“რა დროს ჩიტები და ხეებია, ქვეყანა თავზე გვენგრევა!” – ხშირად გაიგონებთ ამ სიტყვებს. იქნებ, იმიტომაც “გვენგრევა”, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, “ჩიტებსა და ხეებზეც” არ ვზრუნავთ?
სწორედ ამას ეხმიანება ჯონათან ფრენზენის სტატია “ბოლო გალობა”, რომელიც დევიდ გუტენფელდერის დრამატული ფოტოსესიითაა გაჯერებული. „ამერიკელებს ფრინველების გამო გული გტკივათ. რატომ მაშინ არ გტკივათ, როცა სხვის სამშობლოზე ბომბები ცვივა?” – ეკითხება ერთი ეგვიპტელი მონადირე ავტორს. პასუხი მარტივია – გულისტკივილი ფრინველების გამოც შეიძლება და სხვისი დაბომბილი სამშობლოს გამოც. თუმცა, არის მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი.
სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ იმ განვითარებული ქვეყნების მონადირემოქალაქეები, რომელთა სამშობლოშიც ფრინველზე ნადირობა კანონით რეგულირდება, განვითარებად ქვეყნებში ხოცავენ ყველაფერს, რაც კი დაფრინავს: გადამფრენსაც და მობუდარსაც, მტაცებელსაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პაწაწინა მგალობელსაც კი, რომელიც ერთ ლუკმადაც არ ყოფნით.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ჩვენთან მწყერზე, კაკაბზე, იხვზე, ხოხობზე ნადირობაა პოპულარული. მგალობლებისა და მტაცებელი ფრინველების ხოცვით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველო გამოირჩევა.
ერთი მონადირის ნათქვამი მახსენდება: 42 ხოხობი მოვკალით! გავიფიქრე – „შია?!”. სწორედ მისი პასუხით დავიწყე თხრობა. მივახალე კიდეც – აი, შენ, ქვეყანა თავზე არ გენგრევა! თვითონ ანგრევ! მერე წარმოვიდგინე – ეს „ვაჟკაცი” როგორ ყრის მაგიდაზე ნანადირევს, ცოლს „ნამდვილი ჩახოხბილის” მომზადებას უბრძანებს და მის უმწეოდ დაწუწუნებაზე, შეიძლება ხელიც შემოარტყას.
ქვეყანა მაშინ ინგრევა, როდესაც მოქალაქე სიგარეტის ნამწვის ქუჩაში დაგდებას ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე “ჩაფიქრებულობით” ამართლებს. „აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!”