ნადირობა მამაჩემის პეპელაზე
ქალიშვილმა მიზნად დაისახა, იპოვოს მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი პეპელა - სახეობა, რომელსაც სახელი მისი მამის პატივსაცემად ეწოდა.
ნადირობა მამაჩემის პეპელაზე
ქალიშვილმა მიზნად დაისახა, იპოვოს მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი პეპელა - სახეობა, რომელსაც სახელი მისი მამის პატივსაცემად ეწოდა.
ერთხელ მამაჩემმა მითხრა, რომ პეპლების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იშვიათად აჭარბებს რამდენიმე კვირას.
პეპლებით ბავშვობიდან გატაცებულმა, სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ინდივიდი დაიჭირა. ქინძისთავითა და პინცეტით ფრთებს ისე უსწორებდა, ერთ ანტენასაც არ უზიანებდა. შემდეგ თორაქსში პაწაწინა ნემსების გაყრით მწერებს ქაფპლასტის დაფაზე ამაგრებდა, სხეულისა და ფრთების საკონსერვაციოდ კი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. დღისა და ბინდის პეპლებს შესაბამისი სახეობისა თუ ოჯახის მიხედვით, საგულდაგულოდ განალაგებდა ვიტრინებში. გამადიდებელი ლინზის დახმარებით, მზესუმზირას თესლის ზომის იარლიყებზე ლათინურ სახელწოდებებს აწერდა. მინაში ჩასმული ეგზემპლარები ბზინავდა.
მამაჩემი რუსთამ ეფენდი, საბჭოთა პერიოდის აზერბაიჯანელი ლეპიდოპტეროლოგი, კავკასიის პეპლების სახელგანთქმული მკვლევარი გახლდათ. ჩემი ბავშვობის სახლში მამა იშვიათი სტუმარი იყო. ზამთრების უმეტესობას ბაქოს სხვა ნაწილში, ერთოთახიან ბინაში ატარებდა და პეპლების სეზონის დაწყებას ელოდა გაზაფხულის მიწურულს. უკანასკნელი თოვლი რომ დადნებოდა შედარებით დაბლა მდებარე ველებზე, მაშინვე მთას მიაშურებდა. უკან ბრუნდებოდა ქილაში ჩასმული მუხლუხის პარკებით, ასანთის კოლოფში მოწრიალე მუხლუხებით და კონვერტში გახვეული პეპლებით.
საკუთარი ცხოვრება თავის სამუშაოს მიუძღვნა და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც მე 14 წელი მისრულდებოდა. მამაჩემს თითქმის არ ვიცნობდი. როგორც ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს, გასული 30 წლის განმავლობაში აკვიატებულ აზრად მექცა მამაჩემის ისტორიის აღდგენა.
მამაჩემი, რუსთამ ეფენდი მარალგოლის ტბასთან დასავლეთ აზერბაიჯანში. საბჭოთა პერიოდში იგი გახლდათ დაფასებული ლეპიდოპტეროლოგი, რომელიც პეპლებს შეისწავლიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამ ზონაში მობინადრე დღის პეპლის სახეობას კი მის პატივსაცემად ეწოდა Satyrus effendi.
Satyrus effendi
მხოლოდ ერთი ფოტო შემომრჩა, რომელზეც მამაჩემი და მე ერთად ვართ. გადაღებულია ჩვენი სახლის აივანზე, ბაქოში, 1987 წელს, როდესაც მე 10 წლის ვიყავი. 4 წლის შემდეგ, 56 წლის ასაკში, იგი კიბოთი გარდაიცვალა.
რუსთამმა თავისი სიცოცხლე მიუძღვნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მობინადრე როგორც დღის, ისე ღამის პეპლების შესწავლასა და კონსერვაციას. კარიერის გარკვეულ ეტაპზე მისი კოლექცია 100 000-ზე მეტ ეგზემპლარს მოიცავდა.
