ექსტრემალური ორნითოლოგია ქვეყნიერების კიდეზე
როგორ იქცა ალასკის მიტოვებული სამხედრო სადგური ზღვის ფრინველთა კვლევის კერად და ახალგაზრდა მეცნიერთა საცდელ პოლიგონად
ექსტრემალური ორნითოლოგია ქვეყნიერების კიდეზე
როგორ იქცა ალასკის მიტოვებული სამხედრო სადგური ზღვის ფრინველთა კვლევის კერად და ახალგაზრდა მეცნიერთა საცდელ პოლიგონად
ათწლეულების განმავლობაში მიდლტონის კუნძული ერთი მივიწყებული ავანპოსტი იყო – მიწის ვიწრო ზოლი ალასკის ყურეში, სადაც მუდამ ქარები და ზვირთებია. 1950-იანი წლების მიწურულს, ცივი ომის პერიოდში, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ამ მივარდნილ კუნძულზე რადიოლოკაციური სადგური ააშენეს, რათა ქვეყანა საბჭოთა ბომბდამშენებისგან დაეცვათ. ობიექტი სულ რაღაც შვიდ წელიწადში გაუქმდა. მისი დაბალი შენობები და ფოლადის ანძები კი ჟანგს დარჩა შესაჭმელად.
ის თავისებურებები, რომლებიც მიდლტონს ზედგამოჭრილ ადგილად აქცევდა სამხედრო თვალთვალისთვის – გარიყულობა, შემაღლებული წერტილები და ყურადღების გამფანტველი ფაქტორების სიმცირე – ახალი ტიპის ავანპოსტისთვის გახდა იდეალური. საჰაერო ძალების გავერანებულ შენობებს ყოველ ზაფხულს სტუმრობენ სამეცნიერო ჯგუფები, რათა ეს მიტოვებული სამხედრო კომპლექსი ზღვის ფრინველებზე დაკვირვების ბაზად აქციონ. იქ, სადაც ოდესღაც სამხედროები მორიგეობდნენ, ახლა მკვლევრები აკვირდებიან ზღვის სიცოცხლესა და კლიმატს შორის არსებულ ფაქიზ ურთიერთკავშირს. ისინი ფრინველებს ოკეანის სიჯანსაღის ინდიკატორად იყენებენ.
ამ ხანგრძლივმა კვლევებმა მიდლტონის კუნძულის ზღვის ფრინველები ოკეანის განგაშის სისტემად აქცია.
“ფრინველები ბარომეტრები არიან“, – ამბობს ბიოლოგი სკოტ ჰეჩი, ზღვის ფრინველთა კვლევისა და კონსერვაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „ზღვის ფრინველები, განსაკუთრებით კი სამთითა თოლიები, გამორჩეულად მგრძნობიარენი არიან გარემოს ცვლილებების მიმართ და ამიტომაც კარგად ასახავენ ოკეანის ეკოსისტემების მდგომარეობას“.
ოკეანის ტემპერატურისა და დინებების ცვლილებებმა შეიძლება თევზის პოპულაციები შეამციროს, რაც ფრინველებს საკვების მოპოვებასა და ბარტყების გაზრდას ურთულებს. საკვების სიმცირისას ფრინველების რეპროდუქციის მაჩვენებელი იკლებს. ვინაიდან ზღვის ფრინველები, კვებისა და საკუთარი ბუმბულის გაწმენდისას, მრავალ დამაბინძურებელ ნივთიერებას იღებენ (პლასტმასას, მძიმე მეტალებს და ნავთობს), ისინი ზღვის დაბინძურების დონის კარგი ინდიკატორები არიან.

იმ ფრინველების მსგავსად, რომელთაც იკვლევენ, მაგისტრანტები და სხვა ახალბედა მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან მიდლტონში ზღვის ფრინველთა ქცევისა და ეკოლოგიის გასაშიფრად. თითქმის 24-საათიანი მზის სინათლის პირობებში, მეცნიერები იძირებიან ფრინველთა ცხოვრების დოკუმენტირებისა და ოკეანის ეკოსისტემათა კვლევაში.

