ნიუ-იორკის დავიწყებული ელექტროტაქსი
ჩვენი მომავლის მანქანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1800-იანი წლების მიწურულს. რა ბედი ეწია მათ?
XIX საუკუნის ბოლოსკენ ნიუ-იორკში ცხენებთან დაკავშირებული პრობლემა შეიქმნა – ქუჩებში 150 000-მდე ცხენი მოძრაობდა და თითოეული მათგანი დღეში 15 კგ-ზე მეტ ნარჩენს ტოვებდა. ასეთი რაოდენობის ექსკრემენტებისგან ქალაქის გაწმენდა ნიუ-იორკელებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ახალი გამოგონება – ავტომობილი – საუკეთესო გამოსავლად მიიჩნიეს.
1897 წელს, როდესაც ქალაქში პირველი მოტორიზებული ტაქსის მომსახურება გაჩნდა, ის სუფთა ენერგიაზე მუშაობდა – თანამედროვე ნიუ-იორკელების გასაკვირად – ეს ელექტრომანქანები იყო. ამ მანქანებს, რომელთაც Electobat-ებს უწოდებდნენ, აწარმოებდა „ელექტრომანქანების კომპანია“ და ის ლიდერობას იმკვიდრებდა მაშინდელ საავტომობილო ბაზარზე. გამომგონებლებმა, ფილადელფიელმა ჰენრი მორისმა და პედრო სალომმა,
Electrobat-ი 1894 წელს დააპატენტეს, ხოლო ორ წელიწადში მისი პატარა ზომის და უფრო სწრაფი ვერსიაც შექმნეს, რომელიც 1315 კგ-ს იწონიდა. ეს განახლებული მოდელი მუშაობდა მჟავა-ტყვიის აკუმულატორზე, მაქსიმალურ სიჩქარეს 32 კმ/სთ-ს ავითარებდა და თითო დამუხტვაზე 40 კილომეტრის გავლა შეეძლო.
სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ 1890-იან წლებში, საავტომობილო მრეწველობის გარიჟრაჟზე, ნიუ-იორკში ელექტრომანქანები მოძრაობდა და ისინი შიგაწვის ძრავის მქონე მანქანებზე უკეთ იყიდებოდა. ეს ელექტრომანქანები არ გამოსცემდა ხმას, მოიხმარდა სუფთა ენერგიას და მარტივი სამართავიც იყო. „მაშინ საწვავზე მომუშავე მანქანას თუ დაქოქავდი დილით, ეს დიდი გამართლება იყო; ისინი ხმაურობდა, აბინძურებდა გარემოს და ყოველთვის ვერ ენდობოდი, ელექტრომობილები კი ჩამრთველზე ერთი თითის დაჭერით იქოქებოდა“, – გვიამბობს დენ ალბერტი, ავტორი წიგნისა „უკვე მივედით? ამერიკული ავტომობილის წარსული, აწმყო და მანქანა მძღოლის გარეშე“.

1900-იან წლებში არამხოლოდ ელექტროტაქსები, არამედ ელექტროავტობუსებიც კი შეიქმნა, რომლებიც ღირსშესანიშნაობათა დამთვალიერებლებს დაატარებდნენ ნიუ-იორკის ტურებზე. ექსკურსია მეხუთე ავენიუზე ფლეტარიონ-ბილდინგიდან იწყებოდა.
კონგრესის ბიბლიოთეკა
ეს ელექტროენერგიის ეპოქის დასაწყისი იყო. მაშინ ფიქრობდნენ, რომ ელექტროენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებით ყველა გამოწვევა გადაილახებოდა. „ხალხისთვის რომ გეკითხათ, გეტყოდნენ, ელექტროენერგია ის ჯადოსნური ძალაა, რომელიც გვაძლევს სინათლეს და გადაადგილების საშუალებას. ის ყველგან ვრცელდება და ჩვენც ყველგან წაგვიყვანს“, – ამბობს დევიდ ა. კირში, ავტორი წიგნისა „ელექტრომანქანა და ისტორიის ტვირთი“.
მორისმა და სალომმა ნიუ-იორკში დანერგეს Electrobat-ი და შეიმუშავეს აკუმულატორის შეცვლის მოქნილი სისტემა, რაც ელექტროტაქსების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფდა. გასამართი სადგურის თანამშრომლები ლიფტებით, ჰიდრავლიკითა და ტვირთამწეებით 560-კილოგრამიან დაცლილ აკუმულატორებს მანქანიდან იღებდნენ და ახლად დამუხტულებს ათავსებდნენ. „ამ პროცესს სულ სამ წუთს ანდომებდნენ, ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ცხენების გამოცვლას სჭირდებოდა და დაახლოებით იმავე დროს, რასაც დღეს ჩვენ ვუთმობთ ბენზინის ბაკის ავსებას“, – ამბობს კირში.
