სიყვარული, სიძულვილი და ჩხრიალა გველები
მათ ოდითგანვე პატივს სცემდნენ, როგორც განახლების სიმბოლოს. აძაგებდნენ, როგორც ქვესკნელის ემისრებს. დევნიდნენ და ჩვენი წარმოსახვის ბნელ კუნჭულებში უჩენდნენ ადგილს. მაგრამ შევძლებთ ჩვენი შიშების მანამდე დაძლევას,
სანამ ეს დასავლეთ ამერიკის სიმბოლო გაქრება?
სიყვარული, სიძულვილი და ჩხრიალა გველები
მათ ოდითგანვე პატივს სცემდნენ, როგორც განახლების სიმბოლოს. აძაგებდნენ, როგორც ქვესკნელის ემისრებს. დევნიდნენ და ჩვენი წარმოსახვის ბნელ კუნჭულებში უჩენდნენ ადგილს. მაგრამ შევძლებთ ჩვენი შიშების მანამდე დაძლევას, სანამ ეს დასავლეთ ამერიკის სიმბოლო გაქრება?
გველები თითქმის ყველგან იყვნენ. მშვიდი ღამე იყო: სასიამოვნო ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და ცივი ლუდი. ნახევარმთვარის შუქზე გოლფის ელექტრომანქანა გორაკებიან ბილიკებზე უხმაუროდ მოძრაობდა. როდესაც ფარების სინათლეზე შხამიანი გველი გამოჩნდებოდა, მეტ გუდი მანქანიდან გადმოხტებოდა – ცალ ხელში სასმელით, მეორეში კი გველის დასაჭერი ჯოხით – და ამ არსებას მშვიდად მათვალიერებინებდა.
სექტემბრის დასაწყისი იყო და ამ ჰერპეტოლოგის საველე სეზონი იწურებოდა. 20 წელიწადზე მეტია, რაც არიზონის უნივერსიტეტის ეს მკვლევარი და მისი სტუდენტები გველებს იჭერენ, მათ შორის ტეხასურ, ვეფხვისებრ და შავკუდა ჩხრიალა გველებს. მათ 7000-ზე მეტი ინდივიდი აღმოაჩინეს ორო-ველის „ქვის კანიონის“ გოლფის მოედანზე, რომელიც ზუსტად ტუსონის ჩრდილოეთითაა და ასევე, მის გარშემო ჩამწკრივებული მრავალი მილიონი დოლარის ღირებულების სახლების კერძო გზებზე.
ღამით გუდის გუნდი საუკეთესო შემთხვევაში 20-მდე გველს იჭერს. მეორე დღეს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მისი სტუდენტები გველებს ზომავენ, არკვევენ მათ სქესს, წონიან და ნიშნავენ (კუდზე საღებავით და კანქვეშა ჩიპით) ხელმეორედ დაჭერისათვის, შემდეგ კი იქ აბრუნებენ, საიდანაც აიყვანეს. გუდის კვლევის მთავარი საკითხია, თუ რა გავლენას ახდენს ხელუხლებელი უდაბნოს საცხოვრებელ კომპლექსად გადაქცევა გველებზე. შედარებით უფრო ბუნებრივ ჰაბიტატებში მობინადრე გველებთან შედარებით, „ქვის კანიონის“ ბინადრები უფრო დიდი ზომის იზრდებიან, მეტ შთამომავლობას ტოვებენ და თავიანთ არეალს აფართოებენ. ამას, ალბათ, ხელს ისიც უწყობს, რომ სახლების მესაკუთრეთა უმეტესობა ყველაზე ცხელ თვეებში შინ არ იმყოფება.
როდესაც ხელოვნურ ჩანჩქერთან ხიდზე გადავდიოდით, გუდმა წამოიძახა: „ნახეთ, რა ნაყოფიერი ნიადაგია!“ ირიგაციის წყალობით აქ უხვად იყო კენკრა და ყვავილები, რომლებიც პირველად მომხმარებელს – Perognathus flavus-ის სახეობის თაგვებს იზიდავდა. მანქანის ფარების შუქზე ჩვენი ყურადღება პეკარების მცირე კოლტმა მიიქცია, ხეების მწკრივში კი უკან დახეულ პუმას ვხედავდით. გუდს აქ წითური ფოცხვერი, ენოტი და კოიოტიც უნახავს. ეს აშკარად გველების სამოთხე იყო. მათ უამრავი მღრღნელი, ფრინველი და კვერცხი ჰქონდათ საკვებად, ბულდოზერებისგან გაშიშვლებული კლდოვანი ქანები კი მათთვის უამრავ სამალავს ქმნიდა.
