შერპას ციცაბო გზა
შარშან 18 წლის ნიმა რინჯი შერპა მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავი ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი გახდა. მისი მომდევნო გამოწვევა კიდევ უფრო რთული ჩანს: დაძლიოს ამ სფეროში დამკვიდრებული წარმოდგენები შერპების როლზე და შეცვალოს პროფესიონალ მთამსვლელად აღიარების ნორმებიც.
შერპას ციცაბო გზა
შარშან 18 წლის ნიმა რინჯი შერპა მსოფლიოს 14 უმაღლესი მწვერვალის დამლაშქრავი ყველაზე ახალგაზრდა მთამსვლელი გახდა. მისი მომდევნო გამოწვევა კიდევ უფრო რთული ჩანს: დაძლიოს ამ სფეროში დამკვიდრებული წარმოდგენები შერპების როლზე და შეცვალოს პროფესიონალ მთამსვლელად აღიარების ნორმებიც.
გასულ ოქტომბერში ერთი გამხდარი 18 წლის შერპა ტიბეტის თოვლიან მწვერვალზე იდგა და საკუთარ თავს ვიდეორგოლს უღებდა სიბნელეში.
შიშაპანგმაზე ასვლის შემდეგ ნიმა რინჯი შერპა მსოფლიოს თოთხმეტივე 8000-იანი მწვერვალის თავზე მოექცა, რაც მისი ასაკისთვის განუმეორებელი მიღწევაა. გაუხშოებულ ჰაერში აქოშინებული ნიმა მადლობას უხდიდა დედას, რომელიც მისთვის ლოცულობდა, მამას კი ექსპედიციების დაფინანსებისთვის ემადლიერებოდა. იგი შეეხო უკრაინისა თუ ღაზის კონფლიქტებს და მსოფლიოს მოუწოდებდა ომის, სიძულვილისა და რასიზმის დასრულებისკენ. „ეს არის ჩემი, როგორც თინეიჯერის გზავნილი“, – თქვა ქშენით, შემდეგ კი ამოიყვირა – „ვუუ-ჰუუ!“
მწვერვალიდან დაშვებისას ნიმამ აღნიშნული ვიდეორგოლი გაუგზავნა თავის მენეჯერს, რომელმაც ის ზარ-ზეიმით ატვირთა Instagram-ზე. ჟურნალისტები აზიარებდნენ ამბავს თინეიჯერზე, რომელიც მწვერვალს ლაშქრავდა ბანერით #sherpapower (შერპას ძალა), რითაც ნიმას სურდა გაევრცელებინა გზავნილი, რომ მისი ხალხი სულაც არ იყო მხოლოდ დასავლელ მთამსვლელთა დამხმარე.

სულ რაღაც ერთი თაობის წინ მსგავს სცენარს ვერაფრით ვიხილავდით. თითქმის 120 წლის განმავლობაში შერპები ასრულებდნენ მტვირთავისა და მეგზურის ფუნქციებს უცხოელი მთამსვლელებისთვის, რომლებიც დიდებას დაეძებდნენ უმაღლეს მწვერვალებზე. ეს სამუშაო იმდენად ასოცირდებოდა აღნიშნულ ხალხთან, რომ უამრავმა დასავლელმა არც კი იცის, რომ სიტყვა „შერპა“ ეთნოსს აღნიშნავს და არა – პროფესიას. თუმცა გასულ 15 წელიწადში შერპებმა დააფუძნეს მოწინავე სამთო სალაშქრო კომპანიები და თავიანთი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარეს. ახლა ნიმა მომდევნო გარდამავალ საფეხურზეა: შერპა, რომელსაც უნდა გახდეს პროფესიონალი მთამსვლელი ვარსკვლავი.
ზემოხსენებული რეკორდის დამყარებიდან ორი თვის შემდეგ ნიმა უკვე შემდეგი პროექტისთვის ემზადებოდა. სახელგანთქმულ იტალიელ ალპინისტ სიმონე მოროსთან ერთად, მას ზამთარში უნდა დაელაშქრა 8163-მეტრიანი მანასლუ. თუ წარმატებას მიაღწევდნენ, აღნიშნავდა წყვილი, ეს იქნებოდა 8000-მეტრიან მწვერვალზე ზამთარში ასვლის პირველი შემთხვევა წმინდა ალპური სტილით, რაც ნიშნავს ასვლას ერთი ამოსუნთქვით – დადგენილი ბანაკების, ფიქსირებული თოკების, ჟანგბადის ბალონებისა და თავად დამხმარე შერპების გარეშე, რომლებიც ნიმას თან ახლდნენ ზემოხსენებული 14 მწვერვალის დაპყრობისას.
