ბრძოლა უდაბნოს ყველაზე შეუპოვარი ფრინველის გადასარჩენად
არიზონის ქალაქების უწესრიგოდ გაფართოების გამო პაწაწინა დასავლური სოროს ბუს ჰაბიტატი ნადგურდება, რაც კონსერვაციონისტებს უბიძგებს, შემოქმედებითად იფიქრონ მათ დახმარებაზე.
ბრძოლა უდაბნოს ყველაზე შეუპოვარი ფრინველის გადასარჩენად
არიზონის ქალაქების უწესრიგოდ გაფართოების გამო პაწაწინა დასავლური სოროს ბუს ჰაბიტატი ნადგურდება, რაც კონსერვაციონისტებს უბიძგებს, შემოქმედებითად იფიქრონ მათ დახმარებაზე.
მუყაოს ყუთი უდაბნოს ბალახზე იდო. ცხოველების მაშველი ერიკ მიურეი იქვე, წიდაბლოკზე ჩაცუცქულიყო და სქელ ხელთათმანს ისწორებდა. შემდეგ ხელის სწრაფი მოძრაობით კონტეინერიდან ამოაძვრინა პატარა ბუ თეთრ-ყავისფერი ფრთებით.
მიუხედავად იმისა, რომ ბუ ზრდასრული იყო, სიმაღლით 23 სმ-ს არ აღემატებოდა. გრძელი, წვრილი ფეხები და ბასრი ბრჭყალები ჰქონდა. გარემოს დასათვალიერებლად თავი ნელა მოატრიალა და დიდი ყვითელი თვალები გაუფართოვდა.

გაზაფხულის ამ ცხელ დღეს მიურეი და ათამდე მოხალისე არიზონაში, ტუსონის ჩრდილო-დასავლეთით, 97 ჰექტარი ფართობის მინდორში – „მარტინის ფერმაში“ შეიკრიბნენ ფრინველის ბუნებაში გაშვების ღონისძიებაზე დასასწრებად. მიურეიმ ჯერ ფრთხილად გაუშალა ბუს ერთი ფრთა, რათა მისი მდედრობითი სქესი დაედასტურებინა, შემდეგ კი შავი ბადისებრი მაჩრდილებელი ქსოვილისგან დამზადებული 3-მეტრიანი კვადრატული ტენტისკენ მიბრუნდა და ეს არსება ფრთხილად შეუშვა დროებით თავშესაფარში.
ფრინველმა მიმოიხედა და ქსოვილის კედელს თავით შეასკდა და ახალამოთხრილ მიწაზე დაგორდა. აზრზე რომ მოვიდა, ეს ქმედება ისევ რამდენჯერმე გაიმეორა.

შემდეგ მოხალისეებმა თავშესაფარში კიდევ ერთი ბუ დაამატეს. ორივე ფრინველი განაგრძობდა მოუსვენრად ფრთხიალს. ეს მძიმედ საყურებელი სცენა მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულჯერ გამეორდება. `მარტინის ფერმაში“ ეს 25-დან ერთ-ერთი ტენტი იყო, რომლებიც სხვადასხვა ინტერვალით განათავსეს აღნიშნულ კერძო საკუთრებაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოველების მაშველთა ჯგუფმა, სახელწოდებით Wild At Heart, დაარწმუნა ქალაქ ტუსონის ხელისუფლება, ეს მიწის ნაკვეთი კონსერვაციულ ზონად გამოეცხადებინა. ეს ორგანიზაცია ფლობს შვიდ მოქმედ ტერიტორიას არიზონის სახელმწიფო და კერძო მიწებზე.
მათ იმედი ჰქონდათ, ერთ თვეში ტენტს დაშლიდნენ და ეს ფრინველები ამ ადგილზე, უფრო სწორად, ამ ადგილის ქვეშ დაიბუდებდნენ, ვინაიდან სოროს ბუ, რომელსაც დღეს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ევოლუციურად ადაპტირებულია მიწისქვეშა ცხოვრებაზე.