გუდს აქა-იქ საინფორმაციო ნიშნები ჰქონდა განთავსებული ადამიანების უკეთური ინსტინქტების მოსათოკად (მაგ., გოლფის ჯოხებით ჩხრიალა გველების გაჭყლეტა), მაგრამ ახლომახლო გზებზე გასრესილი ქვეწარმავლები მაინც ეყარა. „საკითხავია, ეს განაშენიანება ეკოლოგიურ ხაფანგს ხომ არ წარმოადგენს? – ამოოხვრით თქვა გუდმა. „რამდენად მდგრადია ის? ყველა სახეობის ბედი ანთროპოგენურ ზიანთან არის გადაჯაჭვული“. ერთი რამ, რაც ადამიანებს კარგად გამოსდით, ყველაფრის გაფუჭებაა.

„ქვის კანიონის“ გველები შეიძლება თავს კარგად გრძნობენ, თუმცა სხვა ჩხრიალა გველების უმეტესობის ბედი (50-ზე მეტი სახეობა მხოლოდ ჩრდ. და სამხრ. ამერიკაში გვხვდება) უფრო მძიმეა. სამხრეთ-დასავლეთ კანადიდან ცენტრალურ არგენტინამდე ადამიანები კვლავ იჭერენ გველებს სახლის ცხოველებად ან ტყავით ვაჭრობისთვის, ცდილობენ გაჭყლეტას, როდესაც ისინი მზეზე თბებიან, მათ ჰაბიტატებს ანაწევრებენ საცხოვრებელი კომპლექსებით, მილსადენებით და ფიჭური კავშირგაბმულობის ანძებით. ზოლიანი ჩხრიალა გველი (Crotalus horridus), რომელიც ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული, მთლიანად განადგურდა აშშ-ის რამდენიმე ჩრდილოეთ შტატში და ონტარიოში, ხოლო აშშ-ის ცალკეულ რეგიონებში საფრთხის წინაშე არიან. რამდენიმე სხვა სახეობა მთელ არეალში საფრთხის წინაშე ან გადაშენების პირას მყოფად მიიჩნევა.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს ვიგრძენი, რამდენად შორს წავიდოდნენ კონსერვაციონისტები პენსილვანიაში შემორჩენილი ზოლიანი ჩხრიალა გველის დასაცავად. ისტ-სტრაუდსბურგის უნივერსიტეტის ჰერპეტოლოგმა თომას ლადიუკმა გველებისგან დამცავი გამაშები ამოიცვა და ჰოკის მთის კლდოვან თხემს გაუყვა – 1000 ჰექტარი ფართობის ნაკრძალს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მიგრაციის სეზონზე ფრინველებზე დამკვირვებლებს შორის.
„შეხედე“, – მითხრა ლადიუკმა და თავით კლდოვან შვერილზე მიმითითა. სამ მეტრზე ნაკლების დაშორებით შავ-ყვითელი ხვეულების გროვა გავარჩიე. ცოტა უნდობლად, ფრთხილად მივუახლოვდი და კუდის ჩხრიალის ხმას ველოდი. არაფერი. გველს მხოლოდ მზეზე გათბობა სურდა.
მარჯვნივ კიდევ ერთი დახვეული გველი დავინახე. „მდედრია“, – მითხრა ლადიუკმა. „ალბათ ფეხმძიმედაა“. ყველა ჩხრიალა გველის მსგავსად, სამკუთხა თავი ჰქონდა, რომელიც კისერთან მკვეთრად ვიწროვდებოდა. თვალის გუგები ვერტიკალური ჰქონდა, შავ-ყვითელი V-სებრი ორნამენტები ხერხემალს მიუყვებოდა და ხავერდივით გამოიყურებოდა. როდესაც მივაშტერდი, ნელ-ნელა გაიშალა და ნაპრალში გაუჩინარდა.