სამხრეთ აზიის ამ ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მთამსვლელთა უმრავლესობას მსგავს ექსპედიციებზე ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ნიმას არ აკლია ფინანსური მხარდამჭერები. მისი მამა, თაში ლაკპა შერპა და ბიძები ნეპალის ერთ-ერთი უდიდესი სამთო სალაშქრო კომპანიის, „შვიდი მწვერვალის ბილიკების“ დამაარსებლები არიან. მამის შემოსავლების წყალობით, ნიმას არასოდეს დასჭირვებია მტვირთავის ან მეგზურის მძიმე სამუშაოს შესრულება.
ნიმას გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთმანეთს შევხვდით კატმანდუს ერთ სასტუმროში, სადაც იგი, თინეიჯერული ასაკისთვის დამახასიათებელი წვრილი ულვაშით, გაწკრიალებული Air Jordan-ებითა და მხურვალე ენთუზიაზმით აღსავსე, კაპუჩინოს სვამდა და გამართულად და თავდაჯერებულად ლაპარაკობდა. „მე მხოლოდ დიდი მნიშვნელობის პროექტების გაკეთება მინდა“, – თქვა მან, რადგან „ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით. ჩვენ ძალიან შეზღუდული დრო გვაქვს“. ზამთრის ექსპედიცია, როდესაც უნდა ებრძოლო სუნთქვის შემკვრელ სიცივეს, შტორმებმა კი შესაძლოა მთამსვლელები დღეებით გამოამწყვდიოს კარვებში, მკვეთრად აწევს თამასას. მაგრამ ნიმას წარბიც არ შეუხრია. საკუთარ თავს მკვლევრად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე მთამსვლელად, ხოლო „ზამთრის ლაშქრობა კვლევა-ძიებას უფრო ჰგავს, – თამამად განაცხადა მან, – საჩემოა“.
მოროს თქმით, ისტორიულად, ზამთარში მოწყობილი 8000-მეტრიანი ექსპედიციის წარმატების ალბათობა მცირეა – მხოლოდ 15%. ამგვარად, ნიმამ ფრთხილი განცხადებაც დაამატა: „მწვერვალს კიდევაც რომ ვერ მივაღწიოთ, ეს ჩვენთვის გამოცდილებად დარჩება“. ნიმას სურს, გახდეს პროფესიონალი მთამსვლელი, ისეთი, რომელსაც სპონსორობას უწევენ North Face-ისა და Red Bull-ის მსგავსი ბრენდები. მისი 14-მწვერვალიანი რეკორდი არ აღმოჩნდა საკმარისი მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, თუმცა მანასლუ ნიმასთვის შანსია ბიოგრაფიის შესავსებად. სპონსორობის არსი ფული არ არის, ეს ღირსების შეგრძნებაა, ამბობს იგი. შერპა მთამსვლელებს, აგრძელებს ნიმა, „არასოდეს ჰქონიათ პრივილეგია, ყოფილიყვნენ რჩეულთა შორის. როდესაც პროფესიონალ სპორტსმენად მაღიარებენ, აი, ეს იქნება მნიშვნელოვანი“.
მთელი ამ ბოლოდროინდელი აღმასვლის მიუხედავად, შერპებმა მხოლოდ ახლა უნდა შეასრულონ ნახტომი მეგზურობიდან სპორტსმენობამდე. ნიმა, რომელიც პირველობას უმიზნებს, იმედოვნებს, რომ იგი მოიპოვებს პატივისცემას და თანასწორ დამოკიდებულებას, რასაც მისი ხალხი უკვე დიდი ხანია იმსახურებს.
თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მკვლევრები და პროფესიონალი მთამსვლელები მიაშურებდნენ 8000 მეტრზე ზემოთ მდებარე მწვერვალებს – ე. წ. სიკვდილის ზონას, სადაც სიცოცხლისთვის არასაკმარისი ჟანგბადია. მაგრამ 1985 წელს ერთი ტეხასელი ბიზნესმენი ავიდა ევერესტზე პროფესიონალი მთამსვლელის დახმარებით, რამაც მოყვარულ მთამსვლელთა ჟინი გააღვივა და ასე დაიბადა კომერციული მთამსვლელობის ინდუსტრია.
1990-იანი წლებიდან მომდევნო ათწლეულის ბოლომდე დასავლური კომპანიები დომინირებდნენ ევერესტის მოგუგუნე სალაშქრო ბიზნესში და დაახლოებით 75 000 დოლარს სთხოვდნენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლის მსურველებს. ისინი ქირაობდნენ შერპებსა და ასევე ნეპალურ ფირმებს, მაგრამ უცხოელი გიდები ფლობდნენ უშუალოდ კლიენტის მომსახურების კომპანიებს და სწორედ მათ ერგებოდათ შემოსავლის უდიდესი ნაწილი.
