National Geographic-ში მოთხრობილი ყოველი ამბით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამყაროს უკეთ შეცნობას და ადამიანის როლის გააზრებას ამ სამყაროში. ჟურნალის ქართული გამოცემა აღნიშნულ მისიას უკვე 13 წელია კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ემსახურება. ჟურნალის ნოემბრის ნომერში, რომელიც გაჯერებულია ქართული მასალით, უფრო ახლო გარემოში გთავაზობთ საკუთარი როლის გააზრებას: ვრცელი სტატიით გაგაცნობთ ქობულეთის ნამდვილ საგანძურს – UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შესულ ჭარბტენიან ეკოსისტემას, რომლის მთავარი ინჟინერი აქ გამოსახული სიფრიფანა ხავსია.
საქართველოსთან დაკავშირებული მომცრო სტატიებით მოგითხრობთ: როგორ აღნიშნავენ სვანეთის ერთ თემში ნანატრი ვაჟის დაბადებას; როგორ ნადირობენ მეცნიერები შავი ზღვის „ურჩხულებზე“; რა ინფორმაციას ინახავს ძველი ინგლისური მსოფლიო რუკა. ასევე წარმოგიდგენთ ინტერვიუს ლონდონის სამეფო კოლეჯის ქართველ პროფესორთან, რომელიც კვებით აშლილობებს იკვლევს და დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო ორდენი დაიმსახურა.
ვფიქრობ, ბევრ თქვენგანს გეცნობათ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის აღმნიშვნელი ინგლისური აბრევიატურა ADHD. სოციალურ მედიაში უკვე იმდენად პოპულარულია ამ თემაზე მსჯელობა, რომ ზოგი ამერიკელი ფსიქოლოგი მცდარი დიაგნოსტირების საფრთხეზეც ლაპარაკობს. ამ და სხვა დეტალებს ვრცელი სტატიიდან შეიტყობთ.
ძალიან საინტერესო ვრცელი სტატია გელით ამ სეზონისთვის აქტუალურ თემაზე – ჰიბერნაციაზე – სრულიად მოულოდნელი სახეობის, ადამიანის, შემთხვევაში.
სანამ თანამედროვე ცხოვრების აურზაურში ძილის დრო არ გვაქვს, გირჩევთ, ყურადღება მოიკრიბოთ და მთელი ჟურნალი გადაიკითხოთ, თქვენთვის სასურველი ტემპითა და თანმიმდევრობით.