ლადიუკმა და მე გზა განვაგრძეთ. ჯერ ისევ თხემს გავუყევით, შემდეგ კი გათელილი ბილიკით დაფერდებულ ველზე დავეშვით. თავიდან მხოლოდ ქვებს ვხედავდი, შემდეგ კი, როგორც მანამდე, სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. გამოშვერილ ლოდზე დავინახე ფარფლებიანი ქუდის ზომაზე დახვეული გველი. ორი მეტრის მოშორებით – კიდევ ერთი. ქვიანი ველის თვალიერებისას, მხოლოდ თვალების მოძრაობით, კიდევ ექვსი დახვეული ჩხრიალა გველი გავარჩიე.
ერთ ლოდზე ყავისფერზოლიანი ხაკისფერი ახალშობილები იკლაკნებოდნენ. როგორც ლადიუკმა მითხრა, გუშინ ცოცხლად შობილნი, სიგრძით უკვე 18 სანტიმეტრს აჭარბებდნენ. ღრუ შხამიანი კბილები და კუდის ერთი მომცრო სეგმენტი ჰქონდათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩხრიალა გველი კანს იცვლის (ზრდასრულები – წელიწადში ორჯერ, ახალგაზრდები კი – უფრო ხშირად), იგი ჩხრიალას კიდევ ერთ სეგმენტს იძენს. ჩხრიალები ხშირად ცვივა, ამიტომ სეგმენტების რაოდენობა ყოველთვის არ შეესაბამება ასაკს.

ერთი კვირა პატარები მშობლის დაცვის ქვეშ არიან (ეს ქცევა უფრო ხშირად ძუძუმწოვრებში გვხვდება), შემდეგ თვითონ იწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას. ჯერ იცვლიან კანს, შემდეგ კი თაგვისა და ბიგას მსგავს მცირე ზომის ცხოველთა ნაკვალევს მიჰყვებიან სასაზე არსებული ყნოსვის ორგანოს (რომელიც ვომერონაზალური ორგანოს სახელწოდებით არის ცნობილი) და თვალებსა და ნესტოებს შორის ფოსოებში არსებული სითბოს დეტექციის ორგანოების დახმარებით. ისინი უსაფრდებიან მსხვერპლს, შეჰყავთ მაღალტოქსიკური შხამის დოზა და შემდეგ მსხვერპლს მთლიანად ყლაპავენ.
როგორც კი აგრილდება, ახალგაზრდა ჩხრიალა გველები დედის ქიმიურ კვალს მიჰყვებიან და საოჯახო გამოსაზამთრებელ სოროში ბრუნდებიან. ისინი დახვეულები იზამთრებენ ყველა ასაკის ნათესავთან ერთად (მათ შორის იმ მამრებთან, რომლებიც მდედრებთან შეწყვილების შემდეგ ბრუნდებიან სამ კილომეტრზე მეტი მანძილიდან). მათთან ერთად იზამთრებენ სხვა სახეობის გველებიც, როგორებიც არიან მცურავი და ჩრდილოამერიკული დინგფაროსანი, რომლებიც სხვა დროს ჩხრიალა გველების შთამომავლებზე შეიძლება ნადირობდნენ. ჰიბერნაციის დროს გველები არ იკვებებიან. მზეზე გათბობის გარეშე მათ არ შეუძლიათ საჭმლის მონელება.
ლადიუკი თითქმის სამი წლის განმავლობაში სტუდენტებთან ერთად რადიოსაყელურებს უკეთებდა და თვალს ადევნებდა ზოლიან ჩხრიალა გველებს ჰოკის მთაზე, აფასებდა მათი პოპულაციის რიცხოვნობას და ყველაზე მნიშვნელოვან გამოსაზამთრებელ ადგილებს აფიქსირებდა. მდედრები, ახალშობილებთან და ახალგაზრდა ინდივიდებთან ერთად, ამ მიწისქვეშა ბუნაგებიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დროის უმეტეს ნაწილს მზეზე მიფიცხებულები ატარებდნენ, იკვებებოდნენ, წყვილდებოდნენ და მშობიარობდნენ. ყველაფერი ეს ფრინველებზე დამკვირვებელთა ლეგიონების გარემოცვაში ხდებოდა. იმ პერიოდში ლადიუკმა რეკომენდაცია გასცა, რომ ჰოკის მთის ნაკრძალში თხემზე გამავალი ბილიკის მარშრუტი შეეცვალათ იმგვარად, რომ გვერდი აევლოთ ამ მზეზე მისაფიცხებელი ადგილისთვის და ასეც მოხდა. „ადამიანები აქ პიკნიკებს აწყობენ და წარმოდგენაც არ აქვთ, რა ახლოს არიან გველებთან“, – თქვა ლადიუკმა.

