National Geographic – საქართველო, რომელსაც უკვე 14 წელი შეუსრულდა, განსხვავებული ფორმატითა და პერიოდულობით განაგრძობს სამყაროს შესახებ თხრობას: ყოველთვიური ჟურნალის ნაცვლად, წელიწადში ოთხჯერ შემოგთავაზებთ თითო თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოცემას — ე.წ. Bookazine-ს — წიგნ-ჟურნალს. National Geographic-ის ეს ფორმატი, რომელიც მრავალი წელია პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, უცხო არც ქართველი მკითხველისთვის იქნება – ბევრ თქვენგანს ემახსოვრება სპეციალური გამოცემა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე უნიკალური საარქივო ფოტოებით მოგვითხრობდა. 2022 წელს ასეთი გამოცემა დედოფლის გარდაცვალებას ეხმიანებოდა და ერთადერთხელ, საგანგებოდ დაიბეჭდა. ახლა კი „წიგნ-ჟურნალი“ National Geographic – საქართველოს რეგულარული ფორმატი იქნება – კვლავ კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით, რომელიც 2012 წლიდან უწყვეტად წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ამერიკულ გამოცემას ქართულ ენაზე.
National Geographic – საქართველოს ახალი სეზონის გამხსნელად შევარჩიეთ არა ისტორიული ფიგურა ან მოვლენა, არამედ ადამიანის უძველესი და უერთგულესი ოთხფეხა მეგობარი – ძაღლი. წიგნისა და ჟურნალის ეს ჰიბრიდული გამოცემა — სათაურით „ძაღლების საიდუმლო ცხოვრება“ — მოგითხრობთ, როგორ აქცია ბუნებრივმა და ხელოვნურმა სელექციამ პრეისტორიული მტაცებელი ცხოველი შინაურ ბინადარ ცუგად, რა სუპერძალებს ფლობენ ჩვენი ოთხფეხა კომპანიონები, რას ფიქრობენ და რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. დასკვნით თავში გაგაცნობთ საქართველოში გავრცელებული ორი განსაკუთრებული ჯიშის ძაღლს – ქართულ ნაგაზსა და მეკვერნეს – მათ წარსულს, აწმყოსა და შესაძლო მომავალს. ამ და სხვა საკითხებისთვის სინათლის მოსაფენად, მივმართეთ პალეონტოლოგებს, კინოლოგებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა თუ ცხოველთა მოყვარულებს.
ცხადია, გამოცემა გაჯერებულია „ყველაზე კარგი გოგოების და ბიჭების“ ფოტოებით, საინტერესო სამეცნიერო ინფორმაციითა და სასარგებლო რჩევებით.
აქვე სიხარულით გაცნობებთ, რომ ბრუნდება ფოტოკონკურსი Your Shot საქართველო, რომელიც ჩვენი ახალი სპეციალური გამოცემის თემას უკავშირდება. დეტალები იხილეთ ვებგვერდზე: yourshot.natgeo.ge
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic – საქართველოს!