ვინ უნდა ინადიროს დინოზავრებზე?
საფრანგეთის სოფლები მდიდარია განამარხებული ძვლებით, კვერცხებითა და ნაფეხურებით, თუმცა ბრძოლაა გაჩაღებული, თუ ვის აქვს მათი მოძიების უფლება.
შარშანდელი სექტემბრის ერთ მცხუნვარე დღეს ანი მეშენი წითელი თიხის ფილასთან ჩაიცუცქა მარსელთან მდებარე სამეურნეო მიწაზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. როგორც კი ანიმ თიხა გადაფხიკა, ძვლის პატარა ფრაგმენტი გამოჩნდა და ნაცნობი მღელვარება იგრძნო, ნამარხის პოვნისას რომ ეუფლება ხოლმე. სასწრაფოდ გასძახა მეუღლე პატრიკს და ამ 60 წელს გადაცილებულმა მოყვარულმა პალეონტოლოგებმა ფრთხილად მოასუფთავეს მიწის ზედაპირი, ძვლის გარშემო თხრილი გააკეთეს და მისი თაბაშირის ყალიბიც აიღეს სამეცნიერო დოკუმენტირებისთვის.
საღამოსკენ უკვე ორი ყალიბი გაემზადებინათ. ნელ-ნელა მღელვარებაც შემოეპარათ – შესაძლოა დიდი აღმოჩენის პირას ყოფილიყვნენ. როგორც პატრიკი ამბობს, ეს იყო `ჯილდო ჩვენი თავდაუზოგავი შრომისთვის“. მართლაც, მოწინავე ექსპერტები მალევე ალაპარაკდებიან მათი მონაპოვრის დიდ პოტენციალზე, თუმცა ეს აღმოჩენა საკმაოდ არახელსაყრელ დროს დაემთხვა: საფრანგეთში აპირებენ, რომ მოყვარულ პალეონტოლოგებს გათხრების უფლება შეუზღუდონ.
მწვავე დაპირისპირებამ, თუ ვინ უნდა ინადიროს დინოზავრის ნამარხებზე, ახლა დუღილის წერტილს მიაღწია, რომლის ცენტრშიც კვალიფიკაციის საკითხია. ერთ მხარეს არიან საფრანგეთის თანამდებობის პირები და მეცნიერები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ განამარხებული ნაშთების ძარცვისა და შავ ბაზარზე ვაჭრობის მოთმენა, ხოლო მეორე მხარეს დგანან ამ საქმის მოყვარულები, რომლებიც პროფესიონალებთან ერთად მუშაობენ და იცავენ ქვეყნის გეოლოგიურ მემკვიდრეობას; ისინი მუზეუმებს ავსებენ ნიმუშებით, რომელთა მოგროვება მხოლოდ უამრავი ენთუზიასტის ძალისხმევით არის შესაძლებელი. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ანტისამეცნიერო საქმეში და ორივე მათგანს აქვს არგუმენტები. კონფლიქტს ისიც ამწვავებს, რომ ქვეყნის პალეონტოლოგიური საგანძური სულ უფრო ფასდება და ცნობილი ხდება.

ოდესღაც საფრანგეთი სავსე იყო დინოზავრებით. დღეს ეს ქვეყანა განამარხებული ნაშთების რაოდენობით ევროპაში ლიდერობს. საფრანგეთში აღმოჩენილი ნაშთები მოიცავს გვიან ტრიასულიდან გვიან ცარცულ სისტემამდე პერიოდს, დაახლოებით, 200-75 მილიონი წლის წინანდელ ეპოქას. საფრანგეთში პირველ განამარხებულ ნაშთს XVIII საუკუნეში მიაკვლიეს, თუმცა პალეონტოლოგიის მიმართ ინტერესი 1950-იანი წლებიდან გამძაფრდა, მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა სენტ-ვიქტუარის კლდოვან სამხრეთ მთისწინეთში დინოზავრის კვერცხების მთელი მარაგი იპოვეს.
