
5 რამ, რაც აკვალანგით ყვინთვამ მასწავლა
ოკეანის სიღრმეში დაშვება შეიძლება სახიფათო საქმედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ გამოცდილებას თქვენი მსოფლმხედველობის და ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
აკვალანგით ყვინთვამ თვალსაწიერი გამიფართოვა. ნათლად მახსოვს ეს წამი: წყნარ ოკეანეში მდებარე კუკის კუნძულებიდან უდიდესის – რაროტონგას თბილ და კამკამა წყალში ვეშვებოდი. იმ დღეს ჩემს ცხოვრებაში მეხუთედ მოვირგე აკვალანგი.
გამოუცდელი მყვინთავი ხშირად მოუსვენარი მყვინთავია. არც მე გახლდით გამონაკლისი: მანომეტრს ორ-ორჯერ, სამ-სამჯერ ვამოწმებდი, საჭიროზე მეტ ყურადღებას ვაქცევდი რეგულატორით სუნთქვის პროცესს, მყვინთავის კოსტიუმში ოფლად ვიღვრებოდი, რაც კლაუსტროფობიურ შეგრძნებას მიმძაფრებდა, უცხო სამყაროს სიღრმეში გზას ხელების ქნევით მივიკვლევდი და ფუჭად ვფლანგავდი ძვირფას ენერგიას. რა ვიცოდი, რომ ყვინთვის არსი სიმშვიდესა და ზომიერებაშია.
მაგრამ როდესაც დავწყნარდი, იქაურობის მშვენიერებამ მომნუსხა. ჯადოსნურ ტყეში აღმოვჩნდი. უზარმაზარი სოკოების მსგავსი მარჯნების გარშემო ფერადი სკალარიები ციმციმებდნენ. მოშორებით Montipora-ს გვარის მარჯნის ბაღები მოჩანდა – რიფის ზვიგენების რჩეული სამალავი.
რაც თავი მახსოვს, შნორკელით ცურვა მიტაცებდა, მაგრამ თურმე წარმოდგენაც არ მქონდა, რაზე ვამბობდი უარს! აკვალანგით ყვინთვამ არნახული და მოულოდნელი სამყარო გადამიშალა თვალწინ. შეძენილი ცოდნიდან ხუთ გაკვეთილს გაგიზიარებთ.
ასტრონავტები ხშირად ამბობენ, თუ რა უცნაური და მომნუსხველი განცდაა, როდესაც კოსმოსის არასტუმართმოყვარე სივრცეებიდან უმზერ მშობლიური პლანეტის მშვენიერებას და სისათუთეს. რაღაც მსგავსი მეც, როგორც „აკვანავტს“, არაერთხელ განმიცდია.
1. დიდებულ ადამიანებს გაიცნობ
აკვალანგით ყვინთვის მოყვარულები საკმაოდ ეკლექტური თემია. გავიცანი ექიმები, რომლებიც მათი პროფესიის მძიმე წნეხს წყალქვეშა სამყაროში გაურბიან; მოხეტიალე გიდები, რომლებიც უარს ამბობენ სიმდიდრესა თუ სტაბილურობაზე და ოკეანეს არ შორდებიან.
ჩემი მეუღლეც აკვალანგით ყვინთვის წყალობით გავიცანი. ბავშვობაში, რომელიც მე მინესოტაში და კრისმა საბერძნეთში გაატარა, ორივეს ზვიგენები გვიტაცებდა. 30 წლის შემდეგ National Geographic-ისთვის თეთრი ზვიგენების შესახებ სტატიის დასაწერად გავემართე ავსტრალიაში. სწორედ იქ, პორტ-ლინკოლნში, გავიცანი კრისი, რომელიც აკვალანგით ყვინთვის ზედამხედველი და ზვიგენთა „მგეზავი“ იყო.
2. ზვიგენებთან შეხვედრის არ გეშინია
მყვინთავებს ის უფრო აშინებთ, რომ ზვიგენებს შეიძლება ვერ შეხვდნენ.
როგორც წესი, ზვიგენებს თავი შორს უჭირავთ მყვინთავებისგან. თუმცა, რამდენჯერაც შევხვედრივართ, ცუდად არ დასრულებულა. ზვიგენები თავისებური თილისმები არიან: მათი სიმრავლე ჯანსაღ ეკოსისტემაზე მიანიშნებს.
გალაპაგოსის საზღვაო ნაკრძალი – სადაც ზვიგენების გამორჩეულად დიდი კონცენტრაციაა – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საზღვაო დაცული ტერიტორიაა, სადაც თითქმის 3000 სახეობა ბინადრობს. მაგრამ უკანონო თევზჭერისგან არც გალაპაგოსის ნაკრძალია დაცული. 2017 წელს იქ ჩინური სათევზაო ხომალდი დააკავეს, რომელზეც მიაკვლიეს გადაშენების საფრთხეში მყოფ სახეობებს, მათ შორის, სავარაუდოდ, ფარფლების გამო მოკლულ 6000 ზვიგენს.
უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ზვიგენების და სკაროსების პოპულაცია 70%-ით შემცირდა. ამ მტაცებლებზე ზრუნვა აუცილებელია. დროა ზვიგენებზე შექმნილი სტერეოტიპი შევცვალოთ: ისინი საფრთხეს კი არ წარმოადგენენ – თავად არიან საფრთხეში.

3. სულ სხვა თვალით ხედავ სამყაროს
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პლანეტის ზედაპირის 70%-ზე მეტს ოკეანე ფარავს, უპირატესობას მაინც მიწას ვანიჭებთ და პლანეტას დედამიწას ვუწოდებთ.
ბავშვობა ბუნების მოტრფიალე ოჯახში გავატარე, მაგრამ კონსერვაციის მნიშვნელობა არსებითად მას შემდეგ გავიაზრე, რაც აკვალანგით ყვინთვამ გამიტაცა. ასტრონავტები ხშირად ამბობენ, თუ რა უცნაური და მომნუსხველი განცდაა, როდესაც კოსმოსის არასტუმართმოყვარე სივრცეებიდან უმზერ მშობლიური პლანეტის მშვენიერებას და სისათუთეს. მსგავსი რამ მეც, როგორც „აკვანავტს“, არაერთხელ გამომიცდია.
კერამას კუნძულებზე ვიყავი, იაპონიაში, და მარჯნის ერთი ჯგუფიდან მეორისკენ მივცურავდი. გარშემო სიცოცხლე დუღდა და ათასობით თევზი დაცურავდა. თოვლივით ქათქათა ქვიშიდან ზღვის გველთევზებმა წამოყვეს თავი. კრევეტი-მწმენდავები (Lysmata) უძრავად მომლოდინე თევზებს პარაზიტებს აშორებდნენ. იქაურობამ ქალაქი მომაგონა, რომლის თითოეული მცხოვრები თავის ყოველდღიურ რუტინას მიჰყვება.
თუმცა ეს მარჯნის ქალაქები უფრო და უფრო ხშირად ხდება დაბინძურების მსხვერპლი; მათ „ახრჩობთ“ ჭარბი წყალმცენარეები და იხლართებიან სათევზაო ბადეებში. ზვიგენებს და სკაროსებს პირი ნემსკავებით აქვთ სავსე. ჩამდინარე წყლებით დაბინძურებულ ზღვებსა და ოკეანეებში პლასტმასის შეფუთვები დაცურავს. რიფების ფართობი მცირდება და ცხოველებისთვის არსებობა სულ უფრო რთული ხდება.
აკვალანგით ყვინთვამ უკეთ დამანახა, რომ ცოცხალი სამყარო ფაქიზი სტრუქტურაა. ნუთუ ხმელეთზე ყოფნისას, სადაც ადამიანის მავნე კვალი ყოველ ნაბიჯზე ჩანს, ამას ვერ ვხვდებოდი? როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრის წყალქვეშ დანახვამ სილის გაწნასავით გამომაფხიზლა.
4. თავადაც შეგიძლია იყო მკვლევარი
თუ აკვალანგით ყვინთავ, ესე იგი მკვლევარი ხარ. მსოფლიო ოკეანის 80% გამოუკვლეველია და ყოველი ჩაყვინთვა ახალ, განუმეორებელ გამოცდილებას გვპირდება.
აკვალანგისტების უკანასკნელ კონფერენციაზე რიჩარდ ჰარისი გავიცანი, წყალქვეშა მღვიმეებში მყვინთავი ავსტრალიიდან, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წელს ტაილანდის ტამ-ლუანგ-ნანგ-ნონის მღვიმეში გაჭედილი ბავშვთა საფეხბურთო გუნდის გადარჩენაში.
„მე ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე ვყვინთავ, ზუსტად ისე, როგორც შენ“, – მითხრა ჰარისმა. წმინდა წყლის სიმართლეა. მართალია, ჰარისთან შედარებით ჩემი შესაძლებლობები განუზომლად უფრო მცირეა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ: წყალქვეშ უამრავი რამეა, რითაც ჩემნაირმა, მოყვარულმა მყვინთავმა შეიძლება იჯეროს გული. შემიძლია პერისტერა – საბერძნეთის კუნძულ ალონისოსთან 2500 წლის წინათ ჩაძირული ხომალდი გამოვიკვლიო, ან ალასკის წყალქვეშა სამყაროთი დავტკბე, რომელიც სავსეა ზღვის ბიომრავალფეროვნებით.
