უჩვეულო სამეფო
ვერმონტის ერთი კუთხე ცალკე სამყაროა, საინტერესო ყოფითა და მცხოვრებლებით
უჩვეულო სამეფო
ვერმონტის ერთი კუთხე ცალკე სამყაროა, საინტერესო ყოფითა და მცხოვრებლებით
ექსცენტრიკულებისა და დამოუკიდებელი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილ ადგილს ეძებთ?
ვერმონტის ეს სამეფო სცადეთ.
ვერმონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ სამეფოს შორეულ კუთხეებში ერთი ადათი არსებობს. როდესაც უცხო ადამიანის სახლთან მიხვალთ, უნდა სიგნალი მისცეთ და მანქანიდან გადმოსვლამდე ცოტა ხანი მოიცადოთ, რომ ძაღლებმა აგწონ-დაგწონონ. ეს ზრდილობის ერთგვარი ფორმა და არც ისე ცუდი აზრია.
ადგილობრივები იქაურობას უბრალოდ სამეფოს ეძახიან. ისეთ განსხვავებულ, შიგადაშიგ არაკეთილმოსურნე და თავისუფლად მოაზროვნე შტატშიც კი, როგორიც ვერმონტია, სამეფო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
სამეფო დაახლოებით 5180 კვადრატულ კილომეტრს იკავებს, სამი ოლქისგან შედგება და 64 000 მცხოვრებზე ნაკლები ჰყავს. ტერიტორიის დაახლოებით 80% ტყეა და დანარჩენი ვერმონტისგან ბევრი რაღაცით განსხვავდება – პირქუში ცის ქვეშ მოყოლილი, ყინულით ნაქარგი უძველესი გეოლოგიური ეპოქის ტექტონიკური კოლაჟი.
ამბობენ, რომ ამ ცივ ადგილას კანონს უფრო ნაკლები საქმე აქვს წესებთან, ვიდრე პირად ღირსებასთან, რომლებიც მხოლოდ ხანდახან ემთხვევა ერთმანეთს.
სტეფან ლავუემ, ბრეტანში მცხოვრებმა ფრანგმა, სამეფო მეგობრებთან ვიზიტისას აღმოაჩინა და თავის პროექტად აქცია. მის მიერ გადაღებული ადამიანები სამეფოს მცხოვრებლების არქეტიპებია.
რაც აქვთ – იმყოფინებენ; რისი ყიდვაც არ შეუძლიათ – გააკეთებენ; არ არიან არაკეთილმოსურნე გარემოთი დათრგუნულები. სამეფო არჩევანია, ექსცენტრიკული და თავისუფალი ადამიანების თავშესაფარი.
როდესაც რედაქტორმა მკითხა, ვიცნობდი თუ არა ყოველდღიურობის მუზეუმს, ვუთხარი, რომ არა, მაგრამ არ გამიკვირდებოდა, ცარიელი თუ იქნებოდა – ვიხუმრე. გაირკვა, რომ ასეთი მუზეუმი მართლაც არსებობს და იქ ყოველდღიური საგნები – ქინძისთავით დაწყებული, ასანთის ღერით დამთავრებული – ყველაფერია გამოფენილი. და მაინც, ხაზგასმული უცნაურობის შესაბამისად, ის შეიძლებოდა ცარიელიც ყოფილიყო. აქ მცხოვრებლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ფული, მაგრამ ხშირად ირონიით არიან მდიდრები.

სამაგალითო ვერმონტელი არჩერ მეიორი, შტატის მთავარი სამედიცინო ექსპერტის ბიუროს გამომძიებელია. ჯილდოს მფლობელი ავტორია კრიმინალური რომანებისა, რომლის მიხედვით გადაღებული სერიალის მთავარი გმირია ვერმონტელი დეტექტივი ჯო განთერი.