მამაჩემი, რუსთამ ეფენდი მარალგოლის ტბასთან დასავლეთ აზერბაიჯანში. საბჭოთა პერიოდში იგი გახლდათ დაფასებული ლეპიდოპტეროლოგი, რომელიც პეპლებს შეისწავლიდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამ ზონაში მობინადრე დღის პეპლის სახეობას კი მის პატივსაცემად ეწოდა Satyrus effendi.
Satyrus effendi
მხოლოდ ერთი ფოტო შემომრჩა, რომელზეც მამაჩემი და მე ერთად ვართ. გადაღებულია ჩვენი სახლის აივანზე, ბაქოში, 1987 წელს, როდესაც მე 10 წლის ვიყავი. 4 წლის შემდეგ, 56 წლის ასაკში, იგი კიბოთი გარდაიცვალა.
რუსთამმა თავისი სიცოცხლე მიუძღვნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მობინადრე როგორც დღის, ისე ღამის პეპლების შესწავლასა და კონსერვაციას. კარიერის გარკვეულ ეტაპზე მისი კოლექცია 100 000-ზე მეტ ეგზემპლარს მოიცავდა.
რამდენიმე წლის წინ ვიკიპედიაში მის გვერდს წავაწყდი, ბმულზე დავაწკაპუნე და მოკრძალებულად შეფერილი პეპლის ფოტო შემომხვდა. წარწერაზე იკითხებოდა – „Satyrus effendi, ნიმფალიდების ოჯახის სახეობა“. იქვე წავიკითხე, რომ უკრაინელმა ლეპიდოპტეროლოგმა, იური ნეკრუტენკომ 1989 წელს პეპლის ახალი სახეობა აღმოაჩინა კავკასიაში და სახელი უწოდა რუსთამის პატივსაცემად, რომელიც მისი ახლო მეგობარი და კოლეგა იყო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ იური ეხუმრებოდა მამაჩემს: „რადგანაც მხოლოდ ქალიშვილები გყავს, შენს გვარს ეს პეპელა გააგრძელებს. იმედი დავიტოვოთ, რომ არ გადაშენდება“.
არადა, მისი მოგვარე ალბათ ერთ-ერთი უიშვიათესი პეპელაა მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ერთი თაობა იჩეკება ივლისის შუა რიცხვებიდან შუა აგვისტომდე და თავის მთიან ჰაბიტატში დაფრინავს ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე. მკაცრ ბუნებრივ პირობებს რომ გაუძლოს, Satyrus effendi-ის ფრთებს მოსავს ბეწვის მსგავსი ქერცლები და მუქ ყავისფრადაა შეფერილი მეტი სითბოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული სახეობის ყველაზე გამორჩეული ფიზიკური მახასიათებელი ორი შავი ლაქაა – ფრთების კუთხეებიდან თეთრგუგებიანი თვალებივით მომზირალი. ორი კვირის განმავლობაში ეს მწერი ფარფატებს ზანგეზურის ქედზე, რომელიც 160 კილომეტრზეა გადაჭიმული აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე.
მამაჩემს უამრავი სახეობა დაუჭერია და ყოველი მათგანი დაცულია აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში (ბაქო), სადაც იგი 30 წელზე მეტი ხანი მუშაობდა. დროთა განმავლობაში მისი კოლექციის დიდი ნაწილი მტვრად იქცევა. გამალებით ვეძებე მამაჩემის ავტორობით გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებში, მის საველე ჟურნალებსა თუ კოლექციაში დარჩენილ სახეობებში, მაგრამ Satyrus effendi-ის კვალს ვერსად მივაგენი. ამგვარად, დავასკვენი, რომ ის იყო ერთი მცირეთაგანი ენდემური სახეობა, რომელიც მან ბადეში ვერ გააბა. და გავიფიქრე, იქნებ მე შევძლო-მეთქი.
