სამნი მთაში
ქართველ მთამსვლელთა გაკვალული ახალი მარშრუტების, უცხო მწვერვალებზე ასვლისა და დიდი მეგობრობის ამბავი
ქართული ალპინიზმის ისტორიაში, დასაბამიდან დღემდე, ჩაწერილია არაერთი დიდი სახელი, ალექსანდრა ჯაფარიძის, მიხეილ ხერგიანის, გურამ თიკანაძის, სხვების და სხვების. ლეგენდად ქცეული ნამდვილი და თან მიუწვდომელი ამბები შეუცნობლის შეცნობაზე, ცნობისმოყვარეობაზე, მეგობრობაზე, იღბალზე, ფატალურ შეცდომებზე, წარმოუდგენელ შრომაზე, შეუძლებლის შეძლებაზე. ჩაწერილია არჩილ ბადრიაშვილი, გამოცდილი, ტიტულიანი, ქართული ალპინიზმის ახალ საფეხურზე ამყვანი, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, კეთილი და რომანტიკოსი ბიჭი, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, 34 წლის ასაკში, შხელდამ წაიყვანა. ჩაწერილია არჩილის პატარა გუნდი, ერთ ორგანიზმად ქცეული, აქამდე ხელუხლებელ მწვერვალებზე ქართული დროშის ამფრიალებელი – არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის სამეული, წმინდა ალპური სტილის ოსტატები. ალპური სტილით შესრულებული ექსპედიცია კი ნიშნავს, რომ დაბრკოლებები მთამსვლელებმა მცირე შემადგენლობითა და მინიმალური აღჭურვილობით, მაღალი რისკის ფასად გადალახეს.
ქართული ალპინიზმი სხვანაირიაო, ამბობენ. იმისთვის, რომ მწვერვალზე ახვიდე, აქამდე გაუკვალავი გზებით იარო მაღლა და მაღლა, დაიმსახურო „ოქროს წერაყინი“ (Piolet d’Or), ალპინიზმის ოსკარს რომ უწოდებენ, მხოლოდ კარგი მეგობრობა, კარგ ფიზიკურ და სპორტულ ფორმაში ყოფნა, ფსიქოლოგიური მედეგობა და ახალგაზრდული ჟინი არ კმარა. რაღაც მეტია საჭირო. რა არის ეს რაღაც, როგორ შედუღაბდა გუნდი, რომელიც ერთ სხეულად იქცა, მანამდე თვალუწვდენელ სიღრმეებზე ჩავიდა და სიმაღლეებზე ავიდა, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი თავად მოჰყვებიან – თავშეკავებით, მაგრამ გულწრფელად, ისე, როგორც ხშირად ყველაზე დიდ გრძნობებს სჩვევია.
შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ასვლა მწვერვალზე?
ბაქარ გელაშვილი: პირველი გასვლა ხევსურეთის ჭაუხებში იყო. დაუგეგმავად და შემთხვევით. ლაშქრობაში მყოფმა გავიცანი ადამიანები და გადავუხვიეთ, მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე ავედით. უკვე დაგეგმილად მყინვარწვერზე ავედი. ქართული ალპინიზმის მშობელი მთაა მყინვარწვერი. ყველას ზრდის და ეფერება. მანდ გადავწყვიტე, რომ – მორჩა, ეს საქმე უნდა გავაგრძელო. არ იყო ადვილი. ერთმანეთისგან ნათხოვარი ტანსაცმლითა და აღჭურვილობით დავდიოდით. მაგრამ შემართება იმდენად დიდი იყო, ეს არავის აბრკოლებდა.
