რა შეგვიძლია ვისწავლოთ გენიოსი თახვებისგან
თავდაპირველად მათზე ბეწვისთვის ნადირობდნენ, შემდეგ მავნებელ მღრღნელებად იქცნენ. თუმცა დღეს ისინი ახალ როლს ირგებენ და გარემოს დამცველ გმირებად გვევლინებიან.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ გენიოსი თახვებისგან
თავდაპირველად მათზე ბეწვისთვის ნადირობდნენ, შემდეგ მავნებელ მღრღნელებად იქცნენ. თუმცა დღეს ისინი ახალ როლს ირგებენ და გარემოს დამცველ გმირებად გვევლინებიან.
ღმოსავლეთ ტრაბლსამის ხანძარი 2020 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და ძლიერი ქარების ფონზე გვალვისგან გამომშრალ ტყეებში სწრაფად გავრცელდა. ხანძარი ჩრდილოეთ კოლორადოს ნაძვისა და სოჭის ტყეებს მოედო; გზებსა და მდინარეებსაც გადაახტა, გააცამტვერა ისტორიული ნაგებობები კლდოვანი მთების ეროვნულ პარკში და გრანდის ოლქში მდებარე სახლები, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ გადაიწვა თითქმის 80 000 ჰექტარი მიწა, რითაც ის კოლორადოს ისტორიაში მეორე უდიდეს ხანძრად იქცა.
საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რასაც აღმოსავლეთ ტრაბლსამის ხანძარმა ვერაფერი დააკლო, თახვების ტბორები იყო.
ეს სულაც არ არის გასაკვირი. თახვები, როგორც ცნობილია, აშენებენ ჯებირებს და წყალს აგუბებენ, ხოლო წყალი, როგორც მოგეხსენებათ, არ იწვის. თუმცა ამ მღრღნელებს მეტი სარგებელიც მოაქვთ. ხანძრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში მინესოტის უნივერსიტეტის ეკოჰიდროლოგი ემილი ფეარფაქსი იუწყებოდა აღმოჩენაზე, რომ თახვის ტბორები და არხები ლანდშაფტს წყლით ამარაგებს და ხმელი, ადვილაალებადი მცენარეები გამწვანებულ, ცეცხლგამძლე მცენარეულ საფარად იქცევა, რითაც თავშესაფრები ყალიბდება გარეული და შინაური ცხოველებისთვის.

ფეარფაქსი ამ დასკვნებამდე 2000-2018 წლებში მომხდარი ხუთი ხანძრის შესწავლის შემდეგ მივიდა, თუმცა აღმოსავლეთის ხანძარი ბევრად უფრო ძლიერი იყო. ხანძრები დიდი ხანია ჩრდილოეთ ამერიკის ლანდშაფტთა რეგენერაციის ბუნებრივი ხელშემწყობია, თუმცა ე.წ. „მეგახანძრები“, რომლებიც სულ უფრო გვალვიან დასავლეთ აშშ-ს მოსვენებას არ აძლევს, სრულიად სხვა გამოწვევაა. ისინი კლიმატის ცვლილების ფონზე ფეთქებად ჯოჯოხეთურ ხანძრებად ვრცელდება, რომლებიც იმდენად მასშტაბური და მწველია, ეკოსისტემები ხშირად დროულად ვერ ასწრებს აღდგენას. ფეარფაქსი შიშობდა, რამდენად მოახერხებდნენ თახვები ამ დაუნდობელი პირობებისგან თავიანთი ლანდშაფტების დაცვას. თუმცა, როდესაც იგი აღმოსავლეთის ხანძრითა და კიდევ ერთი სხვა მეგახანძრით დანახშირებულ ტყეებს ეწვია, აღმოაჩინა, რომ თახვების მიერ შექმნილი ტბორების ოაზისები გადარჩა. „მდინარეთა მთელი ეკოსისტემებია, რომლებსაც ხანძარი ფაქტობრივად არ შეხებია, რადგან მთელ გაყოლებაზე თახვების ჯებირებია“, – თქვა მან. „ყველაფერი სიცოცხლითაა სავსე: ლერწმები იზრდება; ფიჭვებს წიწვებიც არ დასცვენია“. ტბორები მხოლოდ ხანძრის დაწყებამდე არაა ბუნებისთვის სასიკეთო – ისინი ეკოსისტემებს იმითაც იცავს, რომ ხანძრის შემდეგ ბორცვებიდან დაშვებულ ფერფლსა და ნარჩენებს აკავებს, რითაც მდინარის ქვემო წელში თევზები და სასმელი წყალიც ხელშეუხებელი რჩება. 2024 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ფეარფაქსმა, თავის კოლეგებთან ერთად, დაასკვნა, რომ თახვები „შესაძლებელია ხანძრის რისკის შემამცირებელი სტრატეგიის ნაწილად იქცნენ“.
