სანიტრები პარაპლანებით
ჩვენში გავრცელებულია ლეშიჭამია ფრინველების ოთხი სახეობა – ბატკანძერი, ფასკუნჯი, სვა-ვი, ორბი. რატომ ლეშიჭამიები?
სანიტრები პარაპლანებით
ჩვენში გავრცელებულია ლეშიჭამია ფრინველების ოთხი სახეობა – ბატკანძერი, ფასკუნჯი, სვა-ვი, ორბი. რატომ ლეშიჭამიები?
ლეშიჭამიების, ამ უზარმაზარი ფრინველების, ირაო ნამდვილად მშვენიერი სანახაობაა. ისინი ფრენისას თერმალებს – მზით გახურებული მიწიდან ზეაღმავალ სითბურ ნაკადებს იყენებენ. ამ დროს ეს ფრინველები მაქსიმალურად ზოგავენ ენერგიას. სხეულით გრძნობენ თერმალის სვეტს და სპირალური ხაზით მიჰყვებიან მაღლა და მაღლა, სანამ ამწევი ნაკადი თანდათან არ გაცივდება და შესუსტდება. ამის შემდეგ ლივლივით გადაინაცვლებენ მეზობელ ახალწარმოქმნილ ნა-კადზე, „მოაჯდებიან“ მას და ირაოს შემოწერით ისევ მაღლა გასწევენ…
„მეც მაინტერესებდა ამის შეგრძნება და მოვსინჯე პარაპლანი თურქეთში“, – ღიმილით მეუბნება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლექსო გავაშელიშვილი, რომელიც მრავალი წელია ლეშიჭამიებს იკვლევს. „მაინტერესებდა, როგორია „სვავობა“ და ამატებს – „განსხვავება თითქმის არ არის, სვავებიც ისევე გარბენით იღებენ სტარტს, თუ დაბალ ადგილას მოხვდნენ“.
ისინი „პროფესიონალი“ სანიტრები არიან – საქმე ბოლომდე მიჰყავთ და, რაც მთავარია, ძალიან იშვიათად ესხმიან თავს ცოცხალ არსებას – მკვდარი ნარჩენები მათი მენიუს 90-95%-ს შეადგენს.

ჩვენში გავრცელებულია ლეშიჭამია ფრინველების ოთხი სახეობა – ბატკანძერი, ფასკუნჯი, სვა-ვი, ორბი. რატომ ლეშიჭამიები? ვეკითხები ლექსოს. აღმოჩნდა, რომ მისი ინტერესი ბავშვობიდან იღებს სათავეს, თუმცა 90-იანი წლების ბოლოდან შეძლო საქმის დაწყება. იმ დროს, ინდოეთსა და პაკისტანში ორბების 2 სახეობის საგანგაშო კლება დაფიქსირდა – მათი რიცხვი 99%-ით შემცირდა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ანთებასაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი დიკლოფენაკი გახდა, რომლითაც ამ ქვეყნებში შინაურ პირუტყვს მკურნალობდნენ. იქ პირუტყვი არ იმარხება და ორბებიც არხეინად ნადიმობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ლეშიჭამიები, რომელთა კუჭიც რაღას არ ინელებს, მოწყვლადები ყოფილან ამ ქიმიკატის მიმართ – მათ თირკმელები ეთიშებოდათ და მასობრივად იხოცებოდნენ. შედეგიც სავალალო დადგა – ლეშის სიჭარბის გამო მკვეთრად იმატა მაწანწალა ძაღლებისა და ვირთხების რაოდენობამ, რამაც ინდოეთში ცოფის, ჯილეხისა და ბუბონური ჭირის ეპიდემია გამოიწვია. ქვეყანას ეპიდემსაწინააღმდეგო ღონისძიებები 36 მილიარდი დოლარი დაუჯდა და მაინც, ამ დაავადებებს 48 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა… ესეც შენი უსანიტრობა!