დღეს ჰერპეტოლოგები ბუნაგებისა და მისაფიცხებელი ადგილების მდებარეობას სახელმწიფო დონის საიდუმლოდ მიიჩნევენ; ზოგიერთი მათგანი საათობით იქექება სოციალურ ქსელებში და გველებთან ერთად მოპოზიორე ენთუზიასტებს არწმუნებს, Facebook-სა და Instagram-ზე გამოქვეყნებულ კადრებს გეოტეგები მოუხსნან. „ძალიან კარგია, რომ ადამიანებს აინტერესებთ ჩხრიალა გველები, მაგრამ ისინი ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად ძლიერ ზემოქმედებენ პოპულაციაზე“, – მითხრა ლადიუკმა.
საზოგადოების დარწმუნება შხამიანი გველების დაცვაში რთულია. ჩხრიალა გველები ოდითგან გვხიბლავდნენ და ამასთანავე გვაშინებდნენ მათი შეუმჩნევლად დარჩენის უნარით და საოცრად ძლიერი სხეულით, ნემსისებრი ბასრი კბილებითა და ტოქსიკური შხამით.
ადამიანებს ყოველთვის რთული ურთიერთობა ჰქონდათ ჩხრიალა გველებთან. სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ის მკვიდრი ჰოპის ხალხი მათ იმ სულების მაცნეებად თვლიდა, რომლებიც დედამიწას წვიმას მოუვლენდნენ და ჩხრიალა გველებს თავიანთ რიტუალებში რთავდნენ. კოლუმბამდელი ცენტრალური ამერიკის აცტეკები და იუკატეკის ენაზე მოლაპარაკე მაიას ტომები თაყვანს სცემდნენ ჩხრიალა გველებს და მათ წვიმას და თესვის სეზონს უკავშირებდნენ. აპაჩებისთვის აღორძინებასა და განახლებასთან ასოცირდებოდნენ, სხვა მკვიდრი ამერიკელები კი მათ ძალადობასა და შურისძიებასთან აკავშირებდნენ.
ადრეული ევროპელი კოლონისტებისთვის ჩხრიალა გველი მამაკაცური ძლიერების და უშიშრობის სიმბოლო იყო.
მაგრამ პატივისცემა მხოლოდ გარკვეულ დრომდე შენარჩუნდა. XVII და XVIII საუკუნეებში ადამიანებს აჯილდოებდნენ ჩხრიალა გველის მოკვლისთვის. (ეს პრაქტიკა ნიუ-იორკსა და ვერმონტში 1970-იან წლებამდე გრძელდებოდა). უსაფრთხოების მოტივით, სხვადასხვა შტატში ყოველწლიურად ორგანიზებულად ხოცავდნენ (ზოგან დღესაც ასეა) ასობით, ხანდახან ათასობით გველს.
„უკვე დავიქანცე ადამიანებისთვის ახსნით, რომ გველები მათ არ ერჩიან, – მითხრა გუდმა, – თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი, მივაღწიე თუ არა რამეს“. სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ის დიდ ნაწილში ჩხრიალა გველის მრავალი სახეობის მოკვლა კანონითაა დაშვებული.
ტეხასის ქალაქ სუიტუოტერში, სადაც 10 000 მოსახლეა, ჩხრიალა გველებს, 1958 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აგროვებენ და ხოცავენ. აღნიშნულ წელს 1360 კილოგრამზე მეტი ტეხასური ჩხრიალა გველი ამოიყვანეს სამალავებიდან მიმდებარე სოფლებში. ახალგაზრდა ლიდერთა ადგილობრივი ჯგუფის – Jaycees-ის მიერ დაფინანსებული ეს ღონისძიება კვლავ იზიდავს ათიათასობით ვიზიტორს და ყოველწლიურად საშუალოდ 2600 კგ ცოცხალ ჩხრიალა გველს იძენს. ზოგს გზის ნაპირებზე აგროვებენ, მაგრამ უმეტესობას მონადირეები იჭერენ, რომლებიც დადიან შტატში, კლდოვან ნაპრალებში ძალაყინის რტყმით მიძვრებიან და გველები ბუნაგიდან ბენზინის შესხურებით გამოჰყავთ.

