ცხოველთა სამყაროს დაჩაგრულ წარმომადგენელთა ფარული ნიჭი
თვალშისაცემი გარეგნობის, არასათანადო ჰიგიენური ჩვევების თუ მოულოდნელი ქცევის გამო ზოგიერთ ცხოველს რეპუტაციის პრობლემები აქვს. თუმცა, მათი გამორჩეული სახასიათო ნიშნები შეიძლება სუპერშესაძლებლობებიც იყოს.
ცხოველთა სამყაროს დაჩაგრულ წარმომადგენელთა ფარული ნიჭი
თვალშისაცემი გარეგნობის, არასათანადო ჰიგიენური ჩვევების თუ მოულოდნელი ქცევის გამო ზოგიერთ ცხოველს რეპუტაციის პრობლემები აქვს. თუმცა, მათი გამორჩეული სახასიათო ნიშნები შეიძლება სუპერშესაძლებლობებიც იყოს.
სვავი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საძულველი არსებაა დედამიწაზე. თავად სიტყვა „სვავი“ შეურაცხმყოფელ კონტექსტში გაუმაძღარ ექსპლუატატორს აღნიშნავს. სვავის არასახარბიელო რეპუტაცია გარკვეულწილად გასაგებიცაა. უსიამოვნო გარეგნობის გარდა, ის ლეშით იკვებება და ამას გულისამრევად აკეთებს – მკვდარი ცხოველის სხეულში მისი რბილი ნაწილებიდან აღწევს, როგორიცაა პირი, ცხვირი ან ანუსი.
„სვავებს ნამდვილად აქვთ იმიჯის პრობლემა“, – ამბობს National Geographic-ის მკვლევარი დარსი ოგადა, საკონსერვაციო არაკომერციული ორგანიზაცია „შევარდნის ფონდის“ აფრიკის პროგრამის დირექტორი.
ამ ფრინველების პრობლემურ რეპუტაციას რეალური შედეგებიც ახლავს. ის გვაიძულებს, ყურადღების მიღმა დავტოვოთ სვავების გასაოცარი ქცევა და სასიცოცხლო როლი ჩვენს ეკოსისტემაში. მათ გარეშე ცუდი ამბები დატრიალდებოდა. ისინი ბუნებაში სანიტრების როლს ასრულებენ, გარემოს ხრწნადი ლეშისგან წმენდენ და დაავადებების გავრცელებას უშლიან ხელს.
აფრიკული ყურებიანი სვავი (Torgos tracheliotos)
ანტარქტიდისა და ავსტრალიის გარდა, ყველა კონტინენტზე გავრცელებული ქორისნაირნი, როგორიცაა ეს სვავი, ათასწლეულების განმავლობაში ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ ლეშით კვების გამო, მათ დაავადებათა მატარებლების რეპუტაცია შეიძინეს. თუმცა, სრულიად საპირისპიროდ, აღნიშნული ლეშიჭამიები ხელს უშლიან შავი ჭირისა თუ ჯილეხის გამომწვევ პათოგენთა გავრცელებას. ისინი ყოველწლიურად ათობით მილიონი ტონა სათბურის აირის ატმოსფეროში გაფრქვევასაც აჩერებენ, რომელიც მძორის ხრწნის პროცესში გამოიყოფა. ჩვენ ბევრი რამით ვართ დავალებულნი ამ ფრთოსანი სანიტრებისგან.
მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ინდოეთის შემთხვევა, სადაც სამი ათწლეულის წინ სვავები თითქმის გაქრნენ მას შემდეგ, რაც მილიონობით სვავი შემთხვევით მოწამლეს ძროხებისთვის განკუთვნილი პრეპარატით. ეს პრეპარატი სვავებისთვის ტოქსიკური აღმოჩნდა. შედეგად, სოფლის ტერიტორიები ცხოველების ხრწნადი, მიკრობებით სავსე ლეშით დაიფარა, რამაც დააბინძურა მდინარეები, სასმელი წყალი და გაიზარდა ცოფის მატარებელი გარეული ძაღლების პოპულაცია. ჟურნალ American Economic Review-ში გამოქვეყნებული ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, რომელიც მოსახლეობის შერჩეულ ჯგუფზე ჩატარდა, სვავების რიცხოვნობის შემცირებამ ინდოეთში, 2000-2005 წლებში, დამატებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
იდეალურ სამყაროში სვავების მასობრივი გაუჩინარება მათ კონსერვაციას პრიორიტეტად აქცევდა, თუმცა ეს ასე არ არის. გლობალური კონსერვაციისთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი რამდენიმე წამყვან სახეობას ხმარდება – უმეტეს შემთხვევაში, ისეთ დიდ ცხოველებს, როგორებიც არიან მარტორქა, სპილო და გორილა. „სხვებს ნარჩენები ხვდებათ“, – ამბობს ოგადა. ცხოველები, რომლებიც ამ ნამცეცებისთვის იბრძვიან, შეგვიძლია არაპოპულარულ, გარიყულ სახეობებს მივაკუთვნოთ. აქ ვგულისხმობთ სვავებს, შიშველ მიწისმთხრელებს თუ ცხვირა მაიმუნებს. ისინი არ არიან ლამაზები და ფერადოვნები და ხშირად ამაზრზენად იქცევიან – მაგალითად, ჭამენ განავალს, რაც შიშველ მიწისმთხრელს სჩვევია.
