მსოფლიოს უძველესი ფერადი ფოტოები თხრობას განაგრძობს
ავტოქრომის გამოგონებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ რევოლუციური ფოტოების მდგომარეობა უარესდება, თუმცა ისინი ახალ მშვენებასაც იძენს.
1980-იანი წლების დასაწყისში National Geographic Society-ს ფოტოგრაფი და შემდგომ არქივის მცველი, განსვენებული ვოლკმარ ვენცელი, საცავში ქექვისას გასაოცარ და ამავდროულად გულსაკლავ რამეს წააწყდა: ღია ბარათის ზომის მინის ფირფიტებით სავსე ყუთს. ფირფიტებზე XX საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფერადი კადრები იყო აღბეჭდილი. ბევრ მათგანზე ერთ დროს მკვეთრი გამოსახულებები ჰალოებით დაბინდულიყო, თეთრი წინწკლები აჩრდილებივით დასტყობოდა და დროისა თუ მივიწყებისგან კიდევ უფრო იდუმალი იერსახე მიეღო.
ეს ავტოქრომები იყო, რომლებიც XX საუკუნის დამდეგს შეიქმნა, მაშინ როდესაც სამყაროს სრული პალიტრით აღბეჭდვას ესწრაფოდნენ. ახლა ნაჩქარევად ცდილობენ ამ ნიმუშების შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ დრომ ისინი თავისებურად გარდაქმნა.
1937 წელს მისისიპიში ჩატარებული ქორეოგრაფიული წარმოდგენის ეს ფოტო (ზემოთ) ფერადი ფირის წინამორბედით – Dufaycolor-ით შეიქმნა. 2008 წელს ის გააციფრულეს, ხოლო 2023 წლისთვის მასზე ქიმიური პროცესი, “ძმრის სინდრომი“ დაიწყო. ფოტო: ჯ. ბეილორ რობერტსი, NATIONAL GEOGRAPHIC IMAGE COLLECTION
ავტოქრომულ ტექნიკას ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა 1907 წელს მიაგნეს, რაც იმ პერიოდის რევოლუციური გამოგონება იყო. მათ გამოიყენეს სინათლის მიმართ მგრძნობიარე ვერცხლის ემულსია, რომელზეც კარტოფილის სახამებლის თხელი ფენა დაიტანეს. ეს ფხვნილი, რომელიც მაშინ წებოდ, გამასქელებლად და ქსოვილის გასახამებლად გამოიყენებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი აღმოჩნდა იმ ეპოქის ფერების დასაფიქსირებლად. მწვანე, ნარინჯისფერი და იისფერი ნაწილაკები თანაბრად იყო გადანაწილებული და ლაქით მაგრდებოდა ფირფიტაზე. როდესაც ფირფიტას სინათლის სხივი ხვდებოდა კამერის ობიექტივის საკეტის გახსნისას, თითოეული შეფერილი გრანულა ბლოკავდა ხილული სპექტრის ფერების შესაბამის ტალღის სიგრძეთა დიაპაზონს. შედეგად, სხივები ეცემოდა ემულსიას სინათლის განსხვავებულად გამფილტრავი უთვალავი პაწაწინა წერტილის ქვეშ.
„დეგრადაცია უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ეს გარდაქმნის პროცესი უცნაურ სამეცნიერო ისტორიულ პროექტადაც იქცა“. – რებეკა დიუპონი, National Geographic-ის ფოტოების არქივარიუსი
ბნელ ოთახში რამდენჯერმე ქიმიურად დამუშავების შემდეგ გამჭვირვალე მინას ახლოდან თუ დააკვირდებოდით, ის ნამდვილ პუანტილისტურ მოზაიკას ჰგავდა. მაგრამ, როდესაც ფირფიტას უკან დახევდით და დამცავი მინის დაფარების შემდეგ სინათლეს დაანათებდით, მკაფიო მხატვრული სურათი ჩნდებოდა.
ჟურნალ National Geographic-ის პირველი სრულშტატიანი რედაქტორი ავტოქრომის ტექნიკის დიდი ქომაგი იყო და მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფებისგან აგროვებდა მინის ფირფიტებს. ხანგრძლივი ექსპოზიციის გამო, ადრეული ფერადი კადრების უმეტესობა ნატიურმორტები და პეიზაჟებია, თუმცა National Geographic-მა დინამიკური კადრებიც მოიპოვა: ალბანეთის გადატვირთული ბაზარი, ტიბეტელი ნიღბიანი მოცეკვავეები, ფერადად მორთულ სპილოებზე მჯდომი ადამიანები ინდოეთში.

ავტოქრომი და სხვა მსგავსი ტექნიკა მინის ფირფიტების საშუალებით ფერადი კადრების მისაღებად გამოიყენებოდა 1935 წელს Kodachrome-ის ფირის გამოსვლამდე. ამ ფირის ემულსიის ფენები თავად იყო ფოტომგრძნობიარე. ფირის ეპოქაში Society-ს მინის ფირფიტებს სიფრთხილით აღარ ინახავდნენ. ვენცელი, რომელმაც National Geographic-ის საველე ფოტოგრაფად 40 წელიწადზე მეტხანს იმუშავა, გულმოდგინედ უფრთხილდებოდა ძველ ფოტოებს, მაშინ როდესაც მისი კოლეგები მთელ ყურადღებას ინოვაციურ მეთოდებს ანიჭებდნენ. როდესაც Society-მ 1960 წელს თავისი კოლექცია გადაახარისხა, ვენცელმა ნაგვის ყუთიდან ამოიღო ეს ფირფიტები, სახლში შეინახა და შემდგომ არქივს დაუბრუნა. დანარჩენი მივიწყებული ნიმუშები დიდხანს ფუჭდებოდა საწყობში, სანამ ვენცელმა ისინი არ აღმოაჩინა 1980 წელს Society-ს პირველ ოფიციალურ ფოტოარქივარიუსად დანიშვნის შემდეგ.

