საქართველო ძაღლის ორი გამორჩეული ჯიშის სამშობლოა – ქართული მთის ძაღლის (ნაგაზი) და ქართული მეკვერნის. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ორივე მათგანი ქართული ყოფისა და კულტურის ნაწილი იყო, დღემდე არცერთი არ არის საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად აღიარებული ჯიში.
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) მიერ მათი აღიარებისთვის დღეს, ერთი მხრივ, კინოლოგები, მეორე მხრივ კი, ენთუზიასტები მუშაობენ. თუმცა, აქამდე კიდევ ბევრი შრომაა საჭირო. ორივე ძაღლმა სხვადასხვა მიზეზით რთული პერიოდები გამოიარა და კინოლოგები ფიქრობენ, რომ წარსულის შეცდომების გამოსწორებას არაერთი წელი დასჭირდება.
ქართული კვალი – რა ვიცით?
ფრაგმენტულია მთის ძაღლისა და მეკვერნის საქართველოში წარმოშობის ისტორია. არქეოლოგიური მასალები ადასტურებს, რომ მოშინაურებული ძაღლი საქართველოს ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ცხოვრობდა, თუმცა აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე ვერ ვიტყვით, რამდენად შეიძლება მათი დაკავშირება დღევანდელ ქართულ ჯიშებთან. ამ ორი ჯიშის ძაღლის ისტორიის რეკონსტრუქცია, ძირითადად, ეთნოგრაფიულ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კინოლოგიურ წყაროებს ეყრდნობა.
ქართულ მთის ძაღლს კინოლოგიურ ლიტერატურაში უძველესი მოლოსური ტიპის მთის ძაღლების ჯგუფს მიაკუთვნებენ. ანტიკური ხანის ავტორები აღწერდნენ ძაღლებს მძლავრი ძვლოვანი სისტემით, რომლებსაც ცხვრის ფარის, ადამიანებისა და მათი ქონების დასაცავად იყენებდნენ. თუმცა ეს კლასიფიკაცია ძაღლის ანატომიასა და სამუშაო თვისებებს ეფუძნება და არა პირდაპირ დადასტურებულ გენეტიკურ წარმომავლობას.
სრული ვერსია წაიკითხეთ ბეჭდურ ვერსიაში.