გიორგი ტეფნაძე: ბევრი ადამიანი იტყვის იმავეს მყინვარწვერზე, პირველი ნაბიჯების გზაა. მყინვარიდან მოჩანს გორაკისებრი რაღაც. პირველად ზამთარში ჩემს მეგობართან ერთად რომ მოვხვდი იქ, მეგონა, რომ უზარმაზარ მწვერვალზე ავედით. მაშინდელი გადმოსახედიდან ექსტრემალურ პირობებში ვიყავით. მერე ჯიხვებმა დაგვირღვიეს მყუდროება და ილუზიები. ერთხელ შოთა მირიანაშვილის [მთამსვლელი, უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბის ხელმძღვანელი] ორგანიზებული ალპინიადის ფარგლებში მოვხვდი ყუროზე. მერე არჩილ ბადრიაშვილი გავიცანი. ყველა გასვლა და ასვლა უკვე მას დაუკავშირდა.

ბადრიაშვილი) ჩრდილო-დასავლეთ სარაგრარიდან დაშვების შემდეგ საბაზო ბანაკში ქვების გროვაზე დაფიქსირებული კამერით გადაიღეს ფოტო. პაკისტანის ამ მწვერვალზე პირველასვლისთვის მათ ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურეს. ფოტო: არჩილ ბადრიაშვილის პირადი არქივიდან.
ერთმანეთი როგორ იპოვეთ, ეს სამეული, თქვენი განუყრელი გუნდი როგორ შეკავშირდა?
ბაქარ გელაშვილი: 2011 წლის ზაფხულში, ჭაუხში შეკრებაზე გავიცანი არჩილი. დავმეგობრდით. მერე მე ტრავმები მქონდა და 2 წელი ჩამივარდა. გიორგიმ და არჩილმა მაგ პერიოდში გაიცნეს ერთმანეთი და ერთად სიარულიც დაიწყეს. რომ მოვმჯობინდი, ისევ არჩილის ინიციატივა იყო და მეც შევუერთდი. უკვე 2015-16 წელი იქნებოდა.
რთულია მეწყვილის პოვნა. ერთხელ შეიძლება წახვიდე ვინმესთან ერთად, მაგრამ მეორედ აღარ მოგინდეს. პირველი სერიოზული გამოცდა ჩათინის რომბზე გავიარეთ [მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, ზღვის დონიდან 4412მ]. მანდ გამოჩნდა თვალნათლივ, რომ გუნდი ვიყავით და ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა. ყველაფერს შეგვეძლო გავმკლავებოდით ერთად, ერთ ორგანიზმად. ასეთი შეგრძნება გამიჩნდა მაშინ და დღემდე ასე ვფიქრობ. ეს გახდა წინაპირობა, რომ უფრო რთული, საინტერესო, წარმატებული ასვლები გვქონოდა მომავალში.
გიორგი ტეფნაძე: ისეთი მარშრუტი იყო, ან უნდა გავძლიერებულიყავით…
ბაქარ გელაშვილი: ან უნდა გეთქვა, რომ აღარ მინდა საერთოდ, მთაში აღარ ამოვიხედავ. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა, მე წავედი, სხვა საქმეს ვნახავ. ძალიან ციოდა. ჩრდილოეთის მხარეს ვიყავით, რომელსაც მზე საერთოდ არ უდგება. ვუყურებთ, მზე ამოდის, მოდის, მოდის და ჩვენგან 100-200 მეტრში ჩერდება. 8 დღე მზის ნატვრაში გავატარეთ. 42-საათიანი შეუჩერებელი სვლა გვქონდა ვერტიკალურ კედელზე. კარვის გასაშლელი ადგილი არ იყო. არც დასაჯდომი იყო, არც დასადგომი სამი ადამიანისთვის. ბევრი რამ გამოვცადეთ, ჩვენი გამძლეობაც, მეგობრობაც. ყველაფერი იყო, შეცდომებიანად, მოწყვეტებიანად, ვარდნებიანად.
რომელია ის გარდამტეხი მომენტი, როცა წყვეტთ, რომ „ამ ადამიანთან ერთად შემიძლია ნებისმიერ სირთულეს შევეჭიდო“?