ამ აღმოჩენას სამეცნიერო გამოცემებში სტატიების წყება მოჰყვა. რამდენიმე თვეში ქალაქ ექს-ან-პროვანსს, რომელსაც მეტსახელად Eggs-en-Provence („კვერცხები პროვანსში“) შეარქვეს, ხალხის ნაკადი მიაწყდა, რომ თავადაც ეპოვათ ეს ფეხბურთის ბურთის ზომის ქერცლიანი კვერცხები. არალეგალურმა ბაზარმაც მალე იჩინა თავი, სადაც ერთი ეგზემპლარი ათასობით ფრანკად ფასდებოდა, რაც დღეისათვის რამდენიმე ასეულ ევროს შეესაბამება. ხელისუფლებამ მკაცრად იმოქმედა და 1994 წელს სენტ-ვიქტუარი ნაკრძალად გამოაცხადა. ამასობაში, დინოზავრის კვერცხები ექს-ან-პროვანსში ხან სად იჩენდა თავს, ხან – სად. 2000-2004 წლებში იქ 500-მდე კვერცხი აღმოაჩინეს, მიწის ნაკვეთზე, სადაც მოგვიანებით Monoprix-ის მაღაზია აშენდა, ასევე 400-ზე მეტი კვერცხი აღმოაჩინეს პროვანსის დიდი თეატრის ქვეშ.
პროფესიონალი პალეონტოლოგები, რომელთა უმეტესობა კვლევებშია ჩაფლული, ყოველთვის ვერ ახერხებენ ახალი ნამარხების ძიებას. სწორედ ეს სიცარიელე შეავსეს მოყვარულმა მაძიებლებმა. 1980-იან წლებში მეშენების წყვილმა აბელიზავრიდის მასიური ყბის ძვალი აღმოაჩინა – დინოზავრის ეს ოჯახი ადრე მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში იყო ნაპოვნი, 2022 წელს კი ერთმა მოყვარულმა არქეოლოგმა ტიტანოზავრის თითქმის სრული განამარხებული ჩონჩხი იპოვა საფრანგეთის სამხრეთში, კრიუზის კომუნის მახლობლად ტყის საფარში.
მოყვარულთა უმეტესობა გათხრებისას ითვალისწინებს პალეონტოლოგიურ მეთოდებს და თავიანთ აღმოჩენებს სამეცნიერო საზოგადოებასაც უზიარებს. გასულ წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი იუწყებოდა ორდოვიციული პერიოდის ასობით ღირებული განამარხებული ნაშთის აღმოჩენის შესახებ, რომლებიც დაახლოებით 470 მილიონი წლის წინანდელი უნდა ყოფილიყო. ეს ნიმუშები მალევე გახდა აკადემიური კვლევის საგანი ლოზანის უნივერსიტეტში, შვეიცარიაში. თუმცა არსებობენ არაკეთილსინდისიერი მაძიებლებიც, რადგან განამარხებული ნიმუშებით ვაჭრობით ბევრ ფულს შოულობენ.
სენტ-ვიქტუარის ეროვნული ნაკრძალის კურატორი და პალეონტოლოგი ტიერი ტორტოზა არაერთ მოყვარულს დაეხმარა ნამარხის იდენტიფიცირებაში, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ის ნიმუშები შავ ბაზარზე გაიყიდა. ზედა ცარცული პერიოდის ხერხემლიანთა სპეციალისტი ტორტოზა ამბობს, რომ კარგად იცის კერძო კოლექციების შესახებ, რომელთა ღირებულება ასობით ათას დოლარს აღწევს, თუმცა დარწმუნებულია სხვა, უფრო ძვირადღირებული კოლექციების არსებობაშიც.

