პანკისის ხეობის ხმები
კავკასიონის პირქუშ ქედებს შორის მოქცეული კოხტა ხეობა დღესაც მითებითაა მოცული. სწრაფად ცვალებად გარემოში, უმუშევრობისა და მზარდი მიგრაციის პარალელურად, ქისტი ქალები სტერეოტიპების დამსხვრევას და წარმავალი ტრადიციების შენარჩუნებას ერთდროულად ცდილობენ.
პანკისის ხეობის ხმები
კავკასიონის პირქუშ ქედებს შორის მოქცეული კოხტა ხეობა დღესაც მითებითაა მოცული. სწრაფად ცვალებად გარემოში, უმუშევრობისა და მზარდი მიგრაციის პარალელურად, ქისტი ქალები სტერეოტიპების დამსხვრევას და წარმავალი ტრადიციების შენარჩუნებას ერთდროულად ცდილობენ.
ივლისის ის პარასკევი განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. მზით გავარვარებულ პანკისის ხეობაში მხოლოდ ციკადების ხმა და სადღაც შორიდან მდინარე ალაზნის ყრუ შხუილი ისმის. სოფელ დუისის „ძველი მეჩეთის“ გვერდით პატარა ნაგებობაში შევდივართ და კედელთან დაწყობილ ბალიშებზე ვსხდებით. მხოლოდ ერთი ოთახია და სწორედ აქ სრულდება ზიქრის რიტუალი. ქალები ნელ-ნელა იკრიბებიან. დასწრების უფლება მოგვცეს, თუმცა ჭიშკრის ყოველი გაღებისას მასპინძლები თვალებს იქითკენ აპარებენ. იმამმა რამდენჯერმე უსაყვედურა ქალებს რიტუალზე უცხო ხალხის შემოშვების გამო. რაისა მარგოშვილი გვიმხელს, რომ თვითონ, პირიქით, უხარია დამსწრეები.
ქალები ზუსტად 12 საათზე დაიწყებენ რიტუალს. კაცები მეჩეთში ერთი საათის შემდეგ გამოჩნდებიან. რაისაც უფრო თამამად გვტოვებს სარიტუალო ოთახში. ქალები წრეზე სხდებიან და ლოცვას კითხულობენ. ლოცვა ნელ-ნელა სიმღერაში გადადის. შემდეგ წრეზე იწყებენ სიარულს და ტემპი იმატებს. მათ ნამღერ ნაზმებში ალაჰის დიდება მეორდება. პატარა, ჩახუთულ ოთახში გრძელ კაბებში გამოწყობილი თავსაფრიანი ქალები ისე სწრაფად იწყებენ ტრიალს, ტაშს ისე ენერგიულად უკრავენ, თითქოს ოთახიც ბრუნვას იწყებს. ხმათა სიმრავლეში ყველაზე ძლიერად რაისას ხმა ისმის, ფიცრულის კედლებს სცდება და სიცხეში მიძინებულ ხეობას ეფინება. ქალები ტრანსიდან ნელ-ნელა გამოდიან და ისევ ძირს სხდებიან.
ყველაზე ახალგაზრდა 64 წლისაა. დღეს ცხრანი არიან, ადრე ბევრად მეტნი იყვნენ. „ორ რიგად დავდიოდით, იმდენი ვიყავით. ახალგაზრდები ახლა არ მოდიან, აღარ აინტერესებთ. ვის უნდა გადავაბარო?“ – წუხს რაისა, რომელიც უკვე 31 წელია უძღვება ამ რიტუალს. მუსლიმი ქალების მიერ შესრულებული სუფიური ზიქრის რიტუალი პანკისელი ქისტების იდენტობის ნაწილია, თუმცა ხეობაში სულ უფრო იკლებს რიტუალის შემსრულებელთა რაოდენობა.

ქისტები არიან ეთნიკური ჩეჩნები, რომლებიც საქართველოში მასობრივად XIX საუკუნის დასაწყისში გადმოვიდნენ და პანკისის ხეობის ქართველებისგან დაცარიელებულ სოფლებში დასახლდნენ. ისინი ვაინახურ სუბეთნოსს წარმოადგენენ. ტერმინი ვაინახი „ჩვენს ხალხს“ ნიშნავს და ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს აერთიანებს, ისევე როგორც პანკისელ ქისტებსა და წოვათუშებს, იმავე ბაცბებს. კავკასიონის ძირში მოქცეული ხეობის მცირერიცხოვან ქისტ მოსახლეობას, მთის ადათებთან და ტრადიციებთან ერთად, თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული ჩეჩნური ენა. მათი სალაპარაკო ქართულიც თითქმის თავისუფალია სლენგისა და ბარბარიზმებისგან. პანკისის ხეობის ქისტები დიშნის, მაისტის, მელხისტის, ტერლოის, ხილდიხაროსა და ჩეჩნეთის სხვა მაღალმთიანი სოფლების თეიფების, იმავე თემური კლანების შთამომავლები არიან. ამაყობენ, რომ საქართველოში ჩამოსახლებული მათი წინაპრები კახეთს ლეკების შემოსევისგან იცავდნენ.
პანკისი თბილისიდან სულ სამიოდე საათის სავალზეა, მაგრამ ეს იდუმალებით მოცული პატარა ხეობა თითქოს ისევე შორსაა დედაქალაქიდან, როგორც კავკასიონის ქედებზე შეკიდული არწივის ბუდეები. მდინარე ალაზნის ნაპირებზე მწვანეში ჩაფლული სოფლებია მიმოფანტული, რომლებსაც ერთმანეთთან სამი ხიდი აკავშირებს. მაგალითად, ჯოყოლოდან ომალოში მოსახვედრად ფიცრებით აწყობილი ხიდია გადაჭიმული. ერთი ფიცარი ჩატეხილია და იმ ადგილს ან გვერდი უნდა უქციო, ან სწრაფად გადაუარო, ბორბალი რომ არ გაიჭედოს – ასეც ვიქცევით. ჰაერი სიცხეშიც კი კრიალაა და მთის ყვავილების სურნელი მოაქვს. გათენებამდე ხეობა მთებიდან ჩამოსული ნისლით იბურება. დილის 5 საათზე მეჩეთებში ლოცვა იწყება, ხმის გამაძლიერებლებით სოფლებს აღვიძებს და ბურუსიც იფანტება.
