პროექტ „ყინულის ჭიაყელას“ ხელახლა აღმოჩენილი საიდუმლოები
ცივი ომის დროს გასაიდუმლოებული სამხედრო პროგრამის ფარგლებში არქტიკის ყინულქვეშ დაუჯერებელი ბირთვული ბაზა აშენდა. დღეს მეცნიერები ახლებურად აანალიზებენ, თუ რა ხდებოდა იქ და საკვანძო დასკვნები გამოაქვთ კლიმატის ცვლილების შესახებ.
პროექტ „ყინულის ჭიაყელას“ ხელახლა აღმოჩენილი საიდუმლოები
ცივი ომის დროს გასაიდუმლოებული სამხედრო პროგრამის ფარგლებში არქტიკის ყინულქვეშ დაუჯერებელი ბირთვული ბაზა აშენდა. დღეს მეცნიერები ახლებურად აანალიზებენ, თუ რა ხდებოდა იქ და საკვანძო დასკვნები გამოაქვთ კლიმატის ცვლილების შესახებ.
1960 წლის ოქტომბრის ერთ სუსხიან დღეს აშშ-ის არმიის ტექნიკოსთა ჯგუფი უზარმაზარი მყინვარის „მუცელში“ იმყოფებოდა და ბირთვული რეაქტორის გააქტიურებისთვის ემზადებოდა.
იქ დასაქმებულმა კაცებმა იცოდნენ, რომ რადიაციის ერთჯერად გაჟონვასაც კი შეიძლება სასიკვდილო შედეგი მოჰყოლოდა. ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ მბზინავი თოვლის კედლებით, რომლებიც მათ ხმებს ახშობდა, ფარნების სხივებს ირეკლავდა და გაიგერის მთვლელების წიკწიკს შთანთქავდა. მათ თავზე გოფრირებული ფოლადის თაღოვანი ჭერი იყო, ფეხქვეშ კი ერთი კილომეტრის სისქის ყინულის ფილა – იმდენად ძველი, რომ პლეისტოცენის ეპოქით თარიღდებოდა. როდესაც რეაქტორი ჯაჭვური რეაქციით საბოლოოდ ამუშავდა, ყველამ შვება იგრძნო, თუმცა სულ რამდენიმე წუთში ჯგუფი გამალებით ცდილობდა რეაქტორის გათიშვას. სადღაც ყინულის სიღრმეში რადიოაქტიურმა ნივთიერებამ გაჟონა. რადიოაქტიური ნეიტრონები სიბნელეში იფრქვეოდა.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ იქ მყოფი ადამიანები, მომწყვდეულები გრენლანდიის მყინვარში, დაუღალავად რომ შრომობდნენ რეაქტორის ამუშავებაზე – მათ გარდა, ალბათ, არც არავინ გამოკიდებულა დროში ასე იდეალურად მყინვარულ და ბირთვულ ეპოქებს შორის. არავის გაუკეთებია ის, რასაც ისინი აკეთებდნენ. და იმავეს აღარავინ გარისკავდა მომავალში. ფართო საზოგადოებისთვის ეს კომპლექსური პროექტი ამერიკული გამჭრიახობის საქვეყნოდ წარმოჩენას ემსახურებოდა: „საუკუნის ბანაკის“ სახელით ცნობილი უზარმაზარი ყინულქვეშა სამხედრო ბაზის აშენებით მთელი მსოფლიო იხილავდა, რომ აშშ-ს შეეძლო ყველაზე ცივი, დაუნდობელი ადგილიც კი საცხოვრებლად ვარგის გარემოდ ექცია. მყინვარში ჩაკირული მსოფლიოს პირველი ატომურ ენერგიაზე მომუშავე სამხედრო სადგური საინჟინრო ტრიუმფი იყო – სტიქიებზე გამარჯვების სიმბოლო, მისი გაბედული ეკიპაჟი კი დასავლური ცივილიზაციის სიკეთეებითა და სამეცნიერო პროგრესის ძალით გარდაქმნიდა ხრიოკ პოლარულ რეგიონს.