ოდესღაც ბეწვის გამო მათზე ნადირობით გადაშენების პირას მისული, მოგვიანებით კი მავნებელ ცხოველებად შერაცხილი თახვების პოპულაცია აღდგა. დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე 10-დან 15 მილიონამდე თახვი დაცურავს და დაბაჯბაჯებს და ყველანი „მესამე როლისთვის“ ემზადებიან: ისინი კლიმატის ცვლილებით დაზიანებული სამყაროს ეკოლოგიურ მხსნელებად უნდა იქცნენ. ხანძრების რისკის შემცირება მხოლოდ დასაწყისია. ისეთი ჯებირების აშენებით, რომლებიც წყლის ნაკადს ანელებს, ისინი გვალვის საწინააღმდეგო რეზერვუარებს ქმნიან, წყალ-ჭაობების ფორმირებით კი სხვა ცხოველებისთვისაც აწყობენ სათანადო ჰაბიტატს.
არსად არაა მათი დაბრუნება იმდენად აუცილებელი, როგორც კლიმატისგან დასტრესილ დასავლეთ ამერიკაში, სადაც თახვების პოპულაციას მეტ-ნაკლებად ყველა შტატში აღადგენენ. თუმცა თახვებს – დაუღალავ ცხოველებს, რომლებიც ადამიანთა ინფრასტრუქტურას არ სწყალობენ – საყოველთაო ხალისით არ ეგებებიან.
მდინარე სან-პედრო მცხუნვარე სონორას უდაბნოს გავლით მიიკლაკნება არიზონის შტატისა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ. ეს არიდული მიწა თითქოს ჩხრიალა გველების ჰაბიტატს უფრო შეესაბამება, თუმცა საზღვართან მცხოვრები ხალხი სან-პედროს ოდესღაც „თახვების მდინარედ“ იცნობდა, სანამ XIX საუკუნეში მონადირეებმა მთელი პოპულაცია არ ამოხოცეს. „ყველგან, სადაც მუდმივი მდინარეები იყო, სავარაუდოდ, თახვებიც ბინადრობდნენ“, – მითხრა არაკომერციული ორგანიზაცია Watershed Management Group-ის დირექტორმა, ლიზა შიპეკმა, როდესაც სან-პედროს ნაპირებს მივუყვებოდით.
1999 წელს ამ ტერიტორიაზე ველური ბუნების ჰაბიტატის გაუმჯობესების იმედით მიწის მართვის ფედერალურმა ბიურომ სან-პედროში 16 თახვი გაუშვა, რომელთა შთამომავლობამ მთელი მდინარე აითვისა, მათ შორის, მექსიკაშიც. 2020 წლიდან მოყოლებული, შიპეკი, მექსიკელ ბიოლოგებთან და მოხალისეებთან ერთად, მთელ მდინარეს იკვლევს პოპულაციის რიცხოვნობის დასადგენად. ერთი დღით მის გუნდს შევუერთდი მდინარე სან-პედროს ჩხრეკისას. ერთ-ერთი მოჭრილი ვერხვის ტანზე თახვებს ხის ქერქი კრემისფერ მერქნამდე გაუღრღნიათ. სანაპირო გაუფერულებული ნაფოტებით იყო სავსე. „სავარაუდოდ, წინა კვირების განმავლობაში იყვნენ აქ“, – ჩაილაპარაკა შიპეკმა.