„ქისტების იდენტობა, ფაქტობრივად, კომპაქტურმა ჩასახლებამ გადაარჩინა“, – გვითხრა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა და მწერალმა ხასო ხანგოშვილმა. ქისტებს ქართველ მეზობლებთან ურთიერთობა დაახლოებით ნახევარი საუკუნე არ ჰქონდათ. ქართველები ხეობაში ჩამოსვლას ერიდებოდნენ – ამბობდნენ, რომ მთაში ნაცხოვრებ ქისტებს სულ ხანჯალზე ეკიდათ ხელი და პატარა შელაპარაკების დროსაც კი შეტევაზე გადადიოდნენ. კავშირი თანდათან, ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ დამყარდა. „როდესაც დაინახეს მეზობელმა ქართველებმაც, რომ სანდო, კომპრომისიანი ხალხია და მეგობრობა შეიძლება, უკვე დაიწყო ურთიერთობა. ჩემი აზრით, ზუსტად ამან განაპირობა, რომ არ მოხდა სრული ასიმილაცია“, – გვითხრა პანკისელმა უხუცესმა.
ქისტების თემში ერთი რელიგიის სხვადასხვა განშტოების მიმდევრობა ცხოვრებისადმი განსხვავებულ მიდგომებში იჩენს თავს. პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები სუნიტი მუსლიმები არიან. თავად ორ ძირითად ჯგუფს გამოყოფენ. ერთი ნაწილის, ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევართა რწმენაში შერწყმულია ისლამის მისტიკური მიმდინარეობა, სუფიზმი და მთის ადათ-წესები. ნაწილს კი სალაფიზმის მიმდევრები წარმოადგენენ, რომელთათვის მთავარია მუსლიმთა პირველი თაობების მიბაძვით ცხოვრება და უპირატესად მიიჩნევენ შარიათის კანონების და არა ქისტური ადათების დაცვას.

ხასო ხანგოშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შევხვდით. დუისში მისი სახლი ყველამ იცის, ამიტომ მიგნება არ გაგვჭირვებია. გადაადგილება უკვე უჭირდა, მაგრამ ეზოში დაგვხვდა და სახლში შეგვიძღვა. პანკისის ხეობა რომ იცვლება, ამაზე წუხდა, მაგრამ დროს არ უნდა ჩამოვრჩეთო, იმეორებდა. ხასოსთან ქისტების ადათობრივ სამართალზე სასაუბროდ მივედით.
ქისტებმა საზოგადოებრივი მართვის სამართალი ისტორიული სამშობლოდან გადმოიტანეს. ადათობრივმა სამართალმა, რომელიც თემის ცხოვრებას არეგულირებს, 200 წლის განმავლობაში ცვლილება არაერთხელ განიცადა. ქისტური სამართლის კოდექსის ბოლო ვარიანტი, ხასო ხანგოშვილის რედაქციით, 2018 წელს გამოიცა და მის დამტკიცებაში პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან არჩეულმა 71-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. „ცხარე კამათი იყო, – იხსენებდა ხასო, – ოთხი თვე გაგრძელდა, მაგრამ შევთანხმდით“.
ხასო ხანგოშვილის შვილიშვილის, ევა გუმაშვილის ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონება ალაზანზე ბიძაშვილებთან ერთად თევზაობაა. გადაფენდნენ ბადეს ხიდიდან და ხანდახან იმდენ თევზს იჭერდნენ, მთელ მათ უზარმაზარ ოჯახს ჰყოფნიდა. დიდ, ხმაურიან და მხიარულ სახლში გაიზარდა, დეიდაშვილებთან და ბიძაშვილებთან ერთად, თუმცა მხოლოდ პირველი კლასიდან, როდესაც დედამ თავისთან წამოიყვანა. მანამდე მამის მშობლებთან ცხოვრობდა და ის წლები კარგად არ ახსენდება. მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც მშობლები დაშორდნენ და ქისტური წესით მამის ოჯახში მოუწია დარჩენა. სახლში ერთადერთი ბავშვი იყო და მხოლოდ ერთი სათამაშო ჰქონდა.
გაშორებული მშობლების შვილების ბედს ქისტური ადათობრივი სამართლის მიხედვით უხუცესთა საბჭო და გვარის წარმომადგენლები წყვეტდნენ, ისევე როგორც ქონებრივ და ნებისმიერ სხვა სადავო საკითხს. პატრიარქალურ ქისტურ თემში ქალის ინტერესებს ტრადიციულად ოჯახის წევრი კაცები იცავდნენ.
ნაზო ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორია. პედაგოგისთვის დამახასიათებელი ხმის დამაჯერებელი ტემბრი და გადამდები სიცილი აქვს. კარგად ახსოვს, როგორ შეესწრო პირველად ასეთ განხილვას. 19-20 წლის იქნებოდა, როდესაც მის ახლობელ ახალგაზრდა ქალს ქმართან გაშორების შემდეგ შვილებს ართმევდნენ. „ჩვენი ყოფითი ტრადიციიდან გამომდინარე, ქალს უფლება არ ჰქონდა პირადზე, ოჯახზე, პრობლემებზე ელაპარაკა. ქალის ყველა ძირითად საკითხს წყვეტდა გვარი, თემი, – ჰყვება ნაზო, – მოსარჩლედაც და მედიატორადაც გვარის უხუცესები გამოდიოდნენ. ქალი ჩრდილში იყო, მას არავინ არაფერს ეკითხებოდა“. ქალის სამი შვილის ბედს ნაზოს გვარის წარმომადგენლები მისი დედ-მამის სახლში განიხილავდნენ. ახალგაზრდა დედა ტიროდა, იმიტომ რომ ბავშვებს თავისი მშობლების სახლში არ გაატანდნენ. ნაზო ახლაც კი საკუთარი სითამამით გაოცებული ჰყვება, როგორ გაბედა და შევიდა კაცებთან თხოვნით, დედისთვის მოესმინათ. „მეც ტირილით მივედი, ომახიანად კი არა, ცრემლი ჩამომდიოდა ღაპაღუპით და გამოვაცხადე, დედა ტირის და მას შეეკითხეთ-მეთქი“, – იხსენებს ნაზო. მის საქციელს კაცები გაოგნებულები შეხვდნენ, ასეთი რამ ხეობაში მიღებული არ იყო. ერთ-ერთმა ნათესავმა უხეშადაც კი მიუთითა, სასწრაფოდ ოთახიდან გასულიყო. ნაზო ცვლილების აუცილებლობაზე იმ დროიდან დაფიქრდა.
