შოთა რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში მდებარე ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლი ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლება და თბილისური Art Nouveau-ს ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა. აშენებულია 1913-1915 წლებში არქიტექტორ ნიკოლოზ ობოლონსკის პროექტის მიხედვით.
საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, I გილდიის ვაჭარი, სამთო ინჟინერი და სამთო მეწარმე, წარმომავლობით სომეხი, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი, დაიბადა 1847 წელს. მან განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგი, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი იყო.

ეს გახლდათ თბილისში ყველაზე დიდი „შემო-სავლიანი სახლი“, ერთგვარი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელსაც ექვსი სადარბაზო ჰქონდა.
შენობა უზრუნველყოფილი იყო მუდმივი ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით, სამზარეულოებითა და სააბაზანოებით, რაც იმ დროისთვის ფუფუნებას წარმოადგენდა. კომპლექსს ჰქონდა ასევე საკუთარი სატელეფონო სადგური, საბავშვო ბაღი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, კინოთეატრი, შადრევნებიანი და მცენარეებით გაშენებული ბაღი და სხვა საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები.
შენობა გამორჩეული იყო არქიტექტურითა და მხატვრული იერით. დამშვენებული იყო უნიკალური ბარელიეფებითა და დეკორატიული ნალესობით, სადარბაზოს მოხატულობით და ინტერიერის შემკულობით, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.
შენობის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე Art Nouveau-ს სტილისთვის დამახასიათებელ ფაქტურულ კონტრასტს ეფუძნება. მთავარი ფასადის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია აგებულია ასიმეტრიაზე, არათანაბარი ზომისა და ფორმის ელემენტების ურთიერთკავშირზე, განსხვავებული მოსაპირკეთებელი მასალის ფერთა და ფაქტურათა კონტრასტზე და, მიუხედავად სხვადასხვაგვარად და უხვად დეკორირებული კედლის ზედაპირისა, მთლიანობაში იქმნება ფასადის გაწონასწორებული, ჰარმონიული დიდებულებით აღსავსე ერთიანი სახე. შენობა ორგანულად ერგება რელიეფს და ერთნაირი გულისყურით არის გააზრებული არამხოლოდ მისი ძირითადი ფასადები, არამედ მცირე დეტალებიც კი.
1917 წელს ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა საკრედიტო ბანკში დააგირავა შენობა, 1919 წელს ის ბანკის საკუთრება გახდა და მოგვიანებით, 1928 წლისთვის ნაციონალიზებულ იქნა. ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი 1924 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა 5-ოთახიან ბინაში, რომელსაც ქირაობდა პრინც მირზა ქაზიმ ყაჯარის სახლში, დღევანდელ ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე.

სარდაფების საიდუმლოება და რეაბილიტაციის ახალი ეტაპი
აზარიანცის სახლის სარდაფების გარშემო უამრავი ლეგენდა არსებობდა. მართალია, ლეგენდების წარმოშობის მიზეზი ბანალური იყო – სარდაფი წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო ნაგვით იყო სავსე და იქ ჩასვლას ვერავინ ახერხებდა, თუმცა ცნობილი იყო, რომ შენობის ქვეშ ორსართულიანი მდიდრული სარდაფები იყო.
ბოლო პერიოდში, „სილქ დეველოპმენტის“ მიერ შენობის რესტავრაციის ერთ-ერთ ეტაპზე, სარდაფების ნაგვისგან გაწმენდის შემდეგ, გამოჩნდა ორდონიანი, უმნიშვნელოვანესი სივრცე, რამაც უამრავ კითხვას გასცა პასუხი და დაადასტურა შენობის თვალსაჩინო არქიტექტურული ღირებულება.

„სილქ დეველოპმენტის“ მიერ შენობის რესტავრაციისას გამოჩნდა ორდონიანი, უმნიშვნელოვანესი სივრცე და დადასტურდა შენობის არქიტექტურული ღირებულება.
ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას კვლევისა და ეროვნულ არქივში დაცული მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ 1915 წელს აქ არქიტექტორ დავით ჩისლიევის ხელმძღვანელობით 550 მაყურებელზე გათვლილი სინემატოგრაფი მოეწყო. 1918 წელს ეზოში გაიხსნა საზაფხულო კინოთეატრი „ამირანი“, რომლის მფლობელებიც მეწარმეები, კრაუზე და ჰეგელი იყვნენ. მოგვიანებით, 1919 წლის პრესაში მოიხსენიება „ყოფილი მინიატიურების თეატრი“ და კინოთეატრი „ფილმა“, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ შიდა სივრცეებში მდებარეობდა.

1916-1917 წლების აღწერილობებიდან ირკვევა, რომ სახლის შუა ნაწილში არსებობდა ვრცელი პასაჟი. თეატრი აგებული იყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციითა და აგურის კედლებით; იგი ძირითადი შენობისგან იზოლირებული გახლდათ, რათა ხანძრის შემთხვევაში საფრთხე არ შეჰქმნოდა. დარბაზის პარტერი 16 რიგისგან შედგებოდა, სცენას ტრაპეციის ფორმა ჰქონდა, ხოლო თეატრის ქვემოთ მოწყობილი იყო ლომბარდი.
რესტავრაციის პროცესში გამოვლენილმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა თბილისის ეს გამორჩეული არქიტექტურული ძეგლი და ახალი ფურცელი ჩაწერა მის ასწლოვან ისტორიაში.

„სილქ დეველოპმენტი“ განაგრძობს ისტორიული მელიქ-აზარიანცის სახლის ეტაპობრივ რეაბილიტაციას; დარგის პროფესიონალთა მეთვალყურეობით მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციების გამაგრება, ისტორიული ელემენტებისა და თაღების აღდგენა, ასევე საბჭოთა პერიოდში თვითნებურად გაკეთებული მიშენებების დემონტაჟი შენობისთვის ავთენტური იერსახის დასაბრუნებლად.