2024 წლის ნოემბერში აპატოზავრის ჩონჩხი, რომელიც უაიომინგში აღმოაჩინეს, პარიზის გარეუბანში აუქციონზე ანონიმურმა მონაწილემ 6 მილიონ დოლარად იყიდა, 2023 წელს კი ტირანოზავრი, რომელსაც „სამებას“ უწოდებენ, 5,4 მილიონ დოლარად გაიყიდა ციურიხში. მუზეუმებს ასეთი თანხების გადახდა გაუჭირდებათ, თუმცა, რომ შეეძლოთ კიდევაც მათი შეძენა, „ეს პანდორას ყუთს გახსნიდა“, – ამბობს ტორტოზა. „ამ ნიმუშების შესყიდვა რომ დავიწყოთ, აღარავის მოუნდება მათი მუზეუმისთვის უსასყიდლოდ გადაცემა; იტყვიან: რატომ გავაჩუქოთ, როდესაც ამაში ფულს იხდიანო“.
ხშირად ნამარხი სრულიად უხმაუროდ ქრება, საჯარო აუქციონისგან განსხვავებით. საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, გამორჩეულად ღირებული ნამარხებით მდიდარი ზონა როკფორ-ლა-ბედულის კომუნაში, რამდენჯერმე გაძარცვეს. „იქაურობა ახლა გადათხრილია“, – ჩივის ტორტოზა. კერძო კოლექციის 90% იყიდება, ხანძარს ეწირება ან უბრალოდ მიტოვებული რჩება. საფრანგეთის ბუნების დაცვის ეროვნული საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ საფრანგეთის გეოლოგიური მემკვიდრეობა „ნამარხების შეგროვების გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა“.
ვითარება განსაკუთრებით რთულადაა ნორმანდიაში. ადგილობრივები, კალვადოსის სალი კლდეების ქვეშ მდებარე პლაჟებიდან, 160 მილიონი წლის, იურული პერიოდის ნამარხებს, ამონიტებს და სხვა ძვირფას ნიმუშებს საუკუნეების განმავლობაში აგროვებდნენ. სწორედ აქ აღმოაჩინეს პირველი დინოზავრის ნაშთები საფრანგეთში. ამ დრომდე იქ ჯერ კიდევ ნებადართულია ნამარხების ძიება, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, ეს ტერიტორია 37-კილომეტრიან ნაკრძალად აქციოს, რაც, თავის მხრივ, დააწესებს შეზღუდვებს, თუ ვის აქვს გათხრის უფლება.

თუ ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ყველა, ვინც ნებართვის გარეშე დაიწყებს ნამარხების ძიებას, დაჯარიმდება 750 ევროთი. ადგილობრივი ბუნებისმეტყველების მუზეუმის, Paleospace-ის დირექტორი კარინ ბუტილიე მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს „ნორმანდიაში პალეონტოლოგიის მკვლელობად“ აღიქვამს. მისმა გუნდმა პროტესტის ნიშნად წითელი ალმებით მონიშნა ყველა ის ნიმუში, რომლებიც მოყვარულების აღმოჩენილი იყო, რამაც თითქმის მთლიანი კოლექცია – 27 000 ნამარხი შეადგინა.
ლორან პულიზი, ექიმი პარიზიდან, რომელიც თავადაც ენთუზიასტი მოყვარული შემგროვებელია, კალვადოსის კლიფების სპეციფიკურ გამოწვევას უსვამს ხაზს: „ეს ზღვისპირა ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აღმოჩენილ ნამარხებს მალევე არ ამოვთხრით, ისინი რამდენიმე საათში ქვიშად იქცევა“, – გაცხარებით ამბობს იგი. „მათი შეგროვება მათ დაცვას ნიშნავს“. იგი სათავეში ჩაუდგა ინიციატივას, რომელიც ხელისუფლების გადარწმუნებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის პალეონტოლოგი ერიკ ბუფეტო ასე ეხმიანება პულიზის მოსაზრებებს: „თუ მოყვარულებს ავუკრძალავთ ნამარხების მოძიებას, ჩვენ აღარ გვექნება ახალი ნიმუშები“. მისი თქმით, ზედმეტად მკაცრი რეგულაციებით პროვანსის გარკვეული ნაწილი უკვე „მეცნიერებისთვის უნაყოფო მიწად“ იქცა.

