1888 წელს გამოცემული National Geographic-ის სულ პირველი ნომერი მეტეოროლოგიური რუკებით სავსე, 98-გვერდიანი, ერთი მოსაწყენი და უფერული სამეცნიერო გამოცემა იყო. ფოტომასალის “ზედმეტად” გამოყენება მაშინ არააკადემიურ, ცუდ ტონად ითვლებოდა. პირველი სტატიები, ძირითადად, გეოლოგიას ეხებოდა და ფართო მკითხველისათვის სრულიად გაუგებარი და უინტერესო იყო.
ასე გრძელდებოდა მთელი 16 წლის განმავლობაში. 1904 წლის ერთ მშვენიერ დღეს სტამბამ რედაქტორ გროსვენორს შეატყობინა, რომ არასწორი დათვლის გამო, 11 გვერდი ცარიელი რჩებოდა. გვერდები სასწრაფოდ უნდა შეევსოთ. დრო არ ითმენდა, ჟურნალი მალე გამოდიოდა. გროსვენორმა ხელი დაავლო რუსეთის იმპერიული გეოგრაფიული საზოგადოების პაკეტს, სადაც ლჰასას (ტიბეტი) ფოტოები იყო მოთავსებული. იმ დროს ტიბეტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ ადგილად ითვლებოდა. რედაქტორმა 11 ფოტო შეარჩია და შექმნილი გამოუვალი მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადააგზავნა სტამბაში. სრულიად დარწმუნებული იყო, რომ თუ არ გააგდებდნენ სამსახურიდან, უმოწყალო დაცინვას ნამდვილად ვერ ასცდებოდა. რეაქცია სრულიად საპირისპირო იყო. ადამიანები გროსვენორს ქუჩაში აჩერებდნენ და საოცარი ჟურნალის გამოსვლას ულოცავდნენ. ასე იქცა ფოტოგრაფია ჩვენი ჟურნალის სავიზიტო ბარათად. გამოუვალ სიტუაციაში გაწეული რისკით უცებ ვარსკვლავი დაიბადა!
დღესაც, 125 წლის შემდეგ, რისკი ჩვენი შემოქმედების განუყრელი ნაწილია. რისკთან ერთად ჩვენი ფოტოგრაფები მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ შეუპოვრობასა და თავდადებას კამერასავით მუდმივად თან დაატარებენ.