მთვარე: ახალი ციებ-ცხელება
თანამედროვე ასტროფიზიკასა და კოსმოსურ მეცნიერებაზე ლაპარაკისას, ჯოზეფ სილკი ისეთ გამაოგნებელ ფრაზებს ისვრის, რომ ყურებს არ დაუჯერებთ, არადა, იგი სულაც არ ხუმრობს.
მთვარე: ახალი ციებ-ცხელება
თანამედროვე ასტროფიზიკასა და კოსმოსურ მეცნიერებაზე ლაპარაკისას, ჯოზეფ სილკი ისეთ გამაოგნებელ ფრაზებს ისვრის, რომ ყურებს არ დაუჯერებთ, არადა, იგი სულაც არ ხუმრობს.
82 წლის სილკი კოსმოლოგიის ერთ-ერთი საყრდენი ფიგურაა. იგი ასტროფიზიკით ჯერ კიდევ Apollo-ს მისიის მთვარეზე დაშვებამდე იყო გატაცებული. სილკს ეკუთვნის ფუნდამენტური აღმოჩენები სამყაროს წარმოშობისა და მისი მთავარი საიდუმლოს – ბნელი მატერიის შესახებ. მას არ სჩვევია გაზვიადება.
სილკი თავისი ერთ-ერთი მთავარი პროფესიული ინტერესის საგნის – მთვარის ხშირად შეუმჩნეველ პოტენციალზე ლაპარაკობს.
სილკის თქმით, ერთი-ორი ათწლეულის შემდეგ მთვარის ზედაპირზე ისეთი მძლავრი ტელესკოპის განთავსებას შევძლებთ, რომელიც, მაგალითად, ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წელიწადით დაშორებულ TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებულ პლანეტას ისეთივე დეტალურობით დააფიქსირებს ფოტოზე, როგორც მარსს ვხედავთ. „შევძლებთ დავინახოთ ტყეები, მთის მწვერვალები, ოკეანეებიდან არეკლილი სინათლე. ეს დაუჯერებელია, – ამბობს იგი და სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ამსახველი კადრების ტელესკოპით გადაღების შესახებ ლაპარაკობს, – თუ იქ ქალაქები იქნება, განათებას დავინახავდით“.

თუმცა ასეთი ჯადოსნური შესაძლებლობა არა ტელესკოპს, არამედ მთვარის უნიკალურ გარემოს უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, მთვარე უნიკალური ადგილია კოსმოსური მეცნიერებისათვის – ბევრად უკეთესი, ვიდრე დედამიწა ან თვით კოსმოსია, რადგან მის ბნელ, მეორე ნახევარსფეროში, რომელიც დედამიწას არ უყურებს, სრული რადიოდუმილია. ამასთან, მთვარეს პრაქტიკულად არ აქვს ატმოსფერო, რაც ოპტიკურ ტელესკოპებს თითქმის შეუზღუდავ გარჩევადობას ანიჭებს.
TRAPPIST-1-ის სისტემაში სიცოცხლის ფორმათა დამაფიქსირებელი ტელესკოპი სინამდვილეში ურთიერთდაკავშირებული, წრეზე ჩამწკრივებული, დაახლოებით, 30 ტელესკოპისგან უნდა შედგეს, რომლებიც შექმნის ერთ ვირტუალურ სარკეს 19 კილომეტრის დიამეტრით. ეს რთული ტექნოლოგია არ არის. უკვე არსებობს კვლევები და ნაშრომები, რომლებშიც ასეთი ტელესკოპის დაპროექტებისა და მართვის ინსტრუქციებია აღწერილი.
პროექტის რეალობად ქცევას მხოლოდ ინფრასტრუქტურა აკლია მთვარეზე. ჰიპერტელესკოპის განთავსებას დასჭირდება რაკეტები, რომლებიც ყველა პატარა ტელესკოპს გადაიტანს. რაკეტების უსაფრთხო დაშვებისთვის საჭირო გახდება მთვარეზე დასაჯდომი მოედნების მოწყობა, ტელესკოპების გადმოტვირთვისთვის კი – რობოტების ფლოტი. თითოეული ტელესკოპი აბსოლუტური სიზუსტით უნდა განლაგდეს. ჰიპერტელესკოპის მუშაობისთვის მთვარეზე მუდმივი ელექტროენერგიაა საჭირო, ხოლო დედამიწაზე სურათების გამოსაგზავნად – საკომუნიკაციო ქსელების ძალიან მაღალი გამტარუნარიანობა. ყოველივე ამას ტექნიკური მომსახურება და პერიოდულად შეკეთება დასჭირდება, რაც შესაძლოა მთვარეზე განთავსებულმა ასტრონავტებმა შეითავსონ.
ტელესკოპის დაუჯერებელი სამეცნიერო და მეტაფიზიკური ქარიზმის მიუხედავად, რომელსაც ცალკეული პლანეტების ფოტოების გადაღება 380 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე შეუძლია, ჩვენ არ ვაპირებთ მთელი ინფრასტრუქტურის აშენებას და დამონტაჟებას მხოლოდ ამ ერთი, თუნდაც ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ტელესკოპისთვის. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ჰიპერტელესკოპი, სხვა ასეთივე საოცარი სამეცნიერო პროექტების მსგავსად, სავარაუდოდ, ბონუსი იქნება ახალ კოსმოსურ რბოლაში, რომელიც ტემპს უჩქარებს და მიზნად ისახავს მთვარეზე ადამიანთა მუდმივ და ფუნქციურ დაფუძნებას.
