როგორ ადაპტირდებიან აფრიკის მომთაბარე მწყემსები ცვალებად პლანეტასთან
აფრიკაში ასობით ათასი ფულანი მტკიცედ ინარჩუნებს ცხოვრების ძირძველ წესს – თუმცა ახალ ეპოქასთან ფეხის ასაწყობად ტრადიციებსაც უცვლის სახეს.
როგორ ადაპტირდებიან აფრიკის მომთაბარე მწყემსები ცვალებად პლანეტასთან
აფრიკაში ასობით ათასი ფულანი მტკიცედ ინარჩუნებს ცხოვრების ძირძველ წესს – თუმცა ახალ ეპოქასთან ფეხის ასაწყობად ტრადიციებსაც უცვლის სახეს.
მუდმივად მოძრავი ხალხი
საჰარის უდაბნოს სამხრეთ კიდესთან დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის 20-მდე ქვეყანაში მილიონობით ეთნიკური ფულანია, რომელთა უმეტესობაც ცხოვრების ერთნაირ წესს მისდევს. ისინი ყოველწლიურად აცოცხლებენ მომთაბარე მეცხოველეობის უძველეს ტრადიციას და ერეკებიან საქონელს საჰელის რეგიონის მზარდად ცხელ, არიდულ მიწებზე, რათა სეზონების ცვლილებისას ჯანსაღი საძოვრები და წყალი მოიძიონ. სენეგალის დასავლეთ სანაპიროდან სუდანის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლამდე, მეჯოგეები მიუყვებიან სხვადასხვა სამიგრაციო ბილიკს, რომლებიც ასეულობით კილომეტრზეა გადაჭიმული.
ამ მომთაბარეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ: ისინი წარმოადგენენ ფულანებს, იმავე ფულბეებს ან ფულებს – მკვიდრ ხალხს ფართო კულტურული იდენტობით, რომელიც მომთაბარეობის ფონზე ჩამოყალიბდა. ეს ჯგუფები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და დღეს ბევრი მათგანი უკვე ახალ გზას ირჩევს.
სიმართლე რომ ითქვას, ამ ძირითადად მუსლიმი საზოგადოების უმრავლესობა მეჯოგეობას აღარ მისდევს. ახალმა თაობებმა ფერმერობას მიჰყვეს ხელი ან ქალაქებში დასახლდნენ. გვინეაში ფულანებს, რომლებიც ფუტა-ჯალონის მთიან რეგიონში დასახლდნენ, ახლა მარცვლეული მოჰყავთ, საქონელს კი თავისუფლად უშვებენ საძოვრებზე. სიერა-ლეონეში ბევრმა ფულანიმ მეწარმეობას მიჰყო ხელი და ახლა აქტიურად ერთვება სავაჭრო და პოლიტიკურ პროცესებში.

ფულანები საუკუნეებია ცხოვრობენ აფრიკის საჰელის რეგიონში – ნახევრად არიდულ სარტყელში, რომელიც ჩრდილოეთით საჰარის უდაბნოსა და სამხრეთით ტყიან ტერიტორიებს შორის მდებარეობს. მათი მრავალი თემი ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ენით – ფულათი ან მისი რეგიონული დიალექტებით. ეს ენა მათ ისტორიულ თუ დღევანდელ საცხოვრებელ ტერიტორიებს ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფულანები თითქმის ყველა ქვეყანაში უმცირესობას წარმოადგენენ, მათგან მაინც წარმოიშვა რამდენიმე ძლიერი ლიდერი. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, სულ ცოტა, ხუთი ფულანი პრეზიდენტი ჰყავდა აფრიკის ქვეყნებს.
ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, „ფულანი“ არის ქოლგა, რომელშიც ერთიანდება მრავალი ჯგუფი, განმარტავს ჰინდუ უმარუ იბრაჰიმი – თავისი თემის ცოდნის მატარებელი ფულანი მბორორო ქალი. იბრაჰიმი ამ ჯგუფებს ფულანის ხის ტოტებს ადარებს: „დასავლეთ აფრიკაში გვყავს ფუტა-ტორო და ფუტა-ჯალონი“, – ამბობს იბრაჰიმი, რომელიც National Geographic-ის მკვლევარი და ჩადის მკვიდრ ხალხთა და ფულბე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტია. „შემდეგ ცენტრალური აფრიკაა, სადაც მბოროროები ცხოვრობენ“, – განაგრძობს იგი. თავადაც სწორედ ამ უკანასკნელის წარმომადგენელია. უმრავლესობა ჯერ კიდევ ძლიერ კავშირს გრძნობს მიწასთან და თავიანთი წინაპრების ცხოვრების გზასთან, აღნიშნავს იბრაჰიმი.

თუმცა, ტრადიციული ცხოვრების წესის მიმდევრები გზადაგზა უკვე ხშირად აწყდებიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ახალ საფრთხეებსა და რეგიონულ კონფლიქტებს. ერთ-ერთი უკანასკნელი კონფლიქტი გაღვივდა დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, რომლის თანახმად, არაპროპორციულად ბევრი ფულანი ერთვება ჯიჰადისტურ დაჯგუფებებში. სინამდვილე კი ისაა, რომ ამ მეჯოგეებს დიდი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკაში და ფერმერებთან თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მშვიდობიანი ვაჭრობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

მართალია, ფულანები აქტიურად იყენებენ მიწის რესურსებს, მაგრამ ისინი მის გამდიდრებაშიც მონაწილეობენ. მიგრაციის პროცესში გზად მათი საქონლის ნაკელი რჩება, რაც მიწას საკვებ ნივთიერებებს აწვდის და შედეგად უფრო ნაყოფიერ მიწას ვიღებთ. ისინი, ამასთანავე, გზად სხლავენ ხეებს, რაც აჯანსაღებს ტოტებს, ხელს უწყობს ხის ზრდას და ქვეტყესაც იცავს ხანძრისგან. იბრაჰიმის თქმით, მომთაბარეობა ყველაზე ორგანული საარსებო საშუალებაა საჰელის ეკოსისტემაში.
ფოტოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი რობინ ჰამონდი ფულანების მომთაბარე ცხოვრებას ექვსი წელი აღწერდა, რათა ღრმად შეესწავლა თემები, რომლებსაც ხშირად სწორად ვერ უგებენ. მომდევნო გვერდებზე იგი გვიზიარებს იშვიათ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ფულანების სიცოცხლისუნარიანობასა და მათ გზაზე წარმოშობილ დაუსრულებელ სირთულეებს. „ფულანების კულტურა საოცარი და უნიკალურია, თუმცა არ არის საჭირო მისი რომანტიზება“, – ამბობს ჰამონდი. „ბევრი მწყემსი მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის“. – ალექსა მაკმაჰონი
ერთი სენეგალელი ქალი ფულანების ახალი მომავლის შთაგონების წყაროა
ტექსტი – ჰანა რეი არმსტრონგი
მომთაბარეობის ტრადიცია ბევრად უსწრებს კოლონიალიზმის პერიოდს, როდესაც ევროპულმა ძალებმა აფრიკა დაინაწილეს და დღეს უკვე დამოუკიდებელმა აფრიკის ქვეყნებმა თანამედროვე საზღვრები მემკვიდრეობით მიიღეს. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს და ვითარდება. ნოემბერი რომ მოახლოვდება, წვიმების სეზონი დამთავრდება და საჰარის სამხრეთი კიდეები ისევ შრობას დაიწყებს, ასობით ათასი ფულანი მწყემსი მილიონობით ძროხას, თხასა და ცხვარს გარეკავს უფრო გრილი სუბტროპიკული სავანებისკენ.
