მონეტაც ყვება
ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა ირანთან მრავალ-საუკუნოვანი კავშირის შესუსტებისა და პრორუსული კურსის მანიშნებელი იყო, რაც 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით დასრულდა
1781 წელს ერეკლე II (1762-1798) ჭრის მონეტას ორთავიანი არწივის გამოსახულებით. ეს სიმბოლიკა რუსეთის გერბს უკავშირდება. ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა ირანთან მრავალ-საუკუნოვანი კავშირის შესუსტებისა და პრორუსული კურსის მანიშნებელი იყო, რაც 1783 წელს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით დასრულდა. საპასუხოდ, ირანმა 1795 წელს ცნობილი სადამსჯელო ოპერაცია მოაწყო, რომელსაც აღა მაჰმად ხანი ხელმძღვანელობდა. საქართველომ რუსეთის დაპირებული სამხედრო დახმარება ვერ მიიღო და ძლიერი მტრის პირისპირ მარტო აღმოჩნდა. 1796 წელს ერეკლე II ახალი ტიპის მონეტას (უკვე ერთთავიანი არწივის გამოსახულებით) ჭრის. სამხრეთ კავკასიის ნუმიზმატიკის ფუძემდებლის, ევგენი პახომოვის (1880-1965) მოსაზრებით, ამის მიზეზი ხსენებული ბრძოლის დროს, რუსეთის გულგრილობა იყო. ზოგადად, მონეტა პოლიტიკური ინფორმაციის წყაროცაა, ქვეყნის სამონეტო ტიპზე სახელმწიფოს საგარეო კურსი მკაფიოდ აისახებოდა. ამ მონეტის მოჭრით, მეფემ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა – ეს იყო პროტესტი რუსეთის მიმართ, ღალატის გამო. “ამასთანავე, რუსეთის საიმპერატორო გერბის დამახინჯებით ერეკლემ ირანისთვის შენიღბა თავისი პრორუსული ორიენტაცია“, – ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, მაია პატარიძე.