ევერესტზე მომუშავე ზოგიერთი ახალგაზრდა შერპა შანსს ხედავდა: მათ შორის გახლდათ ნიმას მამა, თაში ლაკპა შერპა და მისი სამი ძმა – მინგმა, ჩჰანგ დავა და პასანგ პჰურბა.

ძმები შორეულ სოფელში, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე გაიზარდნენ, სადაც თავზე 8485-მეტრიანი მაკალუს მწვერვალი დაჰყურებდათ. ისინი მწყემსავდნენ იაკებს, ცხვრებსა და ძროხებს, ეძინათ ფურცლოვანი პლასტმასით აშენებულ თავშესაფრებში და საკვების მოსაპოვებლად მომცრო ცხოველებზე ნადირობდნენ. ზოგჯერ თვეებს ატარებდნენ მარტოობაში, მაგრამ სიამაყით იზრდებოდნენ.
14 წლის ასაკში მინგმა კატმანდუში გაემგზავრა და სამსახური იშოვა სალაშქრო მტვირთავად, შემდეგ კი გზა გაიკვალა და უკვე კლიენტებს დაატარებდა მთაზე. გამოცდილება რომ დაუგროვდა, ძმებსაც უხმო. თაშიმ ევერესტზე ასვლა 18 წლისამ დაიწყო. სასიკვდილო ქუმბუს ყინულვარდნილი 20-30-ჯერ გადაუკვეთია ერთი ექსპედიციისას და თითოეულ ჯერზე სიკვდილის შიში ეუფლებოდა, მითხრა მან. „ყოველდღე, ყოველ წუთს, სიცოცხლე საფრთხეშია“, – ამბობს თაში.
მაგრამ მინგმასა და დავას განსაკუთრებით აღიზიანებდათ თავიანთი არაოფიციალური სამუშაო წოდება. „დასავლელები მტვირთავებს გვეძახიან, – ამბობს დავა, – ეს უსამართლობაა“, – ამატებს მინგმა. ძმების ხედვით, ისინიც ზუსტად იმავე სამუშაოს ასრულებდნენ, რასაც უცხოელი გიდები. რატომ მიიჩნევდნენ მათ მტვირთავებად, ხოლო დასავლელებს მეგზურებად და მთამსვლელებად?
ამგვარად, მინგმამ და დავამ გადაწყვიტეს, დაემტკიცებინათ თავიანთი უნარები და მიზნად დაისახეს ყველა 8000-იანი მწვერვალის დალაშქვრა. იმ დროისთვის მხოლოდ გამორჩეული ალპინისტები ასულან თოთხმეტივე უმაღლეს მწვერვალზე, ხოლო მინგმა პირველ ნეპალელად იქცა აღნიშნული მიღწევით. ამ წარმატებამ ძმებს დამაჯერებლობა შესძინა და ახალი იდეაც შთააგონა. ისინი დააფუძნებენ საკუთარ კომპანიას და მომსახურების ციკლიდან ამოაგდებენ შუამავალ ფირმას.
2010 წელს მათ გახსნეს „შვიდი მწვერვალის ბილიკები“ და მხოლოდ 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაჰყავდათ მსურველები ევერესტზე. მათ მოჰყვა შერპების სხვა კომპანიებიც და მომდევნო წლებში უკვე „ძველი გვარდიაც“ დაჯაბნეს. დღეს ჰიმალაების ალპინიზმის არქივარიუსი ბილი ბირლინგი შერპებს „მთის ბოსებს“ უწოდებს და ვარაუდობს, რომ ისინი საექსპედიციო ბაზრის 80-85%-ს ფლობენ.
