მკითხველმა უკვე კარგად იცის, რომ 125 წელი გავიდა აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა და მისი ჟურნალის, National Geographic-ის დაარსებიდან. ამ საზოგადოებისა და ჟურნალის ერთ-ერთი მიზანი კი დღემდე უცვლელია – დააფინანსოს კვლევაძიების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა პროექტები და მოგვითხროს მათზე.
რამდენი რამ გაკეთდა ამ 125 წლის მანძილზე! National Geographic-მა მართლაც შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ. პრაქტიკულად არ დარჩენილა სფერო, სადაც ჩვენ ჩვენი სიტყვა არ გვეთქვას და მკითხველი არ გაგვეხარებინოს საინტერესო აღმოჩენებითა და საოცარი ვიზუალური მასალით.
ივლისის ნომერიც არ არის გამონაკლისი. სტატიების დიაპაზონი ფართო და მრავალფეროვანია – მარსის შესწავლით დაწყებული ჩვენი წინაპრების დნმის კვლევით დასრულებული. ამ სტატიების წაკითხვა თქვენთვის მომინდვია. თუმცა ენა მაინც წინ მისწრებს და ორ გადაჯაჭვულ ამბავზე გავამახვილებ ჩვენი მკითხველის ყურადღებას.
წარმოიდგინეთ, შედიხართ გალერეაში, მოგწონთ ნახატი, ყიდულობთ მისაღებ ფასად და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნამუშევარი შესაძლოა საწყის ფასზე ხუთი ათასჯერ ძვირი იყოს. ასე დაემართა ვინმე სილვერმანს, რომელმაც დაახლოებით ოცი ათას დოლარად შეისყიდა თაბახის ზომის პერგამენტი, რომლის რეალური ფასი ას მილიონ დოლარს გადააჭარბებს, თუ დამტკიცდა, რომ იგი ლეონარდოს ეკუთვნის. სწორედ აქ იწყება კვლევაძიების დეტექტიური ამბავი, რომელმაც “ლეონარდოს ფანატიკოსებში” დაკარგული შედევრების აღმოჩენის ჟინი გააღვიძა…
ამ ფონზე მოკირკიტე ადამიანების გონებამ სხვა ქალაქში სხვა უცნაურ ფაქტს მიაქცია ყურადღება. ხუთასი კაცის თვალწინ უკვალოდ გაქრა ლეონარდოს უზარმაზარი ფრესკა და ამით არავინ გაოცებულა. აქაც დაიწყო მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და მედიის მობილიზება დაკარგული საუნჯის აღმოსაჩენად.
ცხადია, უახლესმა ტექნოლოგიებმა კვლევაძიების ამ დინამიკურ პროცესში მთავარი სიტყვა უნდა თქვას…
საინტერესოა, არა? მაშ, ისიამოვნეთ!