება.

ასეთი ხაფანგები მთელ ქვეყანაშია განთავსებული. ასობით მოხალისეთა გუნდის მხარდამჭერი კონსორციუმის პროექტის დირექტორის, პოლ კავანას შეფასებით, ავტომატურად მომართვადი ხაფანგები ტრადიციულ მოწყობილობებზე 49-ჯერ უფრო ეფექტურია.
ამის საპირისპიროდ, ერთჯერადმა ხაფანგმა შეიძლება მოკლას ერთი ინდივიდი და შემდეგ უმოქმედო იყოს მთელი თვის განმავლობაში, სანამ ვინმე მოხალისე თავიდან არ მომართავს. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებული სხვა მოწყობილობები კიდევ უფრო მეტ სამუშაოს მოითხოვს. ფეხის დამჭერი ხაფანგები, რომლებიც ძირითადად ბეწვეულის ინდუსტრიაში გამოიყენება და ზოგჯერ მავნებლებთან ბრძოლაშიც, ცხოველს მაშინვე არ კლავს. ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, ისინი ყოველ 12 საათში უნდა შემოწმდეს, რათა ცხოველი არ დაიტანჯოს. კავანას საველე უბნებზე 400 ავტომატური ხაფანგით 12 თვეში საერთო ჯამში 7200-ზე მეტი მავნებელი განადგურდა.
დღემდე საჭირო იყო ხაფანგების მოთავსება ისეთ ყუთებსა ან კონსტრუქციებში, რომლებსაც სამიზნე მტაცებლის შესაძრომად საკმარისი სიგანის ღიობი ექნებოდა და ამგვარად არასამიზნე სახეობები შემთხვევით ვერ გაებმებოდნენ მახეში. პრობლემა ისაა, რომ ბევრი მტაცებელი დახურულ სივრცეებს უფრთხის.
ხელოვნური ინტელექტი ამ პრობლემას ხსნის და ხაფანგის ღიად განთავსების საშუალებას იძლევა. ასეთი ხაფანგი, რომლის დებიუტი სავარაუდოდ წელს შედგება, მხოლოდ მაშინ გააქტიურდება, როდესაც მას სამიზნე მტაცებელი მიუახლოვდება და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერა სახეობას ამოიცნობს. გარდა ამისა, თუკი ტრადიციული ხაფანგის შემთხვევაში სამიზნე ცხოველმა უნდა დააჭიროს, მოქაჩოს ან დადგეს ხაფანგის გამშვებ მექანიზმზე – მის ასამოქმედებლად ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხაფანგი არ მოითხოვს ამ დონის ურთიერთქმედებას. ის მყისიერად კლავს ცხოველს, თითქმის არ აცილებს მიზანს და, რაც მთავარია, ნაკლებ თანმხლებ მსხვერპლს იწვევს.
მაშინ როდესაც ზოგიერთი გამომგონებელი ხაფანგების ტექნოლოგიაზეა ორიენტირებული, სხვები მტაცებლების ქცევაზე კონცენტრირდებიან. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც მალე გამოვა გასაყიდად, არის „Spitfire“. ის ისეა მოწყობილი, რომ ბეწვიანი ცხოველების თავის გასუფთავების იმპულსს საბედისწერო ქმედებად აქცევს.
ამ მოწყობილობას შეუძლია გამოიყენოს არაქისის კარაქი მტაცებლების მოსაზიდად. მასთან მისაღწევად ცხოველი უნდა დადგეს პლატფორმაზე, რომელიც აფიქსირებს მის წონას. შემდეგ ის ინფრაწითელი სხივით ზომავს მის სიმაღლეს და ადგენს, არის თუ არა ის სასურველი სამიზნე – ეს ყველაფერი წამის გაელვებაში ხდება. იდენტიფიცირების შემდეგ მოწყობილობა აფრქვევს ტოქსინს ცხოველის მუცელზე, რომელიც იწყებს გასუფთავებას და ამასობაში გადაყლაპავს ტოქსინს. Spitfires-ს შეუძლია ასამდე სასიკვდილო დოზის გამოყოფა და ერთი წელი მუშაობს ჩარევის გარეშე.
ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ტომპკინსს აღაფრთოვანებს, არის სელექციური ტოქსინი – ნორბორმიდი, რომლის კომერციული წარმოებაც მალე უნდა დაიწყოს. ეს პირველი ქიმიური ნივთიერებაა მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ვირთაგვებს ანადგურებს.
იენ ტერნბული Forest & Bird-ის მოხალისე მტაცებელთა განადგურებაზე მომუშავე ადამიანებს მოტივაციას აძლევს გარემოს ცვლილებები, რომელთა მომსწრენიც გახდნენ. ბავშვობაში ტერნბული არდადეგებს მაკარორაში, სამხრეთის კუნძულის მთიან ზონაში ატარებდა და ახსოვს კაშკაშა თუთიყუშის, კეას, ძახილი. „ახლა ისინი თითქმის გაქრნენ“, – ამბობს იგი. „მსურს მაკარორაში ველური ბუნება დავაბრუნო – ამიტომაც ვხოცავ ვირთაგვებს!“
ჩელსი პრაისი ვირთაგვებზე მონადირე ძაღლის მწვრთნელი პრაისს მტაცებლების განადგურებაზე მუშაობა შთააგონა ახალი ზელანდიის მტაცებლებისგან თავისუფალი კუნძულების მონახულებამ. ის „დეტექტივობანას თამაშობს“ თავის ძაღლთან ერთად, რომელიც მღრღნელებს ყნოსვით ეძებს. „თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, ვერ მოვისმენთ ფრინველების გალობას“, – ამბობს იგი.
სტივენ კოქსი ბიომრავალფეროვნების რეინჯერი კოქსის ფუნქცია ადგილობრივი ლურჯი იხვის და ჩრდილოეთის კუნძულის მურა კივის დაცვაა, რომელთა მონიტორინგსაც რადიოთვალთვალის აღჭურვილობით ახორციელებს. „ყოველი სახეობის დაკარგვით ეროვნული და პიროვნული იდენტობის ნაწილს ვკარგავთ“, – ამბობს იგი.
ევან ჰამონი საოპერაციო მენეჯერი, ტე-რანგა-უაირუას საკონსერვაციო ჯგუფი ჰამონი, ნგატი-პოროუ-კი-ჰაურაკის ტომის წევრი, თანამშრომლობს მაორების მიერ მართულ ორგანიზაციასთან ხაფანგების „ვირტუალური ბარიერის“ შესაქმნელად, რათა ხელი შეუშალოს მტაცებლებს ახალი ზელანდიის კორომანდელის ნახევარკუნძულის გადაკვეთაში. ჰამონის მისია ტყის გადარჩენაა. „ტყეს ცხოველები აცოცხლებენ“, – ამბობს იგი.
იენ ტერნბული Forest & Bird-ის მოხალისე მტაცებელთა განადგურებაზე მომუშავე ადამიანებს მოტივაციას აძლევს გარემოს ცვლილებები, რომელთა მომსწრენიც გახდნენ. ბავშვობაში ტერნბული არდადეგებს მაკარორაში, სამხრეთის კუნძულის მთიან ზონაში ატარებდა და ახსოვს კაშკაშა თუთიყუშის, კეას, ძახილი. „ახლა ისინი თითქმის გაქრნენ“, – ამბობს იგი. „მსურს მაკარორაში ველური ბუნება დავაბრუნო – ამიტომაც ვხოცავ ვირთაგვებს!“
ჩელსი პრაისი ვირთაგვებზე მონადირე ძაღლის მწვრთნელი პრაისს მტაცებლების განადგურებაზე მუშაობა შთააგონა ახალი ზელანდიის მტაცებლებისგან თავისუფალი კუნძულების მონახულებამ. ის „დეტექტივობანას თამაშობს“ თავის ძაღლთან ერთად, რომელიც მღრღნელებს ყნოსვით ეძებს. „თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, ვერ მოვისმენთ ფრინველების გალობას“, – ამბობს იგი.