ოდესღაც ამ კონტინენტზე ფართოდ გავრცელებული სოროს ბუს რიცხოვნობა უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ამაში ბრალი ძირითადად ურბანიზაციასა და კომერციულ მიწათმოქმედებას მიუძღვის, რამაც სოროს ბუს ბუდობის ადგილები გაანადგურა. ამერიკაში ასეთი გამანადგურებელი ტენდენცია არსადაა ისე აშკარა, როგორც არიზონაში, განსაკუთრებით ფინიქსის სწრაფად მზარდ აგლომერაციაში. მის გარეუბნებში სამრეწველო ობიექტები და მზის პანელებით დახუნძლული მეურნეობები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება.
სოროს ბუ ამერიკული მაჩვის, შავკუდა მდელოს ძაღლისა და ბაიბაკის მიტოვებულ სოროებში ბინადრობს. აშშ-ის დასავლეთში ამ ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა გვალვებისა და წარსულში მათი მოსპობის კამპანიების გამო. თუმცა, არიზონაში, ორგანიზაცია Wild At Heart ამტკიცებს, რომ ფატალურად დასრულებული მცდელობების მიუხედავად, სიტუაციის უკან შემობრუნება შეუძლია. ყველაფერი პირდაპირ მიწის ქვეშ ხელოვნურად შექმნილი სოროების ქსელით იწყება.
თითოეულ ტენტში მიწიდან პოლივინილქლორიდის (PVC) მილი ამოდის და ადამიანის მიერ გათხრილ სოროში 15 სმ-იანი დიამეტრის დერეფანს ქმნის. ეს ხუთ მეტრამდე სიგრძის გვირაბი ერთ მეტრამდე სიღრმეზე ეშვება, რაც სოროს სიგრილეს უნარჩუნებს მაშინაც კი, როდესაც გარე ტემპერატურა იმატებს. გვირაბი მთავარ სოროს უკავშირდება. ის შუაზე გაჭრილი 200-ლიტრიანი პლასტმასის ავზისგანაა შექმნილი და ისეთი ტიპური საცხოვრებლის ზომა აქვს, როგორსაც ბუ ველურ გარემოში იპოვიდა.
30 დღის განმავლობაში თითოეულ ტენტში მყოფი ორი ფრინველის ყოველდღიურ რაციონს სამი გაყინული თაგვი შეადგენს. ტენტების მოხსნის შემდეგ მოხალისეები ერთი კვირის განმავლობაში კვლავ დაბრუნდებიან ხოლმე დამატებითი ხემსის მისატანად, სანამ ფრინველები ახალ სანადირო მიწებს მიეჩვევიან.

ამგვარი სპეციალურად დაგეგმილი გადაადგილების იდეა 30 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა, როდესაც მგზნებარე კონსერვაციონისტები ბობ ფოქსი და მისი აწ განსვენებული მეუღლე სემი, მოხალისეების სტატუსით ეხმარებოდნენ დაშავებულ ცხოველებს არიზონის ნადირობისა და თევზჭერის დეპარტამენტის ცენტრში. 1991 წელს სემს ნება დართეს, გაეზარდა პატარა ბუხრინწა, სახელად ჩია. წყვილმა ბაღში პატარა საფრინველე ვოლიერი ააშენა. როდესაც ჩია საკმარისად გაიზარდა, ისინი გაოცებულები აკვირდებოდნენ, როგორი ენთუზიაზმით დაიწყო ამ მამრმა ბუხრინწამ განადგურებული ჰაბიტატებიდან გადმოყვანილ ბარტყებზე ზრუნვა.
ამისათვის საჭირო იყო ნებართვა როგორც არიზონის შტატიდან, ასევე აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურიდან, რამაც ფოქსებს უბიძგა, საკუთარი სარეაბილიტაციო ცენტრი გაეხსნათ – პროფესიონალური დაწესებულება ფინიქსის გარეუბანში, სადაც იფარებენ დაშავებულ მტაცებელ ფრინველებს, როგორებიცაა ბუხრინწა, შაკი და ქორი.

