“გადამრევს ეს ბიჭი! ახლა ავფეთქდები!” – მახსენდება ბაბუაჩემის შეძახილი, 14 წლის რომ ვიყავი და ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცეოდი. თუმცა, შეძახილი რბილად ნათქვამია – ყვირილი!
იმავე ასაკში დედაჩემის ტრადიციული შეძახილების სერიიდან: “შეიძლება შენი ოთახი სულ ბოსელს ჰგავდეს?! და კიდევ, ზუსტად მოგაგნებს კაცი, რომელ ოთახში ხარ, დერეფნიდან რომ დაიწყებ “ბოტასების” გახდას და ცენტრში დაყრას, მერე ზედ წინდებს რომ მიაყოლებ და იქვე იატაკზე მოისვრი სხვადასხვა კუთხეში, მერე გზად რომ ჯემპრს დააგდებ იატაკზე და შენი ოთახის კართან პერანგს რომ ვპოულობ…”
ამას წინათ ჩემი მეგობრის სახლში ოჯახურ სცენასაც შევესწარი – “გაგიგონია?! ჩემი ტელეფონის “პასვორდი” გახსნა და ვიღაც ბიჭს “ემესიჯებოდა” მთელი ღამე, დილით ბალანსი ნულზე მეჯდა”, – აღშფოთებული მეუბნება მეგობარი თავის 13 წლის გოგონაზე.
“გუშინწინ მანქანა გამოიყვანა “გარაჟიდან” ჩუმად და წყნეთის მიხვეულ-მოხვეულებში “დაასტუკა” პატრულმა თავისნაირ დებილ ძმაკაცებთან ერთად. ჯარიმას არ იკითხავ?!” – მიყვება მეორე მეგობარი თავის 17 წლის სტუდენტ შვილზე – “არა, მე სხვა რამე მაწუხებს (ამატებს მისი ცოლი), თქვენც ხომ იყავით მაგის ასაკში და ასე ქრონიკულად იკეტებოდით ტუალეტში?” (აქ მის აღშფოთებულ ქმარსაც კი ეღიმება, ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა).
რატომ ვიქცევით “თინეიჯერობისას” ისე, როგორც ვიქცევით?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად National Geographic-მა ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა და მიმდინარე ნომერში დევიდ დობსის მშვენიერ სტატიას გთავაზობთ, რომელიც უხვადაა ილუსტრირებული კიტრა კაჰანას ფოტოებით.
მასწავლებელი ბორდოსფერი თმით „რელიგიურობამ მათ მორჩილება ასწავლა”.
სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ჩვენს ჟურნალში ძირითად სტატიას პატარა ქართული სტატიაც ახლავს თან. ჩემი აზრით, ნინო ლომაძის მიერ ჩატარებული მცირე კვლევა, რომლის საფუძველზეც ქართული სტატია დაიწერა და, ასევე, ამ სტატიისთვის ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებული ფოტოსესია განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მთელ ნომერს. ქართული სტატია ქართველი “თინეიჯერების” ერთ ძალიან საინტერესო სუბკულტურაზე მოგვითხრობს.
რუბრიკაში “რისკიანები” კი ჩვენს სასიქადულო ალპინისტზე, ბატონ შოთა მირიანაშვილზე იხილავთ პატარა ჩანახატს, რომელიც მამუკა კიკალიშვილის (კიკალას) მიერ გადაღებული მშვენიერი ფოტოპორტრეტითაა წარმოდგენილი.
აქვე მინდა მკითხველს შევატყობინო: ნელნელა, 2013 წლის ბოლომდე, გაიზრდება ჩვენი ჟურნალის ქართული ნაწილიც. დაგვემატება საინტერესო ქართული რუბრიკები, რომლებზეც ჩვენი ჟურნალისტები, მკვლევრები და ფოტოგრაფები უკვე გამალებით მუშაობენ.