ამ თაობის შერპები, ძირითადად, სამთო ბიზნესის დაუფლებაზე ფიქრობდნენ, თუმცა ზოგიერთს ალპინიზმიც სიგიჟემდე უყვარდებოდა. 2015 წლისთვის შერპა მთამსვლელები პირველ დამოუკიდებელ ასვლებს ასრულებდნენ და თავიანთ მიღწევებს სოციალურ მედიაში ახმაურებდნენ. 2018 წელს შერპა დავა იანგცუმი დააფინანსა North Face-მა, თუმცა მხოლოდ მეგზურის რანგში. იგი იქცა პირველ ნეპალელ ქალად, რომელმაც მიიღო სამთო გიდების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატი. აღნიშნული ტენდენცია უსწრაფესად დაიმუხტა 2019 წელს, როდესაც ნეპალური წარმოშობის ბრიტანელმა, ყოფილმა ელიტური საჯარისო ნაწილის წევრმა ნირმალ „ნიმს“ პურჯამ თოთხმეტივე 8000-იან მწვერვალი დაიპყრო რეკორდულ დროში. ვერტმფრენის, ჟანგბადის ბალონისა და ფიქსირებული თოკების გამოყენებით მან 6 თვეში დაასრულა კომპლექსური ლაშქრობა, რისთვისაც მანამდე კორეელ მთამსვლელ კიმ ჩანგ-ჰოს თითქმის 8 წელი დასჭირდა (თუმცა მან თავის მიზანს მიაღწია დამატებითი ჟანგბადის გარეშე და მხოლოდ კაიაკსა თუ ველოსიპედს იყენებდა სატრანსპორტო საშუალებად). ნიმსმა მსოფლიოს უჩვენა ერთი რამ – როდესაც ნეპალელებს აღარ უწევთ მთაზე კლიენტების მომსახურება, მათ შეუძლიათ მოიპოვონ მსოფლიო კლასის მთამსვლელის აღიარება.
ასეთ აყვავებულ პერიოდში შეაბიჯებს ნიმა სრულწლოვანებაში. კატმანდუში გაზრდილი ნიმა ადრეული ბავშვობიდანვე ჩასჩიჩინებდა მამას პროფესიონალ სპორტსმენობაზე. „გეგმა ყოველთვის რაღაც დიდ ცხოვრებისეულ მიზანს უტრიალებდა“, – ამბობს იგი.

სანამ სპორტსმენები მთავარ მიზანს შეებმებიან, როგორც წესი, დროს ასკეტურად ატარებენ, განმარტოვდებიან და აქტიურად ემზადებიან. თუმცა ნიმა ცდილობდა, მაქსიმალურად შეეგრძნო თავისი პოპულარობა და გიჟურ განრიგს მიჰყვებოდა მანასლუზე ასვლამდე რამდენიმე დღით ადრე – ითამაშა კრიკეტი ნეპალის უმაღლეს ლიგაში და დაესწრო 20-კაციან სადილს National Geographic-ის მკვლევარ ჯეინ გუდოლთან ერთად.
იმ პერიოდში ნიმას მენეჯერი, ასად აბიდი, იმედგაცრუებას გრძნობდა. მისი აზრით, ნიმა ძალიან ბევრ დროს ფლანგავდა ისეთ აქტივობებში, რომლებიც მას არ აახლოებდა თავის უმთავრეს მიზანთან – ასულიყო მწვერვალებზე ცნობილი ბრენდების სპონსორობით. ზოგიერთი კომპანია სთავაზობდა უფასო აღჭურვილობას, ამბობს აბიდი, „მაგრამ ფულს არავინ ახსენებდა“.
ამ ინდუსტრიაში დასავლური ბრენდები დომინირებენ და შერპები აწყდებიან რასობრივ თუ ენობრივ ბარიერებს, რაც მათ მხარდაჭერის მოპოვებას ურთულებს. შერპების თემში ეთაყვანებიან მთამსვლელებს, რომლებიც 20-ჯერ ადიან ევერესტზე ან ამყარებენ ნიმას მსგავს რეკორდს, მაგრამ სამთო სალაშქრო ბრენდები, როგორც წესი, არ აფინანსებენ მთამსვლელებს სტანდარტული მარშრუტების კომერციული სტილით შესრულებისთვის.
სპონსორების მოსახიბლად სპორტსმენმა უნდა გაკვალოს ახალი მარშრუტები და მწვერვალები, თანაც ჟანგბადის ბალონისა თუ ფიქსირებული თოკების გამოუყენებლად; ამასთან, ქარიზმატულობაც აუცილებელი პირობაა – ეს კი რთულია, როდესაც ალპინიზმის ევროცენტრული კულტურა თქვენთვის უცხოა.
ეს რთული გარდამავალი ეტაპია ფინანსურად წელში გამართული და ახალგაზრდა ნიმასთვისაც კი. მოროს თქმით, სწორედ ამიტომ გრძნობდა აუცილებლობას, „ხელი ჩაეჭიდა“ თინეიჯერისთვის და დამრიგებლური რჩევები მიეცა, „სანამ ჩავარდებოდა მახეში, როგორც 8000-იანი მწვერვალების კიდევ ერთი ცნობილი კოლექციონერი“. მორო იმედოვნებდა, რომ მანასლუს ექსპედიციაში ნიმას საჭირო ტექნიკურ უნარებს გამოუმუშავებდა და იმგვარ მსოფლმხედველობას ჩაუნერგავდა, რომელიც მას დასჭირდებოდა პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.