ფოქსების სახლის ტელეფონი ერთგვარი 24-საათიანი ცხელი ხაზი გახდა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაშავებულ ფრინველს იპოვიდა. არიზონაში სოროს ბუ კლასიფიცირებულია როგორც დასაცავი სახეობა და ამ შტატის ნადირობისა და თევზჭერის დეპარტამენტმა პრევენციულ ზომებს მიმართა. ის რეკომენდაციას უწევდა სამშენებლო ობიექტების შემოწმებას ნებისმიერი სამუშაოს დაწყებამდე, რათა იქიდან ბუები გაეყვანათ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში Wild At Heart-ი გაფართოვდა და მოიცავდა მცირე რაოდენობით პერსონალს და მოხალისეთა უფრო დიდ არმიას, რომლებიც სულ უფრო ხშირად იღებენ ზარებს, როდესაც მათ სთხოვენ, დაეხმარონ ფრინველთა ჰუმანური მეთოდებით დაჭერასა და გადაადგილებაში.
ხელოვნური სოროების შექმნის იდეა სემ ფოქსს ეკუთვნის. „არ არსებობდა მექანიზმი მათი ადგილსამყოფლის შესაცვლელად, – იხსენებს ბობ ფოქსი, – და როდესაც მზად იყვნენ ბუნებაში თავისუფლად გასაშვებად, უბრალოდ ხომ ვერ მოისვრიდი მათ, რაღაც უნდა მოგეწყო მათთვის“, – თქვა სემმა.
საბოლოოდ, სამაშველო ჯგუფმა დააპროექტა იაფი და მარტივად ასაგები ბუდე, თუმცა დიდი ძალისხმევა დასჭირდათ გარკვეული საკითხების შესასწავლად. ერთ წელიწადს ერთადერთმა ამერიკულმა მაჩვმა 50 ხელოვნური სორო გაღრღნა საკვების საპოვნელად. სხვა წელს ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და სოროები გამოუსადეგარი გახდა. ახლა სოროები მღრღნელების საწინააღმდეგოდ ქვემოდან ლითონის ბადითაა დაცული. სოროს შესასვლელების უმეტესობა ოდნავ აწეულია და ქვებითაა გარშემორტყმული დატბორვისგან დასაცავად. ასევე დამატებულია ხის ტოტებისგან შექმნილი ქანდარები, რათა ბუს მიწის ზევით მტაცებლების დაზვერვის შესაძლებლობა ჰქონდეს.

თუმცა ნამდვილი გამოწვევა გაჩნდა ტენტების მოხსნის შემდეგ. „ეს ჩვენთვის თავსატეხი იყო“, – ამბობს გრეგ კლარკი, აღნიშნული ორგანიზაციის ჰაბიტატების კოორდინატორი. „ბუები ბევრ კვერცხს დებდნენ ტენტებში და ყველა ფიქრობდა, რომ ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ ზოგიერთი კვერცხი მშობლებმა უყურადღებოდ დატოვეს და ვერავინ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს“.
რამდენიმე წლის წინ აშშ-ის თევზის რესურსებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურს გაუჩნდა კითხვები ჰაბიტატის იმიტაციის მცდელობებთან დაკავშირებით. 2017 წელს აღნიშნულმა სამსახურმა გამოიკვლია Wild At Heart-ის მეთოდები და ერთმანეთს შეადარა ბუდობის 122 ადგილი, რომელთაგან ზოგიერთის ადგილმდებარეობა შეცვლილი იყო, ზოგიერთი კი ხელუხლებელ ტერიტორიაზე მდებარეობდა და ადგილის შეცვლას არ საჭიროებდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში Wild At Heart-ი დამოუკიდებელ გუნდთან თანამშრომლობდა, რომელშიც შედიოდნენ მართა დესმონდი, ეკოლოგიის პროფესორი ნიუ-მექსიკოს შტატის უნივერსიტეტიდან და დევიდ ჰ. ჯონსონი, Global Owl Project-ის დამფუძნებელი, რომელიც შეიმუშავებს მტკიცებულებებით გამყარებულ სტრატეგიებს ბუების ადგილმონაცვლეობისთვის.
აღმოჩნდა, რომ Wild At Heart-ი ხშირად ზედმეტად ბევრ ბუს ათავსებდა ერთად: ექვსიდან ათამდე ინდივიდს ერთ ტენტში. „როგორც ჩანს, ეს დიდ სტრესს იწვევდა ბუებში და ზემოქმედებდა იმაზე, თუ რამდენად კარგად იზრუნებდნენ მშობლები თავიანთ კვერცხებზე ინკუბაციის პერიოდში“, – ამბობს კლარკი.

