გამოქვაბულის ბინადართა ფარული სამყარო
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები თავს მიწის ქვეშ აფარებდნენ. დღეს ცხოვრების ეს ძირძველი წესი საფრთხეშია. რისი სწავლა შეგვიძლია მიწისქვეშა საზოგადოებებისგან, სანამ ისინი არ გამქრალან?
გამოქვაბულის ბინადართა ფარული სამყარო
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები თავს მიწის ქვეშ აფარებდნენ. დღეს ცხოვრების ეს ძირძველი წესი საფრთხეშია. რისი სწავლა შეგვიძლია მიწისქვეშა საზოგადოებებისგან, სანამ ისინი არ გამქრალან?
თითქმის ათი წლის წინ ფოტოდოკუმენტალისტი და National Geographic-ის მკვლევარი ტამარა მერინო ავსტრალიის ცხელ, ერთი შეხედვით უკაცრიელ სიმფსონის უდაბნოში საცხოვრებელი ავტოფურგონით მოგზაურობდა, როდესაც მის მანქანას საბურავი დაეშვა. ეს 170 000 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული დიუნებით მოფენილი ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია, სადაც მანქანა შეიძლება გაგიფუჭდეს;
ზაფხულში ტემპერატურა 50°C-ს სცდება, წყალიც იშვიათია. მერინომ მანქანა წვალებით გააგორა გზაზე და ქალაქის ნიშნებიც შეამჩნია, მაგრამ გარშემო არავინ ჩანდა და შენობებიც მიტოვებულად გამოიყურებოდა. ქუჩებში სიარული რომ დაიწყო, ბორცვზე მეტალის ჯვარი შეამჩნია. სანახავად აძვრა და როდესაც ბორცვიდან გადმოიხედა, ფართო შიდა ეზო დაინახა, რომელიც მიწისქვეშა მართლმადიდებლური ეკლესიის ფასადს ქმნიდა.
მერინომ მალევე აღმოაჩინა, რომ ოპალის მომპოვებელ შორეულ დასახლებაში – კუბერ-პედიში ამოყო თავი. მას შემდეგ, რაც 1915 წელს ოქროს მაძიებელმა აქ ოპალი იპოვა, ამ რეგიონს მაღაროელები მოაწყდნენ. როდესაც ამ ციებ-ცხელებას I მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცებიც შეუერთდნენ, ისინი გორაკის ფერდობებში ამოჭრილ მიწურებში დასახლდნენ, რათა დღის პაპანაქებისგან დაეღწიათ თავი. ეს მაშინ ახალი იდეა იყო, დღეს კი კუპერ-პედის 2000-სულიანი თემის უმეტესი წევრი მიწის ქვეშ ცხოვრობს. „აქაურებს ღრმა კავშირი აქვთ გარემოსთან”, – ამბობს მერინო.

გამოქვაბულებში ადამიანების ცხოვრება მილიონობით წლის წინ იღებს სათავეს – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენმა ადრეულმა აფრიკელმა წინაპრებმა თავშესაფარი მიწისქვეშა მღვიმეებში იპოვეს. დროთა განმავლობაში ეს მღვიმეები სახლებად გადაიქცა – იქ ადამიანებმა კედლების მოხატვა და სათემო ცერემონიების გამართვა დაიწყეს. კუბერ-პედის ნახვის შემდეგ მერინო მიხვდა, რომ ცხოვრების ეს ძველი წესი ზოგ ადგილას დღემდე შენარჩუნდა.
პოლიგამისტი მორმონების ჯგუფი 15-მდე გამოქვაბულ-სახლში ცხოვრობს მოაბში (იუტა); 50 წლის წინ ქვიშაქვაში დინამიტის მეშვეობით შექმნილ გამოქვაბულში მორმონებს აქვთ წყალგაყვანილობაც და ელექტრობაც; ტოკუატო ლოპესი და მისი ოჯახი გუადიქსის გამოქვაბულში ოთხი თაობა ცხოვრობს; კუპერ-პედიში აქტივობების უმეტესობა, მათ შორის რელიგიური, მიწის ქვეშ მიმდინარეობს.
