აბაზების ეთნიკური ჯგუფი დღეს ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ფედერაციაში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. აბაზები ცხოვრების თავისებური წესით გამოირჩეოდნენ. მათ განსახლების ზუსტი არეალი გამოკვეთილი არ ჰქონდათ – მომთაბარეები იყვნენ.
ცხოვრების წესიდან გამომდინარე, იშენებდნენ მხოლოდ დროებითი ტიპის წნულ საცხოვრებელ სახლებსა და სამეურნეო ნაგებობებს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში აბაზთა თითოეული ადგილობრივი ჯგუფი დამოუკიდებელი სასოფლო თემისგან შედგებოდა. სარწმუნოებით მაჰმადიანი სუნიტი აბაზების ოჯახებში მკაცრად იყო დაცული სქესობრივ-ასაკობრივი იერარქია, ხოლო შიდასაოჯახო ყოფა პატრიარქალურ ტრადიციებს ემყარებოდა. ფოტოზე, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა გადაღებული, ბიბერდოვების სოფელში მცხოვრებ აბაზ გოგონათა ჯგუფია წარმოდგენილი. გოგონები ნაციონალურ სამოსში არიან გამოწყობილნი: მთლიანი, წინ ერთიანად გახსნილი, ყაითნით გაკეთებული ღილებითა და ღილკილოებით შეკრული, წელზე მომდგარი კაბები იდაყვებიდან თავისუფლად გაშვებული სახელოებით; წელს ტრადიციული კოსტიუმის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი, გობაკებიანი ვერცხლის სარტყლები უმშვენებთ. განსაკუთრებით საყურადღებოა მათი თავსაბურავები – მაღალ ქუდებს მხოლოდ პირველი შვილის შეძენამდე ატარებდნენ, შემდეგ კი ქუდს თავსაფრით ანაცვლებდნენ.