მეომარი ქალები
დიდებულ სკანდინავიელ მებრძოლებზე არსებულ ისტორიულ ცნობებში ყურადღება მეტწილად მამაკაცებსა და მათ სასახელო გამარჯვებებზე მახვილდებოდა. დღეს ახალი მტკიცებულებები გვიდასტურებს, რომ ზოგიერთი ვიკინგი ქალიც შესანიშნავი მეომარი იყო – და მათი ძალა ბრძოლის ველს მიღმაც მრავალმხრივ ვრცელდებოდა.
მეომარი ქალები
დიდებულ სკანდინავიელ მებრძოლებზე არსებულ ისტორიულ ცნობებში ყურადღება მეტწილად მამაკაცებსა და მათ სასახელო გამარჯვებებზე მახვილდებოდა. დღეს ახალი მტკიცებულებები გვიდასტურებს, რომ ზოგიერთი ვიკინგი ქალიც შესანიშნავი მეომარი იყო – და მათი ძალა ბრძოლის ველს მიღმაც მრავალმხრივ ვრცელდებოდა.
ერთი მშვიდი კვირა დღის დილას სტოკჰოლმის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში ჩემთვის კარგად ნაცნობმა ჟრუანტელმა დამიარა – უეცარმა განცდამ, რომ აწმყოს მოვწყდი და სხვა, ძველ სამყაროში აღმოვჩნდი. სკანდინავიაში სტატიისთვის მასალას ვაგროვებდი და სადგურში უფსალის უნივერსიტეტის არქეოლოგ შარლოტ ჰედენსტიერნა-ჯონსონთან ერთად ყავას ვსვამდი. მან ბირკის – ადრეული ვიკინგების ქალაქის არქეოლოგიური ძეგლის – დათვალიერება შემომთავაზა, რომელიც სტოკჰოლმის დასავლეთით, კუნძულზე მდებარეობდა. დრო რომ გაგვყავდა, სანამ ჩვენი ბორანი დაიძვრებოდა, ჰედენსტიერნა-ჯონსონმა ზურგჩანთიდან დიდი გრავიურის რეპროდუქცია ამოიღო, რომელიც პირველად XIX საუკუნის შვედურ გაზეთში დაიბეჭდა.
გრავიურას რომ დავყურებდი, ვიგრძენი, მატარებლის სადგურის კედლები თვალთახედვიდან გამომეცალა და უეცრად ვიკინგების ეპოქამ მომიხმო. გრავიურა ასახავდა ვიკინგების მიწისქვეშა აკლდამას, რომელიც ჩონჩხების ნაშთებსა და ვიკინგების საბრძოლო იარაღის არსენალს შეიცავდა. 1877 წელს, როგორც ჰედენსტიერნა-ჯონსონმა განმიმარტა, შვედმა არქეოლოგმა იალმარ სტოლპემ ბირკაში, ვიკინგების ყოფილი სამხედრო გარნიზონის მახლობლად, აღმოაჩინა ეს სამარხი, რომელიც დღეს Bj 581-ის სახელითაა ცნობილი.

მას შემდეგ, რაც შვედმა არქეოლოგმა იალმარ სტოლპემ 1878 წელს სტოკჰოლმის მახლობლად ბირკელი მეომრის საფლავი აღმოაჩინა, მან სამარხის შიგთავსის ზედმიწევნითი ესკიზები მოხაზა, სამაგიდო თამაშის ნაწილებიდან, ორი ცხენის ჩონჩხის ჩათვლით. მისი ჩანახატები 1889 წლის ამ გრავიურისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
ისტორიული კოლექცია/ALAMY
სამარხის გამოსახულებას დაჟინებით დავაკვირდი. აკლდამის უკიდურეს ბოლოში ორი ცხენის ჩონჩხი ჩანდა გვერდიგვერდ. ცენტრში ადამიანის ჩონჩხი გვერდზე გადაბრუნებული ესვენა მოხრილ პოზაში, თითქოს ცხედარი ერთ დროს რაღაცაზე იჯდა. იქვე ორი რკინის უზანგიც ეწყო, გარდა ამისა, ძვირადღირებული ტანისამოსიდან შემორჩენილი ნაგლეჯები და უძველესი სამაგიდო თამაში. ჩონჩხის გარშემო შემოეწყოთ არსენალი: ქარქაშიანი ხმლის ფრაგმენტები, საბრძოლო ცული, დანა ხელჩართული ბრძოლისთვის, ორი შუბი, ორი ფარი და 25-ზე მეტი ისარი. სამარხს თვალშისაცემად აკლდა სამკაული, რომელსაც მკვლევრები ტრადიციულად ვიკინგ ქალებს მიაკუთვნებდნენ.