სტივენ კოქსი ბიომრავალფეროვნების რეინჯერი კოქსის ფუნქცია ადგილობრივი ლურჯი იხვის და ჩრდილოეთის კუნძულის მურა კივის დაცვაა, რომელთა მონიტორინგსაც რადიოთვალთვალის აღჭურვილობით ახორციელებს. „ყოველი სახეობის დაკარგვით ეროვნული და პიროვნული იდენტობის ნაწილს ვკარგავთ“, – ამბობს იგი.
ევან ჰამონი საოპერაციო მენეჯერი, ტე-რანგა-უაირუას საკონსერვაციო ჯგუფი ჰამონი, ნგატი-პოროუ-კი-ჰაურაკის ტომის წევრი, თანამშრომლობს მაორების მიერ მართულ ორგანიზაციასთან ხაფანგების „ვირტუალური ბარიერის“ შესაქმნელად, რათა ხელი შეუშალოს მტაცებლებს ახალი ზელანდიის კორომანდელის ნახევარკუნძულის გადაკვეთაში. ჰამონის მისია ტყის გადარჩენაა. „ტყეს ცხოველები აცოცხლებენ“, – ამბობს იგი.
მაგალითად, ვირთაგვას ტოქსინს, რომელიც ტყეში მიმქონდა, შეეძლო შემთხვევით სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი მოეწამლა, მათ შორის ძაღლები, რომლებიც მოწამლულ ლეშს შეჭამდნენ. ამისგან განსხვავებით, მხოლოდ ვირთაგვაზე მოქმედი ტოქსინი შეგვიძლია მიზნობრივად გამოვიყენოთ მღრღნელების პოპულაციის უკანასკნელი ნარჩენების საბოლოოდ და სამუდამოდ გასანადგურებლად თუ ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ ხელახალი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად.
ახალი ზელანდია უკვე მზადაა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივი ხოცვის ავტომატიზებისთვის, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველი ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მტაცებლების განადგურების კამპანიები ეთიკურ ასპექტებს ყოველთვის არ ითვალისწინებდა. „მე არ ვარ წინააღმდეგი Predator Free 2050-ის პრინციპების, – ამბობს ნგაიო ბოსოლეილი, ახალი ზელანდიის მესის უნივერსიტეტის ცხოველთა კეთილდღეობის მეცნიერებისა და ბიოეთიკის ცენტრის თანადირექტორი, – მაგრამ თუ რამის წამოწყებას აპირებთ, რასაც პოტენციური გავლენა ექნება მილიონობით გონიერ ცხოველზე, მაშინ არსებობს ეთიკური ვალდებულება, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთოთ მათთვის“.
კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ განადგურების მცდელობები ვერ აკმაყოფილებს თანაგრძნობის სათანადო სტანდარტებს. „ახალ ზელანდიაში წარმართული კამპანია ყველა არამკვიდრი ცხოველის განადგურების მიზნით… ეყრდნობა საწამლავების გამოყენებას, რომლებიც ძლიერ ტკივილს და მტანჯველ სიკვდილს იწვევენ“, – თქვა კონსერვაციონისტმა ჯეინ გუდოლმა.

დღეს შხამები შეუცვლელია მტაცებლებისგან გასათავისუფლებლად, მიუხედავად ცხოველთა კეთილდღეობის პრობლემური საკითხებისა. მაგრამ, როგორც ჯეიმს რასელმა, ეკოლოგმა და National Geographic-ის მკვლევარმა ამიხსნა, ორი ტიპის ცხოველთა კეთილდღეობაა გასათვალისწინებელი – მტაცებლისა და მისი მსხვერპლის. მისი მტკიცებით, ზიანი, რომელსაც მტაცებლები აყენებენ ადგილობრივ სახეობებს, ბევრად აღემატება იმ ზიანს, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ მათ. „ძუძუმწოვარი მტაცებლების არსებობა აოტეაროაში, ისტორიული ეკოლოგიური უსამართლობაა“, – მითხრა რასელმა.
