თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ პარიზში და დაინტერესებულხართ, სად “ჭამდნენ” ერთმანეთს გერტრუდა სტაინი, ჰემინგუეი და პიკასო, რომელ კაფეებში დაობდნენ მოდილიანი და ბრინკუში, სად დახეტიალობდნენ დალი, კაკაბაძე, როდენი, ახვლედიანი თუ გუდიაშვილი, აუცილებლად მოგიწევდათ “სენის მარცხენა სანაპიროს” უბნების ფეხით მოვლა – ქალაქის იმ ნაწილისა, სადაც ბოჰემაში “ჩამხრჩვალი დაკარგული თაობა”, გაჭირვების მიუხედავად, მაინც უდარდელად ცხოვრობდა და კაცობრიობის ახალ მორალს ქმნიდა.

თუ ერთხელ მაინც წახვალთ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე მოხვდებით, მთელი არსებით გაისიგრძეგანებთ, რომ სამყარო არამარტო უფრო საოცარია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არამედ უფრო საოცარია, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა საერთოდ შეგვიძლია.
სწორედ აქ, კონგოს მარცხენა ნაპირზე ავტორ დევიდ კვამენსა და ფოტოგრაფ ქრისტიან ზიგლერს ჰქონდათ ბედნიერება, დაკვირვებოდნენ ოდესღაც “ჯუჯა შიმპანზედ” წოდებული მაიმუნების (ბონობოების) ბოჰემურ ცხოვრებას. და როდესაც ბოჰემას ვამბობ, არც მეტი, არც ნაკლები, ბოჰემას ვგულისხმობ!
ბონობოების ქცევა ევოლუციური საოცრებაა. როგორც ჩანს, ლოზუნგი – Make Love, Not War – ჩვენამდე ბევრად ადრე ამ მაიმუნებმა გაიაზრეს და ჩვენზე წარმატებითაც დანერგეს.
მათი საოცარი სიყვარული არ შემოიფარგლება ზრდასრული მამრის ზრდასრულ მდედრთან შეწყვილებით. ეს ხომ თავისთავადი მოვლენაა და ამაზე თქვენს ყურადღებას არც შევაჩერებ. საოცარი ისაა, რომ მათი უდარდელი და ბოჰემური ცხოვრება სექსის ყველა ფორმის პრაქტიკას გულისხმობს – პარტნიორები შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე სქესის ინდივიდები, რომლებიც გატაცებით “კოცნაობენ” ტუჩებში, ზანტად არიან დაკავებულნი ორალური სექსით, ერთმანეთის სასქესო ორგანოების ალერსით, მასტურბაციით და მოზღვავებული ვნებით აღვსილნი გაუთავებლად მაიმუნობენ და მაიმუნობენ კონგოს მარცხენა ნაპირის ამ მიკარგულ სამოთხეში.
იქნებ ოდესმე ევოლუციამ ჩვენც ბონობოების განვითარების დონეზე აგვიყვანოს. მაშინ მართლა ჩავანაცვლებთ ომს სიყვარულით!
გადაშალეთ, ისიამოვნეთ და იმაიმუნეთ…