ვენცელმა მიზნად დაისახა ძველი ფოტოების კოლექციის დაცვა, აღწერა და გამოფენა. დღეისთვის National Geographic-ის ადრეული ფერადი ფოტოკოლექცია 13 000-მდე ფირფიტას ითვლის, მათ შორის არის ავტოქრომული ფოტოების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია (ყველაზე დიდი კოლექცია პარიზის შემოგარენში ალბერ-კანის მუზეუმში ინახება).
ისევე როგორც სხვა ძველი ფერადი ფოტოები, National Geographic-ის ფირფიტებიც დაზიანდა სინათლის, ტემპერატურის, ნესტის და არასწორი მოვლის გამო. ვერცხლის ნაწილაკების ჟანგვამ ნარინჯისფერი ამებას ფორმის ლაქები გააჩინა. ავტოქრომის შთამომავლის შემთხვევაში, რომელსაც Dufaycolor-ი ჰქვია, თუ ფირფიტებზე იისფერი ლაქები გაჩნდა, ეს „ძმრის სინდრომის” ნიშანია. ეს ქიმიური ლპობის პროცესია, რომელიც აზიანებს ფირის შრეებს. სახელი სპეციფიკური სუნის გამო დაერქვა. „ძმრის სინდრომი” შეიძლება ასევე გადამდები იყოს ფირფიტიდან ფირფიტაზე, რის გამოც მას „ფოტოარქივის ეპიდემიასაც უწოდებენ”, – ამბობს სარა მანკო, National Geographic Society-ს ფოტო- და ილუსტრაციების არქივის დირექტორი.

შესაძლოა ტრაგიკულად ჟღერს, მაგრამ ამ ლაქებმა ბევრ ფირფიტას ახალი, უჩვეულო სილამაზეც შესძინა. ისინი აღარაა ისტორიის ხელუხლებელი დოკუმენტები, არამედ თავისი აბსტრაქტულობით, ფრაგმენტულობითა და ბუნდოვანებით უმოწყალო ჟამთასვლის სიმბოლოდ იქცნენ. გარდა ამისა, როგორც ფოტოარქივარიუსი რებეკა დიუპონი განმარტავს, ამ შეუქცევად დაზიანებაზე დაკვირვება მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
„თუ დავფიქრდებით, ფოტოგრაფია ჯერაც ახალი დარგია, მხოლოდ 150 წელს ითვლის”, – ამბობს დიუპონი. კოლექციის ნიმუშებს „ჯერ არ დაუსრულებია თავიანთი სიცოცხლე. ისინი ახლა განსაკუთრებულ პერიოდს გადის და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაკვირდეთ მათ გარდაქმნას”.
მარცხნივ: სირიის უდაბნოს მცველები პალმირაში 1938 წლის Dufaycolor-ის ფირზე. ეს ვერსია 2012 წელს გადაიყვანეს ციფრულ ფორმატში, სანამ მისი აცეტატის ფუძეშრე ვიზუალურ დეგრადაციას დაიწყებდა. მარჯვნივ: ბოლო 13 წლის განმავლობაში “ძმრის სინდრომის“ მანიშნებელი ლაქა წარმოიშვა. დღეს ასეთი ძველი ფირები დაბალი ტემპერატურის საცავში ინახება, რაც ანელებს მათ დეგრადირებას. – ფოტო: უ. რობერტ მური, NATIONAL GEOGRAPHIC IMAGE COLLECTION
მინის ფირფიტების მდგომარეობა უარესდება, მაგრამ მათი გამოსახულებების შესანარჩუნებლად 2020 წლიდან მანკომ და არქივარიუსების გუნდმა სამი წლის განმავლობაში მთელი კოლექცია გადაიყვანეს ციფრულ ფორმატში. ფირფიტების ორიგინალები კი გულდასმით დაწყობილი ინახება თერმორეგულირებულ საცავში. „ძმრის სინდრომით” დაზიანებული ფირფიტები იზოლირებულად შეინახეს, ხოლო დამსხვრეული ნიმუშები დიდი წვალებით გაამთელეს.
მიუხედავად ყველაფრისა, მათ იციან, რომ ეს ფირფიტები სამუდამოდ ვერ შეინახება და ამას შეგუებულნი არიან. „დეგრადაცია ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს ფირფიტები სიცოცხლეს აგრძელებენ, ეს დოკუმენტური მასალა უცნაურ სამეცნიერო ისტორიულ პროექტად იქცევა”, – ამბობს დიუპონი. „როგორ ფიქრობთ, ამ გამოსახულებებს ვკარგავთ, თუ რაღაც ახალ ფორმაში გარდაქმნის მომსწრენი ვართ?”