მამაჩემის სანადირო მიწები

ფოტო: ეფენდის ოჯახის არქივი
აღნიშნული პეპლის საპოვნად მოვხაზე მარშრუტი, რომელიც მამაჩემის ნაკვალევს მიჰყვებოდა. ვეყრდნობოდი მისივე შედგენილ იმ ადგილთა რუკებს, რომლებსაც სტუმრობდა ხოლმე – თუმცა აღნიშნული კვლევითი ზონა დღეს უკვე შეზღუდულია მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული ლეპიდოპტეროლოგის სახელი ჰქონდა, მან დოქტორის ხარისხის დაცვა ვერ შეძლო, რადგან მტკიცე უარს აცხადებდა კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებაზე. ამ გადაწყვეტილებით მისი საქმიანობის არეალი იზღუდებოდა: ხელისუფლება მას სსრკ-ის საზღვრებს გარეთ მოგზაურობას უკრძალავდა.
ამიტომ მან მშობლიური კავკასიის რეგიონი შემოიარა და თავის რუკებზე შავი წერტილებით აღნიშნა ყველა ადგილი, სადაც პეპლებზე უნადირია. მათი დიდი ნაწილი ნახიჩევანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სომხეთისკენ მიმართულ მთებს მიუყვებოდა. სამყარო, რომელსაც იმ პერიოდში სერავდა, მკვეთრად შეიცვალა. 1991 წელს, როდესაც იგი გარდაიცვალა, საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო და კავკასიაში ომები ღვივდებოდა. დღევანდელ დაბლობებსა და უღელტეხილებს ალბათ ვეღარც იცნობდა. ჟამთა სვლითა და კონფლიქტით განპირობებული ცვლილებები ახალ სირთულეებს მატებდა ჩემს მოგზაურობას.

წყარო: დიმიტრი მორგუნი; რენა ეფენდი; NASA/JPL; ESA, WORLDCOVER, SENTINEL-2
მტრული ჰაბიტატი
იდეალურ შემთხვევაში, აზერბაიჯანიდან სომხეთში, მამაჩემის მსგავსად, სახმელეთო გზით გადავიდოდი, მაგრამ დღეს ამ ქვეყნებს შორის მწვავე კონფლიქტია და საზღვარიც ჩაკეტილია. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ქვეყნები ერთმანეთს ებრძვიან მთიან ყარაბაღზე კონტროლის მოსაპოვებლად, რომელიც აზერბაიჯანის მთებში მდებარე ავტონომიური რეგიონია და იქაურ ეთნიკურ უმრავლესობას სომხები შეადგენენ. 30-წლიანი ომისა და ოკუპაციის შედეგად საქალაქო დასახლებები თუ სოფლები, მამაჩემი რომ რეგულარულად სტუმრობდა, ახლა ნანგრევებადაა ქცეული. იმ მინდვრების უმეტესობა, სადაც იგი პეპლებს დაეძებდა, ახლა სანგრებით დასერილი და დანაღმულია.

კონფლიქტი დღესაც გრძელდება. 5 წლის წინ აზერბაიჯანმა 44-დღიანი ომით ხელახლა დაიკავა ყარაბაღის მთიანეთს გარშემორტყმული პროვინციები, რომელთაც სომხეთი დაეუფლა სამი ათწლეულის წინ. ცეცხლის შეწყვეტას შუამავლობდა რუსეთი, რაც საბოლოოდ აზერბაიჯანისთვის ვრცელი ტერიტორიების გადაცემით დასრულდა. კიდევ უფრო ახლო წარსულში, 2023 წლის შემოდგომაზე, აზერბაიჯანმა ხელახლა აიღო ამ ავტონომიური რეგიონის დე ფაქტო დედაქალაქი ხანქენდი (სტეფანაკერტი); შედეგად, 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი მოსახლე იძულებით გადაადგილდა.
მამაჩემის მარშრუტის გასაცოცხლებლად მე ორივე ქვეყნის უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოებს მივმართე თხოვნით. მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაგრძელდა და, საბოლოოდ, აზერბაიჯანმა ნება დამრთო, სომხეთის საზღვარს მივახლოებოდი სამხედრო ესკორტით. ამ მოგზაურობისას მე ვხედავდი იმავე სამთო გზებს, რომელთაც მამაჩემი მიუყვებოდა ავტობუსით ან ვინმე გამვლელის მანქანით, მაგრამ სომხეთში გადასვლის ნებართვა არ მქონია.