მარტივია, თახვებს თანავუგრძნოთ. ბევრი ჩვენგანის მსგავსად, ისინიც მცირე ოჯახებად ცხოვრობენ: მათი კოლონიები, ჩვეულებრივ, ერთი წყვილისა და მათი ნაშიერებისგან შედგება, რომლებიც ორ წლამდე რჩებიან მშობლებთან. ხმელეთზე თახვები პუმების, მგლებისა და დათვებისთვის ადვილად მოსახელთებელი ლუკმაა, თუმცა ისინი გრაციოზული მოცურავეები არიან, რაშიც გამჭვირვალე ქუთუთოები და აპკიანი უკანა თათები ეხმარებათ. თავიანთ კერატინქერცლიან კუდს ცხიმის მარაგის შესანახად და ცურვისას საჭედ იყენებენ; რკინით მდიდარი კბილებით შიდა ხის ქერქს ღრღნიან, რომელიც ამ ბალახისმჭამელთა რაციონის არსებითი ნაწილია. ხის „ფაცხების“ გარშემო ჯებირების აშენებითა და ტბორების წარმოქმნით თახვები აფართოებენ და იცავენ თავიანთ წყლიან ტერიტორიებს.
ადამიანების მსგავსად, თახვებიც სამაგალითოდ იბრძვიან თვითგადარჩენისთვის. როგორც Homo sapiens-ია ჰომინინების ბოლო წარმომადგენელი, მსოფლიოში თახვის ორი სახეობა – ჩრდილოამერიკული Castor canadensis-ი და მისი ევრაზიელი ნათესავი Castor fiber-ი – შემორჩა ერთ დროს მრავალფეროვანი ოჯახიდან. თახვების გადაშენებულ ნათესავებს შორისაა Castoroides ohioensis-ი, რომელიც თითქმის ბარიბალის ზომის იზრდებოდა. თვალწინ შეიძლება წარმოგვიდგეს, როგორ აშენებენ ეს გიგანტური თახვები ჰუვერის კაშხლის ზომის კედლებს, თუმცა ეს სახეობა, სავარაუდოდ, ჯებირებს თითქმის არ აგებდა და მშრალი პირობების დროს გადაშენდა. თანამედროვე თახვები შესაძლოა სწორედ იმიტომ შემორჩნენ, რომ დედამიწის დათბობის კვალდაკვალ შეძლეს ლანდშაფტის გარდაქმნა.
მარცხნივ: თახვების ფაცხა კალიფორნიის ქალაქ ფეარფილდში სამეზობლოს ნაწილია. მარჯვნივ: ნიუ-მექსიკოს მონადირეთა ასოციაციის წევრი ტომ ფიშერი პრობლემურ თახვებზე მუშაობს. რიო-არიბას ოლქში იგი ამოწმებს თახვის ხაფანგებს.
თახვები რომ მომრავლდნენ, ლანდშაფტებსაც სახე შეუცვალეს. ისეთი პერიოდიც ყოფილა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში 400 მილიონამდე თახვი ბინადრობდა, რომლებმაც 250 მილიონამდე ტბორი მოაწყვეს. ეს წყალსატევები ხელს უწყობდა ამფიბიებისა და ორაგულის პოპულაციებს, ასევე, ძუძუმწოვრებს, ონდატრებიდან ლოსებამდე, ეხმარებოდა მგალობელ ფრინველებსაც, რომლებიც წყლის მწერებით იკვებებიან. მკვიდრი ხალხები ოდითგანვე აფასებდნენ თახვებს: შავფეხების ტომის წარმომადგენელი ეკოლოგი-ისტორიკოსი როზალინ ლაპიერი აღნიშნავს, რომ ამ ხალხის რწმენით, თახვები ღვთიური ცხოველები არიან, რომლებსაც ადამიანებთან ლაპარაკი შეუძლიათ და თაყვანისცემას იმსახურებენ მათ მიერ აგებული ეკოლოგიური ოაზისების გამო. თუმცა კოლონიზატორები ამ ხედვას არ იზიარებდნენ. 1500-იან წლებში თახვის ბეწვი მთელ ევროპაში მოდური გახდა. მაღალი მოთხოვნის გამო მონადირეებმა და ვაჭრებმა, ფაქტობრივად, კონტინენტის ყველა წყლითსავალი გზა გაწმინდეს თახვებისგან. ამ ცხოველის გადაშენებასთან ერთად წყალ-ჭაობები დაშრა და ნაკადულები გამოიფიტა, რაც წყლის სამყაროსთვის მტვრიანი ქარიშხლის მსგავსი კატაკლიზმია.
