რას ვერჩით მსოფლიოში ყველაზე აუგად მოხსენიებულ რუკას
მერკატორის პროექცია დედამიწას საოცრად ამრუდებს, თუმცა სწორედ ესაა მისი სარგებლის საიდუმლო. მასზე დაფუძნებულ რუკებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს.
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ მსოფლიოს რუკა. სავარაუდოდ, თქვენ გონებაში წარმოისახება დედამიწის გამრუდებული გამოსახულება, რომელიც XVI საუკუნის კარტოგრაფის, გერჰარდ მერკატორის ნამუშევარს ეფუძნება. ფლამანდიელმა გეოგრაფმა გამოიგონა კარტოგრაფიული პროექცია, სამგანზომილებიანი დედამიწის ორ განზომილებაში გამოსახატად. ამ ტექნიკამ თანამედროვეობის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რუკას დაუდო საფუძველი. 500 წლის შემდეგაც ეს გამოსახულება ამშვენებს საკლასო ოთახებს, ხოლო ციფრული ვერსია – Web Mercator – ჩვენი სმარტფონების თითქმის ყველა ნავიგაციურ აპლიკაციაში გამოიყენება.
თუმცა მერკატორის პროექციას ჰყავს კრიტიკოსებიც, რომლებიც გმობენ მის მიერ დამახინჯებულ რეალობას. გრენლანდია არაა ასეთი მასიური! რუსეთი აფრიკაზე დიდი არაა! საქმე ისაა, რომ კარტოგრაფი სულაც არ ცდილობდა იდეალური რუკის შექმნას. მას სურდა, ის მეზღვაურებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო.

მერკატორამდე უამრავ მსოფლიოს რუკას რკალისებრი გრძედები ჰქონდა. ამ რუკებზე ასახული იყო ხმელეთის შედარებით უფრო ზუსტი გამოსახულებები, თუმცა მათ ნავიგაცია კოშმარად აქციეს. იმის გამო, რომ ეს რუკები დედამიწის ბრტყელ გამოსახულებას წარმოადგენდა და ზუსტად არ ითვალისწინებდა მიმართულებებს, მეზღვაურებს მუდმივად უწევდათ თავიანთი კურსის გადამოწმება.
ამის გამოსასწორებლად მერკატორმა დედამიწა დაბრტყელებული ცილინდრის ფორმით გამოსახა. მან დახაზა გრძედები და განედები, რომლებიც ერთმანეთთან 90-გრადუსიანი კუთხით იკვეთებოდა. სირაკიუსის უნივერსიტეტის პროფესორ მარკ მონმონიერის თქმით, შედეგი მარტივი და რევოლუციური გამოდგა. „შეგეძლო გეპოვა, სად იყავი, სად გინდოდა წასვლა და ამ ორ წერტილს შორის სწორი ხაზი გაგევლო“.

მერკატორმა კარგად იცოდა, რომ სწორი კუთხეები, რომლებიც მის რუკას ნავიგაციისთვის გამოსადეგს ხდიდა, არაზუსტ გამოსახულებას განაპირობებდა და ხმელეთის პროპორციებს ამრუდებდა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მერკატორის პროექციის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ გამრუდებებმა კოლონიალისტური და ეთნოცენტრული დამოკიდებულებები გააღვივა.
გეოგრაფები დიდი ხანია გვთავაზობენ ალტერნატიულ, გაუმჯობესებულ პროექციებს. მაგალითად, National Geographic-ი ხშირად იყენებს ეკერტის IV პროექციას, რომელიც ხმელეთის ფორმას, გრძედების და განედების გადაკვეთის კუთხეებს ამრუდებს, თუმცა ზუსტად ასახავს კონტინენტების შედარებით ფართობს.

„ყველა რუკა გამოსადეგია რაღაცისთვის და გამოუსადეგარია სხვა რამისთვის“, – ამბობს მონმონიერი. „შეუძლებელია გვქონდეს რუკა, რომელსაც ყველაფრისთვის გამოვიყენებთ – ამისთვის გლობუსი გვჭირდება“, გლობუსს კი ჯიბეში ისე მარტივად ვერ ჩაიდებ, როგორც სმარტფონს.
ჩვენს ტელეფონებში არსებული Web Mercator-ის რუკა თავისი წინამორბედის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს, თუმცა სამოძრაო კურსს კომპიუტერული პროგრამა გვიდგენს. მაშინ როდესაც ჩვენი ოპერაციული სისტემები და სატრანსპორტო საშუალებები მერკატორის დროიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენი რუკები განზრახ მოძველებული რჩება.