ეს ყოველწლიური მიგრაცია ფულანებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომთაბარე ჯგუფად აქცევს, თუმცა, ამავდროულად, განაპირობებს მათ გამორიცხვას პოლიტიკური პროცესებიდან: მიუხედავად მრავალრიცხოვნებისა, მომთაბარე ცხოვრების წესის გამო, სახელმწიფოს უჭირს მათი აღრიცხვა. დამატებითი წინაღობაა ისიც, რომ რეგიონის ხელისუფალთა უმეტესობა ფერმერობას უფრო ახალისებს, ვიდრე მეჯოგეობას. ეს შემცირებული პოლიტიკური გავლენა ართულებს მეჯოგეების ინტერესების დაცვას იმ მიწის, მარშრუტებისა და რესურსების კონტროლთან დაკავშირებით, რომლებზეც ისინი არიან დამოკიდებულნი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მალისა თუ ნიგერიაში ფულანების დიდი მოსახლეობაა, მეჯოგეთა უმრავლესობა მუდმივ საფრთხეში ცხოვრობს.
ჩრდილოეთ სენეგალში, ფერლოს ვრცელ ნაკრძალში, ფულანებისთვის პოლიტიკური ჩართულობის განსხვავებული მოდელი ყალიბდება – თემის აქტიური ქალი ლიდერი მეჯოგეებს პრობლემის გადაჭრის ახლებურ გზას სთავაზობს. მისი სახელია ავა სოუ და მან, ათწლეულების განმავლობაში გაწეული შრომით, მოიპოვა პატივისცემა და იშვიათი ავტორიტეტი.

„ავა ამ რეგიონში უნიკალური რეპუტაციის მქონე ქალი მებრძოლია“, – ამბობს ალიუ სამბა ბა, ნაკრძალში მოქმედი გავლენიან მწყემსთა ასოციაციის ხელმძღვანელი. სოუ ფულანების მომავალს ფერლოს ნაკრძალში ძალიან განსხვავებულად ხედავს.
აქ ფულბე მეჯოგეებს პოლიტიკური წარმომადგენლობა ჰყავთ. შედეგად, უკანასკნელ წლებში სახელმწიფომ ინვესტიცია ჩადო სოფლის განვითარებაში, მესაქონლეობის მხარდაჭერასა და სავაჭრო ქსელების გაძლიერებაში, თუმცა ნალექის რაოდენობა იკლებს და ადგილობრივი ბალახეული ხმება, წყლის რესურსებზე კი ზეწოლა იზრდება. ახლა, სეზონურ მიგრაციაში, მთლიანი ოჯახების ნაცვლად, ძირითადად, მამაკაცები მონაწილეობენ. ქალები და ბავშვები არიდულ სოფლებში რჩებიან. სოუ ცდილობს ეს ქალები ჩართოს პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ფერლოს მიღმაც გამოსადეგი იქნება ფულანებისთვის.
63 წლის სოუ ბარკეჯის თემში ცხოვრობს. მას ოფიციალური სამთავრობო თანამდებობა არ უჭირავს ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მისი გავლენა ბევრად დიდია. ნახევრად მომთაბარე ფულანები უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ამიტომ სოუ ცდილობს, ამ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა ხერხი მოიფიქროს.
ერთ-ერთი გამოსავალი ფულანი ქალების პოლიტიკაში ჩართვაა, რათა მეტი კონტროლის მოპოვება შეძლონ მათთვის ძვირფას რესურსებზე. მაგალითად, კაცების მიერ ფერლოს ნაკრძალის დატოვება ქალებს ძალას უზღუდავს. ტემპერატურის მატება აიძულებს მწყემსებს, უფრო შორეული სამხრეთისკენ გარეკონ საქონელი წყლითა და საკვებით უზრუნველსაყოფად, რის გამოც მათ დიდი ხნით უწევთ წასვლა და სოფლებში მხოლოდ რამდენიმე თვით ბრუნდებიან წლის განმავლობაში.