სამარხში აღმოჩენილ ნივთებზე დაყრდნობით სტოლპე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მასში მამაკაცი – გავლენიანი მეომარი იყო დაკრძალული. სტოლპეს აღმოჩენის გახმაურებასთან ერთად, შვედეთის New Illustrated Magazine-მა ბირკელი მეომრის სამარხის შესანიშნავი გრავიურა გამოაქვეყნა და ეს ილუსტრაცია არაერთხელ მოხვედრილა ვიკინგებზე დაწერილ წიგნებში. სამარხი „უჩვეულოდ მდიდარი იყო დასაკრძალი ინვენტარით, – ამბობს ჰედენსტიერნა-ჯონსონი, – და უდიდესი ყურადღება დაიმსახურა“.
თითქმის 140 წლის განმავლობაში სამარხის სტოლპესეული ინტერპრეტაცია არქეოლოგებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. სკანდინავიელი მკვლევრები იმ თვალსაზრისს იზიარებდნენ, რომ ომი ექსკლუზიურად მამაკაცების საქმე იყო ვიკინგების ეპოქაში, რომელიც დაახლოებით VIII საუკუნის შუა ხანებში დაიწყო და XI საუკუნის შუა წლებში მიილია. შუა საუკუნეების სკანდინავიელი პოეტები მხატვრული სიცხადით აღწერდნენ ვიკინგების შერკინების სიურრეალურ, შემზარავ სცენებს. მათ შემაძრწუნებელ სტრიქონებში მახვილი „მჩეხავ ცეცხლად“ ან „ცხედრით მოელვარედ“ მოიხსენიებოდა. შუბები „სისხლის გველებად“ ან „ოდინის ცეცხლის ენებად“ იქცეოდნენ, თავად ბრძოლა კი „იარაღთქუხილი“, „შუბთქარიშხალი“ და „არმიის წითლად მღებავი“ იყო. საერთო ჯამში, ადრეულმა სკანდინავიელმა პოეტებმა 3500-მდე სიტყვა თუ ფრაზა შეთხზეს, რომლებიც ომიანობასა და სამხედრო შეიარაღებას აღწერდა – რაც საოცარი ენობრივი სიმდიდრის გამომხატველია. ბუნებრივია, მკვლევრებიც შეჯერდნენ იმაზე, რომ ვიკინგების შერკინების დაუნდობელ სამყაროში ქალის ადგილი არ იყო.
ბირკელი მეომარი მამაკაცად დარჩა.
ბირკა და ვიკინგების მთელი სამყარო დღეს კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მთელ სკანდინავიაში ახალი არქეოლოგიური გათხრებისა და მოწინავე საკვლევი მეთოდების განვითარების კვალდაკვალ, როგორიცაა უძველესი დნმ-ის სეკვენირება და იზოტოპური ანალიზი, არქეოლოგები ვიკინგების ცხოვრების სულ უფრო კომპლექსურ სურათს ამჟღავნებენ.


არსებული მტკიცებულებები დღეს უკვე ცხადყოფს, რომ ვიკინგების ეპოქა იმაზე ათწლეულებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით – ათვლა იწყება დაახლოებით 750 წლიდან, როდესაც კარგად შეიარაღებული ვიკინგები ზღვით გადავიდნენ დღევანდელი ესტონეთის ტერიტორიაზე და მეტოქესთან შერკინებისას არაერთი მებრძოლი დაკარგეს. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში კი ვიკინგებმა, სულ მცირე, რვა ზღვა გადალახეს, 40-მდე ქვეყანაში იმოგზაურეს და 50-ზე მეტ სხვადასხვა კულტურას გადაეყარნენ – კანადის აღმოსავლეთ სანაპიროებიდან ავღანეთის ციცაბო უღელტეხილებამდე. არცერთი სხვა ევროპელი ხალხი არ იყო იმ დროს ამდენად გაბედული, ცნობისმოყვარეობით აღსავსე და მოგზაურობის ჟინით შეპყრობილი.
თავიანთი სავაჭრო ექსპედიციების დროს ვიკინგები აღმოსავლეთ ევროპაში მიუყვებოდნენ ნაოსნობისთვის სახიფათო მდინარეებს დღევანდელი რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორიებზე, ხოლო ევრაზიის სტეპებში სამხედრო კავალერიის თავდასხმებს იგერიებდნენ, რათა იმდროინდელი მსოფლიოს ორ უმდიდრეს ქალაქში, კონსტანტინოპოლსა (ამჟამინდელი სტამბოლი) და ბაღდადში ჩაეღწიათ. XI საუკუნის დასაწყისისთვის კი ამ სკანდინავიელი ზღვაოსნების უშიშარმა რაზმებმა ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროსაც მიაღწიეს. ნიუფაუნდლენდის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში მკვლევრებმა ვიკინგების საბაზო ბანაკის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც მათ 1021 წელს მოაწყვეს – ზუსტად 471 წლით ადრე, სანამ ქრისტეფორე კოლუმბი მოჰკრავდა თვალს ამერიკის კონტინენტს.
შთამბეჭდავი მტკიცებულებები უკვე ადასტურებს, რომ, სულ მცირე, რამდენიმე ჩრდილოელი ქალი საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა.