თუმცა თახვები დანებებას არ აპირებდნენ. 1900-იანი წლების დასაწყისში ბევრ შტატში დაწესდა ნადირობაზე შეზღუდვები და კანადიდან და იელოუსტოუნის ეროვნული პარკიდან თახვები ხელახლა შემოიყვანეს. ზოგჯერ შემოქმედებითადაც მოქმედებდნენ: 1948 წელს აიდაჰოში თახვებს ყუთებში მოუყარეს თავი და პარაშუტებით დაუშვეს ველურ ბუნებაში. ორი წლის შემდეგ Journal of Wildlife Management-ში დაიბეჭდა, რომ „თახვებმა ჯებირები ააგეს, სახლები აიშენეს, საკვები მოიმარაგეს და უკვე კოლონიების შექმნას იწყებდნენ“.


მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ათწლეულებში თახვები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ დასავლეთ აშშ-ს, მათი წვლილი მეტად დაფასდა – ისევე როგორც მეტად მომრავლდა კლიმატური განსაცდელი. მათი ტბორები ინახავს და ეტაპობრივად უშვებს წვიმის წყალსა და დამდნარ თოვლს, რითაც კლებად თოვლის საფარს ანაზღაურებს. როდესაც წყალი ჭალებში ჩაედინება, ნიადაგიც ტენიანდება და წყალშემცველი ფენებიც შეივსება. 2022 წლის კვლევით, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონის შტატში გადაყვანილ თახვებს აკვირდებოდნენ, საშუალო ტბორი 980 000-ზე მეტ ლიტრ ზედაპირულ წყალს და 2,4 მილიონ ლიტრზე მეტ გრუნტის წყლებს იტევს. „თახვები ნაკადს ანელებენ, წყალს უფრო დიდი ხნით აგუბებენ და ამით შემცირებული თოვლის საფარის შესასრულებელ ფუნქციას ჰბაძავენ“, – აღნიშნავს იუტას შტატის უნივერსიტეტის გეომორფოლოგი ჯო უიტონი.
მდინარე სან-პედროში, შიპეკის ვარაუდით, ზემოაღნიშნულ საზღვართან, არიზონის მხარეს 21 თახვამდე ბინადრობს და მექსიკის მხარეს შესაძლოა დამატებით 17 ინდივიდიც იყოს – თუმცა პოპულაციები გაყოფილია ლითონის რაბის ჭიშკრით, რომელიც სასაზღვრო კედლის ნაწილია. დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი გახრული ხე და რამდენიმე ფაცხა დავინახეთ, მაგრამ ჯებირები არსად იყო. შიპეკი მაინც არ კარგავს იმედს, რომ თახვები ოდესმე აღადგენენ წყალ-ჭაობებს, რომლებიც დიდი ხნის წინ მრავლად გვხვდებოდა უდაბნოს წყალსადინრებში – და დაეხმარებიან სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ს წყლის დეფიციტთან გამკლავებაში.
„საუკეთესო რამ, რაც თახვებს შეგვიძლია გავუკეთოთ, მათთან თანამშრომლობაა იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრებას გადაწყვეტენ“. —ჯეიკობ შოკი, ბიოლოგი
“წარმომიდგენია, რამდენად სხვანაირად გამოიყურებოდა“, – ნაღვლიანად აღნიშნა შიპეკმა, როდესაც ყოფილი „თახვების მდინარის“ წვივამდე სიღრმის დინებას მივუყვებოდით და გონებაში ხედავდა ტბორებსა თუ მარშებს, რომლებიც ერთ დროს აქ ლიცლიცებდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკვანძო სახეობა დავაბრუნოთ. ეს ამ ტერიტორიის აღდგენის ევოლუცია იქნება“.