ამ ხანგრძლივმა წასვლებმა სოუს გაუჩინა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა წარმართავდეს დიალოგებს: „რატომ უნდა აკეთებდეს ბარკეჯელი ქალი სახლში ამდენ საქმეს, – ამბობს იგი, – გადაწყვეტილების მიღებისას კი ხმა არ ჰქონდეს?“
ცხრა შვილს შორის უფროსი სოუ გაიზარდა ბარკეჯიში, მწყემსის ოჯახში, სადაც თავისი თემის ტრადიციებისადმი ღრმა პატივისცემა გაუღვივდა. და-ძმებზე რომ ეზრუნა, სხვა გოგოებთან ერთად შეშის მოგროვება თუ ახლომდებარე ჭებიდან წყლის ზიდვა ისწავლა. 18 წლის ასაკში დაქორწინდა კაცზე, რომელმაც ეს კოლექტიური ძალა სულ სხვა თვალით დაანახა. იგი სენეგალის ეროვნული ასამბლეის – ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს – თავმჯდომარის აპარატის უფროსი იყო და სოუს აგულიანებდა, ევლო სხვადასხვა დასახლებაში, სადაც ქალებთან ერთად, მაგალითად, ფეტვს დაფშვნიდა და თან მათ დაარწმუნებდა, რომ დასწრებოდნენ პოლიტიკურ შეკრებებს და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. „თუ შეხვედრაში არ მონაწილეობ, ინფორმაციასაც ვერ მიიღებ“, – იხსენებს, რას ეუბნებოდა ქალებს. „თუ ინფორმაცია არ მოდის შენთან, მაშინ ის თავად უნდა მოძებნო“.

სოუს ბავშვობაში მის თემში არ არსებობდა სკოლა. მხოლოდ მას შემდეგ ისწავლა წერა-კითხვა, 30 წელს გადაბიჯებული სოფლის სამმართველოში რომ აირჩიეს. შემდეგ მიწის კანონმდებლობასაც ჩაუღრმავდა.
ფერლო 12 300 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორიაა. დღეს მას იმიტომ აქვს დაცული ზონის სტატუსი, რომ საფრანგეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში იქ სანაშენე მეცხოველეობა განვითარდა. 1960 წელს სენეგალმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ნახევრად მომთაბარე მწყემსებმა კი განაგრძეს ადამიანის მიერ შექმნილი ოაზისის გასწვრივ მდებარე სამიგრაციო დერეფნების გამოყენება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად 300 000 მწყემსია მიმობნეული.
სოუს ხელმძღვანელობით დაფუძნდა ადგილობრივი კომიტეტები, რომლებიც სენეგალის მთავრობასთან თანამშრომლობენ რეგიონის წყლის რესურსებისა და საერთო სამწყემსო დერეფნების სამართავად. ამის პარალელურად, მან ხელი შეუწყო ამ უწყებებში წამყვან პოზიციებზე მეტი ქალის დანიშვნის პროცესსაც. „თუ ბალახი ზიანდება, ქალებიც ისევე იტანჯებიან, როგორც კაცები, – ამბობს სოუ, – ამიტომ მათ ამ რესურსების მართვაზე საერთო პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.
მიწის აქტიური მართვის გარდა, სოუმ დააარსა ასევე მწყემს ქალთა ასოციაცია, რომელშიც ახლა უკვე 1500 ადგილობრივი, მთელი რეგიონიდან კი – 5000 ქალია გაერთიანებული. ეს ჯგუფი მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა, მაგალითად, სათემო ბაღების გაშენება, რაც საკვების სანდო წყაროსა და მეტ საერთო შემოსავალს უზრუნველყოფს, ასევე ღარიბ ოჯახებს ეხმარება ჯანმრთელობის დაზღვევის მიღებაში. ჯგუფმა, ამასთანავე, თემის მოულოდნელი საჭიროებებისთვის შექმნა 25 000-დოლარიანი ფონდი.
ყოველ წელს მამაკაცები ხანგრძლივად ტოვებენ ფერლოს ნაკრძალს და სოუსაც კითხვები გაუჩნდა: ვინ უნდა წარმართავდეს თემში დიალოგებს.