გიორგი ტეფნაძე: დასავლეთში, მაგალითად, ეს უფრო მარტივად ხდება. შეიძლება დიდი არაფერი აკავშირებდეთ, მაგრამ უბრალო კომუნიკაციით, ვის როდის სცალია და კარგ ფიზიკურ ფორმაში თუა, მიიღებენ გადაწყვეტილებას და წავლენ, თუნდაც ძალიან რთულ მარშრუტზე. ქართული მთამსვლელობა ცოტა სხვანაირია. ეს ურთიერთობები უბრალოდ მეგობრული არ არის. ბევრი შეიძლება ვილაპარაკო და მაინც გაუგებარი დარჩეს, ისეთ სიღრმეზე ჩადიხარ მთაში… ბარში შეიძლება გამოგდიოდეს მეგობრობა ადამიანთან, მაგრამ მთაში არ გამოვიდეს და შარშიც აღმოჩნდე. ბოლომდე შეიცნობ იქ ადამიანს.
შევეხოთ ლარკიას, მწვერვალს, რომელზეც ფეხი პირველად თქვენმა სამეულმა დადგა.
ბაქარ გელაშვილი: საეტაპო ასვლა იყო ლარკია მთავარი [ნეპალი, მწვერვალი ჰიმალაებში, ზღვის დონიდან 6425 მ. სამეული იქ 2017 წელს ავიდა. ეს იყო ამ მწვერვალზე ადამიანის პირველი ასვლა და სამეულის პირველი საერთაშორისო აღიარებაც]. შინაგანი ხმა გეუბნება, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად თუ ხარ მზად, ან იქნებ ჯერ მეტისმეტია? თამაში არაა ეს, შუა პროცესში ვერ იტყვი, რომ მორჩა, აღარ გინდა. მითუმეტეს, როცა ასეთი სირთულის ექსპედიციაზე, პირველასვლაზეა ლაპარაკი. სხვის ხარჯზე ფონს ვერ გახვალ.
გიორგი ტეფნაძე: ყველაზე მაღალი საფეხურია ეს ალპინიზმში, როცა გამოუკვლეველ რეგიონში გაუვლელ მარშრუტს ადგები, მეცნიერის ფუნქციასაც კისრულობ. ლარკიაზე ასვლით პირველად მოვხვდით საერთაშორისო ყურადღების ქვეშ. ნომინირებული იყო ეს ასვლა [„ოქროს წერაყინზე“] და ესეც აჩოს დამსახურებაა. ის ზრუნავდა საჯაროობაზეც.
ბაქარ გელაშვილი: ერთი ადამიანი გვეხმარებოდა კატმანდუდან ტრანსპორტირებასა და მსგავს დეტალებში. ჩავიდა ყველაზე ახლომდებარე სოფელში, მოელაპარაკა მებარგულებს, რომ 250 კგ ტვირთი ამოეტანათ საბაზო ბანაკამდე, სადამდეც მარტივი რელიეფია და სამთო აღჭურვილობა არ არის საჭირო. წამოიყვანა და აღმოჩნდა, რომ არ არიან გამოცდილები. ათი მებარგულიდან ერთმა გამოგვიცხადა, კარგად იყავითო და გაიქცა. მივადექით მორენას [ქანების ნამტვრევების გროვა, რომელიც მყინვარის გადაადგილების შედეგად ჩნდება]. კიდევ უფრო დიდ ქვებში რომ გადაიზარდა, ჩვენ აქ აღარ ვივლითო, თქვეს დანარჩენებმა. არადა, მთის ძირამდე გზის ნახევარი კიდევ გასავლელია. ექსპედიცია გვეშლება. არაფერმა გაჭრა. ბოლოს გაგვახსენდა, რომ ქართული ჭაჭა გვიდევს ჩანთაში. ამოვიღე, თითო ჭიქა დავლიოთ-მეთქი. დავლიეთ, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა. დავლოცეთ ოჯახი, ბავშვები, სოფელი, ნეპალი და მესამე ჭიქაზე, კარგიო, წამოვალთო. დავცხეთ სიმღერა. ასე გადაარჩინა ნახევარმა ლიტრმა ქართულმა ჭაჭამ ლარკიას ექსპედიცია.