სამთითა ზარმაცა (bradypus variegatus)
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მკვიდრი ამ ნელა მოძრავი ცხოველების ოდითგანვე არასახარბიელო რეპუტაცია მათ ადრეულ გამოსახულებებშიც ჩანს. XIX საუკუნეში მათ „არასრულყოფილ ურჩხულებად“ მოიხსენიებენ, „ამაზრზენი გარეგნობითა და უმწეო მდგომარეობით“. მის უხეშ, აბურდულ ბეწვში მიკროწყალმცენარეების რამდენიმე სახეობა იზრდება, რაც ზარმაცას მომწვანო ელფერს ანიჭებს. ეს უცნაური ადაპტაცია საიდუმლო იარაღია – წყალმცენარეები ტყის ჩარდახში მობინადრე არსებებს შენიღბვაში ეხმარება.
ისინი კონსერვაციის კერპების – ლომების, პანდების, პინგვინების და ჟირაფების სრული ანტიპოდები არიან, რომლებსაც ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმებში იღებენ, ბურღულეულის შეფუთვაზე გამოსახავენ და ანიმაციურ ფილმებში მთავარ როლებს ანიჭებენ. კონსერვაციის სპეციალისტები ამ უმაღლესი ლიგის ვარსკვლავებს ქარიზმატულ მეგაფაუნას ან ფლაგმან სახეობებს უწოდებენ. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ისინი შემოწირულებებიდან არაპროპორციულად დიდ წილს იღებენ. როგორც ერთ კვლევაშია ნათქვამი, „ცხოველის ქარიზმა უფრო მეტია, ვიდრე გადაშენების პირას მყოფის სტატუსი“. ავიღოთ ერთი მაგალითი: ამფიბიები გადაშენების საფრთხის პირას მყოფ ხერხემლიანთა სახეობების დაახლოებით 25%-ს შეადგენენ, თუმცა დაფინანსების მხოლოდ 2,5%-ს ჯერდებიან. არავის სურს სლიპინა ბაყაყის კოცნა ან მისთვის შეწირულობის გაღება.
რა არის საჭირო VIP-ცხოველის სტატუსის მოსაპოვებლად? ამისათვის უნდა იყო საყვარელი, ფუმფულა, გიგანტური ზომის და/ან თვალისმომჭრელად შემოსილი – გაიხსენეთ ლეოპარდებისა და ზებრების საინტერესო მოხატულობები.
ცხვირა მაიმუნი (Nasalis larvatus)
მამრ ცხვირა მაიმუნებს სახეზე უზარმაზარი, ხორციანი ცხვირი ჰკიდიათ, რომელიც შეიძლება კომიკურად და არაპრაქტიკულად გამოიყურებოდეს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ბორნეოს ჯუნგლებში მობინადრე ეს პრიმატები დიდ საზოგადოებებად ცხოვრობენ, რომლებიც დაყოფილია მამრების მომცრო მოხეტიალე ჯგუფებად და ჰარამხანებად – მდედრებისა და მათი შთამომავლების ჯგუფებად, სადაც ერთი მამრი დომინირებს. მამრებს შორის კონკურენცია დიდ ჰარამხანაზე გასაბატონებლად შესაძლოა სასტიკი იყოს. მდედრი მაიმუნები უფრო გრძელცხვირა მამრებს ამჯობინებენ.
მიმზიდველობა განსაკუთრებულად ძლიერი საცდურია – ჩვენი ტვინი ასეა დაპროგრამებული. „ხშირად ცხოველებში საყვარლად გვეჩვენება ის, რასაც ჩვილ ბავშვებში ვხედავთ, მაგალითად, დიდი და დაჭყეტილი თვალები“, – ამბობს გაბი სალაზარი, გარემოსდაცვითი სოციოლოგი და National Geographic-ის მკვლევარი. ჩვენ გენეტიკა გვკარნახობს, რომ გვიყვარდეს და ვიზრუნოთ ჩვილებზე, რითაც ხეირობენ ბავშვური გამომეტყველების ცხოველები, მაგალითად, პანდა, რომელიც WWF-ის ლოგოზეც გამოსახეს. უმაღლეს ლიგაში მოხვედრას კიდევ ერთი სარგებელი მოაქვს. ამას ფსიქოლოგები ჰალოს ეფექტს უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმზიდველ ადამიანებსა და ცხოველებს ჩვენ შეცდომით ვანიჭებთ დამატებით დადებით მახასიათებლებს, როგორიცაა მორალური სათნოება.
სინამდვილეში როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, მომხიბლაობა სულაც არ ნიშნავს გულკეთილობას ან სიმამაცეს და არც უშნო გარეგნობა მიუთითებს გაიძვერობასა ან სიმხდალეზე. მაგალითად, ტუკანი. „მე მიყვარს ტუკანები, მაგრამ ისინი ნისკარტით მხოლოდ ხილს არ მიირთმევენ, არამედ სხვა ფრინველების ბუდეებიდან ბარტყებსაც იტაცებენ“, – ამბობს სალაზარი.