თავდაპირველად სუიტუოტერში გველების მასობრივი შეგროვების და განადგურების მთავარი მიზანი სავარაუდო საფრთხის პრევენცია იყო – ისევე როგორც ქვეყანაში ორგანიზებული 12 ანალოგიური ღონისძიებისა. თუმცა, დღეს ამგვარი ქმედებების მოტივი უდავოდ ფინანსურია. შემგროვებლები გველებს მონადირეებისგან წონით ყიდულობენ და ფასი მუდამ ცვალებადია. გველების უმეტესობას კულინარიულ დაწესებულებებში აგზავნიან, სადაც მათ ლუდში ამოავლებენ და ტაფებზე ყრიან, დანარჩენს კი მოვაჭრეებზე ყიდიან, რომლებიც გველის ტყავისგან საფულეებს, ჩექმებსა თუ იაფფასიან სამშვენისებს ამზადებენ.

აღნიშნული სამდღიანი ღონისძიების დროს გროვდება თანხა ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის (63 000 დოლარი შეგროვდა 2023 წელს) და ვიზიტორები ყოველწლიურად რვა მილიონ დოლარზე მეტით ავსებენ ადგილობრივ ეკონომიკას. კერენ ჰანტმა, ადგილობრივი სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ტეხასის გაზეთს განუცხადა, რომ სუიტუოტერში ბევრი ადამიანისთვის „ეს შავი პარასკევია“.
გველებისთვის კი ეს „შავი პარასკევი“ ასე გამოიყურება: ხის რვაკუთხა შემორაგულ კონსტრუქციაში ჩაყრილი გველების უმეტესობა დახვეული რჩება. ზოგიერთი შეუჩერებლად ჩხრიალებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი საფრთხეს გრძნობენ (ველურ ბუნებაში ამ მარტოხელა მტაცებლებმა შეიძლება მხოლოდ რამდენჯერმე გამოსცენ ჩხრიალის ხმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში). ზოგიერთი სიკვდილამდე იხუთება, ხოლო ვისაც საკმარისი ენერგია აქვს, გაუჩერებლად ტრიალებს და გასასვლელს ეძებს. ჰაერში დეზოდორანტის სურნელი ტრიალებს, რომელსაც შიშის დროს გველების მიერ გამოყოფილი მძაფრი მუშკის სუნის გასანეიტრალებლად ასხურებენ.
მარცხნივ: ჰერპეტოლოგი ბრენტ შულცე პრერიის ჩხრიალა გველებს აგროვებს უისკონსინის ლაბორატორიისთვის, რომელიც შხამით ამარაგებს ანტიდოტების მწარმოებლებს და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს.
მარჯვნივ: კენტუკის რეპტილიების ზოოპარკში რომბისებრ ჩხრიალა გველს (Crotalus adamanteus) წველიან.
საწველ განყოფილებაში მომთვინიერებლები მოყვითალო შხამს გამოწველიან გველის კბილებიდან და მინის ძაბრით ბავშვის ბოთლში ასხამენ. იქვეა ბინძური ცენტრიფუგა. რისთვის იყენებენ შხამს? „წამლების კვლევისთვის“, – მეუბნება მომთვინიერებელი დაუდევრად. Jaycee-ის საწველი განყოფილების დიდი ხნის თავმჯდომარის, დენის კამბის თქმით, სუიტუოტერის გველების შემგროვებელი ორგანიზაცია დიდი რაოდენობით შხამს კერძო კომპანიებზე ყიდის, რომლებიც ანტიდოტებს აწარმოებენ, თუმცა არ მიმხელს მათ სახელებს. სინამდვილეში კომპანიებს, რომლებიც ანტიდოტებს ამზადებენ ან გველების საკუთარი კოლონიები ჰყავთ ან სტერილურ ლაბორატიულ პირობებში შეგროვებულ შხამს ყიდულობენ ზოოპარკებისგან. მათ შხამი მსხვილ „დონორ“ ძუძუმწოვრებში შეჰყავთ, როგორიცაა ცხვარი ან ცხენი, რაც ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამ ანტისხეულებისგან მიღებულ ანტიდოტს გველისგან დაკბენილთა სხეულში ტოქსინების გასანეიტრალებლად იყენებენ.