საბედნიეროდ, ჩვენში საქონელს დიკლოფენაკით არ მკურნალობენ, მისი გამოყენება მომხდარის შემდეგ სხვა ქვეყნებშიც აიკრძალა, მაგრამ საფრთხე ლეშიჭამია ფრინველებისათვის, რომელნიც ეკოლოგიურ წონასწორობაში ასეთ წამყვან როლს თამაშობენ, არ ილევა – ისინი ხშირად იხოცებიან მოწამლული ხორცით, რომელსაც მტაცებელ ცხოველთა მოსპობის მიზნით ყრიან. პესტიციდებიც დახოცილი წვრილი ცხოველებისა და მწერებისაგან აღწევს მათ ორგანიზმში და ან წამლავს, ან მართვეს გამოჩეკის უნარს უკარგავს – ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო კვერცხის ნაჭუჭი იმდენად სუსტია, რომ კრუხად მჯდომი ფრინველის სიმძიმეს ვერ უძლებს და იმტვრევა.

აქ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: ჩვენში გავრცელებული ლეშიჭამიები თუ მიგრირებენ იმდე-ნად შორს, რომ სხვა ქვეყნებში გატარებულ ასეთ ღონისძიებებს ემსხვერპლონ? საერთოდ, რა მდგომარეობაშია კავკასიაში გავრცელებული ფრინველები?
აღმოჩნდა, რომ, ზოგადად, ლეშიჭამიების მდგომარეობა ჩვენში მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ეს კი ნიშნავს, რომ გვაქვს შანსი, ქვეყანაში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო შევინარჩუნოთ, ხოლო იმის გამოსაკვლევად, თუ რა მიმართულებით და რა მანძილებზე დაფრინავს ჩვენში მობინადრე ეს 4 სახეობა, ლექსომ და მისმა გუნდმა თავიდანვე იზრუნეს.
ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტში, ხანმოკლე კვლევითი პროგრამით წასულმა ლექსო გავაშელიშვილმა 1997 წ. ბუნების დაცვის ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია საქართველოს ლეშიჭამია ფრინველების შესახებ და გამოთქვა სურვილი, დაეწყო ამ ფრინველთა სატელიტური კვლევა. სტატიას უცხოელი კოლეგების გამოხმაურება და დახმარება მოჰყვა.
სატელიტური გადამცემი, რომელიც ფრინველზე მაგრდება, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ერთი გადამცემი 3-4 ათასი დოლარი ღირს, ამას ემატება სატელიტური მომსახურების 600 დოლარი. ის ფრინველის წონის 3%-ზე ნაკლებს უნდა იწონიდეს, დიდი ფრინველების შემთხვევაში უფრო ხანგრძლივად მუშაობს, რადგანაც კვების წყაროც უფრო დიდია. გათვლილია ისიც, რომ ბატარეის დაცლის შემდეგ ფრინველი მისგან გათავისუფლდეს – ამას სამაგრად გამოყენებული დაშლადი ძაფები უზრუნველყოფს. შეიქმნა ჯგუფი, სადაც ქართველ მკვლევრებთან ერთად, ამერიკელი მაიკლ მაკგრეიდიც ჩაერთო. ის საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდა და ლექსოს ჯგუფს შეუერთდა. ერთობლივად შეეცადნენ ფრინველთა აღჭურვას, მაგრამ უშედეგოდ – მთავარი სიძნელე თურმე წინ იყო – ფრინველთა დაჭერა!
მიუხედავად იმისა, რომ მათზე არავინ ნადირობს, ლეშიჭამიები საოცრად ფრთხილები არიან. მათთვის მახის დაგება ძალზე ძნელია. ბალახში ჩამალულმა ხაფანგმა არ გაამართლა, შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონდა ქვიშაში ჩაფლულს. აღმოჩნდა, რომ სვავები და ორბები მზად არიან, საეჭვო ნიშნის გამოჩენისას რამდენიმე დღე ლეშის მახლობლად იყურყუტონ, მაგრამ ახლოს არ მიეკარონ. თუმცა, თუ ხაფანგი მათ სარწყულებელთანაა დამალული, ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ და მახეში უფრო ადვილად ებმებიან.