მთვარე ძალიან დატვირთული ადგილი გახდება, რადგან 2030 წლამდე 84 მისიაა დაგეგმილი.
მომდევნო 6 წელიწადში მთვარეზე უფრო მეტი მისიაა დაგეგმილი, ვიდრე გასული 60 წლის განმავლობაში. NASA ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას Artemis-ის პროგრამით აპირებს. 2026 წლისთვის დაგეგმილია Artemis II-ით მთვარესთან ჩაფრენა, 2027 წლის შუა პერიოდისთვის კი – ადამიანების მთვარეზე გადაყვანა. ჩინეთის კოსმოსური სააგენტო გეგმავს, რომ თავისი ქვეყნის პირველი ასტრონავტები მთვარეზე 2030 წელს გაგზავნოს. ინდოეთი, რომელმაც პირველად 2023 წელს გაუშვა ჩამოსაშვები აპარატი მთვარეზე, ამუშავებს მისიას მთვარიდან გრუნტის ჩამოსატანად. ეს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც მთვარესთან დაკავშირებული ამბიციები აქვთ. ათეულობით ან, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი კერძო კომპანია მიზნად ისახავს დამოუკიდებელი რობოტული მისიების გაგზავნას მთვარეზე. მათ შორისაა იაპონური კომპანიის ხომალდი, რომელიც წელს ივნისში ავარიულად დაეშვა. დედამიწაზე ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მუშაობს მთვარის ახალი მომავლის საძირკვლის ჩასაყრელად: მთვარეზე დასაჯდომი მოედნების, რობოტების, ადამიანისთვის საარსებო გარემოს, ენერგოსისტემის, საკომუნიკაციო თანამგზავრების თუ საბადოთა რობოტული დამუშავების დაპროექტებისთვის.
იმისათვის, რომ წარმოდგენა შემქმნოდა მთვარის მომავალზე, ამ საკითხის შესწავლაში ჩართულ ათეულობით ადამიანს ვესაუბრე – აღმასრულებელ დირექტორებსა და ინჟინრებს, ეკონომისტებსა და მეცნიერებს, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მსხვილ, 100 000-თანამშრომლიან კომპანიებსა თუ სულ ათიოდე ადამიანით დაკომპლექტებულ, ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებულ სტარტაპებში. მათი თქმით, წარმატება დამოკიდებული იქნება ფინანსებზე, მონდომებასა და იმაზე, თუ რა სიურპრიზებს გვიმზადებს მთვარე მისი შესწავლისას. ზოგადად რომ ვთქვათ, ორი გზა არსებობს.

თუ ყველაფერი საუკეთესო სცენარით წარიმართება, საუკუნის ბოლოსთვის მთვარე გახდება აყვავებული ეკონომიკის სახლი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, მოიტანს მოგებას და ასევე რესურსებს ისეთი ამბიციური სამეცნიერო პროექტისათვის, როგორიცაა ჰიპერტელესკოპი.
მაგრამ ისტორია ნათლად გვასწავლის, რომ ადამიანთა დასახლება და განვითარება იშვიათად მიჰყვება გეგმებს. დღევანდელი ნათელი ხედვა შეიძლება 50 წლის შემდეგ გაქრეს და დარჩეს მხოლოდ გაცვეთილი ბანაკი – წარსული ათწლეულების ოპტიმიზმის ნარჩენები. სათანადო კონსერვაციული ღონისძიებების გარეშე მთვარე შეიძლება მილიარდერების ოცნებათა ნაგავსაყრელად და მიტოვებული რობოტებით, თვითმავლებით და ჩამოსაშვები აპარატებით დაბინძურებულ ლანდშაფტად იქცეს.
აშკარაა, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებისა და Apollo-ს შემდეგ, ამჟამად ეს არის ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე შემოქმედებითი, დაპირებებითა და რისკით სავსე მომენტი კოსმოსის სამყაროში. მთვარე კვლავ კოსმოსის კვლევის ფოკუსში ექცევა.
მთვარის წარმატებული ეკონომიკისკენ მიმავალი გზა მთვარის გრუნტზე აშენდება. მთვარის გრუნტი, რომელსაც რეგოლითს უწოდებენ, ყველგან არის და მთვარის მთელ ზედაპირს ფარავს. რეგოლითი თითქმის არაფრითაა მიმზიდველი. ის უღიმღამო ნაცრისფერია, ხრეშიანი, ბასრი, ელექტროსტატიკური, აბრაზიული, აზიანებს აღჭურვილობას და სახიფათოა ადამიანისთვის.
ამასთან, რეგოლითი არის რესურსი, რომელზეც ყველაფერი იქნება დამოკიდებული მთვარეზე. აღჭურვილობისა და მარაგების მთვარეზე წაღება იმდენად ძვირია (ერთი ლიტრი წყლის დედამიწიდან მთვარეზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯი 25 000 დოლარიდან იწყება და მილიონსაც შეიძლება აჭარბებდეს), რომ მთვარის განვითარების ერთადერთი ეკონომიკურად მიზანშეწონილი გზა იქ არსებული რესურსების გამოყენებაა.