წარსულის მინიშნებები
2022 წლის გაზაფხულზე, როგორც იქნა, მივიღე ნებართვა, რომ სომხეთში გავფრენილიყავი სტამბოლი-ერევნის რეისით. იქ გამგზავრებამდე მეფიქრებოდა, თუ დამხვდებოდა ვინმე საზღვრის მეორე მხარეს, ვისაც ჯერ კიდევ ემახსოვრებოდა მამაჩემი. რუსთამის ყოფილმა კოლეგებმა გამაცნეს პარკევ კაზარიანი, ეთნიკური სომეხი ტაქსიდერმისტი და მწერების შემგროვებელი. ბაქოში დაბადებული 69 წლის პარკევი დღეს ჩრდილოეთ სომხეთში ცხოვრობს, თავისი წინაპრების შორეულ სოფელში და სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს.
„გაჭრილი ვაშლივით ვგავდით ერთმანეთს“ – თქვა მამაჩემზე, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო. „ჩემი მასწავლებელი და მენტორი“. პარკევმა აზერბაიჯანი დატოვა ეთნიკური დაძაბულობისას 1989 წელს და თან გაიყოლა ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ებადა: კონსერვირებული პეპლების 11 ყუთი. თავის სახლში, ავეჯი რომ მხოლოდ ალაგ-ალაგ ეწყო, დრო თითქოს 1980-იან წლებში გაყინულიყო. იქ ხოჭო-მარტორქების კოლექციასაც ინახავდა საბჭოთა პერიოდის ძველ, უზარმაზარ უკრაინულ მაცივარში. ერთ-ერთ ოთახში, საწოლის ქვეშ, შევნიშნე მწვანე ტილოს ზურგჩანთა, ილუზიონისტის ქუდივით უძირო, რომელიც იტევდა ქილებს, ფარნებს, სინჯარებს, ასანთის კოლოფებს, ფრთების გასაშლელი ხელსაწყოების ნაკრებს, ციანიდით გაჟღენთილ ქაღალდის ლენტებს (პეპლის საწამლავი) და კიდევ ბევრ სხვა ნივთს.
მამაჩემის მეგობარი და კოლეგა პარკევ კაზარიანი, სომეხი ტაქსიდერმისტი, ერთ-ერთი მცირეთაგანია, ვისაც Satyrus effendi დაუჭერია. მას სომხეთში, ქალაქ გიუმრის სიახლოვეს მდებარე სახლში ვესტუმრე.
პარკევის ტაქსიდერმიულ ხელსაწყოებში შედის დაფა, რომელსაც იყენებს პეპლის ფრთების გასაშლელად. მამაჩემიც მსგავს ხელსაწყოებს იყენებდა და ეს ცოდნა პარკევს გადასცა, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო.
1989 წელს, როდესაც ძალადობამ იფეთქა, პარკევი და მისი ოჯახი ბაქოდან სომხეთში გაიხიზნნენ და სოფელ ცოღამარგში დასახლდნენ.
ტაქსიდერმისტი პეპლებით სავსე ყუთებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ინახავს. ერთ-ერთ ყუთში მოთავსებულია ორი Satyrus effendi.
მამაჩემის მეგობარი და კოლეგა პარკევ კაზარიანი, სომეხი ტაქსიდერმისტი, ერთ-ერთი მცირეთაგანია, ვისაც Satyrus effendi დაუჭერია. მას სომხეთში, ქალაქ გიუმრის სიახლოვეს მდებარე სახლში ვესტუმრე.
პარკევის ტაქსიდერმიულ ხელსაწყოებში შედის დაფა, რომელსაც იყენებს პეპლის ფრთების გასაშლელად. მამაჩემიც მსგავს ხელსაწყოებს იყენებდა და ეს ცოდნა პარკევს გადასცა, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო.
1989 წელს, როდესაც ძალადობამ იფეთქა, პარკევი და მისი ოჯახი ბაქოდან სომხეთში გაიხიზნნენ და სოფელ ცოღამარგში დასახლდნენ.
ტაქსიდერმისტი პეპლებით სავსე ყუთებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ინახავს. ერთ-ერთ ყუთში მოთავსებულია ორი Satyrus effendi.
