როგორც ზოოლოგს, მქონდა საშუალება მეკვლია მეზოამერიკის რიფის წყალქვეშა სამყარო, ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ჩემი შესავალი სიტყვა პირველი ჟურნალის ერთი არაჩვეულებრივი სტატიისთვის მიმეძღვნა, რომელშიც ავტორი კენეტ ბრაუერი და ფოტოგრაფი ბრაიან სკერი წყლის სარკეში შედიან და უცებ, ალისას საოცრებათა სამყაროში ხვდებიან. მაგრამ მინდა ვთქვა იმ გრძნობაზე, რომელიც სტატიამ „თამაში სახელად რიომ” მომგვარა.
კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული, დანგრეული გზები, არალეგალური ელექტროსადენები, მღვდლად ქცეული ყოფილი „ავტორიტეტები” და მოსახლეობა, რომელიც გადასახადს არ იხდის. ცოტა ხნის წინ, ეს იყო რიოს უღარიბესი უბნების (ფაველების) სახე, რომელსაც ანტონიო რეგალადო აღწერს სტატიაში. და უცებ, გადაწყდა, რომ რიო უმასპინძლებს 2016 წლის ოლიმპიადას. არაკორუმპირებული ძალოვანი ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებს სიტუაციის გამოსასწორებლად. ფაველები ბანდებისგან იწმინდება, ელექტრომომარაგება ლაგდება, ფასადები იღებება, ადამიანები იხდიან გადასახადებს. მოკლედ, ქალაქში „ოლიმპიური სიმშვიდე” მყარდება. ცხადია, ამ წამოწყებას ბევრი მომხრე ჰყავს. ბევრიც – ეწინააღმდეგება. საზოგადოების ნაწილი, სკეპტიკურად უყურებს ტრანფორმაციებს, ეშინია წარსულში დაბრუნების და სვამს კითხვას: მყარია კი სისტემა, თუ ეს მხოლოდ შეღებილი ფასადებია?
პასუხს ამ კითხვაზე სტატიაში იპოვით. ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის პარალელებზე მინიშნება უადგილოა. უბრალოდ ვიტყვი იმ საოცარ განცდაზე, რომელიც ასეთი სტატიების კითხვისას ეუფლება ადამიანს: შენი გამოცდილება თუ მოთხრობილი ამბავი და უნიკალური ფოტომასალა გაქცევს იმ პროცესის თანამონაწილედ, რაც დედამიწის სხვა წერტილში, კოსმოსსა თუ წყალქვეშ ამ წუთას მიმდინარეობს.
ვეჭვობ, სამყაროში მიმდინარე ამბების თანამონაწილეობის ასეთი განცდა აქამდე უცხო იყო ბევრი ჩვენი მკითხველისთვის. ამიტომ, სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ. მთელი რედაქცია ვამაყობთ, რომ შეგვიძლია “National Geographic საქართველოს” საშუალებით მოგანიჭოთ დიდი სიამოვნება, მითუმეტეს, რომ ყოველ მომდევნო ნომერში უფრო და უფრო გაიზრდება საინტერესო ქართული ამბების წილიც.