რთულია იმის თქმა, რამდენად გავრცელებულია ასეთი საზოგადოებები. 2000-იანი წლების დასაწყისში ცენტრალურ ჩინეთში, შაანსის პროვინციაში, იაოტუნგის მიწისქვეშა სახლებში 30-40 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა 2010 წლის გაანგარიშებით ეს რიცხვი სამ მილიონამდე დაეცა მოსახლეობის დიდი ნაწილის ქალაქში გადასვლის გამო. რაც არ უნდა იყოს ზუსტი სტატისტიკა, ფაქტია, ადამიანები მიწის ქვეშ სულ უფრო იშვიათად ცხოვრობენ.
ბოლო ორ წელიწადში მერინომ მსოფლიო მოიარა, რათა ცხოვრების აღნიშნული წესის მიმდევარი ადამიანები გაეცნო. მან აღმოაჩინა ამ ტრადიციის არაერთი სარგებელი. „მიწისქვეშა სამყარო მდგრადობისა და წრიული ეკონომიკის მაგალითია”, – ამბობს პიეტრო ლაურეანო, კლიმატზე ფოკუსირებული არქიტექტორი და UNESCO-ს კონსულტანტი, რომელიც გამოქვაბულის მცხოვრებლებს იკვლევს. „ის, ასევე, გვასწავლის განსხვავებულ, სიმბოლურ ურთიერთობას სივრცესთან. დღეს ჩვენ დავივიწყეთ დაფარულის, უხილავის, მიწისქვეშას მნიშვნელობა”.
მართლაც, დაწყებული იუტაში მცხოვრები მორმონი ფუნდამენტალისტებით, დამთავრებული სამხრეთ ესპანეთის 3000-კაციანი დასახლებით, მერინომ აღმოაჩინა, რომ ამ თემებში ცხოვრება უფრო არამყარია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მათ შეუძლიათ ბევრი გვასწავლონ ადამიანის გამჭრიახობასა და გამძლეობაზე.
ნაწილი პირველი ტუნისი – გამოქვაბულის სიგრილე გავარვარებულ ტუნისში

ათასობით წლის განმავლობაში ბერბერები სამხრეთ ტუნისში სახლებს ქვიშაქვის მთის ფერდებში კვეთდნენ, რომლებიც საჰარის ფართოდ გაშლილ სივრცეებში გვხვდება. ეს თავშესაფრები ადამიანებს მწველი სიცხისგან და უდაბნოს ქარებისგან იცავდა. შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკეთესად ცხოვრების გზებიც არსებობს.
როდესაც ტუნისმა 1956 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ახალმა პრეზიდენტმა, ჰაბიბ ბურგიბამ, ქვეყნის მოდერნიზება დაიწყო, რაც ბერბერების გამოქვაბულებიდან გამოყვანას და მიწის ზემოთ მთავრობის მიერ აშენებულ საცხოვრისებში შესახლებას გულისხმობდა. ამ ადამიანებს დაჰპირდნენ იაფ ონკანის წყალს და ელექტრობას, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ საცხოვრებელი გამოიცვალეს, ბევრმა აღმოაჩინა, რომ დაპირება არ სრულდებოდა. „მოგვატყუეს”, – ამბობს 72 წლის სლიმენ ბენ მასუდი, რომელიც გამოქვაბულში დაიბადა, მაგრამ 1970-იან წლებში სამთავრობო საცხოვრისში გადავიდა. „ჩემგან ყველაფერი წაიღეს და სანაცვლოდ არაფერი მომცეს”.