ნათელია, რომ ვიკინგებს ისტორიული მოვლენების განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მრავალი სწავლული ყურადღებას დიდწილად ჩრდილოელ მამაკაცებზე ამახვილებდა. მკვლევრები თვლიდნენ, რომ მხოლოდ კაცები იყვნენ იმ ეპოქაში ზღვაოსნები, მძარცველები თუ ვაჭრები. და რა ვიცით ჩრდილოელ ქალებზე? არქეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ვიკინგი ქალები უმეტესად დიასახლისები იყვნენ. „როდესაც მუზეუმში შედიხართ, – ამბობს ოსლოს უნივერსიტეტის არქეოლოგი მარიან მოენი, – დიდი ალბათობით ქალებს მხოლოდ ორიდან ერთ-ერთი საქმით დაკავებულს იხილავთ: ბავშვზე ზრუნვის ან საჭმლის მზადების პროცესში“.
ვითომ ამდენად მარტივად და ტრივიალურად იყო საქმე? აქამდე ერთმნიშვნელოვანი პასუხები თითქმის არ მოგვეპოვებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც XX საუკუნის ბოლოს სულ უფრო მეტი სკანდინავიელი ქალი დაინტერესდა არქეოლოგიით, ზოგიერთმა მათგანმა ჩრდილოელი ქალების ცხოვრების ახლებურად შეფასება დაიწყო. დღეს ისინი, ახალი არქეოლოგიური გათხრებისა და ძველი სამუზეუმო კოლექციების ანალიზის საფუძველზე, ბევრ გასაოცარ სიახლეს ავლენენ და ვიკინგთა საზოგადოებაში ქალების უფრო დიდ როლზე მიგვანიშნებენ. ზოგიერთი ვიკინგი ქალი ჩრდილოეთში დიდი გავლენით სარგებლობდა – როგორც ძლევამოსილი დედოფლები, მმართველები, მისნები, გრძნეულები, მიწათმფლობელები, საკრალური კულტების წინამძღოლები, დესპანები, ვაჭრები თუ მოგზაურები.

ანატომიურ ნიშნებზე დაკვირვებით გაჩნდა ეჭვი, რომ ბირკელი მეომარი ქალია. ამის დასადასტურებლად არქეოლოგმა შარლოტ ჰედენსტიერნა-ჯონსონმა შეისწავლა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც მხრის ძვლიდან და ქვედა ყბის კბილიდან აიღო.
ნორვეგიაში, მაგალითად, ოსებერგში აღმოჩენილი უზარმაზარი გორასამარხის ქვეშ, 1903 წელს მკვლევრებმა ვიკინგების გალერას მიაგნეს, რომელსაც ნატიფი ჩუქურთმები ამშვენებდა. გემი სავსე იყო გობელენებითა თუ სხვა ნამუშევრებით და შეიცავდა ორი დიდგვაროვანი ქალის ნეშტს, რომელთაგან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით, პატივსაცემი ქურუმი და ძლევამოსილი გრძნეული იყო, მისი დასაკრძალი ინვენტარით თუ ვიმსჯელებთ. ვიკინგების სამყაროში გრძნეულებს მრავალი მაგიური ძალის ფლობა მიეწერებოდათ, წინასწარმეტყველებით დაწყებული, ამინდის კონტროლითა თუ „საბრძოლო მაგიით“ დამთავრებული – ბნელი რიტუალები ომის ბედის ვიკინგების სასიკეთოდ შემოსატრიალებლად. უფსალის უნივერსიტეტის არქეოლოგის, ნილ პრაისის თქმით, ვიკინგებისთვის, „მაგია ბრძოლისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მახვილის ალესვა“. ამ მაგიურ რიტუალებს მეტწილად ქალები ასრულებდნენ.
დანარჩენი ქალები არაერთი ხელობის ოსტატები იყვნენ, რომლებიც საკვანძო როლს ასრულებდნენ ვიკინგების ცნობილი რეიდების და საომარი ფლოტებისთვის აღჭურვილობის დამზადებაში. ისინი იალქნებისთვის მაღალი ხარისხის შალს ამზადებდნენ. დიდი საომარი ხომალდისთვის მხოლოდ ერთი იალქნის შეკერვა, სულ მცირე, 10 269 საათის შრომას მოითხოვდა. გარდა ამისა, ქალები ეკიპაჟის წევრებისთვის მაღალი ხარისხის შალის ტანსაცმელს კერავდნენ, 70-კაციანი ეკიპაჟის შესამოსად კი ოსტატი ქალების გუნდს 17,5-წლიანი შრომის ტოლფასი ძალისხმევა სჭირდებოდა. აშკარაა, რომ თავიანთ საქმეში დახელოვნებულ ქალებს ვიკინგების რეიდებისა და საზღვარგარეთ წარმოებული სხვა სამხედრო ლაშქრობების წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღოდათ. თუმცა საბრძოლო მოქმედებებში ქალების ჩართულობა ამით არ შემოიფარგლებოდა.
მეცნიერებმა უძველესი დნმ-ის ნიმუშები მოიპოვეს ერთი ინდივიდის ეშვიდან და მხრის ძვლიდან.