თახვები კვლავ იკავებენ ჭალებსა თუ სამდინარო დერეფნებს და ამით თავიანთივე წარმატების მსხვერპლად შეიძლება იქცნენ. ეს მღრღნელები ხრავენ ხეხილის ბაღებს, ტბორავენ გზებს და ხერგავენ საირიგაციო თხრილებს, რის საპასუხოდაც მიწათმფლობელები მონადირეებს მიმართავენ ხოლმე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების დაცვის სამსახურის პროგრამა, რომელიც პრობლემურ ცხოველებზეა პასუხისმგებელი, ყოველ 22 წუთში საშუალოდ ერთ თახვს კლავს. თუმცა იქ, სადაც საზოგადოება თახვებთან თანაცხოვრებას სწავლობს, მათ არაერთი სარგებელი მოაქვთ.
მაისის ერთ დილას გაჭირვებით მივიკვლევდი გზას წყალ-ჭაობში ორეგონის ქალაქ გრეშემში. თახვებს ტირიფის ღეროთა დაწყობით ტბორი წარმოექმნათ. ამ ქალაქის წყალშემკრები აუზის შემსწავლელმა მეცნიერმა კეიტი ჰოლზერმა აიღო ნახევრად გამჭვირვალე ჟელეს მსგავსი მასა, რომელიც შავი წერტილებით იყო დაწინწკლული. „ეს პატარა წერტილები წყნაროკეანური ვასაკას ემბრიონებია“, – თქვა მან.
ასეთი ბიომრავალფეროვნება აქ ყოველთვის არ იყო. 2008 წელს გრეშემში გათხარეს ბეგებისა და არხების ჩახლართული ლაბირინთი, რომელიც კოლუმბიის ჭაობის რეგიონული წყლის ხარისხის დაწესებულების სახელითაა ცნობილი, რათა შეეკავებინათ მდინარეებში ჩამდინარე მძიმე ლითონები, ნიტრატები და პესტიციდები. სამწუხაროდ, თახვებმა ამ თხრილებში ჯებირები ააგეს, რითაც ადამიანებს გეგმა ჩაუშალეს. მუშებმა გაანადგურეს ჯებირები და დაიჭირეს თახვები, მაგრამ ცხოველები აქაურობას კვლავ მოუბრუნდნენ.
მარცხნივ: ვაშინგტონის შტატში ბიოლოგი მოლი ალვესი ამოწმებს მიწათმფლობელთა ამაწიოკებელ თახვს. აწონისა და დანიშვნის შემდეგ ის უფრო შესაფერის ადგილას გადაიყვანეს. მარჯვნივ: თახვის ქალაზე ჩანს მონარინჯისფრო საჭრელი კბილები, რაც მათ ემალში არსებული რკინითაა განპირობებული.
ეს ცხოველები, როგორც ჰოლზერმა საბოლოოდ დაასკვნა, აქედან წასვლას არ აპირებდნენ – ამიტომ მათ შესწავლას წინ რაღა ედგა? როდესაც მან თახვის ჯებირების გასწვრივ გამდინარე წყალი გამოიკვლია, უჩვეულო რამ აღმოაჩინა: თახვის ტბორები გრეშემის ნიაღვრის წყალს უკეთესად წმენდდა, ვიდრე წყლის ხარისხის გასაუმჯობესებელი დაწესებულება მათ გამოჩენამდე. ვერცხლისწყალი, სპილენძი, ტყვია და თუთია ტბორებში რჩებოდა და მას დანალექი აკავებდა, ხოლო ჯებირების ხის ცხაურები დამატებით ფილტრავდა დამაბინძურებელ ნივთიერებებს. ფრინველების მრავალფეროვნება გაიზარდა, სალამანდრები კი ჯებირების გრილ ნაპრალებს აფარებდნენ თავს. თახვები, როგორც ჰოლზერმა აღნიშნა, „სრულყოფილ თვითმყოფად სისტემას აყალიბებენ“.

ქალაქის მცხოვრებლებისა და თახვების ურთიერთობა მაინც დაძაბული იყო: ეს მარჯვე ცხოველები ტბორავდნენ გზებს და ჭედავდნენ წყალგამწმენდი სადგურის მილებს, თუმცა წესრიგის დამრღვევების დახოცვის ნაცვლად ქალაქის გამგეობამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიოლოგი ჯეიკობ შოკი დაიქირავა. როდესაც შევხვდი, შოკი ტბორში ჯოხებითა და ტალახით სავსე კულვერტის უკან წელამდე იყო შესული. „თახვები იმდენად ხშირად ჭედავენ, რომ ყოველ კვირა გასაწმენდია“, – თქვა შოკიმ. მას გრძელვადიანი გამოსავლის პოვნა დაავალეს, მათ შორის, ზღუდეების აშენება, რომლებიც თახვებს მილების გაჭედვაში ხელს შეუშლის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი არალეტალური ჩარევები შემთხვევათა 96%-ში ამართლებს და თანხაც იზოგება.
