როგორ გადაარჩინა ამერიკის საკულტო ფიგურამ ეგვიპტის უძველესი ტაძრები
65 წლის წინ აბუ-სიმბელის ტაძრები ახალი კაშხლის მღვრიე წყლებს უნდა შთაენთქა. შემდეგ გამოჩნდა ჟაკლინ კენედი.
მომავალი კეთილდღეობისთვის ეგვიპტემ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, გაეწირა წარსული. 1960 წელს სამხრეთ ეგვიპტეში დაიწყეს ასუანის მაღალი კაშხლის მშენებლობა, რომელიც გამოიმუშავებდა ჰიდროელექტროენერგიას, უზრუნველყოფდა მეტ სახნავ მიწას და დაარეგულირებდა წყალდიდობისკენ მიდრეკილ მდინარე ნილოსს. მაგრამ, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ის უბედურებასაც უქადდა აღნიშნულ ზონაში მოქცეულ არქეოლოგიურ საოცრებებს. ეს მასიური წყალსაცავი განადგურებით ემუქრებოდა ათეულობით უძვირფასეს ისტორიულ ძეგლს, მათ შორის, აბუ-სიმბელის დიდებულ ტყუპ ტაძარს.

3000 წელზე მეტი ხნის წინ აღნიშნული ძეგლის აშენება რამსეს II-მ ბრძანა და ის პირდაპირ ქვიშაქვის კლდეში გამოკვეთეს ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე. მთავარი ტაძრის შთამბეჭდავ ფასადს იცავდა 20 მეტრის სიმაღლეზე აღმართული რამსეს II-ის ოთხი კოლოსი, მომცრო ტაძარი კი დედოფალ ნეფერტარისა და სიყვარულის, მუსიკისა და ცეკვის ქალღმერთ ჰატჰორისთვის მიეძღვნათ. ტაძრის შიდა წმინდა ადგილები კლდის სიღრმეში გამოეკვეთათ და ეგვიპტური ღმერთების ქანდაკებებითა თუ საომარი წარმატების გამომსახველი რელიეფებით დაეხუნძლათ. ის გახლდათ ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უნატიფესი საგანძური, რომელიც ეს-ესაა სამუდამოდ გაუჩინარდებოდა.
აბუ-სიმბელის გადასარჩენად კონსერვაციონისტების საერთაშორისო კონსორციუმმა უპრეცედენტო მისია წამოიწყო, სანამ კაშხლის მშენებლობა დასრულდებოდა 1970 წელს. გეგმის თანახმად, მთელი კომპლექსი უნდა გამოეჭრათ მთიდან, საგულდაგულოდ დაეშალათ დიდებული ნიკაპი, ღაწვი, გვირგვინი, ჯამში, ათას ნაწილზე მეტი, შემდეგ კი გადაეტანათ და უფრო შემაღლებულ ადგილას აეწყოთ. ეს ყველაფერი მოითხოვდა UNESCO-სა და ათასობით არქეოლოგის, არქიტექტორისა თუ ეგვიპტოლოგის აქამდე არნახულად შეთანხმებულ მოქმედებას. მაგრამ მთელი წამოწყების ღირებულება, რომელიც დღევანდელი 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტური იყო, არარეალურად ძვირი ჩანდა. შემდეგ კი მოულოდნელად გამოჩნდა დიპლომატი თამამი ხედვით. მან მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს, რომელმაც საბოლოოდ გარდაქმნა UNESCO-სა და ჩვენი წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მოქმედებდნენ მსგავსი სტატუსის მატარებელი ახალი თაობის ლიდერები ცვლილების მისაღწევად.