შთამბეჭდავი მტკიცებულებები უკვე ადასტურებს, რომ, სულ მცირე, რამდენიმე ჩრდილოელი ქალი საბრძოლო ხელოვნებას ფლობდა. 2014 წელს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ანთროპოლოგმა, ანა ჩელსტრემმა, სახელგანთქმული ბირკელი მეომრის ჩონჩხის შესწავლა დაიწყო. ჩელსტრემმა დაადგინა, რომ მეომარი დაახლოებით 170 სმ სიმაღლისა იქნებოდა – რითაც სულ მცირედით ჩამორჩებოდა რიგით ვიკინგ მამაკაცს – და, სავარაუდოდ, 30-დან 40 წლამდე ასაკში გარდაიცვალა. თუმცა მან ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა: რამდენიმე საკვანძო ანატომიური ინდიკატორი მამრობით სქესს არ შეესაბამებოდა.
მაგალითად, დიდი საჯდომი ნაჭდევი მეომრის მენჯზე მამაკაცებში დადგენილ საშუალო მაჩვენებელზე ბევრად განიერი იყო; ის ქალებისას უფრო ჰგავდა. მეტიც, მეომრის მენჯზე ფართო ჩაღრმავება შეინიშნებოდა, ე.წ. ყურისებრწინა ღარი, რომელიც, ჩვეულებრივ, ქალის სხეულის მახასიათებელია. მეომრის ნიკაპიც მომცრო და წაგრძელებული ფორმის იყო – რაც მდედრობითი სქესის კიდევ ერთი თავისებურებაა. მართლაც, „ჩონჩხის რამდენიმე მახასიათებელი, – მოგვიანებით ამიხსნა ჩელსტრემმა, – ქალური იყო“. თავგზააბნეულმა მკვლევარმა ორ სხვა ანთროპოლოგს სთხოვა, დამოუკიდებლად შეეფასებინათ ჩონჩხის სქესი. ორივე მათგანი იმავე დასკვნამდე მივიდა.
ძველსკანდინავიური საგები ვიკინგი მეომარი ქალების შესახებ დამაინტრიგებელ ამბებს შეიცავდნენ. ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ქალს ლაგერთა ერქვა, რომელიც ვიკინგ მხედართმთავარზე იყო დაქორწინებული. დანიელი მემატიანის, საქსონ გრამატიკოსის თანახმად, იგი გამოცდილი მეომარი იყო და ბრძოლაში მამაკაცივით ჩაცმა-დახურვაზე უარს აცხადებდა. ლაგერთა მართლაც გაშლილი გრძელი თმით იბრძოდა, თუმცა XX საუკუნის არქეოლოგების დიდმა ნაწილმა ასეთი ცნობები უგულებელყო და შუა საუკუნეების მეზღაპრეთა წარმოსახვას მიაწერა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ვიკინგი ქალები თავიანთ ყოველდღიურობას ტრადიციული დიასახლისებივით ატარებდნენ – საჭმელს ამზადებდნენ, ტანსაცმელს კერავდნენ და ბავშვებს უვლიდნენ.
ჰედენსტიერნა-ჯონსონი ამაში ამდენად დარწმუნებული არ იყო. მან ძირეულად გამოიკვლია ბირკის არქეოლოგიური ველი და იცოდა, რომ იქაური გარნიზონის დარბაზი ერთ დროს რკინის იარაღით იყო სავსე. ამ ადგილს წმინდად სამხედრო დანიშნულება ჰქონდა: სივრცე, რომელიც თავად შუბოსან ღმერთს, ოდინს ეძღვნებოდა. ვიკინგების გარნიზონთან და მის საკრალურ მიწასთან ამდენად ახლოს ადამიანის დაკრძალვა თავისთავად მიანიშნებდა მიცვალებულის ავტორიტეტზე – დიდი ალბათობით, დამსახურებულ სამხედრო ფიგურას რომ შეეფერებოდა. ნუთუ შესაძლებელია იმ პრესტიჟულ სამარხში ქალი მეომარი დაეკრძალათ?

ვიკინგები სახელოვან მიცვალებულებს ხშირად გალერებში მარხავდნენ, როგორიცაა 1903 წელს ნორვეგიაში აღმოჩენილი ოსებერგის გემი. ეს სამარხი უჩვეულო იყო არა მხოლოდ ინვენტარის სიუხვით, არამედ მისი IX საუკუნის მობინადრეთა გამოც: ორი წარჩინებული ქალის, რომელთაგან ერთ-ერთი, ზოგიერთის რწმენით, გრძნეული იყო.
ვიკინგების ეპოქის მუზეუმი, ოსლოს უნივერსიტეტი
საბედნიეროდ, მან და ჩელსტრემმა საკმარისი დაფინანსება მიიღეს, რომ შვედეთში ნაპოვნი ძველი ადამიანების ჩონჩხის დნმ ზედმიწევნით შეესწავლათ. კარგად შემონახული ბირკელი მეომრის ჩონჩხი ამ პროექტისთვის საუკეთესო კანდიდატი იყო. ამგვარად, 2015 წელს, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმატებით მოიპოვეს უძველესი დნმ ორი პატარა ნიმუშიდან, ერთი – ინდივიდის ეშვიდან, ხოლო მეორე – მხრის ძვლიდან. ამით გენეტიკოსებმა მთელი გენომის მასშტაბით შეაგროვეს მონაცემები, რათა მოლეკულურ დონეზე დაედგინათ მებრძოლის სქესიც და წარმომავლობაც.