მას შემდეგ, რაც „საუკუნის ბანაკი“ მუშაობას შეუდგა, გაზეთებმა და ჟურნალებმა – მათ შორის National Geographic-მა – გაგზავნეს რეპორტიორები არქტიკული ავანპოსტის მოსანახულებლად და მისი გვირაბების ლაბირინთის დასათვალიერებლად, რომელიც თავად რეაქტორის მეშვეობით განათდებოდა (იმ დროისთვის გაჟონვის პრობლემა აღმოიფხვრა ტყვიის ბლოკებისა და ინოვაციური ინჟინერიის დახმარებით). რაც არ აცნობეს სტუმრად ჩამოსულ ჟურნალისტებს და არც სადგურზე მცხოვრები 200-მდე ჯარისკაცის უმრავლესობას, გახლდათ ის, რომ „საუკუნის ბანაკი“ შეიქმნა ცივი ომის ფარგლებში აშშ-ის არმიის ერთი გასაიდუმლოებული პროექტის შესანიღბად. გრენლანდიის დანიური მთავრობისთვისაც კი უცნობი იყო ის გეგმა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საიდუმლოდ დარჩა. აშშ-ის ამბიცია ყინულოვან ჩრდილოეთში არ იყო იმდენად პორტატიული ატომური ენერგიის გამომუშავება, რამდენადაც ამ მყინვარული ქუდის ბალისტიკური რაკეტების ვრცელ ბაზად გარდაქმნა. აშშ-ის არმია, დღეს უკვე ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, ხაზს უსვამდა ტერიტორიის „უნიკალურ ადაპტაციის უნარს“ ბირთვული იარაღის განსათავსებლად – ის იზოლირებული, რუსეთთან ახლოს მდებარე და სამიზნეში რთულად ამოსაღები იყო. გეგმის მიხედვით, რომელიც პროექტ „ყინულის ჭიაყელას“ სახელითაა ცნობილი, „საუკუნის ბანაკსა“ და მის მიღმა გაყვანილ გვირაბებში რკინიგზის ლიანდაგები უნდა დაგებულიყო. მათი საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მალულად 600-მდე ბირთვული ჭურვის ტრანსპორტირება.
დღეს ამ თამამი სამხედრო სქემიდან აღარაფერია შემორჩენილი. არმიამ „საუკუნის ბანაკი“ დიდი ხნის წინ მიატოვა, თუმცა მისგან უფრო გასაოცარი მემკვიდრეობა შემოგვრჩა – კერძოდ, დიდი ხნით მივიწყებული რამდენიმე ქილა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საყინულეში ინახებოდა. ამ ქილებში აღმოჩენილი მტკიცებულებები თანამედროვე მეცნიერებს გამაოგნებელ დეტალებს უმხელს უფრო ტენიანი, ველური და ქაოსური ეპოქის შესახებ, რომელიც შესაძლოა წინ გველოდეს.
იმ შვიდი წლის განმავლობაში, როდესაც ბაზა ფუნქციონირებდა, „საუკუნის ბანაკის“ თანამშრომლები უკიდურეს იზოლაციაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ეს ბაზა 204 კილომეტრით იყო დაშორებული უახლოეს დასახლებულ ავანპოსტს – თულეს საჰაერო ძალების ბაზას. საკვების, საწვავისა და აღჭურვილობის მარაგები ბანაკს მარხილით მიეწოდებოდა გრძელი კოლონებით. ხალხიც ასე მიდიოდა ბანაკში.

მარჯვნივ: გვირაბის გაყვანის ტრადიციული მეთოდის გამოყენებისას ლითონის თაღი ახალი თხრილის თავზე მონტაჟდება და შემდეგ გათხრებიდან მოგროვილი თოვლით იფარება.
ფოტო: აშშ-ის არმია/PICTORIAL PARADE/GETTY IMAGES (მარცხნივ); აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი (მარჯვნივ)

ოსტინ კოვაქსი, არმიის მკვლევარი ინჟინერი, რომელიც დღეს უკვე 80 წელს გადაცილებულია, იხსენებს, რომ ასე გადაადგილებას საუკეთესო გარემო პირობებშიც კი მრავალი საათი სჭირდებოდა, ხოლო უამინდობისას – ქარბუქების, ძლიერი ყინვის დროს – მგზავრობას შეიძლება დღეებიც წაეღო. ხანდახან კოლონები უსასრულო არქტიკულ სიცარიელეშიც იკარგებოდა. მიუხედავად ამისა, ბანაკში ცხოვრების რეალური საფრთხე, კოვაქსის თქმით, მოწყენილობა იყო.
მამაკაცები ყინულის შიგნით, ასაწყობ ბარაკებში ცხოვრობდნენ. კოვაქსი იკვლევდა საძირკვლის ტიპებს, რომლებიც პოლარული ყინულის საფარზე დიდ შენობებს გაუძლებდა. იქ არც მზის სინათლე აღწევდა, არც ჩიტების ჭიკჭიკი და არც ნიავი. ფილმების ჩვენება ბაზის კინოთეატრში კვირაში ერთხელ მაინც იმართებოდა. ბიბლიოთეკაში წიგნების მოკრძალებული კოლექცია ეგულებოდათ. მამაკაცები საერთო აბაზანაში იღებდნენ შხაპს და განათებულ სასადილო დარბაზშიც ერთად იკრიბებოდნენ საჭმელად. ყველა სახის ნარჩენი – ნაგავი, საკანალიზაციო წყლები, სამრეწველო ქიმიკატები, რადიოაქტიური წყალიც კი, რომელიც რეაქტორის გასაგრილებლად გამოიყენებოდა – ისევ მყინვარში იცლებოდა და დღემდე იქვეა გაყინული. ჯერჯერობით.