მტვრიანი ყუთების გროვიდან პარკევმა ამოაძვრინა ერთ-ერთი, რომელიც სავსე იყო ქინძისთავით დამაგრებული პეპლებით. ჩემი ყურადღება მიიპყრო ორმა მათგანმა: Satyrus effendi. მამრი ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, მოზრდილი, მუქი ყავისფერი და ბეწვის მსგავსი ბუსუსებით დაფარული ხავერდოვანი ფრთებით. პარკევმა მითხრა, რომ ეს ეგზემპლარი საზღვრის სომხურ მხარეს, ვაიოცძორის მთებში დაიჭირა 1991 წლის ზაფხულში – მამაჩემის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ. „შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მაშინ დავიჭირე, – მითხრა მან, – რუსთამი გამიძღვა მისკენ“.
მამაჩემის ხელსაწყოები
რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე ზაფხულში, სომხეთში დავბრუნდი – ამჯერად, პეპელა უნდა მომეძებნა პარკევთან ერთად სწორედ იქ, სადაც მან თავის კოლექციაში შენახულ წყვილს 30 წელზე მეტი ხნის წინ მიაგნო. ჩვენ ვიმგზავრეთ ვაიოცძორის დაკლაკნილ გზებზე, საბჭოთა არმიის ყველგანმავლის საბარგულში. შემდეგ ფეხით ვჩხრეკდით იდილიურ მთის პლატოს და დავატარებდით შუქგამტარ პეპლის ბადეებს. სტანდარტული, წვეტიანი დაბოლოების ნაცვლად, ბადე მომრგვალებული იყო და თითბრისტარიან ბამბუკის ჯოხზე იყო დამაგრებული – ზუსტად მამაჩემის ბადის მსგავსად.
როდესაც მზე დაკბილულ კლდეებს მიეფარა, ძიების პირველი დღე ხელცარიელებმა დავტოვეთ. „ოჰ, რუსთამ, იმედი მაქვს, ზემოდან დაგვცქერი“, – თქვა პარკევმა და დრამატულად მიანიშნა ცისკენ. „შენს პარნასში მოვედით!“
ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუბრუნდებოდით იმავე ადგილს, მაგრამ ჩვენი პეპელა არსად ჩანდა.
მარცხნივ: საზღვრის სომხურ მხარეს პარკევს გავყევი ვაიოცძორის მთებში, სადაც მან ეს სახეობა დაიჭირა 1991 წელს.
მარჯვნივ: Satyrus effendi-ს ვეძებდი აზერბაიჯანის ზოოლოგიის ინსტიტუტში დაცულ მამაჩემის კოლექციაში, თუმცა ის არსად ჩანდა. მის ნაცვლად კი იქ ვიპოვე ბინდის პეპელა კრისტოფის ბრამეა (მუქი ყავისფერი, ცენტრში), რომლის დასაჭერად რუსთამს 7 წელი დასჭირდა.
მითოსური პეპელა
პარკევის გარდა, დღეს ცოცხალია ჩვენთვის ცნობილი კიდევ ორი ადამიანი, რომელთაც Satyrus effendi ბუნებაში უნახავთ. ერთ-ერთი მათგანია ენტომოლოგი დიმიტრი მორგუნი, რომელიც აღნიშნული პეპლის მცირე ჯგუფს აკვირდებოდა 2016 წელს, როდესაც მათ ზანგეზურის ქედს გადაუფრინეს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სამი წლის განმავლობაში დიმიტრი მეხმარებოდა და გამოცდილებას მიზიარებდა.
„ის მართლაც მითოსური პეპელაა“, – მითხრა დიმიტრიმ. „მისი ჰაბიტატი იმდენად იზოლირებული და მიუვალია, რომ მეცნიერთა უმეტესობას არ სჯეროდა, რომ ის მართლაც არსებობდა“.