ჰედენსტიერნა-ჯონსონს აღნიშნული ტესტების შედეგები სულ რამდენიმე თვის გაგებული ჰქონდა, როდესაც სტოკჰოლმის რკინიგზის სადგურში შევხვდით ერთმანეთს. ამ ცნობილ მეომრის სამარხში აღმოჩენილი ინდივიდი, როგორც მან მითხრა, გენეტიკურად ახლოს დგას თანამედროვე სამხრეთ შვედეთის მცხოვრებლებთან. თუმცა ყველაზე საოცარი შედეგი მეომრის ბიოლოგიური სქესის განმსაზღვრელმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა.
Bj 581-ში აღმოჩენილი ინდივიდი, როგორც ჰედენსტიერნა-ჯონსონმა განაცხადა, ქალია.
თუმცა ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევა მალევე გართულდა. 2017 წელს ჰედენსტიერნა-ჯონსონმა, თავის ცხრა კოლეგასთან ერთად, ბირკელი ქალის დნმ-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა American Journal of Physical Anthropology-ში. მათდა გასაკვირად, რვაგვერდიანი ანგარიში, რომელიც სავსე იყო ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა „ეპიფიზური კავშირი“ და „ნუკლეოტიდური განლაგებები“, დიდი უთანხმოების საგნად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიკინგთა სპეციალისტების ნაწილმა ეს კვლევა მოიწონა, სხვები ახალ მიგნებებს რადიკალურად გაემიჯნნენ. ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ბირკის სამარხში შესაძლოა თავდაპირველად მამაკაცი მეომარიც იყო თავის ქალ თანამგზავრთან ერთად და გარკვეული დროის შემდეგ მამაკაცის ჩონჩხი სხვაგან გადაასვენეს. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა იმის დასტურად, რომ სამარხში ოდესმე მეორე ნეშტიც იყო დაკრძალული.
სხვა მკვლევრებმა უფრო თეორიული კონტრარგუმენტი მოიყვანეს. მიცვალებულები, მათივე თქმით, თავად არ იმარხავენ თავს და ჭირისუფლებს მარტივად შეეძლოთ, საფლავში მოეთავსებინათ გარდაცვლილი ქალის მამის ან მეუღლის კუთვნილი ძვირადღირებული იარაღი ქალის მაღალი სოციალური სტატუსის აღმნიშვნელად. თუმცა, სხვა მტკიცებულებები ცხადად მიანიშნებდა იმაზე, რომ იარაღი უშუალოდ ქალს ეკუთვნოდა. ზოგიერთი ძველსკანდინავიური ლექსი, მაგალითად, მკაფიოდ აღწერდა წესს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილ მეომრებს თავიანთ საბრძოლო იარაღთან ერთად კრძალავდნენ. გარდა ამისა, როდესაც ჩონჩხი მამაკაცის ეგონათ, მაშინ არავის გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ბირკის სამარხში აღმოჩენილი იარაღი უბრალოდ საგვარეულო ნივთს წარმოადგენდა – ახლა რატომღა გაჩნდა ეს იდეა?

ასეთი გამოხმაურებით შეცბუნებულმა ჰედენსტიერნა-ჯონსონმა და სხვა რამდენიმე მკვლევარმა ცნობილი სამარხის კვლევის გაფართოება გადაწყვიტეს. გუნდის ზოგიერთმა წევრმა გულდასმით დაამუშავა ისტორიული ჩანაწერები, რათა ვიკინგი მეომარი ქალების შესახებ ყველაზე უმნიშვნელო ცნობებიც კი შეეგროვებინათ. ყველაზე დამაინტრიგებელი ინფორმაცია, ალბათ მოცემულია, XII საუკუნის ამ ტექსტში: Cogadh Gaedhel re Gallaibh – „ირლანდიელთა ომი უცხოელებთან“. მასში ირლანდიელ ავტორს ჩამოთვლილი ჰყავს 16 ვიკინგი მხედართმთავარი, რომლებიც X საუკუნის შუა ხანებში მიუნსტერის რეგიონზე თავდასხმებს მეთაურობდნენ. ამ სამხედრო წინამძღოლებს შორის იყო ვიკინგი ქალი, ინგენ რუიადი, რომლის სახელიც „წითელ გოგონას“ ან „წითელ ქალიშვილს“ ნიშნავს (ეს სახელი შესაძლოა მისი წითური თმიდან მომდინარეობდა). იგი უთუოდ გავლენიანი ფიგურა იყო. „ის ვიკინგი, გემის კაპიტანი და ფლოტის მეთაურია“, – მითხრა ნილ პრაისმა.