ნახევარი მსოფლიოს გადაღმა მომავალი პირველი ლედი ჟაკლინ კენედი აბუ-სიმბელის ბედზე ღელავდა და მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა. ძველი ეგვიპტის მუმიებითა და პირამიდებით აღფრთოვანება ჟაკლინს არ განელებია მას შემდეგ, რაც პირველად წაიკითხა ჰოვარდ კარტერის მიერ 1922 წელს აღმოჩენილი ტუტანხამონის აკლდამის შესახებ. წლების შემდეგ მეგობარმა მას გადასცა ჟურნალი UNESCO Courier, რომელიც მოუწოდებდა მსოფლიოს ლიდერებს, გადაერჩინათ აბუ-სიმბელი, სანამ გვიანი არ იყო. მაშინ ჟაკლინმა პირობა დადო, რომ დაიცავდა ერთ დროს ძლევამოსილი იმპერიის მეხსიერებას.
როდესაც 1961 წელს ჯონ კენედი პრეზიდენტად აირჩიეს, ჟაკლინმა დაიწყო მეუღლის დარწმუნება, თუ რა უპირატესობებს მოუტანდა აშშ-ს აბუ-სიმბელის გადარჩენაში მონაწილეობა, მაგრამ ჟაკლინი არ დასჯერდა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა საუბრებს და გადაწყვიტა, ოფიციალური არხებისთვისაც მიემართა. მან გულდასმით ჩამოაყალიბა დიპლომატიური ნოტა, სადაც აბუ-სიმბელის დაკარგვას „პართენონის დატბორვისთვის გაწირვას“ ადარებდა; იგი ხაზს უსვამდა აღნიშნული ტაძრების საკვლევ პოტენციალსა და მათ მნიშვნელობას მთელი აფრიკისთვის – რეგიონისთვის, რომელთან დიპლომატიური კავშირების გამყარებას ჯონ კენედი ცივი ომის პერიოდში ცდილობდა.

აღნიშნული ნოტა მან გადასცა თეთრი სახლის მრჩეველ რიჩარდ გუდვინს, რომელიც ცდილობდა, პრეზიდენტის ყურადღება და აშშ-ის ფინანსური რესურსები ეგვიპტისკენ მიემართა. „მე დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ აბუ-სიმბელის აკლდამათა გადასარჩენად ფული ეთხოვა კონგრესისთვის“, – სიამაყით იხსენებდა ჟაკლინი. მაგრამ ჩნდებოდა სირთულეც. „იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვდა კონგრესს დაფინანსებას, თუ მე დავარწმუნებდი ასიგნებების კომიტეტის წევრ [დემოკრატ კონგრესმენ] ჯონ რუნის, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა უცხო ქვეყნების დაფინანსებას“. საბოლოოდ, ჟაკლინმა გაიმარჯვა და აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ ხარჯების ერთ მესამედს დაფარავდა. დანარჩენ თანხას გაიღებდნენ ეგვიპტე და UNESCO.
რა თქმა უნდა, თეთრ სახლში ჟაკლინი არ გახლდათ პირველი ქალი, რომელიც რბილი დიპლომატიით ცდილობდა მოვლენებზე ზემოქმედებას და სცდებოდა მოლაპარაკებების ტრადიციულ ხაზებს. ცნობილია, რომ II მსოფლიო ომის დროს პირველი ლედი ელეონორა რუზველტი სამხრეთ წყნარ ოკეანეში განთავსებულ ჯარის ნაწილებს მოინახულებდა და მას ხშირად მოიხსენიებენ პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის „თვალებად, ყურებად და ფეხებად“. თუმცა ჟაკლინამდე პირველი ლედის დიპლომატიური საქმიანობა თითქმის ყოველთვის შემოიფარგლებოდა საზღვარგარეთ მოგზაურობებითა ან წარჩინებულ პირთა მასპინძლობით თეთრ სახლში. „მან შექმნა მოდელი, რომლითაც პირველი ლედი იყენებს სხვადასხვა ტიპის საკომუნიკაციო მეთოდებს“, – ამბობს ელიზაბეთ ჯ. ნატალი, ავტორი წიგნისა: „ჟაკლინ კენედი და პირველი ლედის დიპლომატიის არქიტექტურა“. ნატალი ასევე აღნიშნავს პირველი ლედის, მიშელ ობამას ინიციატივებს მთელ მსოფლიოში საგანმანათლებლო შესაძლებლობათა გასაზრდელად და ამატებს, რომ „პირველ ლედის მართლაც შეუძლია პოლიტიკაზე ზემოქმედება“.

