ზღვაოსნების გზამკვლევი
საქართველოს ევროპული ისტორია
1561 წელს, ვენეციაში დაიბეჭდა, ტოსკანელი კარტოგრაფისა და სწავლულის, ჯიროლამო რუშელის წიგნი, სახელწოდებით „La Geografia di Claudio Tolomeo Alessandrino, Tradotta di Greco nell’Idioma Volgare Italiano da Girolamo Ruscelli“. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში წარმოდგენილი რუკების დიდი ნაწილი პტოლემაიოსის „გეოგრაფიას“ ეფუძნება, მასში რუშელის თანამედროვე, XVI საუკუნის ამსახველი არაერთი რუკაა დაბეჭდილი, მათ შორის, „Carta Marina Nuova Tavola“-ს სახელით ცნობილი საზღვაო თემატიკის მსოფლიოს რუკა.
ტოსკანელი კარტოგრაფის რუკაზე თანამედროვე ჩრდილოეთ ამერიკას უცნაური ფორმა აქვს, ხოლო აზიის აღმოსავლეთი ნაწილი თითქოს სრულად არ არის რუკაზე დატანილი. საქმე ისაა, რომ ჯიროლამო რუშელის, ისევე როგორც მის თანამედროვე სხვა ევროპელ კარტოგრაფებს, მიაჩნდათ, რომ დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფერო ერთი მთლიანი კონტინენტისგან შედგებოდა, სადაც აზიის გაგრძელებად ითვლებოდა ჩრდილოეთი ამერიკა.
ზემოხსენებულის საილუსტრაციოდ, თუ რუკას დააკვირდებით, ინდოეთს (INDIA) როგორც აზიაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში ნახავთ, მდინარეები ინდი (Indo f.) და განგი (Gange f.) კი რუკის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებშია დატანილი. ამავე რუკაზე ჩინეთი (LA CHINA) უფრო ახლოსაა მექსიკასთან (Mexico), ვიდრე აზიის და ევროპის დიდ ნაწილთან.
რუკაზე კარგად იკითხება, რომ ევროპა ამერიკას ხმელეთით კუნძულ გრენლანდიის (Grotlandia) საშუალებით უკავშირდება. ეს უკანასკნელი რუკაზე არა კუნძულს, არამედ ნორვეგიის (NORVEGIA) გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთით ფლორიდის (LA FLORIDA) სიახლოვეს მთავრდება.
დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ზუსტად არის რუკაზე დატანილი აფრიკის კონტინენტი და იქ არსებული საზღვაო მნიშვნელობის ქალაქები. მარტო კაიროდან (Cayro) კეთილი იმედის კონცხამდე (Capo di buena speranza), ხმელთაშუა ზღვიდან დაწყებული, ატლანტის ოკეანის სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ოცდაათზე მეტი გეოგრაფიული პუნქტია მონიშნული.
ტოსკანელი კარტოგრაფისა და სწავლულის, ჯიროლამო რუშელის 1561 წელს დაბეჭდილი რუკა საქართველოს საზღვაო წარსულის მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რომლის შესახებაც დღეს მხოლოდ მცირედი თუ ვიცით.
სიმრავლის თვალსაზრისით, აფრიკას არც ევროპის კონტინენტზე არსებული აღნიშვნები ჩამორჩება. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ხმელთაშუა ზღვის (MAR MEDITERRANEO) აუზი, სადაც ესპანეთს (HISPANIA), საფრანგეთსა (GALLIA) და იტალიას (ITALIA) შორის ევროპის უმთავრესი საზღვაო ქალაქების – ბარსელონის (Barcelona), მარსელის (Marvsil), ნიცის (Nizza), გენუის (Genoa) და ვენეციის (Venetia) ამოკითხვა შეიძლება.
ხმელთაშუა და შავი ზღვების (MAR MAZOR) შეერთების თავზე დატანილია კონსტანტინოპოლი (Costatinopoli), რომელიც აღმოსავლეთით ანატოლიით (NATOLIA) გრძელდება. შავ და კასპიის ზღვებს შორის კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო აღნიშვნა – Minarelia-ს, ანუ სამეგრელოს ნახავთ. ლოკალიზების თვალსაზრისით, Minarelia ერთადერთი ტოპონიმია მთელ რუკაზე, რომელიც დღევანდელი კავკასიის ტერიტორიაზე გვხვდება.
ევროპული კარტოგრაფიული ტრადიციის თანახმად, XVI-XVII საუკუნის ევროპულ რუკებზე სამეგრელოს აღნიშვნა პრაქტიკულად მთელ დასავლეთ საქართველოს გულისხმობს და იგი ხშირად ძველ კოლხეთს ანაცვლებს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რუშელის რუკის გამოცემიდან 129 წლის შემდეგ, 1690 წელს, პარიზში, ჟან ბატისტ ნოლენის მიერ გამოცემული აზიის დიდი რუკაა, სადაც მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამეგრელო იგივე ძველი კოლხეთია.
„Carta Marina Nuova Tavola“-ზე, როგორც მცირე ზომის საზღვაო თემატიკის რუკაზე, სამეგრელოს აღნიშვნა შემთხვევითი ამბავი არ არის. ძველი ევროპული კარტოგრაფიიდან არაერთი რუკაა ცნობილი, რომელზეც შავი ზღვის ადგილობრივ სახელწოდებად ისეთი აღნიშვნები გვხდება, როგორებიცაა: ფაზისის, კოლხეთის და სამეგრელოს ზღვა. მსგავსი აღნიშვნების ნახვა აბრაჰამ ორტელიუსის 1590 წლის, იან იანსონიუსის 1652 წლის, ფრედერიკ დე ვიტის 1680 წლის და ვინჩენცო მარია კორონელის 1692 წლით დათარიღებულ რუკებზეა შესაძლებელი.
ჯიროლამო რუშელის „Carta Marina Nuova Tavola“ საქართველოს საზღვაო წარსულის მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რომლის შესახებაც დღეს მხოლოდ მცირედი თუ ვიცით.