თუ მთვარეზე ბაზის განლაგებას აპირებთ, რამდენად უპერსპექტივოდაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, რეგოლითი უხვად შეიცავს ყველა საჭირო რესურსს: ალუმინს, რკინას, ტიტანს, სილიციუმს, ჟანგბადს. რეგოლითის დნობის ტემპერატურამდე, 1600°C-მდე გაცხელებისას, ჯადოსნური პროცესები იწყება. გამდნარი რეგოლითისგან შესაძლებელია მისი კომპონენტების გამოცალკევება და სხვადასხვა რამის დამზადება.
საბედნიეროდ, გამდნარი რეგოლითით შესაძლებელია დასაჯდომი მოედნების საძირკვლის შექმნა, რაც უპირველესი საჭიროებაა მთვარეზე ბაზის დასაარსებლად.
რამდენიმე კომპანია უკვე მუშაობს მათ დაპროექტებაზე. ისინი ქმნიან რობოტების პროტოტიპებს, რომლებსაც შეუძლიათ მთვარის ზედაპირზე სეირნობა, მისი მოსწორება, რეგოლითის ამოღება, გადნობა, საკირწყლავი ფილების დამზადება, განთავსება და ერთმანეთთან მწყობრად, უნაკეროდ გადაბმა და, ამგვარად, ერთიანი დასაჯდომი მოედნის ფორმირება.
კოსმოსური გიგანტების – Grumman-ის და L3-ის ვეტერანი სემ ხიმენესი Astroport Space Technologies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს არის სან-ანტონიოში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე კოსმოდრომების აშენებას, შემდეგ კი მათ მართვას ჰიუსტონის კოსმოდრომის ან მემფისის აეროპორტის მსგავსად. Astroport-ს განზრახული აქვს დასაჯდომი მოედნების, ამ მოედნების ახლომდებარე ბაზებთან დასაკავშირებელი გზებისა და ჩამოტანილი ტვირთის შესანახი საწყობების აშენება და საფასურის დაწესება ყველა ზემოჩამოთვლილი მომსახურებისთვის. ხიმენესის თქმით, ამჟამად გამოცდის პროცესშია მისი კომპანიის მიერ შექმნილი რობოტი „ლუნატრონი“, რომლის ფუნქცია საკირწყლავი სამუშაოებია. Astroport-ი აშენებს 6 ჰექტარი ფართობის სატესტო მოედანს მიდლენდში (ტეხასი) და მას სიმულირებული მთვარის რეგოლითით ფარავს. „ეს ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტია. ჩვენ შეგვიძლია ბიზნესი ავაწყოთ გამდნარი რეგოლითისგან“, – ამბობს ხიმენესი.

აი, რატომაა განსხვავებული მთვარის ეს ციებ-ცხელება. ერთია, წახვიდე სადმე – მთვარეზე, მარსზე. დაეშვა და ნიმუშები აიღო. სულ სხვაა, იქ ჩახვიდე და თვითკმარი მომავალი შექმნა. პირველი არის ექსპედიცია, რომელსაც მთავრობა აფინანსებს. მეორე არის ეკონომიკა, რომელიც ქმნის ღირებულებას, მოაქვს მოგება და თავისთავად ვითარდება. რაკეტების სპეციალისტებს სჭირდებათ დასაჯდომი მოედნის სპეციალისტები; დასაჯდომი მოედნის სპეციალისტებს – თვითმავლის სპეციალისტები და რაკეტის სპეციალისტები. ყველას სჭირდება ენერგეტიკოსები. ყველას ერთმანეთი სჭირდება. მათ სჭირდებათ მომხმარებლები, სჭირდებათ მომწოდებლები. არაფერს აქვს აზრი ყველაფერი დანარჩენის გარეშე.
აქ, დედამიწაზე, კომპანიები უკვე ერთობლივად მუშაობენ მთვარის ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ხიმენესის Astroport-ი მთვარის ტექნოლოგიების სხვა კომპანიასთან – Astrolab-თან თანამშრომლობს თვითმავლის შესაქმნელად, რომელიც მოკირწყვლაზე დაოსტატებულ „ლუნატრონს“ გადაადგილებაში დაეხმარება. Astrolab-ი აპროექტებს და აწყობს კომპაქტურ სატვირთო მანქანას, სახელწოდებით FLEX თვითმავალს, რომელიც მთვარის ზედაპირზე იმოძრავებს და 900 კგ ტვირთის გადატანას შეძლებს.
რეგოლითზე დაფუძნებული მთვარის ეკონომიკის იდეა იმდენად მძლავრია, რომ ახალი კოსმოსური ეკონომიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა, შექმნა განყოფილება, რომელიც მიზნად ისახავს მთვარის რეგოლითის გამოსადეგ პროდუქტებად გადაქცევას პირდაპირ მთვარეზე. მისი დირექტორი ვლადა სტამენკოვიჩი, პლანეტების შემსწავლელი მეცნიერი, რომელიც მანამდე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში მუშაობდა, ამბობს, რომ მათი საქმეა „ისწავლონ, როგორ შექმნან ყველაფერი არაფრისგან“.
2018 წლიდან 15 მისია გაფრინდა მთვარეზე და მხოლოდ ექვსმა მიაღწია წარმატებას.
მათი უპირველესი სამიზნეა ელექტროენერგია, რომელიც მთვარის ინფრასტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია რაკეტების შემდეგ. Blue Origin-ის განცხადებით, 2021 წლიდან ჯგუფი მუშაობს სიმულირებული მთვარის რეგოლითისგან სადენებისა და მზის ფოტოელემენტების დამზადებაზე მხოლოდ მზის ენერგიასა და რობოტულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით.