აფრიკული ხარბაყაყი (Pyxicephalus adspersus)
ხშირად უგულებელყოფილი სლიკინა ამფიბიები კონსერვაციისთვის მწირ დაფინანსებას იღებენ იმის მიუხედავად, რომ მრავალი სახეობა გადაშენების პირასაა. აფრიკული ხარბაყაყი ზომით მეორეა ბაყაყის სახეობებს შორის – მამრის სიგრძე 25 სმ-ს აღწევს და ორ კილოგრამამდე იწონის. ზოგჯერ უფრო დიდიც ჩანს: საფრთხის დროს ბაყაყები ხორკლიან სხეულს ბერავენ მტაცებლების დასაფრთხობად.
მაშ, როგორ შეიძლება მოგვარდეს რეპუტაციის ეს პრობლემა? როგორ შეგვიძლია მეტი ყურადღება მივაპყროთ ცხოველთა სამყაროს ამ გარიყულ წარმომადგენლებს და მოვიპოვოთ მათი კონსერვაციისთვის საჭირო თანხები? სალაზარის თქმით, ერთ-ერთი გასაღები უკეთესი ამბების მოყოლაა. დასაწყისისთვის, შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი ამ ცხოველის მიერ მოტანილი სარგებელი, მაგალითად, სვავების როლი ნარჩენების მოცილებაში.
კიდევ ერთი სტრატეგია ამ ცხოველების თითქოსდა ცუდი მახასიათებლების გადაფასებაა. მაგალითად, სვავის შეუხედავი მელოტი თავი სინამდვილეში ჭკვიანური გამოსავალია, რომ ლეშით კვების დროს ფრინველის ბუმბულში მიკრობები არ დაგროვდეს. ზარმაცას ვითომ სიზარმაცე სინამდვილეში ბრწყინვალე ევოლუციური ადაპტაციაა. მისი სიზანტე გადარჩენის სუპერეფექტური საშუალებაა დაბალკალორიული, ფოთლოვანი რაციონით კვების პირობებში. შიშველი მიწისმთხრელი შესაძლოა დანაოჭებულ, ღოჯებიან სოსისს წააგავს, მაგრამ ეს უცნაური არსება ისე განვითარდა, რომ 18 წუთის განმავლობაში შეუძლია ჟანგბადის გარეშე გაძლოს.
ინდური მფრინავი მელა (Pteropus medius)
ღამურებმა სისხლისმსმელი ურჩხულების რეპუტაცია მწერალ ბრემ სტოკერისა და ვამპირული ფოლკლორის წყალობით შეიძინეს. ინდური მფრინავი მელას შემაცბუნებლად დიდი ზომა, მუქი თვალები, ბასრი კბილები და დიდი კოლონიების ფორმირებისკენ მიდრეკილება, მის იმიჯს ნამდვილად არ უწყობს ხელს. სამხრეთ აზიის ტყეებსა და მარშებში, ასევე, მიანმაშიც, ეს ღამურები უზარმაზარ კოლონიებად ბინადრობენ. ძირითადად ხილითა და ნექტრით იკვებებიან და დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი დამამტვერიანებლები არიან.
შეიძლება ცხოველების უცნაურობის ხაზგასმაც. სალაზარის თქმით, ჩატარდა რამდენიმე ახალი კვლევა ე.წ. „უშნო-საყვარელ“ ცხოველებზე. „უშნო-საყვარელი ცხოველები იმდენად უცნაურნი ან არასტერეოტიპულად საყვარელნი არიან, რომ ბოლოს და ბოლოს სახალისოები ხდებიან, გვაღიმებენ და გვაცინებენ“, – ამბობს იგი. „ზოგიერთი სახეობა საკმარისად არასტანდარტულად გამოიყურება იმისათვის, რომ პოპულარობა მოიპოვოს“. ამის მაგალითია აბისალური ზონის, ჟელესებრი აგებულების თევზი Psychrolutes marcidus, რომელიც თავისი შეუხედავი ცხვირ-პირით ინტერნეტვარსკვლავი გახდა მის ფოტოზე გაკეთებული წარწერით: „როგორ ვგრძნობ თავს ორშაბათობით“. ასე რომ, რევოლუციის დრო მოვიდა. დროა, დავიბრუნოთ გარიყულები. იმედი ვიქონიოთ, ერთ მშვენიერ დღეს ბურღულეულის შეფუთვაზე დახატულ შიშველ მიწისმთხრელს ვიხილავთ, კოლეჯის საფეხბურთო გუნდს „სვავებს“ დაარქმევენ და უცნაური გარეგნობის თევზიც კომპიუტერული ანიმაციის მთავარ როლში მოგვევლინება. ჯერჯერობით კი ამ ფურცლებზე არაპოპულარული არსებების უცნაურად ბრწყინვალე თვისებებსა და ქცევებს წარმოგიდგენთ.