ისინი მყინვარში გაჭრილი ჭიდან სვამდნენ წყალს. ერთხელ, როდესაც კოვაქსს და მის ამხანაგებს გართობა მოუნდათ, ლითონის კაბელით იმ ჭაში დაეშვნენ, კლაუსტროფობიულად ვიწრო ყინულის შახტში და შემდეგ უზარმაზარ ჩაბნელებულ მღვიმეში აღმოჩნდნენ. უკუნ სიბნელეში ასეთ ადგილას გამოკიდება ადრენალინის კარგი წყარო იყო.
არმიის დამპროექტებლებმა საბოლოოდ აღიარეს – ამ ჯაფას აზრი არ ჰქონდა
სანამ კოვაქსი თავის კვლევაზე იყო კონცენტრირებული, სხვა მამაკაცები რეაქტორზე მუშაობდნენ ან თოვლის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი გუნდი ბაზის ძირში განთავსდა და ყინულში ღრმა ხვრელის გაყვანაზე მუშაობდა. 1966 წელს, რამდენიმეწლიანი უწყვეტი შრომის შემდეგ, მამაკაცებმა მყინვარის ძირი გახვრიტეს და თავად გრენლანდიის მიწამდე ჩააღწიეს. მათ 1200 მეტრის სისქის ყინული გაბურღეს და პირველად ამოჭრეს კერნის ნიმუში მყინვარული ფარიდან. პროცესმა გუნდი ისე გაიტაცა, რომ მთელი მყინვარის გაბურღვის შემდეგ ნიადაგშიც შეაღწიეს და 3,5 მეტრის სიმაღლის უძველესი, გაყინული ნიადაგის ნიმუშიც აიღეს.

მოგვიანებით ეს ნიადაგი „საუკუნის ბანაკის“ უკვდავ მემკვიდრეობად იქცა – თუმცა თავის დროზე ამაზე დიდად არავის უფიქრია. ბაზის დაცარიელებიდან წლების განმავლობაში ეს ნიადაგი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, საყინულეში ქილებით ინახებოდა, სანამ დანიაში გადაიტანდნენ. ხელჩასაჭიდებელი არაფერი ჰქონდათ, რომ ეფიქრათ, რამე ახლის მომცემი იქნებოდა ამ ქილებში – და თითქმის არ მოიპოვებოდა ხელსაწყო, რომელიც მათ მნიშვნელობას ამოხსნიდა. ქილების შიგთავის შესწავლა მხოლოდ 2019 წელს დაიწყეს ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოლოგმა პოლ ბირმანმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ.
მათმა აღმოჩენებმა გრენლანდიის უძველესი კლიმატის ჩვენეული გაგება თავდაყირა დააყენა – და ჩვენი მომავლის შესაძლო სურათის შესახებ ერთგვარი წარმოდგენა შეგვიქმნა. ბირმანის გუნდის აღმოჩენით, ნიადაგში ფოთლების, ყლორტების, ხავსების და მწერების ნაშთებიც კი იყო ჩარჩენილი. ეს ნაშთები მხოლოდ იმ პერიოდით შეიძლება დათარიღდეს, როდესაც რეგიონს კილომეტრიანი სისქის ყინული არ ფარავდა. „ყინულქვეშა ფენებიდან შეგვიძლია ისეთი რაღაცების გაგება, რასაც თავად მყინვარული ფარებიდან ვერასოდეს შევიცნობთ“, – ამბობს ბირმანი.

ნიადაგის ნიმუშებზე დაკვირვებით გადაჭრით უარყვეს ადრინდელი ბუნდოვანი ვარაუდი, რომ გრენლანდიის მყინვარული ქუდი ორ მილიონ წელს ითვლიდა. ათობით სხვა მკვლევართან თანამშრომლობით ბირმანმა დაამტკიცა, რომ მყინვარული ქუდი იმაზე უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა – ნიადაგი გვაწვდიდა მტკიცებულებებს, რომ „საუკუნის ბანაკის“ ქვეშ გაშლილ მიწას დაახლოებით 400 000 წლის წინ ყინული არ ფარავდა, იმ პერიოდში, როდესაც ხმელეთი დღევანდელთან შედარებით ოდნავ უფრო თბილი, ზღვის დონე კი მნიშვნელოვნად მაღალი იყო. ბირმანის განმარტებით, რასაც მონაცემებიდან ვიგებთ, არაა მხოლოდ წარსულის სურათი; ის შესაძლოა უფრო ნათლად გვიჩვენებდეს მომავალს, რომელშიც ამჟამად გრენლანდიის მყინვარულ ქუდში გამომწყვდეული კვადრილიონობით ლიტრი მტკნარი წყალი დნობის შედეგად ოკეანეს შეუერთდება. თუკი ეს მოხდება, შედეგებს თითქმის ყველგან ვიხილავთ – სანაპირო ქალაქები დაიტბორება და პოტენციურად მილიარდობით ადამიანს აქცევს ლტოლვილებად.