საცხოვრებლის შეცვლის სხვა მცდელობები შედარებით წარმატებული იყო. 1969 წელს მატმატასა და ჰადეჯის გარშემო წყალდიდობამ ბევრი სახლი გაანადგურა. იქაურ მცხოვრებლებს ახლომდებარე ნიუ-მატმატაში კვადრატული მეტრი მიწა სამ დინარად (ერთ დოლარად) შესთავაზეს. უმეტესობისთვის ეს ძალიან კარგი შეთავაზება იყო. დღეს ამ ქალაქში ერთი მთავარი ქუჩა გადის, სადაც ჩამწკრივებულია კაფეები, საყასბო და ვიდეოთამაშების დარბაზიც კი. მაგრამ ქალაქი ჯერაც ვერ უმკლავდება ერთ პრობლემას, რომელიც ათასობით წლის წინ გამოქვაბულებმა გადაჭრა: სიცხეს. ტუნისი, მთელი მსოფლიოს დიდი ნაწილის მსგავსად, შემაშფოთებლად სწრაფად თბება და ვარაუდობენ, რომ საუკუნის მიწურულს ტემპერატურა 6,5°C-ით მოიმატებს.

ისინი, ვინც გამოქვაბულებში დარჩნენ, ჭკვიანურად აზავებენ როგორც თავიანთი ძველი სახლების, ისე თანამედროვე ცხოვრების ელემენტებს. ნიუ-მატმატადან 13 კილომეტრში ჰაამდის ოჯახი ბენი-აისას ქვიშაქვის ბორცვში ღრმად გამოთხრილ ხუთ ოთახში ცხოვრობს. აქ დაახლოებით ათი ასეთი სახლია შემორჩენილი, რომლებშიც ადამიანები ახლაც ცხოვრობენ. სახლში მიწისზედა აგურის ფოიედან შედიხარ, რომელიც საჰარის მზეზე იწვის, მაგრამ თავად საცხოვრებელი ზონა კომფორტული და გრილია. საუკუნეების განმავლობაში აქ წყლის არხებისა და ბილიკების რთული სისტემა გაიყვანეს, რომელიც უდაბნოში განაწილებულ ოციოდე სახლს აკავშირებს. წვიმის დროს ეს არხები პალმის, ნუშისა და ზეთისხილის ხეებს რწყავს. ჰაამდების სახლი შიგნით თითქმის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ნებისმიერი სხვა ტუნისელის სახლი, რომელიც XXI საუკუნეში აშენდა. საკუჭნაოს კედლებზე ხახვი და ნიორი კიდია; მისაღები სივრცის იატაკი სავსეა ბალიშებითა და ხალიჩებით. როდესაც უფროსი ვაჟი, 20 წლის სალემი, ტელეფონს სპილენძის ანტენას შეუერთებს, სუსტი ინტერნეტიც კი აქვთ და 15 წლის ლეილას, უმცროს ქალიშვილს, შეუძლია კირით შეთეთრებულ საწყობ ოთახში ვიდეოებიც ჩაწეროს TikTok-ზე ასატვირთად. 73 წლის პაპა ალი, ოჯახის უხუცესი წევრი, გამოქვაბულში დაიბადა და არც ახსოვს, იქ მანამდე რამდენი თაობა გაიზარდა. „აქაურობას არასოდეს დავტოვებ”, – ამბობს იგი. არც ლეილა და სალემი ფიქრობენ წასვლას; ისინი გეგმავენ, ფორებიანი კლდე კიდევ უფრო ღრმად გათხარონ.
ნაწილი მეორე იორდანია – ტომი, რომელიც ინარჩუნებს კავშირს მიწასთან

ქალაქი პეტრა იორდანიის უდაბნოს ქვიშაქვის კლდეებსა და კანიონებში 2000 წელზე მეტი ხნის წინ გამოკვეთეს როგორც ნაბატეველთა სამეფოს მომნუსხველი სავაჭრო დედაქალაქი. მაგრამ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ბედუინები აქაური კატაკომბების, დერეფნებისა და საკნების ლაბირინთში სახლობენ. ისინი სოფლური ცხოვრების წესს მისდევდნენ – სამეფო აკლდამის ქვეშ არსებულ ფერდობებს მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, თხებს კი ქალაქის გრძელ კანიონში მიერეკებოდნენ.