ქალთა საბჭოს მიმართ უნდობლობის დასაძლევად პანკისელი ქალები ყველასთან საუბარს და საკუთარი მისიის ახსნას ცდილობდნენ.
ცვლილებები პანკისში 2011 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც თამარ (იზა) ბექაურმა უხუცეს ქალთა საბჭოს დაფუძნება გადაწყვიტა. იზა ახმეტაში გაიზარდა, თუმცა ბავშვობის დიდი ნაწილი ქისტი დედის სოფელში, ომალოში აქვს გატარებული. კარგად იცის ჩეჩნური ენა და ახლოს იცნობს ქისტების წეს-ჩვეულებებს. პანკისის ხეობასთან პროფესიული შეხება, უკვე როგორც ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) კოორდინატორს, 2002 წლიდან მოუწია. იმ დროს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის გამო, პანკისის ხეობაში 7000-ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფებოდა. ლტოლვილების ნატურალიზაციის, დასაქმებისა და ხელშეწყობის პროცესის პარალელურად, NRC-ის ინიციატივით 2005-2006 წლებში ქალთა კლუბები შეიქმნა.
„პრესა მიგვქონდა, რომ ახალ ამბებს გასცნობოდნენ, – იხსენებს იზა. – სოფლის ქალები იკრიბებოდნენ, დავსხდებოდით ხოლმე და სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდით. მაშინ უფრო სიღრმისეულად გავიგე ქალების პრობლემები, რომლებიც ადათობრივ სამართალთან იყო დაკავშირებული. იმ დროს გამიჩნდა სურვილი, ისეთი რამ გაკეთებულიყო, კონკრეტულად ქალების საკითხზე რომ ეზრუნა. ვფიქრობდი, როგორც უხუცეს კაცთა საბჭო არსებობს, ამდაგვარი ქალების ჯგუფი რომ ჩამოყალიბებულიყო და მათ წარმომადგენლებს შესძლებოდათ კაცებთან დალაპარაკება“.
მისია, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდა. იზამ უხუცესთა საბჭოს წევრების სათითაოდ შემოვლა დაიწყო. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პანკისში, ასაკით უფროს კაცთან ახალგაზრდა ქალის დაჯდომა, საუბარი და ჩაის დალევა მიღებული არ არის, ქისტი უხუცესები მას ყურადღებით უსმენდნენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ იდეას მხარი დაუჭირა, ხასო ხანგოშვილი იყო. რამდენიმეთვიანი დარწმუნების შედეგად, ქალების ჯგუფს მედიატორის ფუნქცია მიენიჭა.
„ქალთა საბჭოს შექმნაზე თავიდან წინააღმდეგობა იყო, ასეთი რამ არ არსებობდა ჩვენს წინაპრებში. როდესაც ქალებმა მოგვმართეს, უხუცესების ნაწილი უარზე იყო, ნაწილი დღესაც ეწინააღმდეგება, – იხსენებდა ხასო ხანგოშვილი ჩვენთან საუბრისას, – მაგრამ ჩვენ ავწონ-დავწონეთ და დადებითად ვუპასუხეთ, გვერდში დავუდექით, ვინაიდან ქალების საკითხს და ურთიერთობებს ქალი უკეთ არკვევს. ჩვენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ქალი არ გველაპარაკება პირად პრობლემებზე. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ქალთა საკითხები ჯობდა ისევ ქალებს გაერკვიათ და ამბავი ჩვენამდე მოეტანათ“.
მარცხნივ: ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებაზე პანკისელი ბიჭები ჭიდაობენ სოფელ დუისში.
მარჯვნივ: უხუცეს ქალთა საბჭოს წევრი,ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი და ისტორიის მასწავლებელი ნაზო ბორჩაშვილი ქალიშვილთან ერთად სოფელ ბირკიანში.
იზამ პანკისის ხეობის სოფლები მოიარა. ეძებდა ძლიერ ქალებს, ისეთებს, ვისაც სხვები რჩევას ეკითხებოდნენ, ვინც ნდობას იწვევდა.
„ვიცოდი, რომ უხუცეს კაცთა საბჭოში ყველა გვარის წარმომადგენელი იყო. პანკისში 35 გვარია, მაგრამ ზოგი პატარაა და დიდ გვართანაა მიკედლებული. მინდოდა, ქალთა ჯგუფშიც ყოფილიყვნენ დიდი გვარის წარმომადგენლები ან თითო სოფლიდან ყოფილიყო [ერთი] ქალი [მაინც]“, – ჰყვება იზა. „დავიწყე სოფლებში სიარული და ქალებს ვეკითხებოდი: ვინაა თქვენში ყველაზე ჭკვიანი, ლიდერი? რომ გაგიჭირდეს, ვისთან მიხვალ, ვის გაანდობ სათქმელს?“
ნაზო ბორჩაშვილი ქალთა საბჭოს წევრობას სიხარულით დათანხმდა. თვითონ იხსენებს: „როგორც იქნა, ამ დღეს მოვესწარი, რომ ქალს ხმის უფლება აქვს“.