“საუკეთესო რამ, რაც თახვებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, – თქვა შოკიმ, – მათთან თანამშრომლობაა იმ ადგილებში, სადაც ცხოვრებას გადაწყვეტენ“.
ჰოლზერისა და შოკის მსგავსად, მკვლევრები და კანონმდებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ, ამ ცხოველებს ხელი შეუწყონ. მონტანაში ახალწამოწყებული „თახვის კონფლიქტების მოგვარების პროგრამა“ ეხმარება მიწათმფლობელებს, ხაფანგების გამოუყენებლად მოაგვარონ თავიანთი პრობლემები; მერილენდში ეკოლოგებს იმედი აქვთ, რომ თახვის ტბორები ჩესაპიკის ყურის დამაბინძურებელ ნიტრატებს გაფილტრავს. ყველაზე სწრაფ პროგრესს კალიფორნიაში ვხედავთ, სადაც 2023 წელს მთელი შტატის მასშტაბით ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 1,4 მილიონი დოლარი გამოიყო თახვების პოპულაციის აღსადგენად.
შავფეხების მსგავსად, სხვა მკვიდრი ხალხებიც მიესალმებიან თახვების სახლში დაბრუნებას. კალიფორნიის მდინარე კლამათის აუზში იუროკის ტომის თევზჭერის დეპარტამენტმა თახვების ჯებირების ანალოგი ააშენა, რაც ხელს უწყობს ამ მღრღნელების დაბრუნებას და ქმნის უსაფრთხო ტბორებს ახალგაზრდა ორაგულებისთვის.
“ყველა სახეობა თავისებურად გვასწავლის, როგორ შეგვიძლია მათთან თანაცხოვრება“, – თქვა იუროკის ტომის ვიცე-თავმჯდომარე ფრენკი მაიერსმა. მისივე თქმით, მკვიდრ მოსახლეობას ევალება, აქტიურად იზრუნოს გარემოზე.

მომავალში თახვებს, დიდი ალბათობით, ცვლილებები ელით. პირველ რიგში, ისინი იფართოებენ არეალს. კლიმატის ცვლილების ფონზე, არქტიკის დათბობასთან ერთად, გაბედულმა თახვებმა ტირიფების კვალდაკვალ გადაინაცვლეს ტუნდრაშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცხოველები ერთ დროს გადაშენების პირას იყვნენ, თახვები გასაოცარი ტემპით და რაოდენობით ბრუნდებიან, თუმცა ისტორიულ რიცხვებთან შედარებით კვლავ ძალიან ცოტანი არიან – განსაკუთრებით დასავლეთ შტატებში, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებიან. გარემოსდაცვითი კანონები, მაგალითად, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების კანონი, იშვიათ ცხოველებს იცავს გადაშენებისგან, თუმცა თახვების შემთხვევაში განსხვავებული გამოწვევაა: როგორ შევუწყოთ ხელი ისეთი ცხოველის მეტად გამრავლებას, რომელიც უკვე საკმაოდ გავრცელებულია?