კუნძულის მთავარი საგანძური ძველი სარადარო კოშკია, რომელიც ზღვის ფრინველთა უნიკალურ ობსერვატორიად იქცა. 1993 წელს ჰეჩმა და მისმა გუნდმა შავფეხა სამთითა თოლიების და პელაგიალური ჩვამების მოსაზიდად ხელოვნური ბუდეებით დაიწყეს კოშკის აღჭურვა. სათვალთვალო სარკმლები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ფრინველების განვითარების ყოველი ეტაპი აკონტროლონ.
მარცხნივ: ზაფხულში ეს კუნძული, საშუალოდ, 12 მკვლევარს მასპინძლობს, ზამთრის თვეებში კი მათი რაოდენობა შესაძლოა ორამდე შემცირდეს. მეცნიერებს კარვები აქვთ, თუმცა ზოგჯერ ისინი ყოფილ სამხედრო შენობაში იძინებენ, რომელიც მეცნიერთა ოფისის, სამზარეულოსა და მისაღები ოთახის ფუნქციას ასრულებს.მარჯვნივ:კვლევის ასისტენტი ჰეილი ჯი ქოჩორა ცულნისკარტას დაჭერას ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. მშიერი ბარტყების გამოსაკვებად მშობლები ნისკარტში გაჩრილი ათამდე თევზით ბრუნდებიან კუნძულზე.
ამ ხანგრძლივმა კვლევებმა მიდლტონის ფრინველები ოკეანის განგაშის სისტემად აქცია. 2014-2016 წლების საზღვაო სითბური ტალღის გავრცელების დროს ზღვის ფრინველთა რაციონის შემოწმებამ თევზის რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოავლინა, რასაც გამრავლების შეფერხება და 4 მილიონამდე წვრილნისკარტა კაირას სიკვდილი მოჰყვა. ეს იყო ერთი სახეობის დაღუპვის ალბათ ყველაზე მასშტაბური, მეცნიერულად დოკუმენტირებული შემთხვევა და მკაცრი გაფრთხილება, რომ კლიმატის ცვლილებას შეიძლება სწრაფი, სასტიკი და შეუქცევადი გავლენა ჰქონდეს ეკოსისტემაზე.
მარცხნივ: ნაკაჯიმა ბუდეში ხელის ჩაყოფის შემდეგ დასისხლიანებულ თითებს ათვალიერებს. მკვლევრები ერიდებიან ხელთათმანების გამოყენებას, რადგან ის მგრძნობელობას აქვეითებს და ჯანმრთელობის შემოწმებას ართულებს. მარჯვნივ:შხაპისთვის მკვლევრებმა 20-ლიტრიანი სათლი ცეცხლზე გაცხელებული ტბორის წყლით უნდა აავსონ და როგორც სოლასი გვაჩვენებს, გარემოც კარგად დაათვალიერონ უსაფრთხოებისთვის.
თუ კოშკი მის ბინადარ ფრინველებს გარკვეულ კომფორტს სთავაზობს, მკვლევრებისთვის კუნძულზე ცხოვრება ბევრად უფრო რთულია. „ეზოს საპირფარეშოთი გიწევს სარგებლობა და ცეცხლზე გამთბარი ტბორის წყლით ბანაობ“, – ამბობს მორგან ბენოვიც-ფრედერიქსი, ბაკნელის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, რომელმაც ამ კუნძულზე შვიდი საველე სეზონი გაატარა.

მიუხედავად სირთულეებისა – ან, შესაძლოა, სწორედ მათ გამო – მკვლევრებს შორის მტკიცე კავშირები მყარდება. საღამოებს ერთად ატარებენ „შატოში“ – ყოფილ სამხედრო შენობაში, რომელიც კუნძულის სამზარეულოს, ოფისისა და მისაღები ოთახის ფუნქციას ასრულებს. ვახშამი საყოველთაო რიტუალია, რომელსაც გრძელი სასადილო მაგიდის ირგვლივ გამართული ცოცხალი საუბრები ახლავს. ხანგრძლივ საველე სამუშაოებს შორის, მკვლევრები გასართობადაც პოულობენ დროს: ფრისბი, პლაჟის ფრენბურთი, გიტარა და კოცონი ალასკის ზაფხულის ღამეების დაუსრულებელ დაისში.
იქ, სადაც ოდესღაც სამხედროები მორიგეობდნენ, ახლა მკვლევრები აკვირდებიან ზღვის სიცოცხლესა და კლიმატს შორის არსებულ ფაქიზ ურთიერთკავშირს.
“კუნძულზე სამი სეზონი გავატარე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადგილი საკრალურია“, – ამბობს მეცნიერთა გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი სიერა ნიჟონი პიტი. „ყოველდღე ვფიქრობ მასზე – მეცნიერულ კვლევებზე, ფიზიკურად დამქანცველ დღეებსა და სამარადჟამო მეგობრებზე, რომლებიც აქ შევიძინე. მიდლტონი ადამიანებს თავმდაბლობისა და უბრალოების საუკეთესო გაკვეთილებს უტარებს“.