თავდაპირველად მათ სიმულირებული მთვარის რეგოლითის დასამზადებლად ინგრედიენტები არა მხოლოდ მინერალების სწორი პროპორციით შეურიეს, არამედ ნაწილაკების რეალისტური ზომები და ტექსტურაც გაითვალისწინეს Apollo-ს მისიების დროს მოპოვებული ნიმუშების მიხედვით. კომპანიამ განავითარა მზის ენერგიაზე მომუშავე პროცესი, რომლის დროსაც რეგოლითს ადნობენ და ბლანტ, მბზინავ სითხეს იღებენ. კომპანია აცხადებს, რომ სილიციუმის, რკინისა და ალუმინის გამოყოფა მოახერხა და Blue-ს რობოტულმა სისტემამ ეს ნედლეული მზის ფოტოელემენტების დასამზადებლად გამოიყენა. მეტი დეტალი მას არ გაუმჟღავნებია. Blue Origin-მა გამოაქვეყნა ხელის გულის ზომის მრგვალი მზის ფოტოელემენტის სურათი, რომელზეც კომპანიის ლოგოა გამოსახული.
კომპანია ამ პროცესს Blue Alchemist-ს უწოდებს და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ამბობს, რომ ეს არის „გარღვევა“, რომელიც „საშუალებას მოგვცემს გამოვიმუშაოთ შეუზღუდავი რაოდენობით ელექტროენერგია და შევქმნათ ელექტროგადამცემი კაბელები მთვარის ზედაპირის ნებისმიერ ადგილზე, „მხოლოდ მზის სინათლისა და სილიციუმის გამოყენებით“.
დამატებითი ბონუსი: ამ პროცესის დროს, მეორადი პროდუქტის სახით, ჟანგბადიც წარმოიქმნება (ისევე როგორც რეგოლითის დნობის ნებისმიერი პროცესის დროს, რადგან მთვარის გრუნტის წონის თითქმის ნახევარს ჟანგბადი შეადგენს). Blue-ს ერთ-ერთ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ამოდის ჟანგბადის ბუშტები გამდნარი რეგოლითიდან. ჟანგბადი, რა თქმა უნდა, ასტრონავტებისთვის სასუნთქი ჰაერის წყაროა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი როლი ეკონომიკური თვალსაზრისით. ის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი სარაკეტო საწვავის შესავსებად მთვარეზე დაშვებული კოსმოსური ხომალდებისთვის, რომლებიც დედამიწაზე უნდა დაბრუნდნენ, მთვარის ორბიტაზე გავიდნენ ან კიდევ უფრო შორს გაემგზავრონ.
მთვარეზე მიტოვებულ გოლფის ორ ბურთს, ხელშუბს, რამდენიმე კამერას, ასტრონავტ ჩარლზ დიუკის ოჯახის ფოტოს (ქვემოთ) და მრავალ სხვა ნივთს მომავალი მისიების ნარჩენებიც დაემატება.
ბეზოსის Blue Origin-ი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ის რეგოლითისგან ფულის გამომუშავებას აპირებს. „ჩვენ არ ვხუმრობთ“, – ამბობს სტამენკოვიჩი.
მთვარეზე დამზადებულ მზის პანელებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მთვარეზე რობოტებისა და ასტრონავტების საცხოვრებელთა ფუნქციონირებისთვის. ამასთან, მთვარის რეგოლითისგან დამზადებულმა მზის პანელებმა შესაძლოა დედამიწასაც მიაწოდონ ენერგია. ინჟინრები თვლიან, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მთვარეზე რეგოლითის მოპოვება, მისი გაცხელება, ნედლეულის ბლოკების დამზადება და მათი მთვარიდან გაშვება კატაპულტის, რელსური ქვემეხის გამოყენებით, რომელიც ბლოკებს ორბიტაზე გატყორცნის, სადაც ეს ბლოკები შეგროვდება და კოსმოსურ ქარხანაში გადაიტანება. კოსმოსური ქარხანა შეძლებს სილიციუმით და ალუმინით სავსე რეგოლითისგან უზარმაზარი მზის პანელების (Blue Alchemist-ის მეგავერსიის) დამზადებას დედამიწის ორბიტაზე განსათავსებლად.
ვინაიდან ორბიტული მზის პანელები არ აწყდება ღამისა და ღრუბლიანი ცის პრობლემას, ისინი შვიდჯერ უფრო პროდუქტიულია დედამიწაზე არსებულ მზის პანელებთან შედარებით. მათ ფაქტობრივად უსაზღვრო რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ კლიმატზე ნულოვანი ზეგავლენით და უზარმაზარი მზის ფერმების ან ატომური ელექტროსადგურების აშენების გარეშე. ამ ელექტროენერგიის დედამიწაზე უსაფრთხოდ გადაცემა შესაძლებელია მიკროტალღების სახით და ისეთ ადგილთა უზრუნველყოფაც კი, სადაც აღნიშნული რესურსი არასაკმარისია. ეს უფრო მარტივია, ვიდრე ტიპური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა.
და ამ ყველაფრით ფულის გამომუშავებაც შეიძლება. მთელ სისტემას შეუძლია მოემსახუროს მცირერიცხოვანი პერსონალი, რომელიც იმუშავებს ორბიტულ ქარხანაში და გააკონტროლებს ვითარებას მთვარის ზედაპირზე.
თუ წარმოსახვა, მიზანსწრაფვა და ფინანსები მთვარის განვითარებას ხელს შეუწყობს, 2100 წლისთვის ის გახდება აქტიური შორეული ადგილი, სადაც მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი სამუშაო სრულდება დიდი მოგების მისაღებად.

მთვარის ზედაპირიდან დანახული მისივე ჰორიზონტი დიდებული და შთამბეჭდავია. დღის სინათლეზე მთვარის ზედაპირი ისე ბრწყინავს, როგორც დათოვლილი მთის ფერდობი ზამთრის მზიან დღეს. ლანდშაფტი ველებით, ქედებით, მთებით, ხეობებით და კრატერებითაა წარმოდგენილი. ყველგან რუხი მტვერია. არ არის ხილული ატმოსფერო, ქარი და წვიმა, არც სიმწვანე. კონტურები გამოკვეთილია. ჰორიზონტზე შორეული ხედი იშლება. მთვარის შავ ცაზე ცისფრად მოელვარე დედამიწა ოთხჯერ უფრო დიდად მოჩანს, ვიდრე მთვარე დედამიწიდან.
რასაც ვერ ნახავთ, ეს არის წყალი, ნივთიერება, რომელიც მთელ დედამიწაზე სიცოცხლეს კვებავს. წყლის გარეშე 2100 წლის მთვარის ეკონომიკის შესახებ წარმოდგენები ბუნდოვანი ხდება, დედამიწაზე ენერგიის შეუზღუდავად მიწოდების და ეგზოპლანეტებზე დასაკვირვებლად ტელესკოპის აგების დაპირება კი – ნაკლებად სარწმუნო.
ვიცით, რომ მთვარეზე გარკვეული რაოდენობის წყალი არსებობს. ის პირველად 2008 წელს NASA-ს ხელსაწყომ აღმოაჩინა, რომელიც ინდური ზონდის, Chandrayaan-1-ის ბორტზე იყო დამონტაჟებული. მომდევნო წელს NASA-ს მეორე ზონდმა ეს ფაქტი დაადასტურა. მანამდე არსებობდა დამაინტრიგებელი ვარაუდი, რომ მთვარის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების კრატერები შესაძლოა აისბერგის მოცულობის წყალს შეიცავდეს. დღეს მთვარის მიმართ დიდი ინტერესი გარკვეულწილად ამ აღმოჩენით განპირობებული აღფრთოვანებით არის გამოწვეული.
მთვარეზე წყლის არსებობა რომ გადამწყვეტია, ამის გააზრება მარტივია. ასობით ლიტრი წყლის დედამიწიდან მთვარეზე გადატანა, მოკრძალებული ბაზებისთვისაც კი, მილიონობით დოლარის ხარჯს გაუტოლდება. მაგრამ მთვარეზე წყლის აღმოჩენის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ წყლის დაშლა წყალბადად და ჟანგბადად ადვილად არის შესაძლებელი. თუ მთვარეზე ვარგისი წყალი აღმოჩნდება, სასუნთქი ჟანგბადიც გვექნება და, რაც უმნიშვნელოვანესია, წყალბადსა და ჟანგბადსაც მივიღებთ რაკეტის საწვავის დასამზადებლად.
მთვარეზე დაშვებული ყოველი მოდულით აირის მოლეკულების თითქმის მთელი „ახალი“ ატმოსფერო მიგვაქვს.
თუ სამხრეთ პოლუსის ცივ, მუდამ დაჩრდილულ კრატერებში ყინული არსებობს და მისი მოპოვება, გაწმენდა და გამოსადეგ წყლად გადაქცევა შესაძლებელია, ეს იქნება ერთი რესურსი, რეგოლითის მსგავსად, რომელსაც ბევრი მიმართულებით გამოვიყენებთ.
დღემდე ვერავინ შეძლო წყლის მაძიებელი ზონდის დაშვება სამხრეთ პოლუსის კრატერში იმის დასადგენად, თუ რამდენი წყალია ზედაპირთან ახლოს და როგორი ფორმით. თუმცა, ორბიტული ზონდები, რომლებიც მთვარის ზედაპირის სკანირებას ახდენს 2008 წლიდან (Chandrayaan-1-დან დაწყებული), აგრეთვე სხვა ანალიზები, სულ უფრო მეტად მიანიშნებს, რომ მთვარეზე წყლის ადვილად მოპოვება ილუზორულია, თუ არა ფანტასტიკური.
ათწლიანი უწყვეტი ანალიზები გვიჩვენებს, რომ პოლარულ კრატერებში წყალი შეიძლება უფრო ჭირხლის – მთვარის გრუნტში შერეული გაყინული მარცვლების სახით არსებობდეს, როგორც ნიჟარის ნატეხებია შერეული პლაჟის ქვიშაში. ასევე, ის შეიძლება ზედაპირის ქვეშ, ღრმად იყოს ჩამარხული. ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლებად მიმზიდველი და, ამავდროულად, ნაკლებად ხელმისაწვდომია, ვიდრე ზოგიერთი ფიქრობდა. როგორც ჩანს, საუკეთესო შემთხვევაში, წყალი შესაძლოა შეადგენდეს მთვარის „სველი“ გრუნტის წონის მხოლოდ 5%-ს. ეს ნიშნავს, რომ 100 ლიტრი წყლის მისაღებად საჭირო იქნება დაახლოებით 2 ტონა რეგოლითის მოპოვება და დამუშავება.
სამხრეთ პოლუსის მუდმივად ბნელ კრატერებში დამწყვდეული წყლის მოპოვება წარმოუდგენლად რთული იქნება. დაბლოკილი რადიოკავშირი, ციცაბო გვერდები და არათანაბარი ფსკერი, შიდა ტემპერატურა -253°C: ასეთ პირობებში ასტრონავტებისთვის უსაფრთხო კვლევა შეუძლებელია. დღეისთვის რობოტებისთვისაც კი შეუძლებელია ამ ადგილების შესწავლა, მით უმეტეს წყლის მოპოვება და ბაზებზე ამოტანა.
მთვარის ეკონომიკის წარმატება წყალზეც ისე იქნება დამოკიდებული, როგორც რეგოლითზე. ის შეიძლება მთვარის მომავლის ღერძად იქცეს. მთვარის ყველა მისია, რომელშიც ადამიანები მონაწილეობენ, მათ შორის Artemis III (NASA-ს მიერ მთვარეზე ადამიანთა ჩამოსმის პირველი მცდელობა 1972 წლის შემდეგ) მიმართულია მთვარის სამხრეთი პოლუსისკენ. თვითმავლების, მზის პანელებისა და რობოტების შესამოწმებელი უპილოტო მისიების უმეტესობაც სამხრეთ პოლუსზეა ორიენტირებული. წყლის არსებობის მტკიცებულებების მოძიება მათი უმეტესობის სამუშაოს ნაწილია. ამ მტკიცებულებების პოვნა მთვარის მომავლის ძლიერი ინდიკატორი იქნება.
1966 წლის მარტში, ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე დაშვებამდე სამი წლით ადრე, NASA-მ მიიღო ყურადსაღები ანგარიში Apollo-ს მთვარის მოდულის აგებაზე მომუშავე Grumman Aircraft Engineering Corporation-ის ინჟინრებისა და მეცნიერებისგან და კემბრიჯში (მასაჩუსეტსი) მდებარე საკონსულტაციო ფირმა Arthur D. Little-ში მოღვაწე კოლეგებისგან. ინჟინრებს მარტივი კითხვა დაუსვეს: რამდენად დააბინძურებდა Apollo-ს მისია მთვარეს იქ მხოლოდ დაშვების შემთხვევაში?
206-გვერდიანი სამეცნიერო ანალიზის დასაწყისშივე წარმოდგენილია საკვირველი აღმოჩენა. გაირკვა, რომ მთვარეს ბუნებრივი ატმოსფერო აქვს – ძალიან თხელი, მაგრამ მთვარის გრავიტაცია საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მიიზიდოს და შეინარჩუნოს აირის მოლეკულების თხელი ფენა.
Apollo 11-ის მთვარეზე დაშვებისას დიდი რაოდენობით აირი გამოიფრქვა, თითქმის იმდენივე, რამდენსაც უკვე შეიცავდა მთვარის ატმოსფერო.
მართლაც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ყოველ ჯერზე, როდესაც მთვარის მოდულს ვგზავნიდით, მასთან ერთად ვგზავნიდით „ახალ“ ატმოსფეროს, დაშვებისას რაკეტის გამონაბოლქვი აირის სახით, აგრეთვე კაბინიდან და ასტრონავტების სკაფანდრებიდან გამოშვებული გაზების სახითაც კი.
ეს ნიშნავს, რომ შესწავლა უკვე აბინძურებს მთვარეს. მისი ზედაპირის ფართობი 37,9 მილიონი კვადრატული კილომეტრია, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება აშშ-ის და კანადის საერთო ფართობს. ეს ტერიტორია ცარიელია და თითქმის სრულად ხელუხლებელი. დედამიწის გამოცდილებიდან ვიცით, რომ ახლავე თუ არ დავგეგმეთ მისი როგორც ბუნებრივი რესურსის დაცვა, მთვარესთან დაკავშირებული ჩვენი ყველაზე ამბიციური სამეცნიერო გეგმები შესაძლოა ჩაიშალოს.
სწორედ ეს პრობლემა აწუხებს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოს ნივედიტა მაჰეშს, თუმცა დაბინძურება, რომელიც მას ყველაზე მეტად ადარდებს, არ არის ტიპური. მაჰეში იკვლევს ვარსკვლავების ფორმირებას სამყაროს შექმნის ყველაზე ადრეულ ეტაპზე. „ამ ეპოქას ჩვენ „კოსმოსურ განთიადს“ ვუწოდებთ, როდესაც პირველი ვარსკვლავები აინთო“, – ამბობს იგი.
იმისათვის რომ გავიგოთ, როგორ წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები, მეცნიერებმა უნდა მოუსმინონ იმ დროის კოსმოსიდან წამოსულ სიგნალებს, როდესაც სამყარო მხოლოდ 100-200 მილიონი წლის იყო. ასტროფიზიკაში ასეთი შორეული სიგნალების მოსმენა მხოლოდ თანამედროვე რადიოტელესკოპების გამოყენებითაა შესაძლებელი. დედამიწაზე ამას ვერ შევძლებთ, ვინაიდან ატმოსფერო და ჩვენივე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიერ წარმოქმნილი ხმაური ხელს უშლის კოსმოსიდან მომავალი სუსტი სიგნალების დაფიქსირებას. მზის სისტემაში კი ყველაზე მშვიდი ადგილი მთვარის ბნელი უკანა მხარეა.
მაჰეში მეცნიერთა და ინჟინერთა იმ გუნდის წევრია, რომელიც FarView-ის დიზაინზე მუშაობს. FarView განსაკუთრებული რადიოტელესკოპია, რომელიც მთვარის რადიოსიჩუმეს გამოიყენებს სამყაროს დაბადების მოსასმენად. პროექტის მიზანია, კომერციულ სექტორში შემუშავების პროცესში მყოფ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, FarView თვითონ აეწყოს მთვარეზე რობოტული თვითმავლების დახმარებით, რომელთა ფუნქცია რეგოლითის დნობა და ანტენის სადენების დამზადება იქნება.
მთვარეზე კომერციული ეკონომიკის აყვავება მეცნიერებისთვის კარგიც არის და ცუდიც. მას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ან შეუძლებელი გახადოს FarView-ს შექმნა. 2025 წლის დასაწყისში Nokia-მ მთვარეზე თვითმავალი გაგზავნა, რათა შეემოწმებინა, როგორ მუშაობს ფიჭური კავშირი მთვარეზე. „ეს შესანიშნავია. კომუნიკაციის გაუმჯობესება გადამწყვეტია“, – ამბობს მაჰეში, მაგრამ მთვარის მობილურმა კავშირმა შეიძლება ხელი შეუშალოს სუსტი დასაბამიერი რადიოსიგნალების შესწავლას, თუ ის სათანადოდ არ იქნება დაფარული. მაჰეშის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მთვარეზე რუტინული ოპერაციებისთვის საჭირო რადიოკავშირმა „დააზიანოს ან დააბინძუროს გარემოს რადიოსიჩუმე“. ამ სიჩუმის დაცვის დრო სწორედ ახლაა. ილონ მასკის „სტარლინკის“ მეორე თაობის თანამგზავრებმა, რომლებიც 2023 წელს დედამიწის ორბიტაზე გაუშვეს კოსმოსური ინტერნეტმომსახურებისთვის, დაბლოკეს კოსმოსიდან მომავალი ზოგიერთი სიგნალი და, ფაქტობრივად, „დააბრმავეს“ დედამიწაზე არსებული ზოგიერთი მთავარი რადიოტელესკოპი.
ამჟამად არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს მთვარის კონსერვაციას ავალდებულებს. მაგრამ ჩნდება ახალი იდეები მთვარის ამგვარი დეგრადაციისგან დაცვასთან დაკავშირებით როგორც მეცნიერული, ისე კულტურული თვალსაზრისით. ბრიტანელმა პლანეტოლოგმა იენ კროუფორდმა წამოაყენა წინადადება, რომ ახლავე უნდა დაიდოს საერთაშორისო შეთანხმება და მთვარის ჩრდილოეთ პოლუსს სამუდამოდ მიენიჭოს ადამიანის საქმიანობისგან დაცული ტერიტორიის სტატუსი.
კიდევ ერთი იდეა: განისაზღვროს საერთაშორისო წესები, რომელთა მიხედვითაც მთვარეზე ყველა სახის საქმიანობა შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან უხილავი უნდა იყოს.
როგორც სანტა-კლარას უნივერსიტეტის ფილოსოფოსი და კოსმოსის კვლევის ეთიკოსი ბრაიან გრინი აღნიშნავს, „დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვისაც მხედველობა აქვს, უნახავს მთვარე. არ შეიძლება მას ისე მოექცე, როგორც გინდა“. ამასთან, მთვარე მრავალი კულტურისთვის საკრალურია, როგორც დღეს, ისე ისტორიულად. 2024 წელს დინემ, იმავე ნავაჰოს ხალხმა, გააპროტესტა და წაბილწვად მოიხსენია კერძო კომპანიის მისია. ამ მისიას მთვარეზე მიჰქონდა ადამიანის ნეშტი, რომელსაც კრემაცია ჩაუტარდა (ხომალდმა მთვარემდე ვერ მიაღწია).
ახლაა დრო, ავამოქმედოთ დაცვის წესები, ამბობს კროუფორდი, რადგან ახლა ყველაზე იოლი პერიოდია. არავის კომერციულ ინტერესს არ შეეხება. მაჰეში უკვე მონაწილეობს მომავალი მისიების დასაგეგმ შეხვედრებში, სადაც იგი აქტიურად აჟღერებს რადიოსიჩუმეზე მკაცრი კონტროლის დაწესების საკითხს. მსგავს საკითხებზე ასევე იმართება გაეროს დაფინანსებული შეხვედრებიც.
სახელმწიფოებმა საუკუნეების წინ მიიღეს ოკეანის რესურსების მართვის ნორმები და წესები. მთვარის მართვაც, სავარაუდოდ, მსგავსი იქნება. მანძილმა შეიძლება უკანონო ქცევისთვის დაუსჯელობის განცდა შექმნას. თუმცა წარმოსახვით მომავალში ნებისმიერი კომპანია, სახელმწიფო თუ სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მთვარეზე იმუშავებს, დედამიწიდან იმოქმედებს, სადაც აღსრულების ბერკეტები არსებობს და ნებისმიერი სანქციის დაწესება შეიძლება.