ხეობას სიახლის მიღება გაუჭირდა. თემში ხმები დაირხა, რომ საბჭოს ქალები კაცებს უპირისპირდებოდნენ და ადათებს არღვევდნენ. საბჭოს რამდენიმე წევრს ნათესავებისგანაც ხვდებოდა წინააღმდეგობა. უნდობლობის დასაძლევად პანკისელი ქალები ყველასთან საუბარს და საკუთარი მისიის ახსნას ცდილობდნენ.
„ახალი დაარსებული იყო საბჭო. ჩემს ეზოში შემოვიდა ადგილობრივი მამაკაცი, – იხსენებს ნაზო, – მოვიდა ჩემთან და მომიყვა, რომ ოჯახში შეექმნა პრობლემა, რძალი წავიდა და ახლა მას უნდა, რომ თავისი სიმართლე მითხრას.არასოდეს დამავიწყდება, ეს იყო სასწაული. ეს იყო ქალთა საბჭოს აღიარება. მოვისმინე ყველაფერი. შინაგანად ვიყავი უბედნიერესი“.
ქალთა საბჭოს ყველაზე დიდ მიღწევად გულიკო ხანგოშვილი, ამ სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქისტური სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მიიჩნევს. „ქალთა და ბავშვთა უფლებები უხუცესთა საბჭოსთან ერთად განვიხილეთ, მოვახერხეთ და ექსპერტიც ჩავრთეთ განხილვებში. ვცდილობდით, კოდექსი შესაბამისობაში მოგვეყვანა საქართველოს კანონმდებლობასთან“, – ამბობს იგი.
ქისტური სამართლის კოდექსის უკანასკნელ რედაქციაში ახლა წერია, რომ „კატეგორიულად იკრძალება 18 წლამდე ასაკის ქალიშვილის გათხოვება. მიუხედავად ქალისა და მშობლების თანხმობისა. 18 წლამდე ასაკის ქალიშვილის ცოლად შერთვა სახელმწიფო კანონითაც დასჯადია. ამ მუხლის ამოქმედებაზე პასუხისმგებელნი არიან სასულიერო ლიდერები“.
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ბავშვების დედებთან დაბრუნებას ეხებოდა. „ეს იყო ყველაზე მწვავე თემა, რაც დღემდეც არსებობს, – ჰყვება იზა ბექაური. – ვმუშაობდით იმაზეც, რომ განქორწინების შემდეგ ალიმენტი დანიშნულიყო და ასეთი ყოფითი პრობლემები მოგვარებულიყო. 2-3 თვეში ერთხელ უხუცესთა საბჭოსთან გვქონდა დიდი გაერთიანებული შეხვედრა, სადაც ჩვენს ანგარიშს წარვუდგენდით ხოლმე და შემდეგ საქმის განხილვა იწყებოდა“.

გულიკო იხსენებს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც პანკისელი ქალები უცხოელებზე გათხოვდნენ და სხვადასხვა მიზეზის გამო დაბრუნება მოუწიათ. გაშორების შემთხვევაში არ არსებობდა მათი დაცვის არანაირი მექანიზმი. ქალთა საბჭოს ჩართულობით, კოდექსი ქისტი ქალისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქორწინების შემთხვევაში ახლა მკაცრად ითხოვს საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ქმრის ვალდებულებები და დაცულია ქალის უფლებები.
პანკისის ხეობას რამდენიმე რთული პერიოდი აქვს გადატანილი. მითები და რეალობა განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან აირია ერთმანეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის დამპყრობლური ამბიციები, ომები ჩეჩნეთში და მთლიანად გეოპოლიტიკური ვითარება კავკასიაში – ეს ყველაფერი ხელს უწყობდა პანკისის ხეობის ჩაკეტვას და, როგორც უმეტესობა ჩაკეტილი რეგიონებისა, ისიც საფრთხის შემცველად შეირაცხა. როგორც ჩანს, პანკისმა ეს სტიგმა ბოლომდე მაინც ვერ მოიშორა. ხეობისთვის მძიმე დღეების მორიგი ტალღა 2010-იან წლებში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდებმა, მათ შორის, არასრულწლოვანებმა, სირიაში საბრძოლველად დაიწყეს გადინება. ეს გლობალური ტენდენციის ნაწილი იყო – ახლო აღმოსავლეთში აღმოცენებული სამხედრო დაჯგუფებები თუ ჯიჰადისტური ორგანიზაციები ციფრული პროპაგანდისა და სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი რეკრუტერების მეშვეობით, მთელი მსოფლიოდან იზიდავდნენ ახალგაზრდებს სირიასა და ერაყში საბრძოლველად. გამონაკლისი არც საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის პანკისელები აღმოჩნდნენ. იმ პერიოდში ქალთა საბჭო აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პანკისელების სირიაში გამგზავრებას. საბჭოს წევრები ხშირად აწყობდნენ ახალგაზრდებთან შეხვედრებს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ სირიაში წასვლა და ჯიჰადში ჩართვა მათი საქმე არ იყო. ასევე, ხვდებოდნენ მათ დედებს და აფრთხილებდნენ, მკაცრად ედევნებინათ შვილებისთვის თვალყური. გაკეთდა საჯარო მიმართვა ქალთა საბჭოს სახელით, რომლის მიზანიც იყო არამხოლოდ პანკისელებისთვის, არამედ აჭარელი და ყარაჯალელი დედებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ახლო აღმოსავლეთის საომარ მოქმედებებში ათეულობით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ზოგი მონაცემის თანახმად, მათი რიცხვი ასსაც აჭარბებს. სირიის კრიზისზე ლაპარაკი პანკისში დღესაც არ უყვართ.
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პანკისელებს არც იმ პერიოდში დაუკარგავთ შთამბეჭდავი ერთიანობის მუხტი. ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბრისას ახსენა ქისტების უნარი, რთულ დროს უთანხმოება გვერდზე გადადონ და ერთ მუშტად გაერთიანდნენ. „ჩვენები არიან, ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი ნათესავები არიან“, – ჰყვებოდა ხასო ხეობის შიგნით სხვადასხვა დროს წარმოქმნილ შეუთანხმებლობაზე. პანკისელი უხუცესის აზრით, თუ ხდება ახალგაზრდების, მომავალი თაობის „სწორი გზიდან აცდენა“, ეს დიდწილად უფროსი თაობის ბრალია და მათ შვილების ცხოვრებაში მეტი ჩართულობა მართებთ. უხუცესებისაგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები კი სწორედ ძველ თაობას მიიჩნევენ „სწორი [ყურანის სწავლებათა] გზიდან“ გადამხვევად.