გეგმა ამუშავდა 1963 წელს, როდესაც ეგვიპტელი, გერმანელი, ფრანგი, შვეიცარიელი და იტალიელი სპეციალისტები შეუდგნენ აბუ-სიმბელის უზარმაზარ, 30-ტონიან ბლოკებად დაჭრას სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის, ხელის ხერხის გამოყენებით. ბლოკები დანომრეს და მისაბმელი პლატფორმებით გადაიტანეს ახალ, ხელოვნურ ქვიშაქვის მთაზე, რომელიც ნილოსის თავდაპირველ სანაპირო ხაზზე 61 მეტრით უფრო მაღლა მდებარეობდა და 210 მეტრით იჭრებოდა ხმელეთის სიღრმეში. ტვირთამწის დახმარებით ნაწილ-ნაწილ აღადგინეს დიდებული ძეგლი და გიგანტური ლეგოსავით ააწყვეს.
ნაწილობრივ ჟაკლინ კენედის ძლიერი პოლიტიკური ზემოქმედებით, რამსეს II-ისა და აბუ-სიმბელის სხვა ქანდაკებები კვლავ უსაფრთხოდ მბრძანებლობენ სამხრეთ ეგვიპტეში, მზად არიან კიდევ 3000 წელსაც მედგრად იდგნენ. აღნიშნულ მხარდაჭერას ეგვიპტემ პატივისცემით უპასუხა და აშშ-ს გადასცა I საუკუნეში აგებული დანდურის მომცრო ტაძარი, რომელიც ასევე გადაურჩა ასუანის მაღალ კაშხალს და ახლა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. სამწუხაროდ, ჯონ კენედიმ ვეღარ იხილა თავისი მეუღლის ღვაწლის საბოლოო შედეგი. იგი მოკლეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აბუ-სიმბელის გადატანა დაიწყებოდა.

დღეს ჟაკლინის ძალისხმევა, მიმართული აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ, საქვეყნოდაა ცნობილი, ეგვიპტის ძეგლების გადარჩენაში შეტანილი წვლილი კი ნაკლებადაა წარმოჩენილი, თუმცა ჟაკლინის ქალიშვილმა, კეროლაინმა, ერთხელ აღნიშნა, რომ მისი დედა „გრძნობდა, როგორ თანაბარ მნიშვნელობას იძენდა თეთრი სახლის აღდგენა და მისი ისეთი ნაკლებად ცნობილი ქმედებები, როგორიც აბუ-სიმბელის გადარჩენა იყო“. ჟაკლინის როლს მცირე საზოგადო აღიარება ხვდა წილად, თუმცა იგი გახლდათ ეფექტური ინსტრუმენტი იმ რისკიანი წამოწყების დასაფინანსებლად, რომელმაც მომავალი კონსერვაციის მოდელს ჩაუყარა საფუძველი. აბუ-სიმბელის გადასარჩენად მიმართული ქმედებები კატალიზატორად იქცა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ინიციატივისთვის, რომელიც დღეს ათასობით ღირსშესანიშნაობას იცავს, კამბოჯის ანგკორ-ვატის უძველესი ნანგრევებიდან ვენეციის წყლის არხებამდე. „ეს კამპანია არაერთი კუთხით იძენდა სიმბოლურ დატვირთვას“, – ამბობს მეი შაერი, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის არაბული რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი. „მან დააფუძნა საერთო სტანდარტი, თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ და დავიცვათ მთელი კაცობრიობის საგანძურად მიჩნეული კულტურული და ბუნებრივი ძეგლები“.