
მშვიდობიანი თანაარსებობის რეცეპტი
მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, ჩვენი ჩათვლით, სპილო ეგზოტიკური ცხოველია – ახლოს არ ვიცნობთ, თუმცა ბევრი რამ გვსმენია მის გონიერებაზე, სიძლიერესა თუ კულტურულ დატვირთვაზე. ის შორიდან იწვევს ჩვენს აღტაცებას, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობა კი „ერთ ჭერქვეშ“ ცხოვრობს ხმელეთის უდიდეს ცხოველთან და მათი თანაარსებობა, ასე ვთქვათ, ტკბილ-მწარეა. სპილოებისა და ადამიანების მჭიდრო კონტაქტით გამოწვეულ კონფლიქტებს მსხვერპლი ორივე მხარეს ახლავს.
დღეს დედამიწაზე სპილოს სამი სახეობაა გავრცელებული და სამივეს ემუქრება მათი მონათესავე მამონტებისა და მასტოდონტების ბედი – გადაშენება. მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანი სულ უფრო მეტად იჭრება სპილოების ტერიტორიაზე. ბრაკონიერობაც მუდმივ პრობლემად რჩება. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპილოების გადარჩენაზეც ზრუნავენ და ჩვენს პოპულაციებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებაზეც. მეცნიერებმა, რომლებიც წლებია იკვლევენ სპილოებს, იციან, რომ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა უკეთ გავიცნოთ ჩვენი მეზობლები – ვიცოდეთ, როგორ იქცევიან ისინი და როგორ მოვიქცეთ ჩვენ.
ადამიანისა და ველური ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობის ამ პრინციპს იზიარებს ბიოლოგი იასონ ბადრიძეც, რომელიც მგლების ქცევის შესასწავლად მათთან ერთად ცხოვრობდა ტყესა თუ ქალაქში. ქართველ მეცნიერთან ინტერვიუ ისეთივე შთამბეჭდავი და შემეცნებითია, როგორიც ყველა სხვა სტატია ამ ნომერში.