პირველად თევზებში
კანადელმა მეცნიერებმა ატლანტური ორაგულის დნმ-ში ორი ცვლილება შეიტანეს
თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველო (FDA) მწვანე შუქს აუნთებს, ხელოვნურად გამოზრდილი ორაგული გახდება საკვებად ვარგისი პირველი გენმოდიფიცირებული ცხოველური პროდუქტი.
კანადელმა მეცნიერებმა ატლანტური ორაგულის დნმ-ში ორი ცვლილება შეიტანეს: სამეფო ორაგულისგან ზრდის ჰორმონის გენი, ხოლო ამერიკაში გავრცელებული ქორჭილასნაირთა ერთ-ერთი სახეობიდან გენეტიკური მასალა, რომელმაც აღნიშნული ჰორმონის აქტიურობა უნდა შეინარჩუნოს. „მშიერი პლანეტის გამოსაკვებად გენეტიკური მოდიფიცირების ტექნოლოგიების გამოყენება სხვა სახეობებშიცაა შესაძლებელი“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი დეივ კონლი.
„FDA-ს თანხმობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება სათანადო ნიშანდება, რათა მომხმარებელმა თავად გააკეთოს არჩევანი“, – განაცხადა „Ocean Conservancy“-ს მეცნიერმა ჯორჯ ჰ. ლეონარდმა.