ეს იდეალური ადგილი იყო 1970-იან წლებამდე, სანამ იორდანიის მთავრობა გადაწყვეტდა, აქაურობა არქეოლოგიურ ძეგლად და ტურისტული დანიშნულების ადგილად ექცია. მეფე ჰუსეინ იბნ ტალალმა ბედუინთა 140 ოჯახთან შეთანხმება გააფორმა, რომ ისინი წავიდოდნენ, მთავრობა კი ახლოსვე ააშენებდა პატარა დასახლებებს მათ დასაბინავებლად. „ეს საქციელი გაამართლეს, როგორც ძეგლის დაცვა და დასაქმებისა თუ თავის რჩენის ახალი შესაძლებლობები”, – ამბობს მიკელ ბილე, ეთნოლოგიის პროფესორი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში და ავტორი წიგნისა „ბედუინობა პეტრას გარშემო”. 1985 წლისთვის ამ ეთნიკური ჯგუფის უმეტესობას დატოვებული ჰქონდა ეს ძველი ქალაქი, პეტრამ კი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.
პეტრაში დარჩა დაახლოებით 120 ბედუინი, რომლებიც მთავარი არქეოლოგიური ზონიდან პერიფერიული ხეობისკენ გადაიყვანეს, სადაც ისინი სათავისოდ იყენებდნენ ნებისმიერ სივრცეს, რომელსაც ნახავდნენ.
რაია ჰუსეინ სულიმან სემაჰინი სამეფო აკლდამაში მოწყობილ საცხოვრისში დაიბადა მაშინ, როდესაც მისი ტომი პეტრას თავისუფლად განაგებდა. დღეს იგი 90 წლისაა და მახლობელ ხეობაში, წითელ კლდეში გამოკვეთილ გამოქვაბულში ცხოვრობს, სადაც აქვს სამზარეულო, ცეცხლის დასანთები ფართო ჩაღრმავებული ადგილით და გაჭვარტლული კედლებით, მზის პანელის დახმარებით სუსტად განათებული საძინებელი და კარადა-გამოქვაბული, სადაც მისი ტანსაცმელი და თავსაფრები ღვიის ტოტებზე გაბმულ მავთულზე კიდია.

ამ ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში, დამტვერილ ბორცვზე, მთავრობამ ახლახან გააშენა თანამედროვე სოფელი პეტრას დარჩენილი მცხოვრებლების შესასახლებლად. გამოქვაბულის ზოგიერთი მცხოვრები მზადაა ახალი წესით დაიწყოს ცხოვრება. 37 წლის ჰანია სულიმან ალი სამაჰინს უნდა, მისი შვილები უფრო ახლოს იყვნენ სკოლასთან და ჰქონდეთ მუდმივი წვდომა სუფთა წყალთან – დღეს წყალი ონკანიდან მხოლოდ სამ-ოთხ დღეში ერთხელ მოწანწკარებს.
სხვები არ აპირებენ, პეტრა ბეტონსა და თანამედროვე ცხოვრებაში გაცვალონ. „მოგვწონს ღია სივრცე, – ამბობს 18 წლის სულემან სამაჰინი, – ბუნება და თავისუფლება”. როდესაც ღამე ჩამოწვება, ოჯახი ლეიბებსა და ცხოველის ტყავებზე წამოწვება და ვარსკვლავებს შეხედავს.
„პეტრადან ბედუინების გასახლება იგივეა, რომ კერძიდან სანელებლები ამოიღო, – ამბობს რაია, – რაღა დარჩება”.
ნაწილი მესამე ლესოთო – სახლი უსახლკაროებისთვის

გამოქვაბული ჰა-კომეში ყოველთვის უკანასკნელი თავშესაფარი იყო.
XIX საუკუნის დასაწყისში, ომიანობის ჟამს, როდესაც სამხრეთ აფრიკაში მილიონობით ადამიანს მოუწია გადაადგილება და უამრავი მათგანი დაიღუპა, ბასოთოს ბელადი კომე თავის ტომს მალოტის მთებში შეუძღვა. კომემ იპოვა დიდი გამოქვაბული, პირით აღმოსავლეთისკენ, გარშემორტყმული ხეობის ციცაბო ფერდობებითა და პლატოებით. აქვე დაბანაკდა. „მაშინ ეს იყო უსაფრთხოების მხრივ სტრატეგიული ადგილი“, – ამბობს ჯოშუა ჩაკავა, ლესოთოს ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოცენტი. მისი თქმით, კომეს ტომის წევრებს შეეძლოთ ძალადობისგან დაეცვათ საკუთარი თავი და საქონელი.