როგორც ჩანს, Satyrus effendi გაუჩინარდა მისი ადრეული ჰაბიტატებიდან – მათ შორის იმ ადგილიდან, სადაც ის პირველად აღმოაჩინა იური ნეკრუტენკომ. ამ მოწყვლადი პეპლისთვის საფრთხეს კიდევ მეტად ზრდის გლობალური დათბობა, რადგან დღეს მწყემსები ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარე ფერდობებზე აძოვებენ საქონელს და ისინიც საკვებში ეცილებიან პეპლებს.
რუსმა ენტომოლოგმა, დიმიტრი მორგუნმა, Satyrus effendi-ს მიაკვლია ზანგეზურის მთებში – აზერბაიჯანის მკაცრად დაცულ საზღვართან, რომელსაც ეს ქვეყანა სომხეთთან იყოფს.
დიმიტრი მის მიერ შეგროვებულ მკვიდრ სახეობებთან. იგი დამეხმარა Satyrus effendi-ზე ნადირობაში სოფელ ფარაღაჩაისთან, სადაც მას 2017 წელს მიაკვლია.
ადგილობრივი მწყემსი ვუგარ რზაიევი გამიძღვა აღნიშნული პეპლის მთის ჰაბიტატში – 3000 მეტრზე ზემოთ ზღვის დონიდან.
იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც პეპლის დევნას დავუთმე, ფატიმა რზაიევა (მარცხნივ) და მისი რძალი, იფადე მმასპინძლობდნენ თავიან სახლში, 5-6 მწყემსით დასახლებულ სოფელ ფარაღაჩაიში.
რუსმა ენტომოლოგმა, დიმიტრი მორგუნმა, Satyrus effendi-ს მიაკვლია ზანგეზურის მთებში – აზერბაიჯანის მკაცრად დაცულ საზღვართან, რომელსაც ეს ქვეყანა სომხეთთან იყოფს.
დიმიტრი მის მიერ შეგროვებულ მკვიდრ სახეობებთან. იგი დამეხმარა Satyrus effendi-ზე ნადირობაში სოფელ ფარაღაჩაისთან, სადაც მას 2017 წელს მიაკვლია.
ადგილობრივი მწყემსი ვუგარ რზაიევი გამიძღვა აღნიშნული პეპლის მთის ჰაბიტატში – 3000 მეტრზე ზემოთ ზღვის დონიდან.
იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც პეპლის დევნას დავუთმე, ფატიმა რზაიევა (მარცხნივ) და მისი რძალი, იფადე მმასპინძლობდნენ თავიან სახლში, 5-6 მწყემსით დასახლებულ სოფელ ფარაღაჩაიში.
მას შემდეგ, რაც ჩემი პირველი მცდელობისას ზანგეზურის ქედის არასწორ მხარეს ავედი, ზაფხულში კვლავ ნახიჩევანში დავბრუნდი თვითმფრინავით, როდესაც გვერდი ავუარეთ სომხეთის საჰაერო სივრცეს და ირანის თავზე გადავიფრინეთ. მე შემომიერთდა დიმიტრი, რომ ზუსტი ადგილმდებარეობა მიეთითებინა ზანგეზურის ქედზე, სადაც მან აღნიშნული პეპელა იპოვა რამდენიმე წლის წინ. ამ ციცაბო ფერდობზე შვიდსაათიანი ასვლა კიდევ უფრო დამქანცველი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი პირველი ლაშქრობა. მამაჩემისგან განსხვავებით, მთაში სიარულს არ ვიყავი მიჩვეული. შუა გზაზე გული გამალებით მიცემდა და თავბრუც მეხვეოდა. როდესაც მწვერვალს მივაღწიეთ, პეპლები არსად ჩანდნენ. მომდევნო დღეს დიმიტრიმ ივარაუდა, რომ სეზონების ხასიათის ცვლილება ართულებდა იმის პროგნოზირებას, თუ რა პერიოდში იჩეკებოდნენ პეპლის მუხლუხები.
ჩემი აღმოჩენა
2023 წლის ზაფხულში მესამედ ვესტუმრე ზანგეზურის მთებს. ახლაც დიმიტრი მახლდა, თუმცა ამჯერად ჩვენ საპალნის ცხენებიც წამოვიყვანეთ და ბანაკი მოვაწყვეთ ოთხი ღამის გასათევად. მზის ჩასვლისას ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა და კარავი დაუცხრომელ ქარში ფრთხიალებდა. ყოველ დილით, განთიადისას, მთას მივაშურებდით ხოლმე. და ყოველდღე ხელცარიელნი ვბრუნდებოდით.