სამედიცინო სფეროს მკვლევრები ცხოველ ინტერესს იჩენენ შხამის იმ ასობით ცილისა და ფერმენტის მიმართ, რომლებიც სისხლის უჯრედებს უტევს, კუნთებს აზიანებს ან ცენტრალურ ნერვულ სისტემას ანადგურებს. მკვლევრები მთელ მსოფლიოში ატარებენ ექსპერიმენტებს შხამისგან მიღებულ იმ ნაერთებზე, რომლებიც ბლოკავს ან ანეიტრალებს ტკივილის სიგნალების გადამცემ გზებს, რაც პოტენციურად ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევი ოპიატების ალტერნატივას გვთავაზობს. ჩხრიალა გველის შხამი გამოიყენება ვენების სიღრმეში წარმოქმნილი თრომბების სამკურნალოდ და არტერიული წნევის დამწევი და გულის შეტევისა თუ ინსულტის შემაჩერებელი წამლების შესაქმნელად.
საგანმანათლებლო სექციაში მომთვინიერებელი დევიდ სეიგერი ორმოში ჩაყრილ ათობით გველს შორის დადის, გვიამბობს ფაქტებს გველების შესახებ და აღგვიწერს ტეხასურ ჩხრიალა გველებს, როგორც ცბიერ, საშიშ და მახინჯ არსებებს. დამჭერი ჯოხით გველებს ახვევს, თავებს უბოჭავს და ზევით სწევს ფოტოს გადასაღებად. შემდეგ გველებს ძირს აგდებს, ფეხს ურტყამს და ბუშტს უქნევს გასაღიზიანებლად, სანამ გველი თავდასხმას არ შეეცდება. ბუშტი სკდება! ბრბო – ბავშვებიდან პენსიონერებამდე – განცვიფრებულია.
თუ განათლება ფარდის აწევაა, ტყავის გაძრობა ამ სპექტაკლის ფინალია. ცოცხალ გველებს ხის ფიცარზე ამაგრებენ და მაჩეტეს ერთი დარტყმით თავს ჭრიან. ჯერ კიდევ დაკლაკნილ სხეულებს ძელზე კიდებენ. ზოგჯერ ნაღვლის ბუშტს აცლიან – თითო რამდენიმე დოლარი ღირს და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. შემდეგ, 20 დოლარის საფასურად, სტუმრები გველებს ატყავებენ, ხელებს გველის სისხლით ისველებენ და კედელზე წითელ ანაბეჭდებს ტოვებენ. ბავშვებიც კი იღებენ მონაწილეობას.

ტალახიან კოლიზეუმში დავეხეტები. ერთად თავმოყრილი გველები ნაგვემი და დასტრესილები ჩანან. ალბათ ჭრილობებიც აქვთ. თუკი ამ ღონისძიების მიზანი განათლებაა – ასწავლოს საზოგადოებას, რომ ტეხასური ჩხრიალა გველი უკან იხევს საფრთხის დროს, სისინებს და ჩხრიალებს გაფრთხილების ნიშნად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უტევს მტერს, შემთხვევათა 25%-ში უშხამოდ კბენს და მათთვის თავის არიდება შედარებით იოლია, მაშ რისთვისღაა საჭირო შიშის გაღვივება, რასაც მასობრივ განადგურებამდე მივყავართ?
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მთელ ქვეყანაში საშუალოდ წელიწადში ხუთი ადამიანი იღუპება შხამიანი გველებისა და ხვლიკების ნაკბენისგან. ზოგიერთი გველზე მონადირე ამტკიცებს, რომ გველების განადგურებით პირუტყვს იცავს, თუმცა „ძალიან იშვიათია შემთხვევა, გველმა პირუტყვი დაკბინოს“, – ამბობს ვეტერინარი ბად ოლდრიჯ უმცროსი, რომელიც 55 წელია სუიტუოტერში საქმიანობს. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოა, ეს ნაკბენები ფატალური აღმოჩნდეს. რა ახსნა აქვს მასობრივ განადგურებას? დიახ, ეს არის ფული.

