შორეულ 90-იანებში საზღვრების გახსნას ჩვენთვის, სტუდენტებისთვის, არაერთი კულტურული შოკი მოჰყვა; ევროპული და ამერიკული სუპერმარკეტების ნახვით გამოწვეული ბანალური შოკის პარალელურად, იმ დრომდე აკრძალული ზოგიერთი დასავლელი ავტორის გაცნობამ ჩემი და ჩემი მეგობრების შეხედულებების დრამატული გადაფასება გამოიწვია.
“იუდას ღალატის სამი ვერსია” (ორიგინალში “Tres versiones de Judas”) ბორხესის პირველი ესე იყო, რითიც მსოფლიო მწერლობის ამ ტიტანის გაცნობა დავიწყე. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ წაკითხულმა სრულიად გამაოგნა, რადგან იქ მოყვანილი მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ჩვენში გამეფებული შეხედულებებისგან, რომელთა სხვა რაკურსით განხილვის დაშვებაც კი დამოუკიდებლად ვერასოდეს მომივიდოდა თავში.
მე20 საუკუნის მიწურულს ეგვიპტის უდაბნოში საუკუნეების განმავლობაში დამალულ ერთ საოცარ ხელნაწერს მიაკვლიეს, თუმცა იგი პერიოდულად ისევ იკარგებოდა ანტიკვარიატით მოვაჭრეთა იატაკქვეშეთში. პაპირუსი ფრაგმენტებად იშლებოდა და ნაწერიც სამუდამო გაუჩინარების ზღვარზე იყო, სანამ მეცნიერებთან მოხვდებოდა და პირველი წინადადება გაიშიფრებოდა: „საიდუმლო ამბავი გამოცხადებისა, რომლის შესახებ იესო ელაპარაკა იუდა ისკარიოტელს…” და სწორედ აქ იწყება ამბავი დიდი ვნებათაღელვისა: მართლა უძველესია ეს პაპირუსი, თუ ჩვეულებრივ სიყალბესთან გვაქვს საქმე? თუ მართლა ძველისძველია და თვითმხილველი წერს, მაშინ რა გამოდის!? ნუთუ შეთანხმებული იყვნენ ისკარიოტელი და მაცხოვარი იუდას ღალატზე? თუ ეს ასეა, მაშინ იქნებოდა ქრისტიანობა იუდას გარეშე ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და, აქედან გამომდინარე, იმსახურებს კი მოწაფეებს შორის ოდესღაც რჩეული იმ ბედს, რაც მას ჩვენ, ქრისტიანებმა, ვარგუნეთ?
„ეს დიდი ამბავია და უამრავი ადამიანი განაწყენდება” – ამბობს თეოლოგი ბარტ ერმანი.
ეს და სხვა მრავალი კითხვა დღემდე ცხარე დისკუსიის საგანია. თუმცა, ამ ნომერში გამოქვეყნებული ენდრიუ კოუბერნის ეს საინტერესო სტატია დღეს მთელი ჩვენი რედაქციისთვის სხვა კუთხით უფროა მნიშვნელოვანი, რადგან იგი სრულად გამოხატავს ჟურნალის ანალიტიკური სტატიების სულს – სინთეზში მოიყვანოს სხვადასხვა საკვლევი სფეროები, დასკვნის გაკეთება მიანდოს მკითხველს და, რა თქმა უნდა, დატოვოს სივრცე საინტერესო დისკუსიისთვის.
სწორედ ამიტომ მომწონს სტატია იუდას სახარებაზე. აქ დინამიკურად ენაცვლება ერთმანეთს დეტექტიური გამოძიება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება თუ არქეოლოგიური აღმოჩენები, ისტორიული ანალიზი და რელიგიური მოსაზრებები. რაც მთავარია, სტატია მკითხველში ბადებს შეკითხვებს და კამათის სურვილს აღვიძებს. ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.
ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!