ჰედენსტიერნა-ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა უფრო დეტალურად შეისწავლეს ბირკის ცნობილ სამარხში ჩატოვებული ინვენტარი. გამორჩეულად თვალშისაცემი და გასაკვირი საცხენოსნო ნივთების სიუხვე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიკინგებმა სახელი უმეტესად თავიანთი საზღვაოსნო უნარებით გაითქვეს, ჩრდილოეთში მცხოვრები შეძლებული ოჯახები ცხენებსაც აშენებდნენ საჯირითოდ და ფერმებში სამუშაოდ. ბირკელი ქალი, სავარაუდოდ, ასეთი პრივილეგირებული წარმომავლობის იყო და მის საცხენოსნო ოსტატობაზე რამდენიმე დეტალიც მიანიშნებდა. მისი გადაზნექილი ჩონჩხი მიუთითებს მჯდომარე პოზით დასაფლავებაზე – სავარაუდოდ, უნაგირთან ერთად, რომლის ხე და ქვეშაგები დრომ გახრწნა და მხოლოდ მის ტერფებთან ნაპოვნი რკინის უზანგები შემორჩა. ამასთან ერთად, შემაღლებულ პლატფორმაზე ნაპოვნი ერთ-ერთი ცხენის ჩონჩხს ლაგამი ჰქონდა ამოდებული, თითქოს გასაჭენებლად გაამზადესო. გარდა ამისა, სამარხში სხვა საცხენოსნო აღჭურვილობაც იყო, მათ შორის დიდი სამურველის მსგავსი ნივთიც.
მეომრის ჩონჩხის გარშემო განლაგებულ საბრძოლო აღჭურვილობასაც თავისი ფუნქცია ჰქონდა. მაგალითად, ისრებს მეტოქის აბჯრის გახვრეტა შეეძლო და მხოლოდ სარიტუალო დანიშნულების არ ყოფილა. სამარხში ნაპოვნი სხვა იარაღი – ფარები, შუბები, ორლესული მახვილი, საბრძოლო ცული და დანა – მიანიშნებდა, რომ მეომარი ქალი თავდასხმის რამდენიმე სახეობას ფლობდა, მათ შორის ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებასაც.

სკანდინავიურ მითოლოგიაში მეომრებად გვევლინებიან ქალებიც – შიშისმომგვრელი ვალკირიები. ვიკინგთა არტეფაქტები მათ იშვიათად ასახავს, რაც დანიაში აღმოჩენილ ამ მოოქრულ ფიგურას (დაახლ. ახ.წ. 800 წ.) გამოარჩევს; ის ადასტურებს, რომ ქალებიც ჩვეულებრივ ატარებდნენ იარაღს.
ფოტო: ჯონ ლი, დანიის ეროვნული მუზეუმი
სხვა მინიშნებები, მაგალითად, ვერცხლის მონეტის ფრაგმენტი, რომელიც მოიჭრა აბასიანთა სახალიფოში – მუსლიმთა ვრცელ იმპერიაში, რომლის დედაქალაქი დღევანდელი ბაღდადის ტერიტორიაზე მდებარეობდა – აღნიშნულ ქალს აკავშირებდა ვიკინგების სარფიან სავაჭრო საქმიანობებთან აღმოსავლეთში. სამარხში ნაპოვნი ტანსაცმლის ფრაგმენტების ანალიზმა კი წარმოაჩინა სამოსის ცხადად აღმოსავლური სტილი. ქალი შთამბეჭდავი ევრაზიული სტეპის სტილის საცხენოსნო ქურთუკით დაკრძალეს, რომელიც აბრეშუმით იყო მოქარგული და, სავარაუდოდ, სარკის მცირე ზომის ფრაგმენტებით შეემკოთ ბზინვარების ეფექტისთვის. მას ასევე ძვირადღირებული აბრეშუმის ქუდი ეხურა, რომელსაც ვერცხლის ფოჩები და ოთხი პატარა ვერცხლისფერი ბურთულა ამშვენებდა. სტილიც და მასალაც მიანიშნებდა, რომ ის, სავარაუდოდ, ვიკინგებით დასახლებულ კიევში შეიკერა, რომელიც კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი ძირითადი სამდინარო გზის გასწვრივ იყო გაშენებული.
მთლიანობაში, ასეთი ტანისამოსი მიუთითებდა აღმოსავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ძალიან გავლენიან ადამიანზე. მართლაც, შედარებითი კვლევის თანახმად, რომელიც სკანდინავიელმა არქეოლოგმა და ქსოვილების შემსწავლელმა ინგა ჰაგმა ჩაატარა, ასეთი გამორჩეული ქუდებით დაკრძალული პირები დიდი ალბათობით კავალერიის მეთაურები და უშუალოდ მეფესთან ან პრინცთან დაახლოებულნი იყვნენ – ეს თეორია მკვლევარმა იქამდე გამოთქვა, სანამ დადგინდებოდა, რომ იმ ცნობილ სამარხში ქალი ესვენა.