თუმცა Electrobat-ის სიჩქარის გაზრდამ და მისმა უხმაურო მოძრაობამ გაუთვალისწინებელი პრობლემები წამოჭრა. 1899 წლის მაისში, ტაქსის მძღოლი ჯეიკობ ჯერმანი პირველი მძღოლი გახდა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბების გამო დააპატიმრეს, როდესაც 20 კმ/სთ სიჩქარით მოქროდა ლექსინგტონ-ავენიუზე. რამდენიმე თვის შემდეგ ელექტროტაქსი სასიკვდილოდ დაეჯახა უძრავი ქონების ბროკერ ჰენრი ბლისს, რომელიც ტრამვაიდან ჩამოდიოდა. ეს იყო პირველი ქვეითად მოსიარულე, რომელიც ავტომობილმა იმსხვერპლა და მას საერთოდ არ გაუგია ამ მანქანის მოახლოების ხმა.
მორისმა და სალომმა გადაწყვიტეს, თავიანთი მანქანების გაყიდვის ნაცვლად, ისინი იჯარით გაეცათ თვიურად ან თითო მგზავრობისთვის. ნიუ-იორკში ფეხი მოიკიდა მათი ტაქსის მომსახურების კომპანიამ და 1897-დან 1899 წლამდე ელექტროტაქსების რაოდენობა 12 მანქანიდან 100-მდე გაზარდეს.

1910 წლისთვის ნიუ-იორკში ელექტროტაქსი გაქრა, თუმცა ადრეული ელექტრო- მობილები, როგორიცაა Milburn Light Electric-ი, 1920-იან წლებამდე შენარჩუნდა, სანამ ის ბენზინზე მომუშავე ავტომობილებმა არ ჩაანაცვლეს.
ALAMY STOCK PHOTO
რადგან ბიზნესი მომძლავრდა, მორისი და სალომი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ თავიანთ მანქანებს. ამისათვის ახალი ინვესტორებიც მოიზიდეს, მაგალითად უილიამ უიტნი, რომელმაც წარმატებით მოახდინა ტრამვაის ელექტროფიკაცია. უიტნის დახმარებით მათ შეიძინეს ასევე აკუმულატორების წარმოების მოწინავე კომპანია – იმ მიზნით, რომ ელექტრომანქანების ბაზრის უმეტესი წილი გაეკონტროლებინათ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ელექტრომანქანების კომპანიამ“ სწრაფად გააფართოვა მომსახურების არეალი და ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ბოსტონშიც დაიწყო მუშაობა და, საბოლოოდ, ავტომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, ამგვარი სწრაფი ზრდა არ აღმოჩნდა მდგრადი. ნიუ-იორკის მიღმა კომპანია ცუდად იმართებოდა, ხოლო ინვესტორებმა თავი მოტყუებულებად იგრძნეს, როდესაც 1899 წელს გაზეთ New York Herald-ის გამოძიებამ ელექტრომანქანების კომპანია სესხის უკანონოდ აღებაში ამხილა. კომპანიის აქციები დაეცა და 1902 წლისთვის მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
კომპანიის წარუმატებლობა მალე გავრცელდა ინვესტორთა საზოგადოებაში და ელექტრომანქანების ნათელი მომავალი ბინდით დაიფარა. „ეს სფერო არ მოუკლავს არც იდეას, არც ტექნოლოგიას და არც ბიზნესმოდელს, – გვიხსნის ალბერტი, – მთავარი მიზეზი მწარმოებელთა ფარული გარიგებები იყო“.
მოგვიანებით, ხანძარმა ელექტრომანქანების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, ხოლო 1907 წელს ფინანსური კრიზისით გამოწვეულმა პანიკამ მთელი ქვეყანა მოიცვა და მანქანების წარმოება მკვეთრად შემცირდა, რამაც ნიუ-იორკში ელექტროტაქსის ინდუსტრიას საბოლოო დარტყმა მიაყენა. ამასობაში ბაზარზე დროს არ კარგავდნენ ბენზინზე მომუშავე მანქანების მწარმოებლები. 1907 წელს ადგილობრივმა ბიზნესმენმა, ჰარი ალენმა, ახალი ტაქსების მომსახურება დააარსა, რომლისთვისაც საფრანგეთიდან ბენზინზე მომუშავე 65 მანქანა ჩამოიყვანა. ერთ წელიწადში მისი მანქანების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. როგორც ჩანდა, ნიუ-იორკი წარსულს აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ელექტრომობილების დღეები დათვლილი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 1908 წელს ბენზინზე მომუშავე ფინანსურად ხელმისაწვდომი Model T გამოჩნდა. ელექტრომობილებმა 1920-იან წლებამდე იარსება, ხოლო შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. თუმცა ელექტრომობილი საბოლოოდ არ გაუჩინარებულა. 2022 წელს 25 სრულიად ელექტრული ტაქსი გამოჩნდა ნიუ-იორკის ქუჩებში. მომავლის მანქანა დაბრუნდა.