ბოლოს ტომმა ჰა-კომეს გამოქვაბულში სახლები ააშენა. ჯოხებისგან, ტალახისა და ნაკელისგან ორი მეტრის სიმაღლის ქოხები ააგეს, შემდეგ კი ქოხების კარის გარშემო ნარინჯისფერი თიხა გადაუსვეს. ადგილობრივებმა გამოქვაბულს „მაჰალაპანე“ – „სასა“ დაარქვეს, რადგან ის მათ დიდ, ღია პირს მოაგონებდა.
XXI საუკუნის დასაწყისში ამ ქოხებში კომეს ტომის ჯერ კიდევ 33 შთამომავალი ცხოვრობდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის ყველა მათგანი გამოქვაბულის თავზე, წიდაბლოკით აშენებულ სოფელში გადავიდა. იქ სახლები მინიმალისტურია, მაგრამ აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა მინის ფანჯრები. აქ ცხოვრება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გამოქვაბულში წამოჭიმულ ქოხში.

მაგრამ „მაჰალაპანე“ ჯერ კიდევ არაერთი ადამიანის თავშესაფარია. ნტეფანე ნტეფანეს, 41 წლის ფერმერს, არ აქვს სოფელში სახლის აშენების მატერიალური საშუალება, ამიტომ გამოქვაბულში ცხოვრობს, ცხოველის ტყავზე სძინავს და ტანსაცმელს მდინარე ფუთიაცანაში რეცხავს, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელთან მოედინება.
იქვე 58 წლის სებასტიან ხუც’ოანე ცხოვრობს იმავე ერთოთახიან ქოხში, სადაც შვილები გაზარდა. ეს ხანმოკლე პრობლემის მარტივი გამოსავალია: მისი რძალი სტუმრადაა ჩამოსული სამხრეთ აფრიკიდან, ამიტომ სებასტიანი მას და მის ოჯახს თავის სახლს უთმობს სოფელში.
მარცხნივ: ლესოთოში ჰა-კომეს გამოქვაბულის ქოხებს არ აქვთ ელექტრობა, წყალგაყვანილობა ან ფანჯრები. მაგრამ ისინი კარგი თავშესაფარია სებასტიან ემისანგ ხუც’ოანეს მსგავსი ადამიანებისთვის. მარჯვნივ: ხუც’ოანემ შვილები გამოქვაბულში გაზარდა, მაგრამ 5 წლის წინ მახლობელ სოფელში გადავიდა. ახლა აქ ის დროებით ცხოვრობს, სანამ მის სახლს ნათესავები სტუმრობენ.
კაცები ყოველ დილით მზესთან ერთად იღვიძებენ, როდესაც სპილენძისფერი შუქი კლდეს მოეფინება. ჩრდილის ერთადერთი წყარო ქონდარა ნუშის ხეა, რომელიც ადგილობრივი თქმულების თანახმად, ორი საუკუნის წინ კომემ დარგო მეხის ასარიდებლად.
მალე ხუც’ოანეს რძალი სამხრეთ აფრიკაში დაბრუნდება და ისიც კვლავ სოფელში გადაინაცვლებს. ნტეფანე ამბობს, რომ როდესაც ფული ექნება, სახლს აიშენებს, მანამდე კი ისინი გამოქვაბულს შეაფარებენ თავს.
ნაწილი მეოთხე თურქეთი – საცხოვრებელი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

ცენტრალურ თურქეთში კაპადოკიის ვულკანური ლანდშაფტი იმგვარად გამოფიტა ათასწლეულებმა, რომ ჩამოყალიბდა ჭიუხები, ქვიშაქვის ხეობები და გაუდისებური კონუსების წყება, რომელთაც ტურიზმის ინდუსტრია ჯადოსნურ საკვამურებად მოიხსენიებს. 4000 წლის განმავლობაში ამ ფოროვან ქანებში ადამიანებმაც გაჭრეს გამოქვაბულები, გვირაბები და დერეფნები. აღნიშნულ რეგიონში არქეოლოგიური ძეგლები 83 000 ჰექტარზეა გადაჭიმული და მათ შორისაა ათობით მიტოვებული მიწისქვეშა ქალაქი. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი, ქაიმაქლი, 4000 ან მეტი წლისაა და მიწის ქვეშ რვა სართულს მოიცავს, თავისი საჯინიბოებითა და მარნებით.