ხუთი დღის შემდეგ ენერგია გამომეცალა, ძილიც არ მყოფნიდა და თანდათან ვეგუებოდი აზრს, რომ ცოცხალ Satyrus effendi-ს ვერასოდეს ვიხილავდი. თუმცა, ამავე დროს გავაცნობიერე, რომ პეპლის დევნამ რაღაც სხვა მაჩუქა: მამაჩემთან დამაახლოვა. ვსეირნობდი მის საყვარელ მდელოებსა და მწვერვალებზე, ვხვდებოდი ადამიანებს, რომელთაც სახე უბრწყინდებოდათ მისი გახსენებისას. გავიცანი მამაჩემის ძველი მეგობრები, რომლებმაც სარკმელი გამიხსნეს მის ცხოვრებაში. ახლა მამაჩემი უფრო უკეთ გავიცანი, ვიდრე მისი სიცოცხლის პერიოდში.
როდესაც დიმიტრიმ და მე ბანაკი ავშალეთ ექსპედიციის ბოლო დღეს, უცებ მზემ გამოანათა და ქარიც ჩაწყნარდა. ჩვენც გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გვეცადა ბედი. ლაშქრობისას გადავაწყდით მარტო მდგომ ვაციწვერას ბუჩქს, ნაზად რომ ირხეოდა ქარში. ეს ენდემური ბალახოვანი მცენარე, რომელიც პეპლის აღნიშნული სახეობის მუხლუხების საკვები წყაროა, იმედისა და გაწბილების ნიშნებს ერთდროულად აჩენდა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ვაციწვერას დანარჩენ ბუჩქებს ალბათ საქონელი შეჭამდა.
მარცხნივ: ვუგარი და მისი ცხენი ზვერავენ მთიან სასაზღვრო ზოლს, სადაც Satyrus effendi ყოველ აგვისტოში დაფარფატებს ხოლმე რამდენიმე კვირით.
მარჯვნივ: მამაჩემის ნაკვალევზე სიარულმა მიმიყვანა მარალგოლის ტბასთან, სადაც მისი ფოტოა გადაღებული 1970-იანი წლების დასაწყისში.
შუადღისას შესასვენებლად ჩამოვსხედით და თვალები დავხუჭე. როდესაც გავახილე, დავინახე მოზრდილი, მუქი მწერი, რომელიც ფრთებს ჩქარ-ჩქარა იქნევდა ჩემ თავს ზემოთ სამი მეტრის სიმაღლეზე. „ის არის, ის არის!“ დავიყვირე და თითი გავიქნიე. დიმიტრი წამოფრინდა და ჩრდილოეთ ფერდობისკენ გაქანდა, ქვებს თოვლა თხასავით ახტებოდა. მეც გავეკიდე, მაგრამ ტემპში ვერაფრით ავყევი. დიმიტრიმ დაადასტურა, რომ ის მართლაც Satyrus effendi იყო. ეჭვგარეშე, მე დავინახე აღნიშნული სახეობის მამრი ინდივიდი. როდესაც ქედის თხემზე გადმოვდექი ფერდობის დასაზვერად, უცებ კიდევ ერთხელ გადამიფრინა. რაღაც წამიერად, ყავისფრად მოლიცლიცე ფრთები მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა ცასა და ქვიშისფერ ლანდშაფტთან. „ის აქ არის, ის დაფრინავს!“ კიდევ ერთხელ ვუღრიალე დიმიტრის და ჩვენ ერთად გავაყოლეთ თვალი, როგორ გადაევლო ის კლდოვან კასკადებს და ფერდობს დაღმა გაუჩინარდა.
არაკომერციულმა ორგანიზაციამ National Geographic Society, რომლის მიზანია ჩვენი სამყაროს საოცრებათა გაშუქება და დაცვა, მკვლევარ რენა ეფენდის პროექტი დააფინანსა.