მახსოვს, “შვეიკის” პირველი თავის წაკითხვისთანავე, სიცილისგან გავიჭაჭე. უცებ დამაინტერესა პირველმა მსოფლიო ომმა. ერთი ალბომი გვქონდა სახლში. გადავფურცლე, ფოტოზე მინაწერმა შემზარა: 1914 წლის 28 ივნისი; ავსტრიაუნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი ჯდება მანქანაში. მას რამდენიმე წუთში მოკლავენ და დაიწყება არნახული მასშტაბის ომი. ეს იყო პრინცის უკანასკნელი ფოტო – პომპეზურად გამომავალი უფლისწული, მან არ იცის, რომ რამდენიმე წუთში მეუღლესთან ერთად მანქანაში ჩაცხრილავენ.
100 წელი გავიდა მას შემდეგ. ცხადია, ჩვენმა ჟურნალმაც ვერ აუარა ამ თარიღს გვერდი. როდესაც ამერიკიდან ევან ჰედინგემის სტატია ჩამოვიდა, მომინდა, ჩვენც დაგვეწერა ამ ომში ქართველების წვლილზე. დრო ცოტა იყო, ღრმა კვლევისთვის არ გვეცალა. ჩემს მეგობრებს, მარინა ვაშაყმაძეს და ჯიმშერ რეხვიაშვილს მივმართე „რადიო თავისუფლებიდან”. ეკა ქევანიშვილს შეუძლია სპეციალურად National Geographic-ისთვის კარგი სტატია მოგიმზადოსო, – მიპასუხეს. და აი, პატარა, თუმცა საინტერესო სტატიაც მივიღეთ! დიდ მადლობას ვუხდი ქნ თამარ ლორთქიფანიძეს ოჯახური არქივის გამოყენების უფლებისთვის (ის რომ არა, ნინო ჯორჯაძის, ამ ძალიან საინტერესო ადამიანის, ისტორიას და მის როლს პირველ მსოფლიო ომში ვერასოდეს გავიგებდი) და ჩემს მეგობარ აკა მორჩილაძეს, სტატიის გმირის, ნინო ჯორჯაძის დღიურები სწორედ მისი თარგმნილია რუსული ენიდან და ციტატების გამოყენების ნებაც დაგვრთო.
რადგან მეგობრებზე ამდენს ვსაუბრობ, ჩემი მეგობარი თომა ჩაგელიშვილიც უნდა ვახსენო. ერთ დღესაც გამომიცხადა – “ბიჭო, პირველ სელზე მინდა დავწერო თქვენთან”. დაწერემეთქი, ცოტა გულგრილად ვუთხარი. არადა, ეს ნიჭიერი ტელედოკუმენტალისტი არანაკლებ ნიჭიერი ავტორი აღმოჩნდა. ფოტოგრაფად კახა მშვიდობაძე შემომთავაზა. ეჭვი გამიმძაფრდა – კახა ხომ რუსთავი 2-ის ოპერატორი იყო, კარგად ვიცნობდი და ვერ წარმომედგინა ფოტოგრაფის ამპლუაში. „გარისკე, მომე ექსპედიციის ფული და ნახავ, როგორ ფოტოებს ჩამოგიტანთ”. გავრისკე. კახამაც ძალიან კარგად გაართვა თავი საქმეს. გადაშალეთ და შეიტყვეთ, იმ საოცარი აღმოჩენის შესახებ, რომელიც მალე, ალბათ, პალეონტოლოგიის პარადიგმის ცვლილების მომსწრეებად გვაქცევს.
28/06/14: ფრანც ფერდინანდს კლავენ. ომი იწყება.
28/06/19: გერმანია კაპიტულირებს. ომი სრულდება.