მიღებულმა გამოცდილებამ შედეგი გამოიღო და 2002 წლიდან ფრინველთა ინტენსიური აღჭურვა დაიწყო – პირველად კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. დადგინდა ჩვენში მობინადრე სვავებისა და ორბების ტრაექტორია. მანძილი, რომელსაც ჩვენი ლეშიჭამიები გადიან, გამაოგნებელია – ისინი, საშუალოდ ერთ თვეში, არაბეთის ნახევარკუნძულის გულისგულამდე აღწევენ! ახლა უკვე ვიცით, ამ სახეობათა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისას რომელი ქვეყნების ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, ვის უნდა მივმართოთ თანამშრომლობისათვის. კვლევის ამ ეტაპმა პირველად აჩვენა, თუ ამ ფრინველთა საცხოვრებელ რა ფართობებთან გვაქვს საქმე. მათი უკეთ დაცვისთვის კი ეს, ფასდაუდებელი ინფორმაციაა. მაგრამ, მეცნიერება დიდი სისწრაფით მიიწევს წინ და სატელიტურ გადამცემებზე მეტი ინფორმაცია, შესაძლოა, გენების გავრცელების შესწავლამ მოგვცეს. ის სახეობის ისტორიაში ჩახედვის შესაძლებლობასაც კი იძლევა. ამიტომ, შემდეგ ეტაპზე შესწავლამ გენეტიკურ კვლევებში გადაინაცვლა. თან მასალის მოპოვებაც ბევრად ადვილია. საკმარისია დაკვირვების ობიექტის მცირე ფრაგმენტი, მაგალითად – ბუმბული, და კვლევაც ვრცელი ველური სივრცეებიდან ლაბორატორიებში ინაცვლებს. მიუხედავად ამისა, ცხოველის შესწავლა მის საკუთარ გარემოში უშუალო დაკვირვებით მაინც შეუცვლელია. არც ექსტრემალური სიტუაციებია გამორიცხული. ლექსოსა და თავის ჯგუფს, ადგილობრივ დამხმარეებთან ერთად, ფრინველთა ბუდეების მონახულებაც უწევდა. საქართველოს მასშტაბით სვავების, ორბებისა და ბატკანძერების თითქმის ყველა ბუდეშია სტუმრად ნამყოფი, რათა მართვეებისაგან სისხლი აეღო გენეტიკური და პათოგენური კვლევებისათვის, დაემაგრებინა მათთვის სანიშნეები ინდივიდუალური კოდირებით და აღეჭურვა სატელიტური რადიოგადამცემებით. სვავის ბუდე ხშირად კლდეებზე, ან სულაც ღვიის დაბალ ხეებზე შეიძლება ვნახოთ, დანარჩენები კი საბინადროს მიუდგომელ კლდეებში აგებენ. აქ უკვე ალპინისტური უნარ-ჩვევებია საჭირო. „ხშირად გვიხდებოდა ბუდეებში თოკით ჩაშვება, – იხსენებს ლექსო, – „პრობლემა ისაა, რომ ბუდეს ადვილად ვერ მიუდგები, რადგანაც ავდრისაგან დასაცავად ფრინველები ისეთ ადგილს ირჩევენ, რომელსაც ზედ წამოხურული კლდე იცავს. ამიტომ ჰაერში ბუდისაგან რამდენიმე მეტრში კიდიხარ და ვერ წვდები. თუ გაქანდი, შესაძლოა, ქვები ჩამოყარო ზევიდან, ან ბასრ ქიმზე ხახუნისას თოკი გადაგეჭრას“.
გენეტიკური კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შედეგებზე, ჩვენი მკვლევრები, ცოტა მოგვიანებით ისაუბრებენ. გამართულ შედეგებს, ცხადია, სამეცნიერო და დაცვითი მნიშვნელობა ექნება. მთავარი კი, ალბათ ჟინი და ინტერესია, რომელიც ადამიანს არ ასვენებს და მზადაა, მთელი არსებით ასეთ საქმეში ჩაერთოს.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.