უძველესი ქართული სამეფოები მერკატორის რუკაზე
საქართველოს ევროპული ისტორია
გერჰარდ მერკატორი სრულიად სამართლიანად მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს კარტოგრაფად. ამ სფეროში მერკატორის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე მისსავე სახელთან დაკავშირებული პროექციაც მეტყველებს. მართალია, ეს უკანასკნელი ტერიტორიების რეალურ ზომებს არც ისე უნაკლოდ გამოსახავდა, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით იდეალური იყო ნავიგაციისათვის და უდიდესი გავლენა მოახდინა ზღვაოსნობის განვითარებაზე.
კარტოგრაფიული თვალსაზრისით, ეპოქას, რომელშიც მერკატორი მოღვაწეობდა, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უსწრებდა წინ, მათ შორის, XV საუკუნის ევროპაში პირველი სტამბის გამოგონება იოჰან გუტენბერგის მიერ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ევროპელების მიერ პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ ხელახალი აღმოჩენა.
როგორც დრომ აჩვენა, პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ ხელახალმა აღმოჩენამ, პრაქტიკულად, XV-XVI საუკუნეში მოღვაწე ყველა დიდ კარტოგრაფზე მოახდინა გავლენა. მათ შორის გამონაკლისი არც გერჰარდ მერკატორი ყოფილა, რომელმაც 1578 წელს „Tabulae Geographicae Cl. Ptolemaei“-ის სახელით ცნობილი წიგნი დაბეჭდა. გამოცემა 28 რუკას აერთიანებს, რომელთაგან ორზე უძველეს ქართულ სამეფოებთან დაკავშირებული ცნობებია დატანილი. პირველი მათგანია მსოფლიოს რუკა სახელწოდებით „VNIVERSALIS TABVLA IVXTA PTOLEMVM“. ამ რუკაზე შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეულ სხვა ქვეყნებთან ერთად კოლხეთი და იბერიაა აღნიშნული. გაცილებით მეტი აღნიშვნაა დატანილი რუკაზე „ASIAE III TAB.“
„ASIAE III TAB“-ის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია კოლხეთი (COLCHIS). მთელი კოლხეთი სავსეა ციხე-ქალაქების და მდინარეების აღნიშვნებით, მაგალითად: გონიო (Apsorrus), ფაზისი (Phasis), აიაპოლისი (Aeapolis), სოხუმი (Dioscuria que Sebastopolis). გარდა ამისა აღნიშნულია: ზანები (Zani) და მეგრელები (Manrali). რუკაზე ასევე დატანილია ტოპონიმი Surum, რომელიც შესაძლოა ვანის ძველ სახელს უკავშირდებოდეს; მდინარეებიდან გვხვდება ჭოროხი (Apsorrus flu.), რიონი (Phasis flu.) და სხვა.
კოლხეთისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები ციხე-ქალაქია აღნიშნული იბერიაში, თუმცა რამდენიმე მათგანის გამოყოფა მაინც შეიძლება: არმაზციხე (Armactica), ძალისა (Zalissa), მცხეთა (Mestleta), სურამი (Sura) და არტანუჯი (Artanissa). საყურადღებოა, რომ რუკაზე მდინარე მტკვრის (Cyrus flu.) დინების მიმართულება არასწორადაა მითითებული, თითქოს მდინარე ჩრდილოეთიდან მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. შესაბამისად, მტკვრის დინების არასწორი გამოსახვის გამო უნდა იყოს, რომ სურამის და არტანუჯის ადგილმდებარეობა შეცდომით, მცხეთიდან ჩრდილოეთით არის წარმოდგენილი.
მერკატორის რუკაზე კოლხეთსა და იბერიაში არსებული ქალაქებიდან ოთხს – ფაზისს, სოხუმს, არმაზციხეს და არტანუჯს განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონოდა, რაც ორი გარემოებით დასტურდება. პირველი – საკუთრივ ამ ქალაქების განსხვავებული, გამოკვეთილი პირობითი ნიშნით აღნიშვნაა, ხოლო მეორე – რუკის უკანა მხარეს დატანილ ცნობებში მათი გამორჩევა. მერკატორის მიერ გამოცემული „Tabulae Geographicae Cl. Ptolemaei“ პტოილემაიოსის „გეოგრაფიის“ თემატიკაზე გამოცემულ ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ყველა რუკას თან ერთვის გამოკვეთილად გაფორმებული რუკის ლეგენდა, ხოლო ზღვებში ხშირად გვხვდება უცნაური არსებები. ამ მხრივ გამონაკლისს არც „ASIAE III TAB.“ წარმოადგენს. დახვეწილი გაფორმებით შესრულებული რუკის ლეგენდა კასპიის ზღვაშია მოთავსებული, ხოლო შავ ზღვაში ურჩხულია ჩახატული, რომელსაც წყლიდან თავი აქვს ამოყოფილი და თითქოს ხმელეთზე გადმოსვლას ლამობს.