მაისის ბოლოს რასელს ქარიშხალას სახეობის, Pterodroma gouldi-ის დაჭერასა და დარგოლვაში ვეხმარებოდი, იმ მცირერიცხოვანი ზღვის ფრინველებიდან ერთ-ერთის, რომლებიც ჯერ კიდევ ბინადრობენ ახალი ზელანდიის მთავარ კუნძულებზე. სიცოცხლის განმავლობაში მას შეუძლია ათასობით კილომეტრი იფრინოს ოკეანის თავზე. მათი წარმომადგენლის ხელში დაჭერა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გრძნობას გიძლიერებთ.
უმოქმედობას ასევე თავისი ეთიკური ტვირთი ახლავს. „მტაცებლების მიმართ უმოქმედობა მათ მკვლელობის ლიცენზიას აძლევს“, – ამბობს ბრენტ ბივენი, რომელიც უძღვება Predator Free 2050-ის პროექტს კონსერვაციის სამთავრობო დეპარტამენტის ეგიდით. „თქვენ აკეთებთ არჩევანს: ადგილობრივი სახეობები, თუ ცხოველები, რომელთა ადგილი აქ არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოველებს სასიკვდილოდ სწირავთ“.
მაორებს სხვა ხედვა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მათთვის ბუნებრივი სამყარო – „ტე ტაიტაო“ – ნათესავია პირდაპირი მნიშვნელობით. მაორის მსოფლმხედველობაში ადამიანი და სხვა არსებები ისეა გადაჯაჭვული, როგორც ბოჭკოები ტრადიციულ მოსასხამში. გაწყვიტეთ ერთი ძაფი და მთელი სამოსი რღვევას დაიწყებს.

აოტეაზე, ოკლენდის სანაპიროსთან მდებარე კუნძულზე, მაორები იღებენ მტაცებლების განადგურების ინიციატივას, რათა შეაჩერონ რღვევა და აღადგინონ ეს მოსასხამი. პროექტს ისინი უწოდებენ „ტუ მაი ტაონგას“ – დაე, ძვირფასი მტკიცედ იდგეს. „ისინი აქ ჩვენამდე იყვნენ“, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერილინ დევის-სტივენსი მკვიდრ სახეობებზე. „ჩვენს წინაპრებს უსამართლოდ მოექცნენ. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ“.
ახლა ეს იმპულსი თანდათან იზრდება. 60 წლის წინ, როდესაც ახალი ზელანდიის პირველი პაწაწინა კუნძული გაწმინდეს ვირთაგვებისგან, მცდელობა ამაო ჩანდა, შედეგი კი სასწაულებრივი აღმოჩნდა. მას შემდეგ ყოველ ათწლეულში მტაცებლებისგან გაწმენდილი კუნძულების მთლიანი ფართობი სულ უფრო იზრდება. ახალი ზელანდიის ტექნოლოგიები და გამოცდილება გამოიყენეს ინვაზიური მტაცებლების გასანადგურებლად მსოფლიოს სხვა კუნძულებზეც. წარმატება სხვა გზებითაც შეიძლება შეფასდეს. როდესაც პატარა ვიყავი, კივის კვერცხი ლურსმანზე ეკიდა ჩვენი ოჯახის ზღვისპირა სახლში, ბეი-ოფ-აილენდსში. უზარმაზარი ნაჭუჭი ჰქონდა. კივი ფრინველებს შორის ყველაზე დიდ კვერცხს დებს სხეულის ზომასთან შეფარდებით. ამ კვერცხით აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა თავად ფრინველი არასოდეს მენახა. იმ დროის ყარყუმების მტაცებლობამ ჩრდილოეთში კივი იშვიათობად აქცია, თუმცა ჩვენმა ძალისხმევამ ეს შეცვალა. ახლა მათი ხმა ყურეში ყოველ ღამით მესმის.