ნიმას ნახტომს კომერციული მთამსვლელობიდან ალპინიზმამდე შეიძლება წლები დასჭირდეს. მან უნდა ისწავლოს ყინულზე ცოცვა და აღჭურვილობის სწორად განთავსება, ამბობს ალპინისტი და National Geographic-ის მკვლევარი კონრად ანკერი. მას ალბათ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მოგზაურობაც მოუწევს კლდესა და ყინულზე აქტიურად სავარჯიშოდ, რადგან ნეპალში მწვერვალთა უმეტესობა დღეების სიშორეზეა. მან უნდა განივითაროს მახვილი თვალიც, რომ ზუსტად ამოიცნოს სათავისო პროექტი.
ნიმამ შესაძლოა მიაგნოს საკუთარ გზას, რომელიც პროფესიონალ მთამსვლელად აქცევს, მაგრამ თუ თქვენ გინდათ, North Face-ის მსგავსი ბრენდი გაფინანსებდეთ, ამბობს ანკერი, მაშინ „მაგარი ცოცვა“ მოგიწევთ.

აღჭურვილობა და ბარგი ეზიდა მწვერვალებისკენ მიმავალ ციცაბო ბილიკებზე.
კრისტლ რაიტი
როგორც უამრავი ვუნდერკინდის შემთხვევაში, რთულია თქმა, ნიმას ამბიცია თანდაყოლილია, თუ შთაგონებული მამისგან, რომელიც დაუზარლად და უპირობოდ ედგა მას მხარში. როდესაც ნიმას ფეხბურთელობა სურდა, თაში ელიტურ მწვრთნელს დაეძებდა, ხოლო ფოტოგრაფიით გატაცებისას ლაშქრობაში წაიყვანა კადრების გადასაღებად.
15 წლის ნიმას მამამ შესთავაზა 14 მწვერვალზე თინეიჯერობის ასაკში ასვლა. შეიძლება ეს შენთვის „საინტერესო“ იყოსო, იხსენებს იგი თაშის ნათქვამს. სახლში დაბრუნებულმა ნიმამ შესაბამისი ინფორმაცია მოიძია და მამას განუცხადა, მოდი, გავაკეთოთო.
14 მწვერვალის პროექტი თავდაპირველად შემოქმედებითი და ეგოისტური წამოწყების სახეს იძენდა: აზიური წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფისა და National Geographic-ის მკვლევრის, ჯიმი ჩინის შთაგონებით, ნიმას დოკუმენტური ფილმის გადაღება სურდა, მაგრამ თავისი პირველი ასვლისას, 2022 წლის სექტემბერში, მანასლუზე, მან საოცარი რამ დაინახა. ნიმამ ბევრი არაფერი იცოდა თავისი ოჯახის ბიზნესის შესახებ და მამის კომპანიის კლიენტები, რთულ მწვერვალებს რომ ესწრაფოდნენ, ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებად წარმოედგინა. ახლა მან დაინახა, რომ უამრავ მათგანს, თურმე, მხოლოდ საშუალო დონის მომზადება ჰქონდა, ზოგიერთი – ნელიც იყო. ამ დროს კი შერპები ყველას უსწრებდნენ და თან მათ ტვირთსაც ზურგით ატარებდნენ. ასეთი ბუნებრივი ნიჭის ხილვისას ნიმა დაფიქრდა, თუ რატომ არ არსებობდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული შერპა მთამსვლელები.
თუმცა ნიმას მოტივაცია საბოლოოდ მიეცა ჯერ კიდევ შიშაპანგმაზე პირველი ექსპედიციისას, ერთი წლით ადრე, სანამ მწვერვალზე ავიდოდა. 2023 წლის 7 ოქტომბერს ნიმა აღნიშნული მწვერვალის საბაზო ბანაკში იყო. იმავე მთაზე მუშაობდა ნიმას მეგობარი, „შვიდი მწვერვალის“ თანამშრომელი თენჯენ „ლამა“ შერპაც. თენჯენი ეხმარებოდა მთამსვლელ ჯინა რზუჩიდლოს, რომელიც 14 მწვერვალის დამლაშქრავი პირველი ამერიკელი ქალის წოდებას უმიზნებდა. კიდევ ერთი ამერიკელი, ანა გუტუ, იმავე დღეს ისახავდა მიზნად თავის მეთოთხმეტე მწვერვალზე ასვლას. ბოლო მონაკვეთზე ასვლისას გუტუ და მისი პარტნიორი ზვავმა იმსხვერპლა. თენჯენი და რზუჩიდლო ზუსტად მწვერვალის ქვემოთ იდგნენ, როდესაც ნიმა რაციით დაუკავშირდა და დაბრუნება ურჩია. მაგრამ რზუჩიდლოს გზის გაგრძელება სურდა. მცირე ხანში მეორე ზვავი დაიძრა და ორივე მათგანი შეიწირა.