გიორგი ტეფნაძე: ამის შემდეგ უკვე არაერთი ასვლა იყო, რომლებმაც სხვადასხვა წლებში ქვეყნის მთავარი ჯილდო, ქართული „ოქროს წერაყინი“ მოგვიტანა და საერთაშორისო Piolet d’Or-ზე იყო ნომინირებული. მერე იყო უკვე სარაგრარიც [პაკისტანი, ზღვის დონიდან 7300 მ. სამეული სარაგრარზე 2021 წელს ავიდა], რომელზე ასვლისთვისაც 2022 წელს ავიღეთ Piolet d’Or-ის ჯილდო.
მიზნად გვაქვს, რომ მომავალ თაობას ბევრად მეტი ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ისეთი, როგორიც ჩვენც გვჭირდებოდა და გვაკლდა.
ყველაზე ემოციური და მძაფრად დასამახსოვრებელი რომელი მწვერვალი, რომელი ასვლა იყო და რატომ?
გიორგი ტეფნაძე: გამორჩეულად არაერთი ასვლა მახსენდება, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. 2018 წელს, ზამთრის შხარაზე აჩო და მე ვიყავით მარტოები. ხანგრძლივ ვერტიკალებზე რომ ვიდექით, სულ გვქონდა შეგრძნება, რომ სამნი ვიყავით მარშრუტზე. არადა, ბაქარი ამ დროს ნაოპერაციები იწვა.
ბაქარ გელაშვილი: მაგათთან ვიყავი გონებით, ეგენიც მაგიტომ გრძნობდნენ ეგრე. აბა ახლა სად არიან, აბა ახლა რა ტემპერატურაა, ხომ არ მიეყინნენ.
გიორგი ტეფნაძე: შხარაზე მაგ ასვლის მსგავსი იყო წელს ჩვენი ბოლო ასვლა პაკისტანში [გიორგის და ბაქარის ჰინდუქუშის ექსპედიცია 2025 წლის აგვისტო-სექტემბერში]. ახლა გამოვიდა, რომ არჩილი გამოგვაკლდა. აჩოს გარეშე, მაგრამ მასთან ერთად, მაინც ჩვენი სამეულის ასვლა იყო და არა მარტო ბაქარის და ჩემი. ყველაზე ემოციური ასვლა იყო, მე რაც მქონია. ზუსტად იმავე რეგიონში, სადაც სარაგრარია. სარაგრარის მეზობელ და მაშინ სარაგრარიდან შემჩნეულ მთაზე.
ბაქარ გელაშვილი: პირველი გასვლა იყო აჩოს მერე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ესენი რომ იყვნენ ზამთრის შხარაზე და მე რომ ოთახში ვიყავი გამოკეტილი, არ ვიცი, მაშინ იქ რას გრძნობდნენ, მაგრამ ვიცი წელს რას ნიშნავდა, როცა ორნი კი არა, სამნი ვიყავით სინამდვილეში. სანამ არ გავჩერდებოდი და არ დავფიქრდებოდი, რომ აუ, ორნი ვართ ახლა, მანამდე ვგრძნობდი, რომ სამნი ვიყავით. ერთი თვის მანძილზე სამ მწვერვალზე ავედით და სამივე მწვერვალზე ასე იყო. სრულიად ფხიზლები ვიყავით, დასვენებასაც ვასწრებდით, ვერავინ იტყვის, რომ ჰალუცინაციები გვქონდა ან რამე ეგეთი.
[გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში, ჰინდუქუშის ერთთვიან ექსპედიციაში სამი დამოუკიდებელი ასვლა განახორციელეს. 1. მუდრიჩილი – 6125 მ, პირველასვლა; 2. ბარფი – 6833 მ, ახალი გზა; 3. ლანგარი – 7125მ, პირველასვლა ჩრდილო-დასავლეთ კედელზე – 2266-მეტრიანი ვერტიკალი. ეს ექსპედიცია ჯერ კიდევ შესაფასებელია მსოფლიო ალპინისტთა საზოგადოებაში.]