ამ ყველაფერმა ახალი ტიპის ციკლი წარმოშვა. მაგალითად, ბარკეჯის პირველმა ქალმა ვიცე-მერმა, დიუმა სოუმ (ავას ნათესავი არ არის), სწორედ მწყემსთა ასოციაციიდან დაიწყო კარიერა, რამაც გამოცდილება შესძინა და გზა გაუხსნა უფრო მაღალი და გავლენიანი პოლიტიკური თანამდებობებისკენ: „ჩვენ გვსურს, ჩვენს შვილებს განათლების მიღება შეეძლოთ, – ამბობს დიუმა სოუ, – ასევე, გვსურს, რომ ჩვენი ქალები დამოუკიდებელნი იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ ეკონომიკაში“.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ავა სოუს ამჟამინდელ ინიციატივათაგან ერთ-ერთი ეწინააღმდეგება ნახევრად მომთაბარე მეჯოგეობის ტრადიციას: ის ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე მასშტაბის ფერმერულ მეცხოველეობას, რაც უფრო სტაბილური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს, მაშინ როდესაც მომთაბარე მწყემსების პრობლემები სულ უფრო ღრმავდება. გასულ მშრალ სეზონზე სოუმ ერთი მწყემსი დაიქირავა საქონლისა და ცხვრის გადასარეკად, თუმცა მათი ნაწილი ადგილობრივ საძოვრებზე დატოვა მთელი წლის განმავლობაში.
სოუს აზრით, პირუტყვის ასე გაყოფა სულაც არ არღვევს მომთაბარეობის უძველეს ტრადიციას. პირიქით, ის ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად ახალ მოდელს ქმნის, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას – აზღვევს მიგრაციის დროს საფრთხეში ჩავარდნილ საქონელს. იგი პირდაპირ ამბობს, რომ „მწყემსებმა უნდა შეცვალონ მეთოდები და სტრატეგიები“.
ეს იდეა 2017 წელს გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა, როდესაც სოუ და თემის სხვა ლიდერები სენეგალის მეცხოველეობის მინისტრს შეხვდნენ. მინისტრმა საჯაროდ გამოხატა შეშფოთება იმაზე, რომ წვიმის სეზონზე ნალექების შემცირება მწყემსებს სულ უფრო ურთულებდა საქმეს. ცხოველების მთავარი საკვები – ადგილობრივი ბალახები – ქრებოდა. მინისტრმა ფულანებს შესთავაზა კლიმატისადმი მედეგი მცენარეული კულტურების გაშენება, რათა ფურაჟი მოემარაგებინათ გახანგრძლივებულ მშრალ სეზონებთან გასამკლავებლად. მწყემსებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და შეხვედრა დატოვეს, რადგან ეს შეთავაზება ტრადიციულ ფერმერობას წააგავდა. თუმცა, სოუ დაინტერესდა. რამდენიმე წლის წინ საკუთარ მიწაზე რამდენიმე ძროხისა და ცხვრისთვის საკმარისი სივრცე შემოღობა, რათა მთელი წელი ადგილზე დაეტოვებინა, 10 კვადრატულ მეტრზე კი საჩითილე მოაწყო ისეთი გვალვაგამძლე, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბალახოვანი მცენარეებისთვის, როგორიც, მაგალითად, მარალფალფაა (აფრიკული ფეტვისა და სპილოს ბალახის ჰიბრიდი) – გახმობის შემდეგ ველური ბალახეულის იაფი ალტერნატივა.
იდეამ სხვა მხრივადაც გაამართლა: უკანასკნელი წვიმების სეზონის დროს, როდესაც მოულოდნელად ცივმა ტალღამ მთელ ტერიტორიას გადაუარა და ძლიერი წვიმა და სეტყვაც მოიყოლა, სოუმ თავისი ფარა საძოვრებიდან ეზოში დააბრუნა და წინასწარ მომზადებული გამომშრალი მარალფალფათი გამოკვება. 140-ცხვრიანი ფარიდან მხოლოდ ერთი მოკვდა, თუმცა, ფარის მეორე ჯგუფს, რომელიც უფრო შორს იყო გარეკილი, ნაკლებად გაუმართლა – ისინი იქვე შეაფარეს საკვების გარეშე და 300-დან დაახლოებით 70 ცხოველი დაიღუპა.