ამასობაში მეშენების წყვილს ძალიან გაუმართლა. იმ მიწის მფლობელმა პროვანსში, სადაც მათ ნამარხი აღმოაჩინეს, უფლება მისცა, გაეგრძელებინათ გათხრები. ისინი კიდევ ოთხჯერ მიბრუნდნენ ველზე და იმავე დინოზავრის სხვა ნაშთებიც აღმოაჩინეს. ამ ჟანგისფერი ძვლების ნაკრებმა შეიძლება პასუხი გასცეს იდუმალებით მოცულ საკითხს, რომელიც 30 წელზე მეტია ტრიალებს ფრანგ პალეონტოლოგთა წრეში.
1980-იანი წლების ბოლოს მეშენებმა პროვანსის სხვა რეგიონში აღმოაჩინეს ამავე ტიპის ძვლების ნაკრები. პალეონტოლოგმა ბუფეტომ ეს ნიმუშები შეისწავლა და დაადგინა, რომ ის ეკუთვნოდა ქათმის ზომის მტაცებელს მოკაუჭებული კლანჭებით, რომელიც ცარცული პერიოდის მიწურულს ცხოვრობდა – სულ რამდენიმე მილიონი წლით ადრე, სანამ დინოზავრები გადაშენდებოდნენ დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ. ბუფეტოს თანაავტორობით გამოქვეყნდა ნაშრომი, სადაც იგი იუწყებოდა ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც მეშენების პატივსაცემად Variraptor mechinorum-ი უწოდა.
მეცნიერებმა პარიზიდან არ დააყოვნეს და ეს კლასიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენეს – ამტკიცებდნენ, რომ ძვლები სხვა მტაცებელს ეკუთვნოდა და მას შემდეგ Variraptor mechinorum-ი გაურკვევლობის ბურუსში გაეხვა. მეშენების ახალმა აღმოჩენამ შეიძლება ეს საკითხი ამოხსნას, ამბობს ტორტოზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტორტოზა თანამშრომლობს მოყვარულ არქეოლოგებთან, იგი მომხრეა, ძალაში შევიდეს ახალი რეგულაციები და უფრო მკაცრად აღსრულდეს უკვე არსებული წესები. „რეგულირება აუცილებლად აკრძალვას არ ნიშნავს“, – ამატებს იგი. მაგრამ საფრანგეთი არ უნდა გადაიქცეს ველურ დასავლეთად, სადაც არაფერი კონტროლდება“, – ამატებს იგი.

ერთ დღეს, ცოტა ხნის წინ, მეშენებმა კარი შეაღეს პატარა საიდუმლო ოთახში, სადაც ინახავენ ოთხი ათეული წლის განმავლობაში თავიანთ მოძიებულ ნიმუშებს. პატრიკმა და ანიმ ჩაუარეს თაროებს, რომლებზეც ნიანგისა და ალიგატორის თავის ქალა, გიგანტური კუს ბაკანი, ათობით დინოზავრის კბილი, ანკილოზავრის მენჯი და ტიტანოზავრის მრავალი ფრაგმენტია დალაგებული და მიუახლოვდნენ 5-6 ფრაგმენტით დაფარულ მაგიდას.
Variraptor mechinorum-ის სრული ჩონჩხი ჯერაც არ აღმოუჩენიათ, თუმცა მაგიდაზე დალაგებული ნიმუშები: დიდი წვივის ძვალი, თავის ქალა, კბილები, მხრის ფრაგმენტი და ხერხემლის ნაწილები, დღეისათვის ამ სახეობის ყველაზე სრული კოლექციაა. „ჩვენ რელიგიურები არ ვართ, – ამბობს პატრიკი, თან ოთახს თვალს მოავლებს, – მაგრამ ეს ჩვენთვის ტაძარივითაა“.