„მარტივია გრენლანდიის განყენებულად აღქმა – იმის თქმა, რომ ოჰ, ეს არქტიკაა. ჩემთვის სულერთია“, – ამბობს ბირმანი. მაგრამ დიდი ხნის მივიწყებული ნიადაგი „საუკუნის ბანაკიდან“ ჩვენი დროის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხმიანება. „მას 1966 წლიდან მიჰყავხარ კლიმატის გლობალურ ცვლილებამდე და მის მიღმა, გრენლანდიის დნობის შედეგებამდე. საკმაოდ დამაფიქრებელია“.
პროექტი „ყინულის ჭიაყელა“ თავიდანვე განწირული იყო. როგორც ჩანს, ცივი ომის მეომრებმა თავიანთი თოვლქვეშა სარაკეტო გვირაბების მონახაზების შესრულებისას ვერ გათვალეს, რომ მყინვარები ცოცხალი ორგანიზმებივით მოიქცეოდნენ. მყინვარი იკუმშება, იზრდება და მისრიალებს. მყინვარში აგებული კონსტრუქციები მეტისმეტად არასტაბილური იყო და ზედმეტი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა. ხისტი ფოლადის ლიანდაგები ყინულის გადაადგილებას შესაძლოა გაეღუნა. რაკეტები შეიძლება გადაცვენილიყო. ატომურ რეაქტორს მის ქვეშ ყინულის გადაადგილების გამო საფრთხე ექმნებოდა. ჯაჭვური ხერხებით აღჭურვილი ჯარისკაცები ვიწრო გვირაბებში დადიოდნენ, მოქანდაკეებივით მუშაობდნენ და დაუმორჩილებელ თოვლს ხელახლა სძენდნენ ფორმას. არმიის დამპროექტებლებს საბოლოო ჯამში მოუწიათ აღიარება, რომ აქ მუშაობის გაგრძელება არ ღირდა. 1963 წელს ბანაკის რეაქტორი გათიშეს და სამ წელიწადში ბანაკიც მიატოვეს.
როდესაც კოვაქსი 1969 წელს აქ კვლევის ჩასატარებლად დაბრუნდა, ყველაფერი დანგრეული დახვდა. ბაზაზე გადაღებული ფოტოების სერიაში ვხედავთ, როგორია ნელი ტემპით მიმდინარე სამთო-სამრეწველო კატასტროფა. თოვლის ენები დერეფნებში მიიწევს. ფოლადის კონსტრუქციები ინგრევა. ხის კოჭები ძვლებივით იმსხვრევა.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში მივიწყებული ბანაკი ცივ ომში ჩართულ მხარეთა მედიდურობის საილუსტრაციო მკაფიო სურათს გვიხატავს და გრანდიოზული პროექტების დროისადმი გარკვეულ ნოსტალგიას აღძრავს. „დაფიქრდით, რამდენი ენერგია და რესურსი ჩაიდო ამაში“, – ამბობს ბირმანი, – „გვირაბების გაყვანა და იქ სამხედროების გაშვება თითქმის სამეცნიერო ფანტასტიკაა. დღეს ამის გაკეთებაზე არც იოცნებებდნენ“. მიუხედავად ასეთი მასშტაბური პროექტისა, ბაზის ვერცერთი ამბიციური არქიტექტორი ვერ წარმოიდგენდა, რომ „საუკუნის ბანაკის“ ნამდვილი საშვილიშვილო საქმე იქ ჩატარებული სამეცნიერო კვლევა იქნებოდა, რომელიც ბანაკის ფარული ბირთვული მისწრაფებების შესანიღბად მიმდინარეობდა. ბირმანის მსგავსი მეცნიერები ამ ირონიის მადლიერები არიან. „მით უმეტეს, როდესაც იაზრებ, რომ ის ადამიანები, 1966 წელს იმ ხვრელს რომ ბურღავდნენ, აზრზე არ იყვნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი მონაპოვარი“.