ამ ფოტოზე სანიმუშო ინჟინერ- მშენებლები არიან გამოსახულნი. თახვები წარსულში ძვირფასი ბეწვის გამო ფასობდნენ, დღეს ადამიანები ამ ცხოველების ოსტატობას აფასებენ და მდინარეებზე მათი აგებული ჯებირების ანალოგებსაც ქმნიან. არადა, იყო დრო, როდესაც ამ მღრღნელებს მავნებლებად მიიჩნევდნენ, სწორედ მათ „სამშენებლო პროექტებს“ შეწირული ხეებისა და მათივე აგებული ჯებირების შედეგად დატბორილი სავარგულების გამო. რკინისკბილებიან გამჭრიახ ცხოველს ახლოს გაგაცნობთ სტატია „რა შეგვიძლია ვისწავლოთ გენიოსი თახვებისგან“.
ეკომეგობრული მშენებლობის სულ სხვა ამბავს მოგითხრობთ სტატია „გამოქვაბულის ბინადართა ფარული სამყარო“. სათაურმა რომ არ დაგაბნიოთ და გონებამ ქვის ხანისკენ არ წაგიყვანოთ, აქვე გეტყვით: ეს არაჩვეულებრივი სტატია გაგაცნობთ კლდეში ნაკვეთი სახლების თანამედროვე ბინადრებს დედამიწის სხვადასხვა წერტილში – ავსტრალიიდან კაპადოკიამდე.
ერთი ვრცელი სტატია უშორესი წარსულით დაინტერესებული მკითხველისთვისაც გვაქვს: სანამ დედამიწაზე თახვების გიგანტური წინაპრები გამოჩნდებოდნენ ან ჩვენი წინაპრები გამოქვაბულებში დაიდებდნენ ბინას, დღევანდელი საჰარის უდაბნო მწვანედ მობიბინე წალკოტი იყო, სადაც დინოზავრები ბატონობდნენ. ამას ადასტურებს დიუნების ქვეშ საიმედოდ დაცული განამარხებული ნაშთები. პალეოსაგანძურზე მონადირე მეცნიერების, ადგილობრივი ტუარეგებისა თუ პრეისტორიული ipod-ის შესახებ მეტს შეიტყობთ სტატიიდან „როგორ მოვიპოვოთ დინოზავრის 55 ტონა ძვალი საჰარის უდაბნოდან“. რა თქმა უნდა, სხვა საინტერესო აღმოჩენებიც გელით National Geographic – საქართველოს აგვისტოს ნომერში.