დღეს, პანკისის იდილიური ლანდშაფტის ცქერისას, წარსულში მომხდარი დაპირისპირებები რთული წარმოსადგენია. თუმცა, ახლა ახალგაზრდების გადინება სხვა მიმართულებით მაინც ხდება. 2014 წლის მოსახლეობის აღწერით, პანკისში დაახლოებით 6000 ქისტი ცხოვრობდა. ბოლო წლებში მათი თითქმის ნახევარი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ. ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ პანკისის ხეობაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, დასაქმების პრობლემაა და როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ტრანსპორტი ახმეტამდეც კი არ დადის რეგულარულად.

წლების წინ ევროპაში სამუშაოდ წასვლას გეგმავდა ლეილა აჭიშვილიც. „ლეილას საოჯახო სასტუმრო“, ჯოყოლოს პატარა ოაზისი, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პანკისში ტურისტების მოზიდვა შეძლო. მაშინ ლეილას ვერც კი წარმოედგინა, რომ საოჯახო სასტუმროს გახსნიდა.
ლეილას განსაკუთრებული გარეგნობა მისი დანახვისთანავე თვალშისაცემია. მოცეკვავესავით მოხდენილად მოძრაობს და თითქოს თავსაფარიც გამორჩეულად ლამაზად უფარავს თმას. ლეილა ძალიან ახალგაზრდა, 1985 წელს, ჩეჩნეთში გათხოვდა. ცხრა წლის შემდეგ, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, პანკისში მოუწია დაბრუნება. კარგად ახსოვს ომის დაწყება – გროზნოში, მოედანზე იდგა უამრავ ადამიანთან ერთად, სადაც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი, ჯოხარ დუდაევი მოსახლეობას მიმართავდა. ზუსტად ახსოვს მისი სიტყვებიც: „დიდი დათვი გვიტევს. რა გავაკეთოთ, გავხდეთ მისი მონები, თუ თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ?“ მაშინ ყველა, პატარა ბავშვების ჩათვლით, შემართებით იდგა. მეორე დღეს კი გროზნოს დაბომბვა დაიწყო. ლეილამ ორი კვირა სარდაფში დამალულმა გაატარა. მეორედ ჩეჩნეთში 2000 წელს ჩავიდა და საკუთარი სახლის ნანგრევებსაც კი ვერ მიაგნო. მას შემდეგ გროზნოში აღარც დაბრუნებულა.
„ჩემი ოცნება სცენაზე დგომა იყო, ბავშვობიდან ვმღეროდი და ვცეკვავდი, – ჰყვება ლეილა. – ტრადიციების გამო ბოლომდე ამის საშუალება არ მომეცა. აზრადაც არ მომივიდოდა, რომ მე აქ „გესთჰაუზს“ გავხსნიდი. პანკისში რომ დავბრუნდი, ძალიან ძველი სახლი დამხვდა. ვფიქრობდი ევროპაში წასვლას. შრომა არ მეზარება და ვგეგმავდი ჩემი შრომით იმდენი ფული დამეგროვებინა, რომ აქ დიდი სახლი ამეშენებინა“.
თბილისში გამართულ ფესტივალზე „არტგენი“, სადაც ლეილას ანსამბლი ყოველ წელს გამოდიოდა, მას პოლონელი გიდი გაეცნო. „აქ ყველა მხარის კულტურა წარმოადგინეს, ძალიან მომეწონა თქვენი კონცერტი და თუ შეიძლება, რომ პანკისში ჩამოვიდე და ტურისტები ჩამოვიყვანოო, ასე მითხრა ამ კაცმა, – იხსენებს ლეილა. – ვუთხარი, ევროპაში ვაპირებ წასვლას და არ ვიცი, მომისწრებთ თუ არა; თან არ გეშინიათ-მეთქი? მაშინ პანკისზე ცუდად ლაპარაკობდნენ, ტერორისტებს გვეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი მშვიდობიანი, წყნარი ხალხი ბევრი არ ვიცი. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ იტყვიან – ჩემოდნებზე ვიჯექი, ვიღაც მომადგა კარზე რვაკაციანი ჯგუფით“.
როგორც ლეილა ჰყვება, მაშინ ყველაფერზე გული ჰქონდა აცრუებული და პერსპექტივას ვერსად ხედავდა, თუმცა სტუმრებს ჩვეული ქისტური სტუმართმოყვარეობით დახვდა, ჟიჟიგ-გალნაში (ჩეჩნური კერძი მოხარშული ხორცითა და ცომის ნაჭრებით) მოუმზადა და საღამოს, მდინარის გადაღმა, სოფელ დუმასტურის დანგრეულ კლუბში, თავისი ანსამბლის წევრებთან ერთად კონცერტიც გაუმართა.
იმ საღამოს სტუმრებმა დარჩენა და ლეილას ეზოში ორ დიდ კარავში დაძინება გადაწყვიტეს. ლეილა ჩაით გაუმასპინძლდა და შუაღამემდე საუბრობდნენ. სიამაყით უყვებოდა, როგორ აპირებს ევროპაში წასვლას. დილა რომ გათენდა, პოლონელმა სტუმარმა იდეა შესთავაზა, ევროპაში გამგზავრების ნაცვლად, ევროპელები ჩამოეყვანათ პანკისში. ჯგუფის გამგზავრების შემდეგ ლეილამ მათი დატოვებული გასამრჯელო აღმოაჩინა, რომელიც მაშინ უზარმაზარ თანხად მოეჩვენა. „ეს 500 დოლარი ჩემთვის ძალიან დიდი ფული იყო და ვფიქრობდი, რა დროულად დამიტოვეს, წასვლას რომ ვაპირებ, სესხება აღარ დამჭირდება-მეთქი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიკადრებდი. ადამიანი ჩემს იმედზე წავიდა, ჩემ უკან კი ჩემი ხალხი დგას“, – იხსენებს იგი. „იმ ღამესვე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი. ვფიქრობდი ჩემთვის, რა ლამაზი ბუნება გვაქვს, როგორი სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, რატომაც არ შეიძლება, რომ ტურისტი მოვიზიდოთ აქ? ულამაზესი ჩანჩქერი გვაქვს, მთები, კარგი ისტორიები და ამ ყველაფერმა დარჩენა გადამაწყვეტინა. ეს ადამიანი ჩემთან კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდა. აი, ზუსტად ასე დაიწყო [აქ] ტურიზმი“, – მრავალი წლის წინანდელ ამბებს გვიყვება ლეილა უკვე საკუთარი სასტუმროს ულამაზეს ეზოში საუბრისას.