ამასთან, ღია ზღვაში მოქმედი ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, რომ იქ ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე პრინციპი იმუშავებს მთვარეზეც. ვისი აქტივობაც იქნება დომინანტური, ის მოახდენს ყველაზე მძლავრ გავლენას მთვარის წესებზე და ჩამოაყალიბებს მის მომავალს.
მთვარეზე საცხოვრებლად და სამუშაოდ გამგზავრება მოითხოვს ამპარტავნებისა და თავმდაბლობის ისეთ კომბინაციას, როგორიც ადამიანთა სხვა გიჟურ წამოწყებებს დასჭირდა – ტრანსკონტინენტური რკინიგზა და პოლუსებისკენ ლაშქრობა, ინტერნეტის გამოგონება და თავად პირველი დაშვება მთვარეზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სათანადოდ არ ვაფასებთ რისკებს და სირთულეს, როგორც თითოეული ზემოაღნიშნული პროექტის შემთხვევაში. მთვარის ათვისება რეალურად უფრო რთული იქნება, ვიდრე იმედი გვაქვს. 2018 წლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის და კომპანიის მიერ განხორციელდა 15 მისია ჩამოსაშვები აპარატების მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად და მხოლოდ ექვსმა მიაღწია წარმატებას.
Intuitive Machines-ი პირველი კერძო კომპანია გახდა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარეზე რბილად დასვა და არა ავარიულად – ეს მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ შეძლო. Intuitive Machines-მა ეს ორჯერ გააკეთა, რაც საოცარი მიღწევაა მცირე მასშტაბის კომპანიისთვის. ორივე აპარატი უვნებლად დაეშვა მთვარეზე, მაგრამ ვერ შეძლო მისიის შესრულება მარტივი, თუმცა საგულისხმო მიზეზის გამო: ორივე შემთხვევაში, როდესაც ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან არათანაბარ რელიეფზე დაეშვა, გადაბრუნდა და თითქმის გამოუსადეგარი გახდა: მრავალწლიანი მუშაობა და ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია პრაქტიკულად წყალში ჩაიყარა.
თუ მთვარის ათვისება იმაზე რთული აღმოჩნდება, ვიდრე Intuitive Machines-ის მსგავსი კომპანიები იმედოვნებენ, მათი ინვესტორები შეიძლება დაიღალონ. თუ წყლის არსებობის იმედი გაქრება, ინვესტორების ენთუზიაზმიც შეიძლება ჩაქრეს. ჩვენ შეიძლება ორი ათწლეული დავხარჯოთ იმისთვის, რომ მთვარეზე სიცოცხლე შესაძლებელი გავხადოთ, ვცადოთ მთვარის თვითკმარი ეკონომიკის შექმნა, შემდეგ კი ეს ყველაფერი თანდათან ჩამოიშალოს.
მთვარე მალე ძალიან დატვირთული ადგილი გახდება, რადგან 2030 წლამდე 84 სახელმწიფო და კომერციული მისიაა დაგეგმილი. საბოლოოდ, ეკონომიკა განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება შემდეგ. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში საცემია განსხვავებული მოტივაცია, რომელსაც თანაბრად გამოხატავენ მეწარმეები, ინჟინრები, მეცნიერები, ასტროფიზიკოსები, ჯოზეფ სილკისა და ნივედიტა მაჰეშის მსგავსად: ეს არის განცვიფრება და ცნობისმოყვარეობა.
ჩვენ სწორედ მთვარის მაგია და მომხიბვლელობა გვაოცებს. ეს გაოცება შეგიძლიათ იგრძნოთ აქ, დედამიწაზე, როდესაც ზაფხულის საღამოს გარეთ გახვალთ და ამომავალ, ჰორიზონტზე მოკაშკაშე სავსე მთვარეს დაინახავთ. შეიძლება გაგაოცოთ მთვარის ზედაპირის ჰიპნოზურად მიმზიდველი სურათების ნახვამ. გაოცება იგრძნობა მთვარის ზედაპირიდან მოლაპარაკე Apollo-ს ასტრონავტების ხმაში.
ეს შეგრძნება ოპორტუნიზმზე არანაკლებ მუხტავს ახალ მთვარის ეპოქას.
FarView გაბედული პროექტია, ისევე როგორც სიცოცხლის მაძიებელი ჰიპერტელესკოპი, მაგრამ არა უფრო მეტი, ვიდრე Apollo-ს მისიები, ინტერნეტი ან მანჰეტენის პროექტი. მაჰეში იმედოვნებს, რომ FarView-ს გუნდი მთვარეზე რამდენიმე სატესტო რადიოანტენას უკვე მომავალ წელს იხილავს, უფრო დიდ ანტენათა მასივს კი 2030 წლისთვის. 100 000 ანტენის დასამონტაჟებლად, ამბობს იგი, „ჯერ ერთი უნდა გააკეთო“. 13,8 მილიარდი წლის სამყაროს ასტროფიზიკაში გარკვევა მაჰეშისთვის გადაუდებლობის შეგრძნებას აჩენს. „განა არ გვსურს ვიცოდეთ, საიდან გაჩნდა პირველი ვარსკვლავი? ჩვენ ვარსკვლავური მტვერი ვართ. ხომ გვინდა, ვიცოდეთ, საიდან მოვედით? ამის გასაგებად ეს ერთადერთი გზაა“, – ამბობს მაჰეში.