არჩილ ბადრიაშვილი ერთ-ერთი მთავარი თავია თქვენს ცხოვრებაში, პირადშიც, პროფესიულშიც. ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო აფასებთ იმ ნიშნულს, რომელიც გაჩნდა და დაყო გზა აჩომდე და აჩოს შემდეგ, მასთან ერთად, დღემდე.
გიორგი ტეფნაძე: არ ვიცი, რამდენად მზად ვარ საჯაროდ ასეთ პირადზე სალაპარაკოდ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ თანამედროვე ალპინიზმმა ბევრი რამ მიიღო აჩოს არსებობით, მისი გამორჩეული გზითა და ასვლებით. შეეძლო ისიც, რომ ეს ყველაფერი გაეზიარებინა, დაეწერა, ხალხამდე მიეტანა. რაც აჩოს თავის თავზე ჰქონდა აღებული, ის პასუხისმგებლობები ახლა ჩვენზე გადმოვიდა. დიდი მემკვიდრეობა გვაქვს აჩოსგან და ეს მარტო ჩვენთვის არაა მაგალითი, ახალგაზრდა და მომავალი მთამსვლელებისთვისაცაა.
ბაქარ გელაშვილი: ყველა მის ასვლას ბოლო ათწლეულში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ძალიან დიდი შრომა გასწია. როდესაც ჩამოვდიოდით, ბედნიერები ვიყავით და იქ ვამთავრებდით. ჩვენგან განსხვავებით, აჩოსთვის მანდ მეორე ეტაპი იწყებოდა, რამაც ქართულ მთამსვლელობას კიდევ სხვა და უფრო დიდი სახელი მოუტანა. უკვე იმ ეტაპზე იყო გადასული, რომ შემდეგი თაობისთვის გადაეცა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი გვეუბნება, 15 წლის გოგო-ბიჭები, რომ არჩილის ასვლები ნახეს, მისი რეპორტები. ბუნებრივად გამოსდიოდა, უხაროდა და სიამოვნებით აკეთებდა, რასაც აკეთებდა. ბარშიც და მთაშიც. ყველაფერში გამონახავდი საერთოს. სიყვარულით სავსე, დადებითი და კეთილი ადამიანი იყო, რომელმაც ასე დინჯად და წყნარად, სიყვარულით მოახერხა, რომ მთელი მსოფლიოსთვის გაეცნო ქართული ალპინიზმი. მჯერა, რომ მთელ ცხოვრებას ასე გაატარებდა.
არჩილი ტრავმატოლოგი და ადიქტოლოგი იყო პროფესიით, თქვენც გაქვთ ეგეთი მეორე პროფესიული მე?
ბაქარ გელაშვილი: ჩვენ ეკონომისტები ვართ და ეკონომიურად ვგეგმავთ ექსპედიციებს. ძალიან იაფად დავდივართ.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
გიორგი ტეფნაძე: მიზნად გვაქვს, რომ მომავალ თაობას ბევრად მეტი ხელშეწყობა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. ისეთი, როგორიც ჩვენც გვჭირდებოდა და გვაკლდა. ჩვენ შეიძლება შევნელდეთ, მაგრამ ახალი თაობა გააგრძელებს გზას.
კიდევ უფრო განვითარდება ეს საქმე და კიდევ უკეთესი შედეგები ექნებათ. ტრავმებიც დაგროვდა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც მთა ასე უყვარს, მას ბოლომდე ვერ ჩამოშორდება, რომ ქალაქში ბეტონის ჯუნგლებში გაატაროს მთელი ცხოვრება.