ნაპოვნი იარაღი მიანიშნებდა, რომ მეომარი ქალი ჩინებულად ფლობდა თავდასხმის რამდენიმე სახეობას.
ბირკის სამარხში ნაპოვნი მეომარი ქალი შესაძლოა კონკრეტული სახეობის საცხენოსნო შერკინებაში იყო გაწაფული. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ბირკის გარნიზონზე წარმოებული ფართომასშტაბიანი გათხრებისას არქეოლოგებმა მშვილდოსნობის აღმოსავლური აღჭურვილობა აღმოაჩინეს, მათ შორის ისრისპირები, რომლებიც აღმოსავლურ კომპოზიტურ მშვილდებთან ერთად გამოიყენებოდა. ეს აღმოჩენები მტკიცედ მიანიშნებდა, რომ ბირკის გარნიზონში მებრძოლი ზოგიერთი მეომარი ევრაზიის სტეპებში გავრცელებულ ცხენით მშვილდოსნობის სახეობას ფლობდა. დღეს, ჰედენსტიერნა-ჯონსონი ფიქრობს, რომ ბირკელი ქალი შესაძლოა აღმოსავლურ ცხენით მშვილდოსნობაშიც იყო დაოსტატებული.
ის მოსაზრება, რომ ცნობილი მეომრის სამარხში დაკრძალულ ქალს შეიძლება ცხენოსან მშვილდოსნად ებრძოლა, უაღრესად დამაინტრიგებელი იყო. და იმაზე დავფიქრდი, იქნებ ეს უძველესი საბრძოლო მეთოდი ვიკინგების ეპოქაში ზოგიერთი ქალი მეომრისთვის ბრძოლის ველზე მამაკაცთან თანაბარ პირობებს უზრუნველყოფდა. უფრო მეტი რომ გამეგო, გადავწყვიტე, ჩემს ნაცნობ გერმანელ მეცნიერს დავკავშირებოდი, რომელმაც მრავალწლიანი მომზადება გაიარა, რათა თავადაც მხედარი მშვილდოსანი გამხდარიყო.
ანგელა გრეფენი გერმანიაში მცხოვრები უძველესი დნმ-ის სპეციალისტია, რომელმაც შეისწავლა ეცის გენომი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა 1991 წელს გამდნარ მყინვარში აღმოჩენილ ამ ცნობილ ყინულის კაცზე. მას არ ეუცხოვა ის მოსაზრება, რომ ბირკელი ქალი გამოცდილი ცხენოსანი და მშვილდოსანი იყო. პირიქით, ეს იდეა მისთვის ლოგიკურად ჟღერდა.
„საცხენოსნო დისციპლინები სწორედ ის ოლიმპიური სპორტის სახეობაა, რომელშიც კაცები და ქალები თანაბარ პირობებში ასპარეზობენ“, – მომწერა გრეფენმა ელ-ფოსტით. „იგივე ეხება ცხენით მშვილდოსნობასაც, სადაც რამდენიმე ქალი მსოფლიოში საუკეთესოთა რიგებს შორისაა“.

დანიის ყოველწლიურ ფესტივალებზე, როგორიცაა „სლეტენი“ და „ვიკინგის დღეები“, სკანდინავიელი ქალები განასახიერებენ იმ როლებს, რომლებსაც მათი სქესის წინაპრები ასრულებდნენ. საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხენა კუთხიდან: კრისტინა დ. ფოტოსი შუბმომარჯვებული დგას, ტინა რიის ნილსენი ცეცხლზე მინის ბურთულებს აწრთობს, მშვილდოსანი კირსტინ გრენლუნ მონბერგი ხალხს მშვილდ-ისრის გამოყენებას ასწავლის, ხოლო ბაზიერი მია ვენდელბო დალსგორი თავის ქალიშვილთან ერთად პოზირებს.
გრეფენმა აგრეთვე მოიშველია გამოქვეყნებული არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ქალი მხედარი მშვილდოსნების დიდხნიანი ტრადიციის არსებობაზე ევრაზიის სტეპებში – ტერიტორიაზე, რომელსაც ვიკინგი ვაჭრები და მეომრები კარგად იცნობდნენ. დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიიდან ცენტრალურ აზიამდე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაახლოებით 300 შეიარაღებული ქალის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანი ცხენებთან და საცხენოსნო აღჭურვილობასთან ერთად იყო დაკრძალული ყორღნებში, რომლებიც ძვ. წ. VIII საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე პერიოდით თარიღდება. უკრაინაში მიკვლეულ ერთ-ერთ შთამბეჭდავ სამარხში, რომელიც მამაი-გორას სახელითაა ცნობილი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგმა ელენა ფიალკომ აღმოაჩინა ათიოდე ქალი, რომლებიც „მსუბუქად შეიარაღებულ კავალერიას ქმნიდნენ“.