Jaycee-ის პრეზიდენტს, ჯიმი ჰენდრიქსს ვეკითხები, განიხილავს თუ არა მისი ორგანიზაცია შოუზე გადასვლას დახოცვის გარეშე, როგორც ზოგიერთი მოიქცა. „ყველას თავისი არჩევანი აქვს… მათი დახოცვა ჩვენი პრიორიტეტი არ არის – ეკონომიკურად ხელსაყრელია“, – მეუბნება იგი.
„როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი მოვიდოდა, გველებს რომ არ კლავდეთ?“
„არ ვიცი“, – ამბობს იგი.
ტეხასურ ჩხრიალა გველებს, რომლებიც შედარებით ახალგაზრდა ასაკში მრავლდებიან, ტეხასში გადაშენების საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ამ შტატის პარკებისა და ველური ბუნების დეპარტამენტი ადასტურებს, რომ „არ გააჩნია მონაცემები შტატში რომელიმე კონკრეტული პოპულაციის შესახებ“. 1958 წლიდან მონადირეებმა სუიტუოტერში Jaycees-ს 160 000 კილოგრამზე მეტი გველი გადასცეს, რაც დაახლოებით 70 000 ჩხრიალა გველის ეკვივალენტურია.
მარცხნივ: გველის რამდენიმე სახეობას ბიოფლუორესცენციური ჩხრიალა აქვს, რომელიც ღამით ანათებს – მეცნიერთა ვარაუდით, მსხვერპლის მისატყუებლად. მარჯვნივ: არიზონის უნივერსიტეტის გველგესლების კვლევის ინსტიტუტში ლორენ მელჩერი ანტიდოტის მოქმედებას შეისწავლის.
შინ დაბრუნებისას ვცდილობ დავივიწყო ის, რაც იქ ვნახე და ჰოკის მთაზე გატარებულ შუადღეზე ვკონცენტრირდე, სადაც ტომ ლადიუკი და მე რამდენიმე ფეხმძიმე და ახალშობილ ზოლიან ჩხრიალა გველს ვუცქერდით, დიდებს და მშვიდებს, სიცოცხლით სავსეებს და შხამიანებს, რომლებიც ხან მზეზე ჩნდებოდნენ და ხან უჩინარდებოდნენ.
როგორც ლადიუკმა მითხრა, პენსილვანიის ოლქებშიც ხდებოდა გველების შეგროვების ორგანიზება სუიტუოტერის სტილში. ამ ფესტივალების შეჩერება არ იყო ადვილი, რადგან ისინი სახანძრო სამსახურებს აფინანსებდნენ. მაგრამ ბოლოს ჩხრიალა გველების დაჭერისთვის ფასიანი ნებართვების სისტემა შემოიღეს და შემოსავალს საზოგადოებრივი სამუშაოების დასაფინანსებლად იყენებდნენ.

როგორც ლადიუკმა მითხრა, ყოფილი მონადირეები დაიქირავეს პოპულაციების აღსაწერად. ღონისძიებებზე სთხოვდნენ მონიშვნას და გველების იქ დაბრუნებას, სადაც დაიჭირეს. აღდგენის შემდეგ ჩხრიალა გველები ამოიღეს შტატის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კანდიდატთა სიიდან.
ლადიუკმა ჰოკის მთის თხემის გაყოლებაზე მიმავალ ბინოკლებით შეიარაღებულ სტუმრებს გახედა და რიტორიკულად იკითხა: რატომ არ შეიძლება, რომ ჰერპერები ოდნავ მაინც ჰგავდნენ ფრინველებზე დამკვირვებლებს? „ხომ შეიძლება, რომ დათვალონ და არ დაიჭირონ?“
ასე რომ, ალბათ იმედი მაინც არსებობს. „მენტალიტეტის ცვლილება“, – მითხრა ლადიუკმა. ჯერ მონადირე ხარ, მერე ბრაკონიერი, შემდეგ კი, თუ მცირე განათლებასაც მიიღებ, უკვე ის ხდები, ვინც სხვა სახეობას გადარჩენაში ეხმარება.