ბაქარ გელაშვილი: პაუზის აღება მქონდა გადაწყვეტილი. აჩოს ამბავი რომ მოხდა, მაგან მომცა სტიმული, არ გავჩერებულიყავი. ექსპედიცია, რომელზეც აჩო ფიქრობდა და გეგმავდა, ლანგარზე ასვლა, უნდა შემდგარიყო. მიძღვნა იყო ჩემთვის ეს ასვლა, სიყვარულის გამოხატულება აჩოს მიმართ. ხომ შეიძლება მეგობარს მიუძღვნა სიმღერა, ლექსი… და აუსვლელი ლამაზი მწვერვალი. ბევრი ღვთის წყალობაც იყო. ვამბობდი, მაგარი ათეისტი რომ წასულიყო ადამიანი, მაგარი მორწმუნე ჩამოვიდოდა იქიდან-მეთქი.
გიორგი ტეფნაძე: ან ვერ ჩამოვიდოდა.
ბაქარ გელაშვილი: იქიდან რომ ჩამოვედით, ჭაუხებში ავედით და ხომ გგონია, რომ საქართველოში რა მთა უნდა აიარო, ახალი რომ იყოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალია. მერე საფრანგეთის ალპებში ვიყავით თემო ქურდიანთან ერთად, არც იქ ელოდები თითქოს რამე ახალს, ამდენი წელია ხალხი ადი-ჩადის. მაგრამ იქაც ახალი მარშრუტი გავიარეთ. ჩვენ სამნი ერთად პირველად შარშან ვიყავით მთაში და მომავალშიც გავაგრძელებთ. თემო ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი და კარგი მონაცემების მქონე სპორტსმენია. უკვე სამ მარშრუტზე ვიყავით ერთად და სამივე ახალი იყო. ასე გამოვიდა, 5 მნიშვნელოვანი ასვლა გვქონდა წელს, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქვეყანაში, ყველა გამორჩეული. მადლიერების გრძნობა მაქვს ყველასა და ყველაფრის მიმართ.
ახალგაზრდული რისკიანობა და ჟინი რომ გვერდით გადავდოთ, დღევანდელი გადმოსახედიდან, დაღვინებულზე და ამოდენა გამოცდილების, მიღწევების შემდეგ, რა არის თქვენი პასუხი ამ ფაქტობრივად მარადიულ კითხვაზე – რა გეძახით ალპინისტებს ზემოთ?
გიორგი ტეფნაძე: ინტერესი. სრულიად წყდები ამ სამყაროს და სხვა განზომილებაში გადადიხარ. შენს თავთან ჭიდილია, რომელიც აქაურ სირთულეებს უფრო ადვილად გადაგალახვინებს. თუმცა აქ ჩამოსულს მერე აქაური მაგია გითრევს. ტრაგედიებმა ეს სწრაფვა შეიძლება შეანელოს. არის ასეთი ისტორია, „უშბის ბიჭები“ [1984 წელს, ზამთრის უშბიდან დაშვებისას ზვავმა ჩაიტანა ირაკლი გელდიაშვილის 6-კაციანი ჯგუფი]. ამის შემდეგ დიდი წყვეტა იყო. მერე კიდევ ბევრი გამორჩეული მთამსვლელი დავკარგეთ… ბოლო პერიოდში წავიდა ვანო [იმნაიშვილი, 2023], მერე აჩო [2024], მერე ნიკო [ფალიანი, 2025]. თუმცა ამ სიმძიმეებმა არა შეაფერხა, არამედ პირიქით, მეტ მოძრაობას მისცა ბიძგი. ეს კარგია. მთავარია, რომ აქტივობა იყოს გააზრებული, პასუხისმგებლობიანი. ვისაც გული ერჩის, ბევრი ხელუხლებელი გზა და მთა ელოდება. კიდევ ათწლეულების განმავლობაში იპოვიან ახალ მარშრუტებს.
ერთხელ არჩილ ბადრიაშვილს მთაში წასვლამდე დაუწერია: „ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით. ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!“ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მხარდაჭერით დეკემბერში, თბილისში გაიმართება ვანო იმნაიშვილის, არჩილ ბადრიაშვილის და ნიკო ფალიანის ხსოვნის საღამო.
ინტერვიუ შემოკლებულია
და რედაქტირებულია სიცხადისთვის.