პანკისში დარჩენილმა ლეილამ ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია დააფუძნა და სხვა აქტიურ ქალებთან ერთად ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობდა. ამ ორგანიზაციამ დროთა განმავლობაში გრანტების მოპოვებაც დაიწყო; ერთ-ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც ქისტ ქალებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, მანქანის მართვა იყო, მაგრამ პროექტის ფარგლებში ქისტ ქალებს მართვის მოწმობის უფასოდ აღების საშუალება მიეცათ.
„თავიდან ერიდებოდათ, მაგრამ მერე ბევრი ქალი მოვიდა მართვის მოწმობის ასაღებად, – ჰყვება ლეილა, – მეც თეორიის სწავლა დავიწყე. მახსოვს, 1350 ბილეთი იყო. დღე და ღამე ვიჯექი და ვსწავლობდი. პირველსავე გასვლაზე ჩავაბარე, ისე რომ საჭესთან არასოდეს ვმჯდარვარ“. მანქანის მართვას კაცი ასწავლიდა და ქისტი ქალები მასთან მარტო არ სხდებოდნენ. ბავშვები მაინც უნდა ჰყოლოდათ თან. მართვის მოწმობა რომ აიღო, ლეილამ პატარა მანქანა იყიდა. კარგად ახსოვს, როდესაც პირველად დაჯდა საჭესთან და მანქანა გაატარა, როგორ გამოაყოლეს თვალი. „ალბათ ფიქრობდნენ, არ რცხვენია ამოდენა ქალს, რას აკეთებს“, – ღიმილით ჰყვება ლეილა. „სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვტიროდი. დედას ვეუბნებოდი, რა მეშველება, არ მინდა ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს-მეთქი ხალხს. დედა მეტყოდა ხოლმე: – ლეილა, ხომ გჭირდება და რას იზამ“. ბოლოს იფიქრა, რომ ასეთი განცდით არაფერი გამოვიდოდა. გაიკეთა შავი სათვალე და ვითომ ვერავის ხედავდა. მისივე თქმით, საბოლოოდ მიეჩვივნენ, რეაქცია აღარ ჰქონდათ და დღეს უკვე ქალების დიდი ნაწილი ზის საჭესთან.
„მაშინ პანკისზე ცუდად ლაპარაკობდნენ, ტერორისტებს გვეძახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი მშვიდობიანი, წყნარი ხალხი ბევრი არ ვიცი“.
ლეილა ისევ მღერის, თუმცა ახლა მხოლოდ ნაზმებს – ქისტურ საგალობლებს, რომლებიც ზიქრის რიტუალის შემადგენელი ნაწილია. როგორც ამბობს, გალობა მის სულთან უფრო ახლოსაა. ლეილას საოჯახო სასტუმროს ყვავილებით მორთულ ტერასაზე მისი მეგობარი, ბელა მუთოშვილი გავიცანით. ბელა თუშია და ქისტ ქმართან ერთად უკვე 37 წელია პანკისში ცხოვრობს. მისი დაარსებულია ანსამბლი „პანკისი“. ომის დაწყებამდე რამდენიმე წელი ჩეჩნეთში ცხოვრობდა და როდესაც პირველი შვილი შეეძინა, ჩეჩნური ენა მასთან ერთად ისწავლა. პანკისში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ ხეობაში ფოლკლორული ხელოვნების სიმწირე იყო, ჩეჩნეთიდან ძირითადად სარიტუალო ნაზმები იყო გადმოსული. ამიტომ ჩეჩნური ფოლკლორული ნაწარმოებების შესწავლა და შესრულება დაიწყო. „მე თვითონ ვუკრავ გარმონზე, თუში ვარ. აბა თუშისგან გარმონის დაკვრის გარეშე რა იქნება? ვფლობ ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს. შევადგინე პროგრამა და ჩამოვაყალიბე ჩემი ანსამბლი“, – ჰყვება ბელა.
ბელას თქმით, ჩეჩნური ფოლკლორი საკმაოდ მრავალფეროვანია. მღერიან სამშობლოზე, ომზე, ბუნებაზე, სატრფიალო და სახუმარო სიმღერებს, რომლებიც თაობიდან თაობაზე გადასვლისას სახეს იცვლის, მაგრამ ჯერჯერობით შენარჩუნებულია ხასიათი. ბელამ დიდი მსგავსება აღმოაჩინა ქართულ, განსაკუთრებით კი თუშურ ფოლკლორთანაც. ანალოგებს ცეკვაშიც პოულობს, ამბობს, რომ უკანასკნელ წლებში ქართული და ჩეჩნური ცეკვები კიდევ უფრო შეერია ერთმანეთს და საცეკვაო მუსიკის სინთეზიც ხდება.
ანსამბლში „პანკისი“ რამდენიმე თაობა გამოიცვალა. ბელა მუთოშვილს ანსამბლში ახლა ოთხი გოგონა ჰყავს და მათთან ერთად მთელ მსოფლიოში მოგზაურობს ეთნოფესტივალებზე. იგი იხსენებს – როდესაც წლების წინ პანკისში გადავიდა საცხოვრებლად, მთელი ხეობის ახალგაზრდები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ, ერთობოდნენ. მისი თქმით, დღეს ასე აღარაა და სალაფიზმის მიმდევარი მრავალი პანკისელი ერიდება მუსიკას და ცეკვას.

ბელა ორ სკოლაში ასწავლის, მოსწავლეებს პირველი კლასიდან ზრდის და ბევრი შემთხვევა ახსენდება, როდესაც ბავშვებს მშობლები ცეკვას და სიმღერას უკრძალავდნენ. „ჩემს ანსამბლში გოგონებს მშობლებმა მხარი დაუჭირეს, არიან „ტრადიციული“ ისლამის მიმდევრები და არ შეზღუდეს შვილები, თუმცა იყო ზეწოლა ნათესავებისგან, რომლებსაც უფრო მკაცრი შეხედულებები აქვთ. გოგონებმა ძალიან იყოჩაღეს. მე მათ გმირებს ვუწოდებ, იმიტომ რომ ბევრი გადაიტანეს – ჩაგვრა, დაცინვა“.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სალაფიზმის მიმდევრები არც სუფიურ რიტუალებს აღიარებენ. „ყადირია, სუფიური ორდენის მოძღვრება, ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა, ჩეჩნეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაავრცელა ქუნთ-ჰაჯიმ, ჩეჩენმა რელიგიურმა მოღვაწემ, – გვიყვება ბირმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე. – ეს მიმდინარეობა ითვალისწინებს ხმამაღალ ზიქრს. რაც შეეხება სალაფიტებს, ისინი ამ მიმდინარეობას კატეგორიულად უარყოფენ, რადგან თვლიან, რომ ის არის ინოვაცია ისლამში და მათთვის სრულიად მიუღებელია. ყადირია ჩრდილოეთ კავკასიაში დიდად გავრცელებული არ არის, შემორჩა პანკისელ ქისტებში, ჩეჩნებისა და ინგუშების ნაწილში და დაღესტნელ ანდიელებში“.
ბელა ხედავს, როგორ ქრება ნელ-ნელა ქისტური რიტუალები. სულ უფრო ნაკლებად ასრულებენ ხმამაღალ ზიქრს დაკრძალვის დროს. შეიცვალა ქორწილებიც. თუ ადრე ცეკვა და სიმღერა ქორწილის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა ამის ნახვა თითქმის შეუძლებელია.
ბელას სამივე შვილი ევროპაში ცხოვრობს. ერთს კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, მეორეს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, მესამემ კი სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ საქართველოში ვერცერთი ვერ დასაქმდა. „ვფიქრობ, ეთნიკური უმცირესობა ამ მხრივ ძალიან არის დაზარალებული, – ამბობს ბელა. – უნიჭიერესი ახალგაზრდები ჰყავს ხეობას, მარტო ჩემი ანსამბლის გოგონები რომ აიღო, ინგლისურად ისე ლაპარაკობენ, თარჯიმანი არ მჭირდება როდესაც ვმოგზაურობთ. ყველა გაკვირვებულია ხოლმე, ასე კარგად რომ ფლობენ ენას. სწავლის მხრივ განვითარება პანკისში ნამდვილად არის, თუმცა ისწავლიან და მერე? არცერთი ქისტი ამ 37 წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, არ მინახავს მაღალ თანამდებობაზე“.
ქისტებში განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. როგორც ალექსანდრე კვახაძის სიტყვებიდან იკვეთება, ქისტებს ისტორიული სამშობლოსგან განათლებისადმი დამოკიდებულება გამოარჩევთ: „პანკისელი ქისტები შვილებს სწავლას აძალებენ, უმაღლეს სასწავლებელში აბარებინებენ. მაგალითად, ჩეჩნეთში ასეთი ვითარება არ არის“, – ჰყვება ალექსანდრე კვახაძე. – „გოგოს თუ უნდა სწავლა, ისწავლის, მაგრამ აქცენტი უფრო დაოჯახებაზეა. ეს პანკისშიც გვხვდება, რა თქმა უნდა. ჩეჩნეთში ბიჭების დიდი ნაწილი VIII-IX კლასის შემდეგ ანებებს სწავლას თავს და MMA-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნების) შესწავლას იწყებს. სპორტსმენი, პროფესიონალი, მხოლოდ 1% გამოდის, დანარჩენები ე. წ. „ზონდერები“ ხდებიან და კადიროვის სტრუქტურებში დაწინაურების მეტი შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, ჩეჩნეთში არ არის განათლების კულტი. რაც შეეხება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიას, ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს, ადიღეს რესპუბლიკას, იქ უფრო განათლებული მოსახლეობაა. ჩეჩნები ქისტებზე ამბობენ, რომ ქართველებისგან სირბილე შეიძინეს, ქისტებს კი ჩეჩნების გარუსება აწუხებთ“.

პანკისელებისთვის რუსეთი ორმაგი მტერია როგორც საქართველოს, ასევე ჩეჩნეთის გამო – ამას კავკასიოლოგი და ისტორიკოსი თინა ფარეულიძე გვეუბნება, – „აქ [პანკისში] მხარს უჭერენ იჩქერიის დამოუკიდებლობის იდეას“. თინა ნაზო ბორჩაშვილის შვილია. დედასავით ენერგიული და მიზანდასახულია. იგი თბილისში მუშაობს, თუმცა სიამოვნებით დაბრუნდებოდა პანკისის ხეობაში, იქ დასაქმების საშუალება რომ ჰქონდეს. დედა-შვილს სოფელ ბირკიანში, მათი სახლიდან ოდნავ მოშორებით, შემაღლებულ ადგილას ვხვდებით. ეს მიწაც მათი ოჯახის საკუთრებაა. რამდენიმე თვის წინ მათ გრანტი მოიპოვეს და ხის კოტეჯს აშენებენ. ეზოში ასწლოვანი ხეები დგას, დაბურულ ტოტებს შორის, ოდნავ ქვემოთ, კავკასიონით გარშემორტყმული ხეობა იშლება. ამ სიმწვანეში ცხადი ხდება, რატომ უნდა თინას დაბრუნება. „პანკისმა სხვადასხვა ეტაპი გაიარა. მე რომ სკოლას ვამთავრებდი, 2012 წელს, ძალიან მძიმე პერიოდი იყო, სირიის ამბები და ყველაფერი ერთმანეთს დაემატა“, – ჰყვება თინა. „არასამთავრობო სექტორი რომ ჩაერთო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიძგი იყო მდგომარეობის შესაცვლელად“.

უკანასკნელ წლებში პანკისში უამრავი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. თინას აზრით, არასამთავრობო სექტორის მუშაობამ ახალგაზრდებში ნამდვილად გამოიღო შედეგი და დღეს მათი უმეტესობა უმაღლეს განათლებას იღებს. „გოგონას შეიძლება თავშალი ეხუროს, მაგრამ განათლების მიღება უნდოდეს, ამბიციები ჰქონდეს, – ამბობს თინა, – თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანკისი მაინც ჩაკეტილი ადგილია. ვხუმრობ ხოლმე, რასაც ტრადიცია არ მიკრძალავს, რელიგია მიკრძალავს. სადაც რელიგია მაძლევს თავისუფლებას, ტრადიციული გარემო მაჩერებს“. თინა ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა პანკისელი ახალგაზრდებისთვის დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობაა და სწორედ ეს იწვევს მათ მასობრივ გადინებას.
დასავლური ფონდებისა და განვითარების სააგენტოების მიერ დაფინანსებული პროექტების მაგალითები პანკისში ადვილადაა შესამჩნევი. პირველი, რაც შევნიშნეთ, USAID-ის აბრა იყო სოფელ ომალოში, ტოხოსაშვილების ლუდსახარშის კარზე. ტოხოსაშვილების ოჯახი ქისტურ უალკოჰოლო ლუდს ასკილის, შავი კუნელის, მინდვრის სვიისა და მთის დეკისგან ამზადებს. ლუდსახარშს შემთხვევით, ნორვეგიელი ტურისტების რჩევით მივადექით. ჩამავალი მზის სხივები ოქროსფრად იბლანდებოდა ყვავილებით მოფენილ ეზოში. ჩრდილში მოვთავსდით და ცოტა ხანი ჩუმად ვუყურებდით მომაჯადოებელ ეზოს, ეზოს იქით გაშლილ ხეობას და კიდევ უფრო შორს – მთებს.
მარინა ტოხოსაშვილი ცივი ლუდით, ჩირით, თხილითა და ჩეჩნური ჰალვით გაგვიმასპინძლდა და მოგვიყვა, როგორ შეიძინეს რამდენიმე წლის წინ ამერიკული გრანტით პატარა ლუდსახარში ქვაბი. შემდეგ მეორე გრანტი აიღეს და ლუდსახარში გააფართოვეს, წარმოება გაზარდეს და დღეს ქისტურ უალკოჰოლო ლუდს საქართველოს მასშტაბით ყიდიან. მარინას სამი შვილიდან მხოლოდ ერთი დარჩა პანკისის ხეობაში, დანარჩენები წლების წინ ევროპაში გადასახლდნენ სამუშაოდ.
მსგავსი აბრები პანკისის სოფლებში ბევრ ადგილას გვხვდება – საოჯახო სასტუმროებზე, სათბურებსა და საგანმანათლებლო ცენტრებზე. მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის გარდა, პანკისელი ახალგაზრდებისთვის სწორედ არაფორმალური განათლების პროგრამებია ხეობაში ცვლილების შემომტანი, მაგალითად, როდი სკოტის სახელობის ფონდი, რომელიც 2008 წლიდან ბავშვებს უფასოდ სთავაზობს ინგლისური ენის კურსს და კიდევ მრავალი სხვა პროექტი. რამდენად გაგრძელდება მსგავსი ინიციატივები პანკისში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ. დასავლური დაფინანსების შეწყვეტა პირდაპირ გააჩერებს იმ უამრავ პროგრამასა და პროფესიულ კურსს, რომელიც დღეს ხეობაში ხორციელდება.
პანკისის ხეობაში სჯერათ, რომ ევროპაში სამუშაოდ წასული ახალგაზრდები აუცილებლად დაბრუნდებიან. გზის გასწვრივ დაწყებული სახლების მშენებლობები თითქოს ამის დასტურია – უცხოეთში შრომით გამომუშავებული თანხები ისევ მშობლიურ მხარეში იგზავნება. თუმცა რამდენად რეალურია გარემოს ისეთი გაუმჯობესება, რომელიც ქისტებს საქართველოში დაბრუნებისკენ უბიძგებს, ჯერჯერობით ბუნდოვანია.
გრძელი დღის შემდეგ, შებინდებისას, რიყეზე, ალაზნის ნაპირზე გავდივართ სასეირნოდ. მთებიდან წამოსული წყლის ნაკადი ჩვეული ძალით მოედინება მოსიპულ ქვებზე. ნიავიც ზუსტად ისევე უბერავს, როგორც ყოველ ჩვეულებრივ ზაფხულის საღამოს. ბუნებაში თითქოს არაფერი შეცვლილა. მაგრამ ძალიან ხმამაღალია სიჩუმე. ლანდებივით ვხედავ, როგორ თევზაობენ ხიდიდან ბავშვები. ცოტა მოშორებით, მდინარის პირას, წრეში სხედან უხუცესები და საქმეს განიხილავენ. ვხედავ თინას, თავის მეგობრებთან ერთად კონცერტის გასამართად რომ ემზადება. ევას, რომელიც თევზით ხელში სახლისკენ გარბის და ოქროსფერი ნაწნავი ჰაერში დაუხტის. იქით, უუნაგირო ცხენს მოაგელვებს 13 წლის აიზა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს წარმოსახვაშია. პანკისში მოსმენილი ამბების აჩრდილებია. ივლისის ამ ცხელ პარასკევს კი, ნახევრად დაცლილ ხეობაში, ალაზანს მხოლოდ ჩვენ და რამდენიმე ცნობისმოყვარე ძაღლი მივუყვებით.