შესაძლოა დასაწყისისთვის უნდა გაირკვეს, სად არიან და სად – არა. თახვების ზეგავლენის შესასწავლად ყველაზე უტყუარი მეთოდი მათი არქიტექტურის კოსმოსიდან შესწავლა შეიძლება იყოს. Google-ის ინჟინრებმა ახლახან აამუშავეს მანქანური სწავლის პროგრამა, სახელწოდებით EEAGER, რათა სატელიტურ გამოსახულებებში ტბორებისა და ჯებირების გამორჩეული სტრუქტურის ამოცნობა შევძლოთ; კალიფორნიის ველური ბუნების დეპარტამენტი ამ ალგორითმს იყენებს შტატში მობინადრე თახვების დასათვლელად და პოპულაციის აღსადგენად. კიდევ ერთი მსგავსი ძალისხმევის ფარგლებში (კოლორადოს თახვების აქტივობის რუკის შემდგენი) უკვე დაითვალეს კოლორადოში თახვის ტბორების რაოდენობა (დაახლოებით 80 000). ეკოლოგ სარა მარშალის თანახმად, რომელიც კოლორადოს პროგრამის განვითარებას ხელმძღვანელობდა, თახვების პოპულაციის არეალის განსაზღვრა დაეხმარება ველური ბუნების მენეჯერებს, წინასწარ აირიდონ ფერმერებთან და მესაქონლეებთან შესაძლო დაპირისპირებები ან ზუსტად მონიშნონ ის ადგილები, სადაც თახვების ჯებირთა ანალოგები და მათი რელოკაცია ყველაზე მეტ წყლის დასაგუბებელ და ხანძარსაწინააღმდეგო სარგებელს გამოიღებს.

ახლახან, გაზაფხულის ერთ დღეს, ბირჩ-კრიკი მოვინახულე – პატარა მდინარე სამხრეთ აიდაჰოში, რომელიც თახვების ხელახლა გამრავლებას სხვაგვარად უდგება. დინებას ავუყევი მესაქონლე ჯეი უაილდთან ერთად. ყოველ 20 მეტრში ბირჩ-კრიკი მორიგ ჯებირს ჩაეხერგა – ზოგიერთი მათგანი 24 მეტრი სიგრძის იყო, ზოგი სამი მეტრი სიმაღლის. წყალი ჭალებში ასხამდა, თახვების გათხრილი არხები ობობას ქსელივით იტოტებოდა გარშემო. ზოგიერთი მიტოვებული, ბალახით დაფარული ჯებირი ლანდშაფტს ერწყმოდა.
ეს ტრანსფორმაცია ახლახან მოხდა. უაილდი ბირჩ-კრიკის მახლობლად გაიზარდა, რომელიც მისი ოჯახის მიწას ასაზრდოებდა. თუმცა 1990-იანი წლების ბოლოსთვის ეს მდინარე წვრილ ნაკადულად იქცა, რომელიც ივლისის დასაწყისისთვის უკვე სულ შრებოდა ხოლმე. უაილდმა გააცნობიერა, რომ ბირჩ-კრიკმა თავისი თახვები დაკარგა და მან ცხოველების დაბრუნება გადაწყვიტა. ორი წარუმატებელი ადგილმონაცვლეობის შემდეგ იგი უიტონს დაუკავშირდა. მისმა გუნდმა 2014-2017 წლებში ამ პატარა მდინარეში თახვების ჯებირის 26 ანალოგი ააშენა.
ადამიანის აგებული ჯებირები წარმოქმნიდნენ ტბორებს, რომლებშიც ხელახლა შემოყვანილ თახვებს შეეძლოთ მტაცებლებისგან თავდაცვა და თავიანთი ჯებირების მოწყობაზე ზრუნვა. იმ დროისთვის, როდესაც იქაურობას ვესტუმრე, ბირჩ-კრიკისა და მისი შენაკადების გაყოლებაზე თახვების აგებული 200-ზე მეტი ჯებირი იყო, ხოლო კალმახის პოპულაციები თითქმის გაათმაგდა. კიდევ უკეთესი ისაა, რომ მდინარე შუა ზაფხულშიც წყლით იყო სავსე. თახვების ინფრასტრუქტურა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ ხოლმე, არსებითია ბუნებისთვის: ისინი ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების, რეზერვუარებისა და სანიაღვრე სისტემის მშენებლები არიან. თუმცა თახვები ასევე თავიანთ ნებას, სურვილებსა და მისწრაფებებს მიჰყვებიან. ჩემი ტურის ბოლოს ერთ-ერთ ტბორში თახვი გამოჩნდა, თავაწეული და ყურდაცქვეტილი. მღრღნელი წინ და უკან დაცურავდა, ზედმიწევნით გვაკვირდებოდა. შემდეგ კუდი წყლის ზედაპირზე დაატყაპუნა და შხეფები მიმოაფრქვია. სანამ ხმაური ჩადგა, ცხოველი უკვე გამქრალიყო და უჩინრად მისრიალებდა თავისსავე ნაშენებ წყალუხვ სამყაროში.