კიდევ ერთი პრობლემა გამოიწვია გამრავლების სეზონზე, მარტიდან აგვისტომდე პერიოდში, მამრების ადგილმდებარეობის შეცვლამ. მამრებს ამ მხარეში ნადირობის გამოცდილება არ ჰქონდათ და როგორც კი ტენტები მოხსნეს, მათთვის მირთმეული თაგვებიც გაქრნენ. მდედრები ხშირად ტოვებდნენ ბუდეებს უკეთეს მეწყვილეთა მოსაძებნად.
ყოველივე ამან სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად გაზარდა. მკვლევრებმა დაკვირვების მიზნით 43 ადგილშეცვლილ და 42 თავის ბუნებრივ ზონაში მობინადრე ბუს რადიოგადამცემები დაუმაგრეს. ახალ ადგილშეცვლილებს შორის დაღუპულთა რიცხვი ორჯერ მეტი იყო – 24 ადგილშეცვლილი ბუ და 11 თავის ბუნებრივ ჰაბიტატში მობინადრე ბუ დაიღუპა. „ეს არ იყო კარგი“, – ამბობს დესმონდი.

მაგრამ ახალმა მონაცემებმა ცვლილებები განაპირობა. Wild At Heart-ი ახლა უფრო მომცრო ტენტებს დგამს, მათ ერთმანეთს აშორებს და იქ მხოლოდ ორ ბუს ათავსებს.
Wild At Heart-ი, ჩვეულებრივ, წელიწადში დაახლოებით 200 ბუს უცვლის საბინადრო ადგილს, მაგრამ როდესაც მშენებლობის პიკია, ეს რიცხვი 250-მდე იზრდება. განახლებადი ენერგიის გამოყენებამ უკანასკნელ წლებში ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა. მზის პანელების პროექტების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში დამატებით 100-ზე მეტი ბუ გადაიყვანეს სხვაგან.
ზოგიერთ ტერიტორიაზე მხოლოდ 50-მდე ფრინველის განთავსებაა შესაძლებელი. თუ ადგილები გავსებულია, თავიანთ ჰაბიტატს მოწყვეტილ ბუებს, ალბათ, უფრო დიდხანს მოუწევთ დარჩენა, სადაც მათი მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ გადარჩენაზე ველურ ბუნებაში გაშვებისას.
მარცხნივ: ტუსონის ჩრდილოეთით, 97 ჰექტარი ფართობის „მარტინის ფერმაში“, ხელოვნური ბუდიდან ორი ახალგაზრდა ბუ იყურება.
მარჯვნივ: Wild At Heart-ი ბუდის კონსტრუქციებს აუმჯობესებს. ეს 5-მეტრიანი გოფრირებული შესასვლელი მილი მავთულის მესრით არის შეფუთული მტაცებლებისგან დასაცავად.
გამოსავლის ძიებისას გუნდმა კავშირების დამყარება დაიწყო მზის პანელების ზოგიერთ კომპანიასთან, რომლებიც ბუების ჰაბიტატებში იჭრებიან. კომპანია Longroad Energy, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 ჰექტარზე ამონტაჟებს მზის პანელებს, ცოტა ხნის წინ დათანხმდა, რომ მიწის ნაწილს არ შეეხოს.