აღჭურვილობა, რომელიც ამ შეირაღებულ აღმოსავლელ ქალებთან ერთად იყო დამარხული, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, მახვილებითა და შუბებით დაწყებული, აბჯრითა და მუზარადებით დამთავრებული. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი მშვილდ-ისარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მართლაც, სტეპში მცხოვრები ქალის უძველეს სამარხში, რომელიც მდინარე დნეპრის სანაპიროზე აღმოაჩინეს, 92-ისრიანი კაპარჭი დახვდათ. სტენფორდის უნივერსიტეტის ისტორიკოსი და ძველი ეპოქის მეომარ ქალებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალების ექსპერტი, ედრიენ მეიორი მიიჩნევს, რომ ცხენოსნობისა და მშვილდოსნობის შეთავსება ქალებს დიდ ძალას ანიჭებდა. „ცხენი და მშვილდი გამთანაბრებლები იყვნენ. ქალებს შეეძლოთ ისეთივე მტკიცე, სხარტი და მომაკვდინებელნი ყოფილიყვნენ, როგორც კაცები“, – წერს მეიორი ჟურნალ Foreign Affairs-ში.
2019 წელს შვედი მკვლევრების გუნდმა ბირკელ ქალზე მეორე სტატია გამოაქვეყნა ჟურნალ Antiquity-ში. მათ თავი მოუყარეს დეტალურ არქეოლოგიურ და ისტორიულ მტკიცებულებებს იმ მოსაზრების დასასაბუთებლად, რომ იარაღით სავსე სამარხში ნაპოვნი ქალი მეომარი იყო და, სრულიად შესაძლებელია – სამხედრო მეთაურიც. ვიკინგების ეპოქის მრავალ სპეციალისტს, მათ შორის მარიან მოენს, რომელიც ოსლოში, კულტურული ისტორიის მუზეუმის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მეორე ნაშრომი „ძალიან დამაჯერებლად“ ეჩვენა.
როდესაც ჰედენსტიერნა-ჯონსონი და მე ბირკაში ჩავედით, შუადღე დიდი ხნის გადასული იყო და ჩვენ თავზე ცა იქუფრებოდა. ფერდობს ავუყევით ბორცვზე აღმართული ციხესიმაგრისა და გარნიზონის დარბაზისკენ, სადაც ბირკელ მეომრებს ერთ დროს გრძელი, ბნელი ზამთრის ღამეები ნადიმსა და სმაში გაჰყავდათ. შემდეგ ჰედენსტიერნა-ჯონსონი გატრიალდა და გამიძღვა სამარხისკენ, რომელშიც ოდესღაც სახელგანთქმული მეომარი ქალი ესვენა. შემაღლებული ტერასიდან მან იმ ადგილისკენ მიმითითა, საიდანაც ჭირისუფლები სხეულს შთამბეჭდავ, იარაღით სავსე სამარხში ჩაუშვებდნენ.
იქ რამდენიმე წუთი დავყავით, რა დროსაც გონებაში ამომიტივტივდა დღისით ნანახი აკლდამის გრავიურა – მიწაზე დასვენებული ადამიანის ჩონჩხი, პროფესიონალი მეომრის ძვლების გარშემო სიფრთხილით განლაგებული იარაღი. თითქმის 140 წლის განმავლობაში ეს გამოსახულება იპყრობდა არქეოლოგებისა და სხვა მკვლევრების ყურადღებას, ბადებდა უამრავ შეკითხვას სამარხისა და იქ განსვენებულის ვინაობის შესახებ. დღეს, თანამედროვე მეცნიერთა დისციპლინათაშორისი გუნდის თავდაუზოგავი შრომის წყალობით, უფრო ვრცელ კონტექსტზე მიგვიწვდება ხელი მტკიცებულებებით, რომლებიც გვიდასტურებს, რომ ეს ინდივიდი ქალი იყო – მეომარი ქალი, რომელმაც წარჩინებული სამხედრო პირებისთვის განკუთვნილ სამარხში დაასრულა სახელოვანი ცხოვრება. ის, როგორ ჩანს, არა მხოლოდ იგერიებდა „შუბთქარიშხალსა“ და „იარაღთქუხილს“ ვიკინგების ბრძოლის ველზე, არამედ ამ სფეროში უაღრესად გაწაფულიც იყო და იმსახურებდა თანამებრძოლთა ნდობას. და როდესაც იმ ყველაფერზე ვფიქრობ, რასაც თანდათანობით მოეფინა შუქი, მის მიმართ უსაზღვრო პატივისცემას ვგრძნობ. დღეს მის საფლავს კვლავ ბუნება დაეპატრონა, თუმცა ბირკის მეომარი ქალი ბურუსით აღარაა მოცული. მან ადამიანთა მეხსიერებაში ხელახლა დაიმკვიდრა თავი და ვიკინგების ეპოქის დიად საგაში ღირსეული ადგილი დაიკავა.
ჰეზერ პრინგლი ავტორია წიგნისა „ჩრდილოელი ქალები: უცნობი ამბები ვიკინგთა სამყაროს მეორე ნახევრიდან“, რომელიც National Geographic Books-მა გამოსცა. ეს სტატია აღნიშნული წიგნიდანაა ადაპტირებული.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში