ზღვის ურჩხულზე ნადირობა
ოკეანეებში მილიონ ტონამდე სათევზაო აღჭურვილობა ხვდება ყოველწლიურად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 1800 კგ-მდე ბადე და სხვა სათევზაო მოწყობილობა ამოიღო შავი ზღვის ფსკერიდან.
ჩემ ქვემოთ, წყალში, თოკების გიგანტური ხლართია, რომელიც კრაკენის საცეცებს წააგავს. შიგნით გახვეულ ბადეებში მკვდარი თევზები, მანქანის საბურავები და ღმერთმა იცის, კიდევ რა ნაგავია. საშინელი სანახაობაა. მის თავზე ცურვა, შავი ზღვის ზედაპირიდან 20 მეტრის სიღრმეზე, შიშს იწვევდა. ერთ დროს ეს ურჩხული მიდიების ფერმას წარმოადგენდა, რომელიც შტორმის დროს მოწყდა და კვარიათთან ჩაიძირა.
დაკარგულ თუ მიტოვებულ სათევზაო აღჭურვილობას ხშირად უწოდებენ „მოჩვენება-ბადეებს“ და „ფარულ მკვლელებს“. ისინი დიდ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს – წყალში ცურავს უმართავად და იჭერს ზღვის სხვადასხვა ორგანიზმს. ფსკერზე დალექვის შემდეგაც მასში იხლართებიან თევზები, ძუძუმწოვრები, სხვადასხვა უხერხემლოები. ბადეები თანდათან იშლება, თუმცა არსად ქრება – მხოლოდ ქუცმაცდება პლასტმასის ნაკუწებად (მიკროპლასტმასა), რომელსაც ყლაპავს თევზი, თევზის ორგანიზმიდან კი ის ადამიანისა თუ ზღვის ძუძუმწოვრების ორგანიზმში ხვდება და სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას.

პროფესორ ნათია კოპალიანის ხელმძღვანელობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი შეუერთდა საერთაშორისო პროექტს „ბლექნეტი – შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განადგურება“. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის ხელშეწყობით ევრორეგიონალური პროგრამის ფარგლებში. მის კოორდინირების პროცესს უძღვებოდა რუმინული ორგანიზაცია „მარე ნოსტრუმი“, ხოლო საქართველოს მხრიდან პროექტის კოორდინატორი გახლდათ სოფიო კიკნაველიძე. პროექტში, რომლის მიზანი იყო მოწყვეტილი ბადეების პრობლემის შესწავლა, მოსახლეობისთვის ამ პრობლემის გაცნობა და 8 ტონამდე ბადეებისა და სხვა სათევზაო მოწყობილობების მოშორება ზღვის ეკოსისტემიდან, რუმინეთის გარდა მონაწილეობენ ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო.

პროექტის მონაწილეები ოთხივე ქვეყანაში მეთევზეთა გამოკითხვით ადგენდნენ ბადეების ჩაძირვის ადგილებს, რის საფუძველზეც შეიქმნა შავი ზღვის „ცხელი წერტილების“ რუკა.
ინიციატივა მოიცავს ონლაინკამპანიას შავ ზღვაში მოხვედრილი „მოჩვენება-ბადეების“ საზიანო ზემოქმედების წარმოსაჩენად. ასევე, პროექტის ფარგლებში სტუდენტებს უტარდებოდათ საგანმანათლებლო სემინარები ოკეანეთა დაცვის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად. ნათია კოპალიანის გუნდის წევრი, დავით დეკანოიძე მთელი წლის განმავლობაში ატარებდა ლექციებს სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ფოთსა და თბილისში, რომლებიც მიეძღვნა ზღვის ეკოსისტემათა გამოწვევებს.

კვარიათის სანაპიროსთან გიგანტური თოკის ურჩხულის ფსკერიდან ამოღება არც ისე მარტივი იყო. თითოეული „მოჩვენება-ბადე“ პატარა ნარჩენებს ატყვევებს. აღნიშნულმა გუნდმა მისი ნაწილ-ნაწილ ამოტანა გადაწყვიტა მეტი უსაფრთხოებისთვის.

ეს თოკები ცოცხალი ორგანიზმებივით მოძრაობს წყალში. მყვინთავები დანებს იყენებენ ურჩხულის გასაჭრელად – ზოგიერთი თოკი კი ადამიანის ბარძაყის სისქისაა და მისი დამორჩილება რთულია. მაგრამ ადამიანები იმარჯვებენ და ურჩხულის მოჭრილ ნაწილებს ტვირთამწის დახმარებით ეზიდებიან გემზე. თოკის „საცეცთან“ ერთად, მეც ამოვყვინთე წყლის ზედაპირზე და ვხედავ ურჩხულთან შებმულ ჩვენს გემს, ტალღების მოძრაობით დაბრეცილ შავ წარწერას თეთრ ფონზე – „წმინდა ილია“.