ნიმას თავზარი დაეცა. „ლამა“ მისთვის მფარველი ანგელოზივით იყო. მას შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია დაეწყო. „თავს ვგრძნობდი სრულიად უმოტივაციოდ“, – ამბობს იგი. „არა მხოლოდ მთაზე – საერთოდ, ცხოვრებაში“.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ნიმამ ჰეშტეგის – „sherpapower“ – გამოყენება. მან გააცნობიერა, რომ შერპების სათქმელის გაჟღერება ნიმას უნდოდა. სურდა შერპებს ეგრძნოთ, რომ მათი სიცოცხლე ფასეულია და მხოლოდ შრომის ანაზღაურებით არ განისაზღვრება. „ვთქვათ, ერთ მწვერვალში იღებენ 4000 დოლარს“, – ამბობს იგი. „მე არ ვიცი, თუ არსებობს სხვა სამსახური, სადაც ამას გიხდიან ასეთ სარისკო საქმეში“. შერპები თანაუგრძნობენ თავიანთ კლიენტებს, მითხრა მან ხაზგასმით, თავიანთ უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც კი სწირავენ მათ ასაყვანად მწვერვალზე. ისინი იმსახურებენ თავიანთი ისტორიების თხრობას, ფიქრობდა იგი – გმირებივით პატივისცემას და არა მხოლოდ დაქირავებულ დამხმარეებად აღქმას.

წლების განმავლობაში თაში შეესწრო უამრავი შერპას სიკვდილს და შვილს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ პროფესიონალი სპორტსმენის გზას უნდა გაჰყოლოდა და არა – მეგზურისას. თუ ნიმა მთაში სიცოცხლეს გარისკავდა, გარისკავდა საკუთარი ოცნებებისთვის.
თუმცა ნიმას მთამსვლელობა მაინც უკიდურესად აღელვებდათ თაშისა და მის მეუღლე ლეემას. თაშიმ თავისი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეგზური, პასანგ ნურბუ შერპა აარჩია ნიმას სალაშქრო მეწყვილედ; მათი მთაზე ასვლისას ვერტმფრენებსაც მზადყოფნაში ტოვებდა; ნიმას ექსპედიციებისას კლიენტებს ფასს უკლებდა, რომ მთაში მეგზურების რაოდენობა გაეზარდა. უშუალოდ მწვერვალზე ასვლის დღეებში ვერაფრით იძინებდა და გამუდმებით ნიმას GPS-ს დასცქეროდა.
როდესაც კი გაიფიქრებდა, დავურეკავ, უკან მოვიხმობო, მაშინვე საკუთარ თავს შეახსენებდა – ჩვენ მისია გვაქვს (იგი სწორედ ამ სიტყვას იყენებს – „ჩვენ“). „მინდა, რომ იგი სუპერმთამსვლელი, სუპერსპორტსმენი გახდეს“, – ამბობს თაში. „ამგვარად, მიწევს, რომ ჩემი ემოციები ვაკონტროლო“.
რა თქმა უნდა, თაშის შეეძლო შვილისთვის ერჩია, რომ სულ სხვა პროფესია აერჩია. უამრავი შერპა მოიქცა მსგავსად. ნებისმიერი 8000-იანი მწვერვალი სასიკვდილოა, ხოლო საფრთხე კიდევ უფრო იმატებს ზამთარში, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ზვავების ალბათობაც იზრდება. ალპური სტილით ასვლისას ფიქსირებული თოკებისა და ჟანგბადის ბალონის გარეშე რჩები. როდესაც მორო პირველად ცდილობდა ზამთარში ალპური სტილით 8000-იანი მწვერვალის დაპყრობას, ზვავმა ორივე მისი მეწყვილე შეიწირა. თაშის შევეკითხე, თუ რას უპასუხებდა მშობლებს, რომლებმაც შესაძლოა მას ვერ გაუგონ – როგორ შეუძლია საკუთარ შვილს ნება დართოს, აკეთოს ასეთი სახიფათო რამ და თან დააფინანსოს კიდეც.
„მე ვფიქრობ“, – თქვა მან და ჩაფიქრდა – „ისტორიის შექმნა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არ არის მარტივი“.