მარცხნივ: ბურკინა-ფასოდან ძალადობას გამოქცეული 49 წლის ჯაჯო ჯალო და მისი ოჯახი ლტოლვილად იქცა განაში. მარჯვნივ: 27 წლის უსმაან სო სენეგალში ცხოვრობს ცოლებთან – ნაანასა და კურასთან – და შვილებთან, ჰადრაან უსმანთან და ჰაავა კურასთან ერთად.
ამ გამოცდილებამ სოუ კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად მეცხოველეობის რამდენიმე გზა საუკეთესო იარაღია. მას შემდეგ გადაწყვიტა, ჩართულიყო საგრანტო პროგრამის შემუშავებასა და ფინანსების მოძიებაში, რათა ახალგაზრდა ფერმერებს მცირე მასშტაბის ფერმერობის შესწავლაში დახმარებოდა. გრანტის მიმღებს ეძლევა რვა ცხვარი, რომელიც შემოღობილ ტერიტორიაზე უნდა იყოლიოს, ასევე, ცხოველთა საკვები და წყლის დისპენსერები. ამასთან, მათ აქვთ წვდომა ვეტერინარის მომსახურებაზე. ერთ-ერთმა გრანტის მიმღებმა, ორი შვილის 28 წლის მარტოხელა დედამ, ცოტა ხნის წინ, რვა ცხვარი გაყიდა და მიღებული თანხით ცხრა უფრო ახალგაზრდა ცხვარი შეიძინა. იგი ამ პროცესის გამეორებასა და საკუთარ ნაკვეთზე საკვები ბალახეულის დათესვას გეგმავს.
მარცხნივ: 67 წლის უსმანუ ჰამადუ და 51 წლის ჰამადუ ადამუ მწყემსავენ თავიანთ თხებს, ცხვრებს, ვირებსა და ძროხებს კამერუნში. მარჯვნივ: 9 წლის ადამ გაია თავის ვირთან, ბაკოსთან ერთად ნიგერის სოფელ ფადუკში ცხოვრობს.
ცხადია, ყველა ეს სტრატეგია ვერ იმუშავებს ფერლოს ფარგლებს გარეთ, სადაც მრავალი ფულანი კვლავაც იბრძვის უფლებებისა და რესურსების მოსაპოვებლად. თუმცა, ხელისუფლებასთან სოუს თანამშრომლობის შედეგად, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში თემებისთვის ათეულობით ახალი ჭის გაბურღვა, უკეთესი სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების აშენება და ბანკებიდან ცხოველების შესაძენად სესხების გამოყოფა მოხერხდა.
გასული წლის ნოემბერში, მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თემს ერთ-ერთი წამყვანი კანდიდატი ეწვია თავისი ამალით: უსაფრთხოების თანამშრომლებით, მედოლეებითა და ტრადიციული მეხოტბე მომღერლებით – გრიოტებით. შეხვედრა მათი წარმოდგენით დაიწყო და თავად სოუს შეასხეს ხოტბა: „ადრე ოჯახები პირველ შვილად ბიჭს ნატრობდნენ, – დაამღერა ერთ-ერთმა გრიოტმა – მაგრამ პირმშო ავა ჩვენი დიდი სიამაყის წყარო გახდა. ავამ ყველაფერი შეცვალა. მან დაგვანახა, რომ ერთმა ქალმა შეიძლება მოახერხოს ის, რასაც ათასი კაცი ვერ შეძლებს“.
არჩევნების დღეს ავა მშვიდად შევიდა ახლომდებარე საშუალო სკოლის ეზოში, რათა ხმის მიცემაში მიეღო მონაწილეობა: „ადრე ქალები არც კი მიდიოდნენ არჩევნებზე. ეს მათ არ აინტერესებდათ, – ამბობს იგი, – ახლა კი ამ რიგებს ვუყურებ და ვხედავ, რომ რაღაცები შეიცვალა“. ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ქალი იყო – სწორედ ამას თვლის ავა სოუ თავის უდიდეს მიღწევად.