„ბუები ადვილად ეგუებიან გარემოს“, – ამბობს ჯონსონი. „ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა. უბრალოდ ჩვენს მეთოდებზე ბევრად მეტი უნდა ვიფიქროთ. ეს ისაა, რაც ახლა იცვლება“.
„მარტინის ფერმაში“ ტენტების მოხსნიდან ორი თვის შემდეგ ჯენონ ურიდენი, Wild At Heart-ის ბიოლოგი, მტვრიან ბალახნარში მანქანით შევიდა და ფართოდ დაშორებულ სოროებს შორის ბილიკს გაუყვა.
ამ დროისთვის ადგილშეცვლილი ფრინველები უკვე უნდა გაფრენილიყვნენ ან ბუდე დაედოთ, ხოლო მიწის ქვეშ, სოროებში, ახალგაზრდა სოროს ბუები დასაფრთიანებლად ემზადებოდნენ.
ურიდენმა შორიდან რაღაც შენიშნა და მანქანა შეაჩერა. ბინოკლი მოიმარჯვა და დაინახა ბუების ოჯახი, მათ შორის დაფრთიანებული ბარტყები, რომლებიც მოუთმენლად იქნევდნენ ფრთებს და გაფრენას ცდილობდნენ.
„შეიძლება, ხუთი კვირის ასაკში ბუები არ გაფრინდნენ, მაგრამ ამ დროს ისინი უკვე კარგად დაფრინავენ“, – ამბობს ურიდენი. „თუ ნადირობა იციან, დამოუკიდებლებიც იქნებიან“.
სოროს თავზე ერთმა პატარა ბუმ ფრთები გაშალა, მეორე სწრაფად გაიქცა და აფრინდა, მოკლე წრე გააკეთა და ისევ მიწაზე დაეშვა. იმის გამო, რომ ბუები დარგოლილი არ იყვნენ, ძნელი დასადგენი იყო, ამ ადგილას გადმოყვანილი ბუების შთამომავლები იყვნენ თუ არა.

როგორც წესი, ადგილშეცვლილი ბუების დაახლოებით მეოთხედი იქვე რჩება და გამრავლებას იწყებს. ჩვეულებრივ, ისინი დაახლოებით ექვს კვერცხს დებენ, რა რაოდენობაც ბუნებრივ ჰაბიტატში მცხოვრები ბუების ანალოგიურია, მაგრამ ყველა პატარა ვერ გადარჩება. საშუალოდ, ბუს ახალ ოჯახს ორი ნაშიერის გაზრდა შეუძლია.
ზოგიერთი ბუ ბუნებრივ სოროს ირჩევს და სწორედ ამიტომ, მათი განსახლებისთვის `მარტინის ფერმის“ არიდული ბალახნარები შეარჩიეს, რადგან ეს ტერიტორია ახლოსაა სოროს მთხრელი ცხოველების საბინადრო გარემოსთან, თავიანთ ძველ მიწებზე კი ვერაფრით დაბრუნდებიან, რადგან იქაურობა სახლებისა და მზის პანელების სამშენებლო ზონად გადაიქცა. ურიდენმა კუპერის ქორი დაინახა, რომელიც პატარა ბუების თავზე ტრიალებდა. ის პოტენციურად საშიში მტაცებელია, მაგრამ ურიდენი არ შეშფოთებულა. ბუებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ მიწისქვეშა თავშესაფარი გამოეყენებინათ ან გაერისკათ და ადგილზევე ეცადათ ქორთან გამკლავება. ამ არჩევანის არსებობა უკვე ერთგვარ წარმატების შეგრძნებას იწვევდა მასში.