5. აკვალანგით ყვინთვას ალბათ ყველა ვერ შეძლებს, მაგრამ ოკეანე ყველასია
აკვალანგით ყვინთვაში თანდათან გადავეშვი. ამისთვის სამი წელი და სასერტიფიკატო გამოცდის სამჯერ ჩაბარება დამჭირდა, მაგრამ მიხარია, რომ ხელი არ ჩავიქნიე. პირველმა ოთხმა ყვინთვამ ძალ-ღონე გამომაცალა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე რომ არ გამომეჩინა, მეხუთე ჩაყვინთვის ბედნიერებას ვერ გამოვცდიდი. ვერც ოკინავის მარჯნის ქალაქებს ვნახავდი და ვერც კრისს გავიცნობდი.
აკვალანგით ყვინთვის სწავლა მართვის მოწმობის აღებას ჰგავს: ჯერ თეორიას სწავლობთ და ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიშობთ, შემდეგ კი თქვენი უნარების განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ხშირად ჩაყვინთავთ, როგორ გააგრძელებთ ვარჯიშს და რამდენად თავდაჯერებული იქნებით. აკვალანგით ყვინთვა უფრო ხელმისაწვდომი და გასაოცარია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
ოკეანე გამოიმუშავებს ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის ნახევარზე მეტს, შთანთქავს ნახშირორჟანგს და ამუშავებს მსოფლიოს ეკონომიკის დიდ ნაწილს.
მაგრამ ყველას არ სურს ან არ შეუძლია აკვალანგით ყვინთვა, თუმცა თქვენ მაინც შეგიძლიათ დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს მშვენიერებით და მისი დაცვა სცადოთ.
ამჟამად მსოფლიო ოკეანის მხოლოდ 3%-ზე ნაკლები წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას. ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა ოკეანის მინიმუმ 30% დაცულ საზღვაო ეკოსისტემად გამოცხადდეს. ეს ჩვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ოკეანე გამოიმუშავებს ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის ნახევარზე მეტს, შთანთქავს ნახშირორჟანგს, არეგულირებს კლიმატს და ამუშავებს მსოფლიოს ეკონომიკის დიდ ნაწილს. ადამიანებს უფრო მეტად გვჭირდება ოკეანე, ვიდრე ოკეანეს – ადამიანები.
მაგალითად, ავიღოთ ფლორიდა – აშშ-ის ერთ-ერთი რეკრეაციული ცენტრი. ფლორიდის რიფი მსოფლიოში სიდიდით მესამე და ჩრდილოეთ ამერიკის ერთადერთი ცოცხალი ბარიერული რიფია. გარდა იმისა, რომ ფლორიდის რიფი თევზების 500-ზე მეტი სახეობის ჰაბიტატია, მას შტატის ეკონომიკისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ტურიზმის წყალობით წლიურად 1,1 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს. რიფი სანაპირო ხაზსაც იცავს, რადგან ჯანმრთელი მარჯნის რიფები ტალღების ენერგიის 97%-ს ახშობს. ფლორიდის 22-მილიონიანი მოსახლეობის სამი მეოთხედი სანაპიროს სიახლოვეს ცხოვრობს. ბარიერულ რიფს კომბინირებული ეკონომიკური აქტივობისა და წყალდიდობისგან დაცვის ხელშეწყობით 650 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.
2022 წლის ნოემბერში მაიამის უნივერსიტეტისა და NOAA-ს ოკეანოგრაფიული და მეტეოროლოგიური ლაბორატორიის კვლევამ დაადგინა, რომ ფლორიდის მარჯნის რიფების ჰაბიტატების 70% განადგურების საფრთხის წინაშე დგას. ზღვაზე ზრუნვაში სწორედ ასეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას ვგულისხმობ: მეტი უნდა ვიცოდეთ ოკეანის შესახებ. ცოდნა ძალაა და ეს ძალა გარემოს დაცვას უნდა მოვახმაროთ: როგორ ვიმოგზაუროთ წინდახედულად, როგორ ვმართოთ ჩვენი საქმიანობა ბუნების დაუზიანებლად, თუ ვის დავუჭიროთ მხარი არჩევნებში.
როგორც ოკეანოგრაფი და National Geographic-ის მკვლევარი სილვია ერლი ამბობს, „ვერავინ გააკეთებს ყველას გასაკეთებელს, მაგრამ რაღაცის გაკეთება ნებისმიერს ხელეწიფება“. ოკეანე უბადლო მასწავლებელია, სწავლა კი არასოდეს არის გვიან.
ავტორი კერი მილერი და მისი მეუღლე, კრის ტეილორი, წყალქვეშა სამყაროს თემებს აშუქებენ და კონსერვაციულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად აკვალანგით ყვინთვის პოპულარიზაციას ეწევიან.

ხმელეთსა და ზღვაში
„მყვინთავის გზამკვლევი მსოფლიოს გარშემო: შესანიშნავი ადგილები ხმელეთსა და ზღვაში“ – ამ წიგნის შესაქმნელად კერი მილერმა და კრის ტეილორმა მსოფლიოს 35 ქვეყნის 50 ადგილი მოიარეს და არაჩვეულებრივ გამოცდილებას თუ პრაქტიკულ რჩევებს მოუყარეს თავი.