აბიდი, ნიმას ყოფილი მენეჯერი, თავის თეორიას მაცნობს. „მე ვფიქრობ, რომ თაში ნიმას ცხოვრებით ცხოვრობს“, – ამბობს იგი. თაშის უნახავს უთვალავი ძლიერი შერპა, რომლებიც სხვისი სახელის მოსახვეჭად მუშაობენ, მეუბნებოდა იგი. მას ყოველთვის სურდა, ეხილა ახალგაზრდა შერპა სპორტსმენი, რომელიც თავისუფლად დაცოცავს მთაში.
„ეს სრულიად განსხვავებული შესაძლებლობაა შერპების თემისთვის, – ამბობს თაში, – და, მართლაც მინდა, ჩემი შვილი ამ გზას გაჰყვეს“.
დეკემბერში კატმანდუ მაცდურია, თითქოს დაგარწმუნებთ, რომ ზამთარი არ მოგკლავთ. როდესაც ნიმა კატმანდუდან სამიზნე მთისკენ გაემგზავრა, ის დღეც არაფრით განსხვავდებოდა წინამორბედებისგან: მზიანი და რბილი. ნიმა, მორო, 40 წლის პოლონელი კინორეჟისორი ოსვალდ როდრიგო პერეირა და მე ნარინჯისფერ ვერტმფრენში ჩავსხედით. გეგმის თანახმად, ჩვენ უნდა ჩავსულიყავით ევერესტის ხეობაში და ხუთი დღე გველაშქრა ამადაბლამის საბაზო ბანაკამდე. ეს არის 6812-მეტრიანი ტექნიკური მწვერვალი, რომელსაც ჰიმალაის მატერჰორნს უწოდებენ. იქიდან მე სახლში გამოვბრუნდებოდი, ისინი კი აკლიმატიზაციისთვის ამადაბლამზე ავიდოდნენ, შემდეგ კი მანასლუს ხეობისკენ აიღებდნენ გეზს.
ვერტმფრენმა გადაუფრინა მწვანე, სამეურნეოდ დატერასებულ ბორცვებს. ჰორიზონტს რიგად მიუყვებოდა თოვლით დაფარული მწვერვალები. ადამიანთა უმეტესობას ასეთი სანახაობა განაცვიფრებდა, თუმცა ნიმასთვის სამსახურში მისასვლელ გზას ჰგავდა. ჩაეძინა.
გასულ რამდენიმე დღეში კატმანდუში საკუთარი თვალით დავინახე „შვიდი მწვერვალის“ ზეგავლენა. სადაც არ წავიდოდი, ყველგან მხვდებოდნენ მოღიმარი, გაპარსული ახალგაზრდები, რომლებიც აღნიშნული კომპანიის ფუმფულა ქურთუკებითა და კეპებით დადიოდნენ. ნიმა გაიზარდა მათ გარემოცვაში, თავისი მამის დაქირავებული შერპები მუდამ გვერდით ედგნენ.
ნიმა სრულად იაზრებს, რა დასჭირდება მისი ოცნებების მიღწევას? ამბობს, ვიციო, მაგრამ მიუხედავად ასაკთან შედარებით ძალიან სწრაფი განვითარებისა, აქ იდგა 18 წლის ბიჭი, რომელიც მთაზე ასვლას ადარებდა ეპიკურ თავგადასავლებს თავისი საყვარელი წიგნებიდან. „ზამთრის ექსპედიცია ბეჭდების მბრძანებელს ჰგავს“, – მითხრა ხალისიანად, ან „ისე გაფორიაქებთ, როგორც ჰარი პოტერის წაკითხვა“. ვგრძნობ, რომ ახლა მსგავს ცხოვრებას გავდივარ. ორივე ამბავში გმირი – რჩეული – გადაეშვება თავგადასავალში, რომ იხსნას მისთვის საყვარელი ადამიანები. ნიმაც ასევე ხედავს საკუთარ თავს – როგორც შერპების მაცნეს.
„ვფიქრობ, ასეთ ახალგაზრდა ასაკში მას უკვე დიდი ტვირთი აწევს, რომელსაც იგი კიდევ თავისას უმატებს“, – მითხრა პერეირამ მოგვიანებით.
ნიმას გამოეღვიძა. ვერტმფრენში ხმის საიზოლაციო ყურსასმენები გვეკეთა და მან თავისი iPhone-ის კამერა გამოიყენა, რათა ჩემთვის უხმოდ ეჩვენებინა ევერესტი და კადრში მომიახლოვა თოვლით დაფარული პირამიდა. შემდეგ პლანშეტი გახსნა და მომწერა: „პრინცი მთებში ბრუნდება“.