ამ უფრო დიდ არქეოლოგიურ საგანძურებში საუკუნეზე მეტია არავინ ცხოვრობს, მაგრამ დღემდე იყენებენ ქვაში გამოკვეთილ ინდივიდუალურ სახლებს. ცოლ-ქმარი, 72 წლის ოქთაი და 64 წლის ჰანიფე თორუნები, უკვე 40 წელზე მეტია ცხოვრობენ გამოქვაბულ-სახლში ქალაქ ორთაჰისარში. დღეს კაპადოკიაში ალბათ ათამდე ოჯახია დარჩენილი, რომლებიც მუდმივად გამოქვაბულში ცხოვრობენ. ცხოვრების ეს წესი მათ ერთი მარტივი მიზეზით მოსწონთ: ის აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. მათ სახლს აქვს წყალგაყვანილობა და ელექტრობა. მისაღები ოთახი ზამთარში თბილია, სათავსო ოთახი კი, თავისი სქელი კედლით, ყოველთვის გრილ ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც ოჯახებს საშუალებას აძლევს, მთელი წელი ზაფხულის მოსავალი მიირთვან. ამფორების წყება ხუთი სეზონის წინ აღებულ ბულგურსა და ოსპს ინახავს. ნიგოზი და ახალმოკრეფილი ხილი ვერცხლის ლანგრებზე აწყვია.

თორუნები ყოველთვის აფასებდნენ თავიანთ სახლს, მაგრამ ბოლო დროს დანარჩენმა მსოფლიომაც შეამჩნია ეს გამოქვაბულები. 2023 წელს კაპადოკიას თითქმის 5 მილიონი ადამიანი ესტუმრა. ტურიზმის აფეთქების ფონზე ბევრმა ადგილობრივმა თავისი სახლი-გამოქვაბული მაღაზიად და სასტუმროდ აქცია, ძველ საწყობებში კი მიწისქვეშა რესტორნები და ბარები მოაწყო. ცოტა ხნის წინ თორუნების ერთ-ერთმა მეზობელმა თავისი გამოქვაბული სასტუმროს დეველოპერებს მიჰყიდა. თორუნების სახლის გარშემო დღეს მხოლოდ ტურისტული პროექტებია. როდესაც თავიანთ გამოქვაბულში შედიან, იატაკს ბურღი არყევს, ჭერიდან კი მტვერი ცვივა. ორთაჰისარში ტურიზმის შეჭრა მათ ოჯახს ალბათ საბოლოოდ აიძულებს სახლის დატოვებას. „შეიძლება ყველაფრის გაყიდვა მოგვიხდეს და ისე ვიცხოვროთ, როგორც სხვები ცხოვრობენ“, – ამბობს ჰანიფე და თვალები ცრემლით ევსება. მათი უმეტესობა, ვინც კაპადოკიის გამოქვაბულები დატოვა, საცხოვრებლად ქალაქ ნევშეჰირში გადავიდა, სადაც კალათბურთის მოედნებისა და მაღაზიების გარშემო ჩამწკრივებულია საცხოვრებელი კორპუსები თავისი ორმაგი მინაპაკეტის ფანჯრებითა და დახურული აივნებით. „ბინაში ცხოვრება ციხესავითაა“, – ამბობს ჰანიფე და სახლში ჯამებს დაარბენინებს, რათა საკუჭნაოდან ხილი და ბოსტნეული გამოიტანოს. თან მწვანე ხახვს ფცქვნის, თან კი ოჯახის ორი ძროხის რძეს სამზარეულოს ქურაზე ადუღებს ყველის დასამზადებლად. „კარს რომ გავაღებ, სუფთა ჰაერი უნდა ჩავისუნთქო და ხეობას გავხედო“.