2025 წელს National Geographic–საქართველოს 13 წელი შეუსრულდა. ეს გარდატეხის ასაკი აღმოჩნდა ჟურნალისთვისაც. დეკემბრის ნომრით ვემშვიდობებით თქვენთვის კარგად ნაცნობ, ყოველთვიურ ბეჭდურ გამოცემას. არ იფიქროთ, რომ აღარ შევხვდებით. ცნობილი ყვითელჩარჩოიანი ჟურნალის ქართული გამოცემა განსხვავებული ფორმატითა და პერიოდულობით დაიბეჭდება – წელიწადში ოთხჯერ. უწყვეტად განვაგრძობთ სამყაროს საოცრებათა შესახებ თხრობას ციფრულ სივრცეში, ასე რომ, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ მედიას. კვლავ მოგიწვევთ გამოფენებსა თუ შემეცნებით შეხვედრებზე საინტერესო ადამიანებთან და რეალურ სივრცესაც დაგითმობთ გარემოზე, მეცნიერებაზე, კულტურასა თუ თავგადასავლებზე სასაუბროდ.
მანამდე საინტერესო საკითხავს გიტოვებთ: დეკემბრის ნომერში ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის ყველაზე შთამბეჭდავ კადრებს, რომლებიც National Geographic-ის ფოტოგრაფებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაიღეს. ვრცლად გიამბობთ დინოზავრების ეპოქის ცოცხალ ნაშთებზე – ზუთხისებრთა ოჯახის თევზებზე – და ადამიანებზე, რომლებიც მათ გადარჩენას ცდილობენ, მათ შორის, საქართველოში. პატივს მივაგებთ სრულიად განსაკუთრებულ ინგლისელ მეცნიერს, ჯეინ გუდოლს. ვიმსჯელებთ გონების ერთ-ერთ გამოცანაზე – მეხსიერებაზე. გაგაცნობთ ორ ქართველ მთამსვლელს, რომლებიც უცნობი მწვერვალებისკენ გაკვალულ გზებსა და თავიანთ განსაკუთრებულ მეგობარზე გვიამბობენ.
მე უკვე თითქმის სამი წელია მაქვს პატივი, თვეში ერთხელ შესავალი სიტყვით მოგმართოთ და რადგან ამ ფორმატით ეს ბოლოჯერ ხდება, აქვე მინდა მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო ჩემი თანამშრომლების, National Geographic – საქართველოს მთელი გუნდის მიმართ. დიდი მადლობა უკლებლივ ყველას, ვისაც კი ოდესმე ქართული გამოცემის შექმნასა და განვითარებაში მიუღია მონაწილეობა: ავტორებს, ფოტოგრაფებსა თუ ილუსტრატორებს, რედაქტორებს, გამომცემლებს, სამეცნიერო საბჭოს წევრებს, დამფუძნებელს და მუდმივ მხარდამჭერ კომპანია „სილქნეტს“. დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც National Geographic-ის ვაშინგტონის სათავო ოფისში 1888 წლიდან დაგროვილ გამოცდილებას უკვე 13 წელია გვიზიარებენ.
ყველა ზემოჩამოთვლილის სახელით კი მადლობას მოგახსენებთ თქვენ – ჩვენს ერთგულ მკითხველებს!
National Geographic – საქართველოს მთავარი რედაქტორი