ნიმას პირველი არაკომერციული ექსპედიცია მშვიდად დაიწყო. ამადაბლამზე მშრალი დღეები შენარჩუნდა. მანასლუს საბაზო ბანაკს რომ მიაღწიეს კვირანახევარში, მოთოვა. შემდეგ ამინდის პროგნოზი გაუარესდა: 145 კმ/სთ სიჩქარის ქარი სამი გადაბმული კვირა, რაც მთაზე ასვლისთვის სახიფათო პირობებს ქმნიდა. თუ დაიცდიდნენ, დაკარგავდნენ აკლიმატიზაციით გამომუშავებულ ფიზიკურ მდგომარეობას. საბაზო ბანაკში გატარებული ერთი კვირის შემდეგ მათ უარი თქვეს ექსპედიციის გაგრძელებაზე.
ნიმამ და მორომ დაუყოვნებლივ დაგეგმეს მანასლუს დალაშქვრის მორიგი ექსპედიცია მომდევნო ზამთრისთვის. „ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ექსპედიცია იყო“, – მითხრა ნიმამ. კომერციულ ექსპედიციებთან შედარებით, „აქ ყველაფერს ჩვენ განვკარგავდით“. ექსტრემალურმა პირობებმა იგი უფრო გამოაცოცხლა.
დღეს ნიმას უდიდესი გამოწვევა შესაძლოა ცოცვაზე ფოკუსირება იყოს. ახლახან მან ხელშეკრულება გააფორმა წიგნის დასაწერად და განაცხადა, რომ იგი გაეროს განვითარების პროგრამის კლიმატის დაცვის „ინფლუენსერია“ ნეპალში. გაზაფხულზე ნიმა ჩავიდა ევერესტის საბაზო ბანაკში, თუმცა მწვერვალს არ მიაშურებდა – იგი მამას ეხმარებოდა ლოგისტიკაში, ინტერვიუებს აძლევდა ამერიკული ახალი ამბების გუნდს და მონაწილეობდა თავიანთი კომპანიის დრონების გამოცდაში, რომელთაც მთიდან ნაგავი უნდა ჩამოეტანათ. მან საკუთარი კომპანიაც დაარეგისტრირა მთელი ამ ნარჩენებისგან სუვენირების დასამზადებლად.
ჯერჯერობით ბუნდოვანია, რამდენად დაიპყრობს ნიმა ათლეტიზმის ნანატრ მწვერვალებს. მისი პრივილეგირებული მდგომარეობა ბრაზს იწვევს თავად შერპების თემშიც. როდესაც ზოგიერთ მათგანს გავესაუბრე, მითხრეს: ნეპალში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და არა მხოლოდ ნიმა; ისეთი მთამსვლელები, არანაკლებ სახელს რომ მოიპოვებდნენ ნიმას დარ პირობებში. თუმცა ნიმას სწამს, რომ მიუხედავად იმისა, მიაღწევს თავის მიზნებს თუ – არა, მან უკვე ისედაც გააკეთა რაღაც საკუთარი თემისთვის.
იცოდა, რომ ზოგიერთი არაფრად თვლიდა 8000-იანი მწვერვალის დალაშქვრას ჟანგბადის, ფიქსირებული თოკებისა და შერპების დახმარებით? და, ხალხის თქმით, „ნამდვილი მთამსვლელების“ თვალში მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ჰქონდა ყველაფერი? ნიმამ მიპასუხა, რომ მსგავს კრიტიკას საკუთარ თავზე ვერ მიიღებდა, შემდეგ კი გადაიხარხარა. როდესაც ზრდასრული ადამიანი ერთ ამბავს ტეხს თავის მიღწევებზე, მაშინ შეიძლება კრიტიკოსებს დაეთანხმო, აღნიშნა მან. „მაგრამ მე სულ 16, 17 წლის ვარ, მხოლოდ ახლა ვყალიბდები“, – ამბობს იგი. ნიმამ იცის, მისი მიღწევა შთამბეჭდავია ასეთ ასაკში. იგი აცნობიერებს, რომ გასული 15 წლის განმავლობაში შერპების ისტორია მეტწილად მიჰყვებოდა მისაბაძ ფიგურებსა და მათ ზეგავლენას – დაინახო გმირი საკუთარ ხალხში, შემდეგ კი გაბედო და წარმოიდგინო, როგორ ჩამოიტოვებ მას. „ვიღაც სხვა რომ ვიყო და დავინახო, ეს 18 წლის ბიჭმა გააკეთა, – ამბობს იგი, – მე ეს შთამაგონებდა“.